ბრიუსელიდან დაბრუნებული გიორგი ვაშაძე და ზურა ჯაფარიძე ამტკიცებენ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ქვეყანა ევროპის ნაწილი ვერ გახდება. მათი თქმით, ევროპარლამენტში შეხვედრების შემდეგ არ აქვთ პოზიტიური მოლოდინები საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
ამის პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ ერთობლივ თანამშრომლობაზე შეთანხმდა სამი ოპოზიციური პარტია - „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“. ოპოზიციური პარტიების თანამშრომლობის შესახებ გიორგი ვაშაძისა და ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ გახდა ცნობილი.
მმართველ გუნდში კი „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერების ბრალდებებზე ამბობენ, რომ რადიკალურ ოპოზიცია დაკავებულია უცხოელი პარტნიორების დარწმუნებით, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, ხოლო უკან დაბრუნებულები ამტკიცებენ, რომ საქართველო ამ სტატუს ვერ მიიღებს.
„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, შეხვედრები ჰქონდა ევროკომისიის წარმომადგენლებთან და ევროპარლამენტარებთან და საკმაოდ სკეპტიკური დამოკიდებულება მოისმინა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ.
„ამ ხალხისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ ამ წუთის მდგომარეობით, თითქმის 99%-იანი ალბათობით, შეფასება წელს წლის ბოლოს არ იქნება საერთოდ, იმიტომ, რომ ვერ ხედავენ რაიმე მნიშვნელოვან პროგრესს 12 პუნქტთან მიმართებაში. სავარაუდოდ, იქნება შეფასება მომავალი წლის ბოლოს, რომლის წერაც დაიწყება თებერვალ-მარტში და ასევე 99%-იანი ალბათობით, კვლავ იქნება უარი“, - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილის ქმედებები ადასტურებს, რომ არ სურთ ქვეყანამ კანდიდატის სატუტუსი მიიღოს.
„მათი ქმედებები და მათი სიტყვა ადასტურებს, რომ ეს არის ჩვეულებრივი ფართომასშტაბიანი გაშლილი კამპანია, იმისთვის, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ლოგიკა არის ძალიან მარტივი და ამავე დროს სამწუხარო, ვინაიდან ჩანს, თუ რამდენად დაცლილია რადიკალური ოპოზიცია ყოველგვარი პატრიოტიზმისგან. ლოგიკა არის შემდეგი, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება ქვეყნისთვის ეს იქნება ხელისუფლების გაძლიერება, ხოლო ყველაფერი, რაც აძლიერებს ხელისუფლებას, მათი გადმოსახედიდან, არის ცუდი, ვინაიდან მათ სურთ ერთადერთი რამ, შეასუსტონ ხელისუფლება, შეასუსტონ ხალხის მიერ არჩეული მთავრობა და რამენაირად არეულობის გზით დაიბრუნონ ის აბსოლუტური ძალაუფლება, რომელიც მათ წლების წინ ჰქონდათ და რომელიც ასე ენატრებათ.
რაც შეეხება რეალურ დამოკიდებულებას, რომელსაც ევროკავშირში ჩვენ ყოველდღიურად ვხვდებით, მათ შორის სამიტის ფარგლებში გვქონდა შეხვედრა ევროპარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერთან და ასევე, ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან (ჩეხეთი დღესდღეობით არის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა), აქ ყველაფერი გარკვეულია. ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა ჩვენი ევროპელი კოლეგების და ცალკეული ქვეყნების სრული მხარდაჭერა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ არაერთხელ ვნახეთ დესტრუქციული ოპოზიცია საქართველოს წინააღმდეგ შავი პიარით როგორ არის დაკავებული. ანალიტიკოსი ამბობს, რომ გიორგი ვაშაძე ამერიკიდან რომ ჩამოვიდა, მაშინაც ამტკიცებდა ამერიკა საქართველოს ხელისუფლების წანააღმდეგ სანქციებს იწყებსო, მაგრამ სიმართლე არ აღმოჩნდა.
