„ალიევი აქ გაზზე და დენზე სასაუბროდ არ შემოირბენდა და, როგორც ჩანს, პრეზიდენტის დასწრება საჭიროდ არ მიიჩნიეს“

„ალიევი აქ გაზზე და დენზე სასაუბროდ არ შემოირბენდა და, როგორც ჩანს, პრეზიდენტის დასწრება საჭიროდ არ მიიჩნიეს“

რატომ არ აცნობეს ქვეყნის პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს აზერბაიჯანის პერზიდენტის, ილჰამ ალიევის ვიზიტის შესახებ?  როგორც საქართველოს პრეზიდენტი ამტკიცებს, 24 ოქტომბერს, ალიევის მოულოდნელი ვიზიტის შესახებ ინფორმირება ხელისუფლებამ საჭიროდ არ ჩათვალა და განაწყენებულმა ალიევი, ხელმეორედ, თავისთან მოიპატიჟა.

თუმცა ხელისუფლება მას კონსტიტუციას ახსენებს - „ალიევი შეხვდა იმას, ვისაც ჯერ ამის კონსტიტუციური უფლება აქვს და მეორეც, ვისაც საქმის კეთების შესაძლებლობა და ძალა შესწევს. ალიევს კი არ ჰქონდა იმის დრო, რომ პრეზიდენტს ყავაზე და ჩაიზე არაფერზე სასაუბროდ, ფორმალობის და ეტიკეტის გამო სწვევოდა“.

მმართველი გუნდის პასუხი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას მოჰყვა: „სამწუხაროდ, პრეზიდენტებს შორის ვერ შედგა შეხვედრა და სალომე ზურაბიშვილი გამოხატავს მზაობასა და სურვილს, უახლოეს მომავალში, ოფიციალური ვიზიტით უმასპინძლოს აზერბაიჯანის პრეზიდენტს“.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ სასარგებლო იქნებოდა ამ თემაზე ასეთი დემარშები არ გაკეთებულიყო და აქცენტები არ ყოფილიყო გადატანილი, ვინაიდან ყველამ კარგად იცის, თვითონ პრეზიდენტმა, მისმა ადმინისტრაციამაც, რომ პრეზიდენტს აქვს მნიშვნელოვანი ფუნქცია, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი ფუნქცია წარმომადგენლობითია.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ეს იყო შემჭიდროებულ ვადებში ჩატარებული შეხვედრა და ასეთი დემარში სრულიად ზედმეტია.

„ეს არ იყო სახალხო დღესასწაული, თუნდაც 26 მაისი, როდესაც ეს წარმომადგენლობითი ფუნქცია პრეზიდენტს, რასაკვირველია, ეზრდება. იყო ძალიან შემჭიდროებულ ვადებში ჩატარებული მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელზეც განხილული თემები არანაირ კონსტიტუციურ ასპექტში არ უკავშირდება პრეზიდენტის ფუნქცია-მოვალეობებს. ლაპარაკი, რომელიც მოვისმინე ზოგიერთისგან, რომ გვეთქვა პრეზიდენტისთვის, ვითომ შემრიგებლურ-დამრიგებლური ტონით და არ გაეკეთებინა მას ასეთი დემარში და განცხადება, რაღაც ბავშვურ, გულუბრყვილო, უფრო პრეტენზიებად, კაპრიზად ჟღერს, ვიდრე მიახლოებით საქმესთან დაკავშირებულ საკითხად. ასე რომ, დემარში არის აბსოლუტურად ზედმეტი და არასაჭირო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე და საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსი ვანო მაჭავარიანი აცხადებს, რომ პრეზიდენტის პრეტენზიები გასაგებია, მაგრამ მისთვის ალიევის ვიზიტის არშეტყობინება, დიდწილად, მისივე ბრალიც არის. მაჭავარიანი for.ge-სთან ამბობს, რომ ის ხან არის პრეზიდენტი და ხან - არა. როცა უნდა პრეზიდენტის მოვალეობას მაშინ ასრულებს, ამიტომაც, მას რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტთან კარგი ურთიერთობა და პირადი კონტაქტები ჰქონოდა, ამ ვიზიტის შესახებ აზერბაიჯანის მხარე საქმის კურსში ჩააყენებდა. თუმცა ფაქტია, რომ მისი ამ შეხვედრაზე დასწრების სურვილი არც აზერბაიჯანის მხარეს არ გასჩენია.

