„შესაძლოა რუსები გეგმავდნენ „ბინძური ბომბის“ გამოყენებას, მათ არაერთხელ, თავიანთი ჩადენილი დანაშაული წინასწარ გააჟღერეს და მერე დააბრალეს სხვას“

„შესაძლოა რუსები გეგმავდნენ „ბინძური ბომბის“ გამოყენებას, მათ არაერთხელ, თავიანთი ჩადენილი დანაშაული წინასწარ გააჟღერეს და მერე დააბრალეს სხვას“

კრემლი უკრაინას „ბინძური ბომბის“ გამოყენებაში ადანაშაულებს. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ უკრაინა „ბინძური ბომბის“ საკუთარ ტერიტორიაზე გამოყენებით პროვოკაციას გეგმავს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია უფრო მეტ სამხედრო კონტაქტებს აპირებს იმის გამო, რომ კიევი „ბინძური ბომბის“ გამოყენებას გეგმავს.

თავის მხრივ, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები უარყოფენ რუსეთის ცრუ ბრალდებებს და ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ მხარს უჭერენ უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას რუსეთის მუდმივი აგრესიის ფონზე.

„ჩვენმა ქვეყნებმა გარკვევით განაცხადეს, რომ ყველანი უარვყოფთ რუსეთის ცხადად ცრუ ბრალდებებს, რომ უკრაინა ემზადება საკუთარ ტერიტორიაზე ბინძური ბომბის გამოსაყენებლად. მსოფლიო დაინახავს ამ ბრალდების ესკალაციის საბაბად გამოყენების ნებისმიერ მცდელობას. ჩვენ ასევე უარვყოფთ რუსეთის მხრიდან ესკალაციის ნებისმიერ საბაბს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ამერიკული „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ ანგარიშის თანახმად, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ მსგავსი ბრალდებით ცდილობდა შეენელებინა, ან შეეწყვიტა დასავლეთის სამხედრო დახმარება უკრაინის მიმართ, რადგან რუსეთი განიცდის მუდმივ სამხედრო წარუმატებლობებს და წლის ბოლომდე, სავარაუდოდ, დასავლეთ ხერსონს დაკარგავს. მათივე შეფასებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კრემლი ამზადებდეს ცრუ დროშის ოპერაციას „ბინძური ბომბის“ თავდასხმის გზით.

„შოიგუს ბრალდებები, სავარაუდოდ, არ ასახავს რუსეთის მზადებას უკრაინაში არასტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად. ნაკლებად სავარაუდოა, რომ შოიგუს კომენტარები უკრაინის მოსახლეობის ერთ ან მეტ ცენტრზე ან კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, ბირთვული ტერორისტული თავდასხმის მომასწავებელი იყოს იმ იმედით, რომ შოკში ჩააგდებს უკრაინას და აიძულებს მას დანებებას ან დასავლეთს - უკრაინას დახმარების შეწყვეტას. ნაკლებად სავარაუდოა, ასეთმა თავდასხმებმა აიძულოს უკრაინა ან დასავლეთი დანებდნენ“, - აღნიშნულია ანგარიშში.

რუსეთის სკანდალურ ბრალდებას უპასუხა ნატოს გენერალურმა მდივანმა. როგორც იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რუსეთმა „ბინძური ბომბის“ შესახებ ცრუ ბრალდება სიტუაციის ესკალაციის საბაბად არ უნდა გამოიყენოს.

„აშშ-ის თავდაცვის მინისტრს, ლოიდ ოსტინს და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრს, ბენ უოლესს რუსეთის ცრუ ბრალდების შესახებ ვესაუბრე, თითქოს უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე „ბინძური ბომბის“ გამოყენებისთვის ემზადება. ნატო-ს მოკავშირეები უარყოფენ ამ ბრალდებას. რუსეთმა ეს არ უნდა გამოიყენოს ესკალაციის საბაბად. ჩვენ ურყევი ვრჩებით უკრაინის მხარდაჭერაში“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელს, რაფაელ გროსის უკრაინის ბირთვულ ობიექტებზე ექსპერტების გაგზავნა სთხოვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, რომლის თქმით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი ექსპერტების უკრაინაში გაგზავნაზე დათანხმდა.

„რაფაელ გროსისთან სატელეფონო საუბროს დროს ოფიციალურად მოვიწვიე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო, სასწრაფოდ გაგზავნოს ექსპერტები უკრაინის მშვიდობიან ობიექტებზე, სადაც, რუსეთის ცრუ ბრალდების თანახმად, „ბინძურ ბომბს“ ამზადებენ. ის დამთანხმდა. რუსეთისგან განსხვავებით, უკრაინა ყოველთვის იყო და რჩება გამჭვირვალე, დასამალი არაფერი გვაქვს“, - აცხადებს დმიტრო კულება.

გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ მრჩეველი, ვახტანგ კაპანაძე ფიქრობს, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრის ბრალდება გათვლილია შიდა მოხმარებისთვის, რათა დაარწმუნოს რუსეთის მოსახლეობა, რომ მობილიზაცია და საბრძოლო მოქმედებების მასშტაბების ზრდაც გამოწვეულია უკრაინის აგრესიული ქმედებებით და იმ საფრთხისგან, რომელიც უკრაინისგან მომდინარეობს.