„ეს სრულიად განულებული პოლიტიკოსები ცდილობენ, რომ ქვეყანას იმიჯი გარეთ გაუფუჭონ და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან რას აღარ ლაპარაკობენ. სულაც არ ადარდებთ ამით ქვეყნის იმიჯი დაზიანდება თუ არა და რა სახის ზიანი მიადგება. თავისი პოლიტიკური ამბიციების დაკმაყოფილებას, რომელსაც საქართველოში ვეღარ ახერხებენ, ევროპარლამენტარებთან ცდილობენ. უნდათ, რომ ამ ფორმით პოლიტიკური ლეგიტიმაცია მიიღონ. თუმცა სასაცილოა, რადგან მათ ლეგიტიმაციას ევროპელები კი არა, ქართველი ხალხი აძლევს, რომელსაც ეს განულებული პოლიტიკოსები აღარ აინტერესებს. აქედან გამომდინარე, მათი უაზრო, მაგრამ გარკვეულწილად, ქვეყნისთვის დამაზიანებელი შავი პიარი გრძელდება. თუმცა შემდეგ უკვე ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები იძულებულები ხდებიან, რომ ეს ბზარები ამოავსონ. აქედან გამომდინარე, საზოგადოება უნდა ელოდოს, რომ მათგან ბევრ სხვა ტყუილებსაც მოვისმენთ“,-ამბობს აბაშიძე.
რა სახის ზიანზეა საუბარი და რამდენად იჯერებენ ევროპარლამენტარები ვაშაძის, „გირჩის“ და სხვა ოპოზიციური ლიდერების ნათქვამს? რას აკეთებს ხელისუფლება იმისთვის რომ მათი ნათქვამი ნაკლებად დამაჯერებელი იყოს? - აბაშიძე ამბობს, რომ ევროპაშიც და ამერიკაშიც ინფორმაციას ყველა წყაროდან იღებენ. ისინი უსმენენ, როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებს, ასევე ევროკავშირის ელჩებს და საელჩოს წარმომადგენლებს. თავად ევროპელებმაც კარგად იციან ვინ რას წარმოადგენს და საქართველოში მოსახლეობის რა სახის მხარდაჭერით სარგებლობენ.
„ვაშაძეს რადგან დეპუტატის სტატუსი აქვს, მას ხვდებიან, მაგარმ ზურაბ ჯაფარიძე იქ რა სტატუსით იყო და რა როლში წარმოდგენილი, არ ვიცი. სავარაუდოდ, ჯაფარიძე ძველი კავშირებით, რაღაცა ლობისტური ხრიკებით ცდილობს, რომ ვითომ ეპიცენტრშია და მათ აზრს ევროპაში ვინმე უსმენს. რამდენიმე დღე შესაძლოა საზოგადოება ტყუილით კვებონ, მაგრამ საზოგადოება ამ ხალხის ერთ სიტყვასაც არ იჯერებს. ეს ადამიანები მხოლოდ და მხოლოდ დეზინფორმაციით არიან დაკავებულები და მათ სიტყვას თუ ქმედებას საზოგადოებაში არანაირი წონა არა აქვს. მათ პოლიტიკურ კაპიტალში არაფერი აღარ დარჩა“, - ამბობს აბაშიძე.
ანალიტიკოსი სამი ოპოზიციური პარტიის თანამშრომლობასაც აფასებს და ამბობს, რომ ურეიტინგო პოლიტიკოსების გაერთიანების გარდა სხვა არც არაფერი პერსპექტივა არ ჩანს, მათი ძირითადი ასპარეზი სოციალური ქსელი და ვირტუალური სამყაროა. საქმე საქმეზე რომ მიდგება, ქუჩაში 200 კაცსაც ვერ უყრიან თავს.