„გასაგებია, რომ კონსტიტუციით ქალბატონ პრეზიდენტს მხოლოდ ცერემონიალური როლი აქვს, მაგრამ საკუთარი ინსტიტუტების პატივისცემა ჩვენს ხელისუფლებასაც მოეთხოვება. მინიმუმ პრეზიდენტებს შორის პროტოკოლური შეხვედრები მაინც უნდა ყოფილიყო, რომელსაც მხოლოდ ფორმალური სახე ექნებოდა. თუმცა, მოდით, პირდაპირ ვთქვათ, რომ ქალბატონმა ზურაბიშვილმა თავი ასეთ მდგომარეობაში თავად ჩაიყენა. ის პოლიტიკურად თუ დიპლომატიურად მუდმივად თამაშგარეთ მდგომარეობაში იმყოფება. ხან არის პრეზიდენტი, ხან არ არის. ხან არის პოლიტიკურ მოვლენებში ჩართული და ხანაც არ არის. გამოდის, როცა ხასიათზეა და უნდა, ახსედება, რომ პრეზიდენტია. მას პირადი პოლიტიკური და დიპლომატიური ახლო ურთიერთობა აზერბაიჯანთან და პრეზიდენტ ალიევთან რომ ჰქონოდა, თავისთავად ეს ფაქტი არ მოხდებოდა. თავად აზერბაიჯანული მხარე იაქტიურებდა, რომ მინიმუმ, ცერემონიალური და პროტოკოლური შეხვედრა შემდგარიყო. ის რომ „ოცნება“ პრეზიდენტს თამაშგარეთ ამყოფებს, გასაგებია და მისი არჩევაც ამისთვის მოხდა, რომ მას მეტი პრეტენზიები არც უნდა წამოეყენებინა. პრეზიდენტს, როგორც ჩანს, ალიევის ვიზიტი თავადაც გამორჩა, რადგან არ აქტიურობს და არ არის ახლო ურთერთობაში პრეზიდენტებთან. „ოცნებამ“ კი ამით უბრალოდ გვაჩვენა პრეზიდენტი რა მდგომარეობაშიც არის და ის როგორ თამაშგარე სიტუაციაში იმყოფება. ინსტიტუციონალურად ძალიან ცუდია და ამას პრეზიდენტის უმოქმედეობასაც მივაწერ“, - ამბობს მაჭავარიანი.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი მიიჩნევს, რომ ილჰამ ალიევის ასეთი მოულოდნელი ვიზიტი ნამდვილად უცნაური იყო და შემდეგ ამ ამბის ირგვლივ პრეზიდენტის განცახდება და პრეტენზიები. ძაბირაძე for.ge-სთან აცხადებს, რომ წესით, პრეზიდენტ ზურაბიშვილს მის მიმართ „ოცნების“ დამოკიდებულება არ უნდა უკვირდეს. ამ ყველაფერზე სწორედ ხელი მან მოაწერა. ოღონდ პრეზიდენტი გამხდარიყო, იმაზეც კი დასთანხმდა, რომ მეორე ტურში ბილბორდებიდან მისი პორტრეტი მოეხსნათ. მის მაგივრად კი იქ „ოცნების“ ლიდერების სურათები დაეკიდათ. ამიტომ უცნაური ამაში არაფერია, თუმცა ფაქტია, რომ ხელისუფლებას ზურაბიშვილის ამ შეხვედრაზე დასწრება ნამდვილად არ აწყობდა.

