მოსალოდნელია თუ არა საბიუჯეტო კრიზისი

მოსალოდნელია თუ არა საბიუჯეტო კრიზისი

საბიუჯეტო კრიზისთან დაკავშირებით, რომლის რეალური ნიშნები ჯერ არც კი ჩანს, ახალი მითქმა-მოთქმა დაიწყო. ყოფილი ხელისფულების წარმომადგენლები ამაზე უკვე დიდი ხანია მოთქვამენ, მაგრამ ახლა უკვე ზოგიერთი სპეციალისტიც მხარს უბამს. თუმცა, ექსპერტების ნაწილი ძველი შეხედულების მომხრეა და საბიუჯეტო კრიზისს კატეგორიულად გამორიცხავენ.

„ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ეკონომიკური სტაგნაციის დამადასტურებელი ოფიციალური მონაცემების გამო, შეშფოთებულია. მათი აზრით, რამდენადაც მაისში მთლიანი შიგა პროდუქტის ზრდა შეჩერდა და ნულს გაუტოლდა, ხოლო დღგ-ს ბრუნვები - ბიზნეს აქტივობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომი - 6,2%-ით შემცირდა, ეს ეკონომიკურ ვარდნაზე მიუთითებს.

„სამწუხაროდ, ეს უტყუარი ტენდენცია ცხადყოფს, რომ ქვეყანა ვერ გავა მთავრობის მიერ დაგეგმილ 6-პროცენტიან ზრდაზე, რაც, ასევე გამოიწვევს კიდევ უფრო მეტი ჩვენი თანამოქალაქის უმუშევრად დარჩენას“, - განაცხადა პარლამენტის წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, კიდევ უფრო სავალალო სურათია ბიუჯეტის შესრულების თვალსაზრისით. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წლის ივნისის საგადასახადო შემოსავლებმა 429 მილიონი შეადგინა, რომელიც 2012 წლის ივნისთან შედარებით, 57 მილიონით ნაკლებია. სამინისტროს ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, პირველადი ვარიანტით ბიუჯეტის შესრულება უნდა ყოფილიყო 3,228 მილიონი, ექვსი თვის შესრულებამ კი შეადგინა 2,981 მილიონი, რაც 247 მილიონით ნაკლებია გეგმასთან მიმართებაში.

მასვე ეთანხმება პოლიტიკის ანალიზის ცენტრის მკვლევარი ვახტანგ ლეჟავაც. როგორც ექსპერტმა დღეს „ბიზნეს-კლუბში” სტუმრობისას განაცხადა, ხელისუფლება, რომელიც 6%–იან ეკონომიკურ ზრდას აანონსებდა, ამ შედეგს ვეღარ აღწევს და წლის ბოლოს ბიუჯეტში ნახავარი მილიარდი ლარის გარღვევას მივიღებთ.

„მაისის 0%–იანმა ზრდამ პოლიტიკური დისკუსიის სახე მიიღო, ჩემი ამოცანა არაა პოლიტიკურ დისკუსიაში ჩართვა, თუმცა მეორე მხრივ მგონია, რომ პოლიტიკური დისკუსია ამ პრობლემას ამძაფრებს და გამოსავლის პოვნას ხელს უშლის, თან იმ დროს, როდესაც, გამოსავალი არა პოლიტიკურ, არამედ ეკონომიკურ სიბრტყეშია“, - აცხადებს ლეჟავა.

მისივე თქმით, ეკონომიკური ზრდის პრობლემის მოსაგვარებლად ხელისუფლებას რამდენიმე გამოსავალი აქვს, მათ შორის, დეფიციტის გაზრდა და შემდეგ ამ დეფიციტის ვალებით დაფარვა, რომელიც ხელისუფლებამ ან შიდა ბაზარზე უნდა მოიძიოს, ან საგარეო ვალით ისარგებლოს.

მეორე მხრივ, პოლიტიკის ანალიზის ცენტრის მკვლევარი გამოსავალს ხარჯების შემცირებასა და ხელისუფლების მიერ დაგეგმილ პროგრამებზე უარის თქმაში ხედავს. „რამდენადაც ვიცი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციაა, რომ მთავრობამ აიღოს ვალი“, - აცხადებს ლეჟავა.

ზემოთგამოთქმულ მოსაზრებებს კატეგორიულად არ ეთანხმება ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ მსგავსი შეფასებები გადაჭარბებულია.

„პირადად მე გარღვევას და საბიუჯეტო კრიზისს არ ველოდები. ეკონომიკურ ზრდის კლებამ, შესაძლოა, საგადასახადო შემოსავლების კლება გამოიწვიოს, მაგრამ ეს არ იქნება საფუძველი, რომ დაგეგმილი ხარჯები ვერ დაფინანსდეს. ასეთ რამეს მე გამოვრიცხავ, რადგან უარეს შემთხვევაში, შესაძლებელია, გარკვეული ხარჯების ოპტიმიზაცია ან დაფინანსების ახალი წყაროს მოძიება. ვფიქრობ, ქვეყანაში საბიუჯეტო კრიზისის არანაირი წინაპირობა ამ ეტაპზე არ არსებობს“, – აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.