„წლებია რომ ამ დესტრუქციული პარტიის წარმომადგენლებს საერთო სახალხო მხარდაჭერა არა აქვთ. მათ ჰგონიათ, რომ სოციალურ ქსელში თუ ბევრი გამოხმაურება აქვთ, ეს ავტომატურად ელექტორატის განწყობებზე აისახება. ერთგვარად კუთხეში არიან მიმწყვდეულები და სასოწარკვეთილება აქვთ დაუფლებული. ხედავენ, რომ ვერაფერს აკეთებენ. სწორედ ამ სუბიექტების დამსახურებაა ის, რომ უკრაინასთან ურთიერთობა გაფუჭდა. ე.წ. ცნობილი სანქციების სიაზე სწორედ ამათმა იმუშავეს. ხოშტარია, ვაშაძე, ჯაფარიძე, მუდმივად უკრაინის მაღალჩინოსნებთან მუშაობენ იმისთვის, რომ საქართველო - უკრაინის ურთიერთობა დააზიანონ. ეს სასოწარკვეთილი სუბიექტები ყოველდღიურად ცდილობენ ჩვენს ქვეყანას ჩირქი მოსცხონ და მავნებლობის გარდა სხვა არაფერს აკეთებენ. მათი ფუნქცია მხოლოდ ისაა, საქართველოს სახელი ქვეყნის გარეთ მაქსიმალურად დააზიანონ“, - ამბობს აბაშიძე.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ოპოზიციას არ უნდა ევროპაში საქართველოს „ოცნება“ შეუძღვეს და მისი ხელისუფლების დროს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. ამიტომ ნებისმიერ შანსს და საშუალებას იყენებს იმისთვის, რომ საქართველო და მისი ხელისუფლება ევროპის თვალში გააშავონ. გარდა ამისა, პოლიტიკური ბრძოლა მიდის იმისთვის, რომ ამ თემის გარეშემო ხალხი ქუჩაში გამოიყვანონ.
„ოპოზიციას ბოლომდე სჯერა, რომ ევროკავშირის თემის ხელიდან გაშვება არ შეიძლება და ნებისმიერ ფასად ამ ამბის გამოყენება უნდა მოხდეს. ოპოზიციას ხალხი აღარ ენდობა. მათ არც ერთ დაძახილზე ქუჩაში არ გამოდის. ამიტომ, რადგან რამდენჯერმე ამ ზაფხულს ხალხის გამოყვანა ამ თემის გარშემო მოხერხდა, იმედი აქვთ, რომ სტატუსს ვერ მივიღებთ და როგორც იქნება „ოცნებას“ ხელისუფლებიდან ჩამოაშორებენ. კარგად ხედავენ რა რეიტინგიც აქვთ. „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ სიტუაცია ძალიან არეულია და ყველა რაღაცა სარგებლის ნახვას ცდილობს. როგორც ჩანს, ეს სამეული ფიქრობს, რომ ამ რადიკალური ქცევით, რიტორიკით ენმ-ის ამომრჩეველსაც დააინტერესებენ და რაღაცა მხარდაჭერა გაეზრდებათ. ახლა მათი დროა და პოლიტიკური პროცესების სათავეში უნდათ მოექცნენ, თუმცა მათი რეიტინგი იმდენად დაბალია, რომ ქვეყნის შიგნით რისი იმედი აქვთ არ ვიცი. მაგრამ, ფაქტია, რომ ქვეყნის გარეთ სიტუაციის არევას და შავ პიარს ახერხებენ. ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა იმუშაოს პარტნიორებთან და აუხსნას ეს ხალხი ქვეყნის შიგნით რასაც წარმოადგენს“, - ამბობს საყვარელიძე.
რაც შეეხება მათ გაერთიანებასა და თანამშრომლობას, საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ეს არაფრის მომცემი იქნება, რადგანაც სამივე ლიდერს საზოგადოებაში არანაირი რეიტინგი არა აქვს და გაერთიანება გაერთიანებისთვის არაფერს იძლევა - პოლიტიკურად ქვეყნის შიგნით რაიმე პროცესებზე ზეგავლენას ვერ მოახდენენ.