„საერთოდ ალიევის ასე მოულოდნელად საქართველოში ვიზიტი ძალიან უცნაური ამბავია. ის, რაც მან საჯაროდ ისაუბრა, ამაზე ლაპარაკი საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზეც შეიძლებოდა. ეს დერეფნის და გაზის ამბები ისედაც კარგად ვიცით და 7 წლის შემდეგ ალიევს  ვიზიტი პირადად რატომ უნდოდა, ეს ვერ გავიგე. ფაქტია, რომ ის სულ სხვა საქმეზე იყო აქ ჩამოსული და ვიღაცის გამოგზავნილი. არ ვიცი იყო ერდოღანის გამოგზავნილი თუ ევროპელების, მაგრამ ფაქტია, რომ აქ გაზზე და დენზე სასაუბროდ ასე მოულოდნელად არ შემოირბენდა. ამიტომ ამ გადარბენაში და რაღაცა სიჩქარეში, როგორც ჩანს, პრეზიდენტი ან დაავიწყდათ, ან საერთოდ ამ შეხვედრის დროს მისი დასწრება საჭიროდ არ მიიჩნიეს.

მე არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ „შატო მუხრანში“ რატომ იყო არაოფიციალურ სიტუაციაში მისი მიღება საჭირო, მაგასაც ვერ მივხვდი. შესაძლოა, ივანიშვილიც შეხვდა ალიევს და იმაზე მნიშვნელოვანი ამბებით იყო მოსული, ვიდრე ამაზე საჯაროდ ისაუბრა. მოკლედ ამ ყველფერში ზურაბიშვილის ადგილი არ აღმოჩნდა. თანაც, მგონია პრეზიდენტს ეს არ უნდა უკვირდეს. მანაც ძალიან კარგად იცის, რისთვისაც აირჩიეს და რა სახის როლი აქვს დაკისრებული. ამიტომ ახალ, ცალკე დამოუკიდებელ პოლიტიკოსად ჩამოყალიბება რომ უნდა, ასე აღარ გამოდის. უბრალოდ, მისი საქციელიც ძალიან სასაცილოა, რადგან ბავშვი გაიბუტა და საყვედურებს საჯაროდ გამოთქვამს. ახლა ალიევს თვითონ ეპატიჟება ჩამოდიო, თითქოს აქ საბავშვო ბაღი იყოს. მე მგონი, თავადაც ბოლომდე არა აქვს გააზრებული, რომ პრეზიდენტია. „ოცნებას“ მიაჩნია, რომ ზურაბიშვილი მასთან ვალშია, რადგან ის, როგორც დამოუკიდბელი ფიგურა არავის აურჩევია. ზურაბიშვილი კი მიიჩნევს, რომ პირიქით, მასთან არის ხელისუფლება ვალში, რადგან ის რომ არ ყოფილიყო, პრეზიდენტი ვაშაძე გახდებოდა და ხელისუფლება ამაზე შავ დღეში იქნებოდა. მოკლედ, ორივე მხარე ერთმანეთის ყვედრებაშია“, - ამბობს ძაბირაძე.

  

Aburjga Tasmanieli ქალბატონო პრეზიდენტო, როცა კენჭს იყრიდით მაშინ არ იცოდით რა უფლება მოვალეობები გააჩნდა საქართველოს პრეზიდენტს?! არ გამოვა ამ ჩვენი საქართველოს დასვლეთის ლიბერალური დემოკრატიის და ლგბტ მორალის რელსბზე გადაყვანა! ვერავინ მოახერხებს ამას, მათ შორის თქვენც! თქვენ რომ გგონიათ რომ რაღაც დემოკრატიული მომენტის დამკვიდრება საქართველოსათვის იქნება სასარგებლო, ის საქართველოს განადგურებაა! ვიცი ბოროტად არ ხართ განწყობილი საქართველოს მიმართ, მაგრამ იმდენად ძვალ-რბილში გაქვთ გამჯდარი ეს მავნებლური ლიბერალური დემოკრატიის პრინციპები, რომ საღად აზროვნებას გიშლით! გაჩერდით იმ ფარგლებში რომელიც კონსტიტუციით გაქვთ მონიჭებული, დაისვენეთ, დატკბით ამ ცხოვრებით, შეირგეთ ეს დე იურე პრეზიდენტობა! თუ ვერ ეგუებით ასეთ მდგომარეობაში ყოფნას, გამოაცხადეთ გადაგომის შესახებ, გადადექით და ამით მოიპოვებთ უფლებას რაც გინდათ ის ილაპარაკოთ, რა განცხადებებიც გინდათ ის გააკეთოთ! არ ვიცი მეტი რა გირჩიოთ, მე მგონი ასე აჯობებს!
2 წლის უკან