„რუსეთი იმასაც იძახის, რომ უკრაინა გენოციდს აწყობს, უკრაინა ბომბავს მშვიდობიან მოსახლეობას, რომ უკრაინა თვითონ ესვრის თავისივე დასახლებულ პუნქტებს, მაგრამ რუსების არაფერი დაიჯერება. მაქსიმალურად ცდილობენ უკრაინის გაშავებას. მე მგონია, რომ ეს მაინც მიმართულია შიდა აუდიტორიისთვის. „ბინძური ბომბი“ სად უნდა გამოიყენოს უკრაინამ? თუ, რუსეთში უნდა ჩაიტანოს? მაშინ რუსეთის სპეცსამსახურები რას აკეთებენ? ცოტა გაუგებარია.

კიდევ ერთხელ, ეს გავს უკრაინის გაშავებას და თავისი მოქმედების გამართლებას. „ბინძური ბომბი“, ეს არის რადიაციული გამოსხივების მასიური განადგურების მოწყობილობა, რომელიც დამონტაჟებული უნდა იყოს ხალხმრავალ ადგილზე, რომ თანდათანობით მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს მშვიდობიან მოსახელობას. ასეთი ბომბი ჯერ არავის არ გამოუყენებია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.

სამხედრო ანალიტიკოსის ვახტანგ მაისაიას განცხადებით, „ბინძური ბომბი“ მასობრივი განადგურების ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც რადიოლოგიური ბომბის სახით არის ცნობილი. ეს არის არასრული ბირთვული- რადიაქტიული ნივთიერება, რომელიც დასხივების მაღალი ხარისხით არის ცნობილი, მოქმედების დიდი რადიუსი არ აქვს, მაგრამ შეიძლება დააბინძუროს გარემო. შესაბამისად, მისი თქმით, მას აქვს უფრო დაბალი ეფქეტი, ვიდრე ბირთვულ ომს.

„რუსებს შეუძლიათ რადიოლოგიური ბომბის წარმოება, გამოყენება და აფეთქება, მაგრამ უკრაინას ამის საშუალება არ გააჩნია. მოგეხსენებათ, რომ ზაპოროჟიეს ელექტროსადგური არის რუსების ხელში. უკრაიანას ფიზიკურად არ შეუძლია ასეთი რადიოლოგიური ბომბის შექმნა. ამიტომ, რას ემსახურება რუსეთის თავდაცვის მინისტრის ასეთი პოპულისტური განცხადება ვერ გეტყვით.

სავსაბით შესაძლებელია, რომ რუსები გეგმავდნენ „ბინძური ბომბის“ გამოყენებას და სავსებით ვეთანხმები გენერალური მდივნის განცხადებას იმიტომ, რომ რუსებმა არაერთხელ განახორციელეს ანალოგიური ქმედება, როდესაც თავიანთი ჩადენილი დანაშაული წინასწარ გააჟღერეს და მერე დააბრალეს სხვას. ეს ფაქტებიც იყო და სამწუხაროდ, არც უკრაინის ომი შეიძლება იყოს გამონაკლისი. რა თქმა უნდა, რადიოლოგიური ბომბის გამოყენებას გარკვეული ეფექტი ექნება საბრძოლო მოქმედებების პირობებში ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, მაგრამ დიდი გარდატეხა შეიტანოს ომში, ამაზე საუბარი გადაჭარბებულია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაიამ.

Aburjga Tasmanieli კი, ყველაფერი მასეა როგორც თქვენ ამბობთ, მაგრამ მთელს სტატიაში ყველგან ერთი სიტყვა რუსეთი უნდა შეიცვალოს მეორე სიტყვით აშშ.... და მორჩა, ყველაფერი სწორეა!
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ცნობილი გახდა, უკრაინაში „იუჟმაშის“ სპეციალისტებმა უკვე დაამზადეს რუსული ისკანდერის კომპლექსის მულიაჟი, ტოჩკა-უ-ს ბაზაზე, რომლის კასეტური ქობინის შევსება იგეგმება რადიოაქტიური მასალით. მათი გეგმით ამ მულიაჟს შემდეგ „ჩამოაგდებენ“ უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებს ჩერნობილის ატომური სადგურის განრიდების ზონაში. რათა გამოაცხადონ რუსული ბირთვული მუხტის გაშვება“, - განაცხადა სააგენტოს თანამოსაუბრემ. მან განმარტა, რომ ისკანდერის რაკეტის მოდელი დამზადდა ტოჩკა-უ სარაკეტო სისტემის ჭურვის საფუძველზე.

„მას შემდეგ რაც ამ მულიაჟს ჩამოაგდებენ, კიევის ხელისუფლება აპირებს დასავლურ და უკრაინულ მედიას აჩვენოს სავარაუდო ისკანდერის რაკეტის მაკეტისა და ელექტრონიკის ფრაგმენტები, რათა დაარწმუნოს დასავლური საზოგადოება რუსეთის დანაშაულში“, - თქვა წყარომ.
2 წლის უკან