„ნაციონალურ მოძრაობაში“ ვითარება ისე დაიძაბა, რომ ერთმანეთს მაკოპმრომეტირებელი დოკუმენტებითაც ემუქრებიან. ამჯერად მუქარა კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, ძებნილი სოსო თოფურიძისგან წამოვიდა, თუმცა ყოფილ ძალოვანს სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებაში არ დაუკონკრეტებია რა დოკუმენტბი აქვს, რითაც თანაგუნდელების გამოაშკარავებას აპირებს.
ანალიტიკოსი ზურა ქადაგიძე თვლის, რომ სოსო თოფურიძე რომელიც ძალოვან სტრუქტურას წარმოადგენდა, გამორიცხული არ არის, რომ მართლაც ჰქონდეს ფარული ჩანაწერები თანაგუნდელების შესახებ. ქადაგიძე ასევე იხსენებს იმ დროსაც, როცა ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავებას ვანო მერაბიშვილი და მისი გუნდი აპირებდა, თუმცა მაშინ უგულავა ციხისგან მიხეილ სააკაშვილმა იხსნა. ანალიტიკოსის თქმით, დღესაც შეიძლება იყოს ასეთ ჩანაწერები, თუმცა იურიდიულად რამდენად ექნება ძალა, საკითხავი ეს არის.
„სოსო თოფურიძე სიტყვებით თამაშობს და როდესაც ის ამბობს, რომ მაკოპმრომეტირებელი დოკუმენტები აქვს, ამით ხაზს თავის ყოფილ თანამდებობას უსვამს. მეორე საკითხია - „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადანაწილების პროცესი მიმდინარეობს. ცდილობენ მელიას ფლანგი რამენაირად ჩამოშალონ, რათა პარტიის მმართველობაში ყოფილი ძალოვნების გუნდი მოვიდეს და სწორედ ამიტომაც, თოფურიძე გააცოცხლეს. საერთო ჯამში, მიდის თამაში, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მთლიანად ყოფილმა ძალოვნებმა ჩაიგდონ ხელში“, - განუცხადა for.ge-ს ზურა ქადაგიძემ.
ანალიტიკოსი ლადო ბოჟაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, უსმენდა ყველას, მათ შორის საკუთარი გუნდის წევრებსაც და ეს ყველასთვის ცნობილი ფაქტია. დღესაც, აღნიშნული პოლიტიკური ძალა მაშინდელი ჩანაწერებით მანიპულირებს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც თუ რაიმე ჩანაწერები ვრცელდებოდა, ყველაფერი იმ დროს გადაღებული იყო. ასე რომ, თოფურიძეს ჩანაწერები და მაკოპმრომეტირებელი დოკუმენტები ნამდვილად ექნება. სხვა საკითხია ის, რომ სოსო თოფურიძე ნიკა მელიას წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთო. როგორც ჩანს, ის ვანო მერაბიშვილის გავლენით ჩაერთო. ჩვენ თუ მის ბიოგრაფიას გადავხედავთ, ის მერაბიშვილს მჭიდროდ უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ თოფურიძე ძმებ ახალაიებთან ახლო ურთიერთობაში იყო, ის მაინც ყოველთვის მერაბიშვილის კადრად ითვლებოდა. ახლაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ძმები ახალაიებიდან ერთი ქვეყნიდან გაქცეულია, მეორემ სასჯელი მოიხადა, „ნაცმოძრაობას“ ჩამოსცილდა და საერთოდ, პოლიტიკიდან წავიდა, ეს ნიშნავს იმას, რომ მერაბიშვილს, რომელსაც ეგონა ციხიდან გამოსვლის შემდეგ დაიბრუნებდა იმ გავლენებს, რაც თავის დროზე „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჰქონდა, ახლა ცდილობს იმ გავლენების დაბრუნებას. ასევე, ცნობილია, რომ ნიკა მელიას ღიად დავით კეზერაშვილიც ებრძვის. მიუხედავად იმისა, რომ კეზერაშვილი და მერაბიშვილი არ ითვლებოდნენ თანამოაზრეებად, მელიას წინააღმდეგ ერთიანდებიან. როგორც ჩანს, თოფურიძეც ამ პროცესის ნაწილია. რამდენად აჰყვებიან პარტიის შიგნით თოფურიძის შანტაჟს, ეს უკვე მათზეა დამოკიდებული და მალე გამოჩნდება“, - აღნიშნა ბოჟაძემ for.ge-თან.