„პრო-ევროპული“ გაერთიანება - რადიკალთა მორიგი ბლეფი

„პრო-ევროპული“ გაერთიანება - რადიკალთა მორიგი ბლეფი

მას შემდეგ, რაც რადიკალურმა ოპოზიციამ ვერ შეასრულა დანაპირები ხელისუფლებისთვის „ცხელი შემოდგომის“ მოწყობაზე, რასაც თავის სუბიექტური და ობიექტური მიზეზები ჰქონდა, მას დასჭირდა საზოგადოებისთვის ახალი სატყუარის შეთავაზება. დღეს უკვე ყველასთვის ნათელია, რომ რადიკალური ოპოზიცია, რომელიც საზოგადოებაში სწრაფად კარგავს ნდობას (ამას გამოკითხვებიც აჩვენებს) ძირითად იმედებს დასავლეთის მხარდაჭერაზე ამყარებს. ამიტომაც მოუხშირეს მათმა ლიდერებმა ბრიუსელსა და ვაშინგტონში სირბილს და იქიდან საზოგადოების ტვინების გამორეცხვას, რომ დასავლეთში მოუთმენლად ელიან საქართველოში არჩეული ხელისუფლების - „ქართული ოცნების“ ცვლილებას. ხელისუფლების ცვლილებას კი შემსრულებელი სჭირდება. მაშინ, როდესაც მთავარ ოპოზიციურ პარტია „ნაცმოძრაობაში“ სერიოზული შიდაპარტიული რყევები დაიწყო, მომცრო რადიკალურმა პარტიებმა, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, რომ ეს მათთვის შანსია ოპოზიციურ ველზე გავლენების გასაძლიერებლად.

ვაშაძის „სტრატეგია აღმაშენებელმა“, ხოშტარიას „დროამ“ და ჯაფარიძის „გირჩი-მეტი თავისუფლება“ ახალი „პროევროპული გაერთიანების“ შექმნა გამოაცხადეს.

ბოლო ორი წლის მანძილზე ოპოზიციის გაერთიანების არაერთი წარუმატებელი მცდელობა ვიხილეთ, „ფანჩატურის თავყრილობიდან“ დაწყებული „სახალხო მოძრაობით“ და „ტექნიკური მთავრობის“ იდეით დამთავრებული. ყველა ეს მცდელობა კოლექტიური დასავლეთის ცუდად შენიღბული მხადაჭერით სარგებლობდა. არ არის გამორიცხული, რომ საქართველოში ახალი „პროევროპული გაერთიანების“ იდეა ბოლოდროინდელი პოლიტიკური პროცესების ანალიზის შედეგად, დასავლეთის შესაბამის სტრუქტურებში გაჩენილიყო, ხოლო ვაშაძემ კი იდეა აიტაცა და როგორც სჩვევია ხოლმე, საკუთარ პოლიტიკურ პროდუქტად გაასაღა.

თუ დავაკვირდებით, „პრო-ევროპულ გაერთიანების“ ბირთვს წარმოადგენენ პარტიები, რომლებსაც ხელმძღვანელობენ „ნაცმოძრაობისგან“ გამოყოფილი ის ფიგურები, რომლებიც უშუალოდ არ არიან დაკავშირებული რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებთან და შესაძლოა, ამაზეც კეთდებოდეს გათვლა.

საბოლოოდ რა სახით ჩამოყალიბდება „პროევროპული გაერთიანება“ და რა პერსპეტივები ექნება, უახლოეს დროში გახდება ცნობილი. ინიციატივა ჯერ ნედლია, თუმცა მოლოდინები შექმნილია. არაფერიც რომ არ გამოუვიდეთ, ინიციატორები გაერთიანების იმიტაციას მაინც შექმნიან გარკვეული ხნის მანძილზე, ჩვეულ სტილში იხმაურებენ პარლამენტში, ქუჩაში, მედიაში და დასავლეთს მოქმედებას აჩვენებენ. იქ კი, როგორც ადრე, დააკვირდებიან პროცესს.

დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ვაშინგტონსა და ბრიუსელში შეშფოთებული არიან იმ პოლიტიკური ძალების დასუსტებით, რომლებსაც აქ თავიანთ საყრდენებად მიიჩნევენ. მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური და მორალური დეგრადაცია უკვე იმ დონეზეა, რომ ქართულ პოლიტიკურ ველზე დაბრუნება თუ მაინც გადაწყვიტა, ეფექტი ამ დაბრუნებიდან ნამდვილად ვერ იქნება ისეთი, რასაც რადიკალური ოპოზიცია და დასავლეთი მოელის.

შესაძლოა ოპოზიციის ერთ ნაწილში არც უნდათ სააკაშვილის დაბრუნება, რადგანაც „მიშას ფაქტორის“ ნეიტრალიზაციით ვაკანტური ხდება ოპოზიციის ერთიანი ლიდერის ადგილი, რომელზეც პრეტენზიები აქვთ სხვებს. ერთ-ერთი მათგანი არის ბოლო დროს გააქტიურებული გიორგი ვაშაძე. თუმცა, მისი საჯარო სივრცეში ქცევა და რიტორიკა გვაჩვენებს, რომ საქმე გვაქვს სააკაშვილის უხარისხო ასლთან და შეუძლებელია ამომრჩეველი, მათ შორის გადაუწყვეტელი, ამას არ ამჩნევდეს. ამას ამჩნევს „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველიც და რთული წარმოსადგენია, რომ ვაშაძე ლიდერად აღიარონ.

„ნაცმოძრაობამ“, ჯერჯერობით, დისტანცირებულია „პროევროპული გაერთიანების“ იდეისგან. შესაძლოა ეჭვიანობენ, რომ ამით ახალი იდეის ავტორები „ნაცმოძრაობის“ ჩაჩოჩებას ცდილობენ. „ლელოს“ თავშეკავებული პოზიცია ამ გაერთიანების მიმართ, ირიბი ნიშანია, რომ. ე.წ. „პროდასავლურ“ ოპოზიციურ ფლანგზე კონკურენციის ნიშნები იკვეთება.

თუ „პროევროპულ გაერთიანებას“ გაფართოება მაინც მოხდება, მათ, საბოლოოდ, არჩევნებში ერთიანი სიით მოუწევთ მონაწილეობა, როგორც „ქართული ოცნების“ ალტერნატივას. მრავალსუბიექტიან გაერთიანებაში კი, როგორც ეს ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეში ხდება, აუცილებლად დადგება ლიდერობისა და სიებში გამსვლელი ადგილების პრობლემა

თუ ბოლო არჩევნების და სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგებს შევხედავთ, „პროევროპული გაერთიანების“ სამეულს ბევრის იმედი არ უნდა ჰქონდეს. მათი ელექტორალური მაჩვენებელი ორნიშნა ციფრსაც კი ვერ აღწევს და, ჯერჯერობით, არაფერი იძლევა იმის საფუძველს, რომ მათ დამატებითი ამომრჩევლის მოზიდვა შეძლონ. საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის თვალში ისინი ჩვეულებრივ „გავლენის აგენტებად“ აღიქმებიან, რომლებსაც ამომრჩეველი არ სწყალობს.

როგორც ქართული აფორიზმი ამბობს, „ავსა კარგად ვერვინ შესცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს.“ „პროევროპულ გაერთიანების“, ინიციატორ რადიკალ ლიდერებს კი თვითგანახლების არც რესურსი და ასე განსაჯეთ, არც სურვილი აქვთ. რადიკალური ოპოზიცია ვერ ხვდება, ან არ სურს მიხვდეს, რომ ქართველი საზოგადოების უმრავლესობას, ევროპასთან ინტეგრაცია კატაკლიზმების და რევოლუციების გარეშე უნდა. ამიტომაც მათთვის ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძის მსგავსი რადიკალები, მით უმეტეს, მათი წარსულის და ბევრი სხვა ფაქტორის გათვალისწინებით, ვერ გახდებიან ევროინტეგრაციის მედროშეები.