გზავნილი თურქეთიდან და მოულოდნელი სტუმარი აზერბაიჯანიდან

გზავნილი თურქეთიდან და მოულოდნელი სტუმარი აზერბაიჯანიდან

7-წლიანი პაუზის შემდეგ, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს სამუშაო ვიზიტით მოულოდნელად ეწვია. მას საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა უმასპინძლა და ერთობლივ ბრიფინგზე საკმაოდ საინტერესო განცხადებები გაკეთდა. როგორც აღმოჩნდა, აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოში კონკრეტული შეთავაზებებით ჩამოვიდა და მან რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივა გააჟღერა.

ალიევის განცხადებით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი კიდევ უფრო დაიტვირთება და ექსპორტისთვის, ბაქო-სუფსის ტერმინალის გამოყენება მოხდება. გეგმაშია ახალი ერთობლივი ენერგო პროექტებიც. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ მსგავსი ვიზიტები ორი მოძმე ერის ურთიერთობების განმტკიცების საუკეთესო შესაძლებლობაა.

მან ასევე რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და საქართველოს როლზე აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საკითხებზეც იასუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა კი კვლავ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნა, იყოს ინიციატორი მშვიდობიანი სამეზობლო პოლიტიკის შემუშავების კუთხით. თავის მხრივ ილჰამ ალიევმა, სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატში ჩართვის სურვილი ამჯერად საქართველოდან დააფიქსირა.

სამუშაო ვიზიტის დასრულების შემდეგ, არაფორმალური ნაწილიც მცხეთაში, „შატო მუხრანში“ გაიმართა. სტუმრებმა ტრადიციული ქართული კერძების მომზადების პროცესში მიიღეს მონაწილეობა. დელეგაციის პატივსაცემად შესრულდა ქართული ცეკვები. ირაკლი ღარიბაშვილმა და ილჰამ ალიევმა საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციაში დაცული აზერბაიჯანული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების ფოტო ასლები დაათვალიერეს. „შატო მუხრანში“ პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს სადილზეც უმასპინძლა.

კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ილჰამ ალიევის ვიზიტი საკმაოდ მოულოდნელი იყო და ჩნდება შთაბეჭდილება, რომ ალიევმა კარს მიღმა პრემიერ ღარიბაშვილთან სხვა თემებზეც ისაუბრა, რომელიც საჯაროდ არ ითქვა. კონფლიქტოლოგი მიიჩნევს, რომ ვიზიტი ალიევის ინიციატივით შემდგა და დარჩა შთაბეჭდილება, რომ ის თურექთის პრეზიდენტის ერდოღანის გამოგზავნილია.

კონფლიქტოლოგი ამ ვიზიტს საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ რეგიონში საქართველოს როლი რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა. ჩვენი ქვეყანა, როგორც გამტარი დერეფანი, კიდევ უფრო დიდ დატვირთვას შეიძენს. ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ.

„ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო მნიშვნელობა არსებობდა, მაგრამ უკრაინის ომის შემდეგ კიდევ უფრო გაორმაგდა. რუსეთი არასანდო პარტნიორი გახდა, მათ შორის ელექტროდერეფნების მხრივ და ასევე სატვირთო გადაზიდვების კუთხით. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შანსი, რომ საქართველოს როლი რეგიონში კიდევ უფრო გაიზარდოს და აქედან ჩვენმა ქვეყანამ და ხალხმა ეკონომიკური და ფინანსური ხეირი ნახოს. ალიევი ასეთი ინიციატივით პირდაპირ პირველი პირის დონეზე გამოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანისთვის და თურქეთისთვის საქართველო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქვეყანაა და ჩვენს გარეშე მათ ამ პროექტის განხორციელება ვერ წარმოუდგენიათ.

 ალიევი 2015 წლის შემდეგ საქართველოში არ ყოფილა. ასეთი დონის შეხევდრებისთვის ჯერ გარკევული სამუშაოები დიპლომატიის და ექსპერტების დონეზე ტარდება და ქვეყნის ლიდერის ვიზიტი შემდეგ ხდება. თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ მსგავსი არაფერი ყოფილა და მგონია ჩვენი ხელისუფლებისთვისაც ალიევის ვიზიტი მოულოდნელი იყო, მით უმეტეს არ იცოდნენ რა წინადადებით მოდიოდა. ეს ამ შეხვედრის და გაჟღერებული საკითხების მნიშვნელობას კიდევ უფორ ზრდის. მეორე მხრივ ეს იმას ნიშნავს, რომ აზრებაიჯანი ძალიან დაინტერესებულია ეს საკითხები დადებითად გადაწყდეს. ამიტომ ამ პროცესში ალიევი პირადად ჩაერთო. ეს არის დღესვე მოსაგვარებელი საკითხები“, - ამბობს კონფლიქტოლოგი for.ge-სთან.

რას მოუტანს საქართველოს ალიევის შემოთავაზება და ეკონომიკური დათვირთვის გარდა, ექნება თუ არა ამას პოლიტიკური მნიშვნელობა, ამას მომავალი დაგვანახებს. ამ ეტაპზე კი, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ თურქეთი კავკასიიდან რუსეთის გაყვანას ცდილობს, რაზეც კონფლიქტოლოგი ამბობს, რომ პორტების და ინფრასტრუქტურის განვითარება ძალიან დიდ პოტენციალს გვაძლევს და ეს აქამდე ჩვენვე უნდა გაგვეკეთებინა. „ალიევის მაგივრად ინიციატორები ჩვენ უნდა ვყოფილიყავით. თუმცა გვიანი არც ახლაა. ალიევის წინადადებას უნდა დავთანხმდეთ და აქედან დიდი სარგებელი მივიღოთ. ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ძალიან დიდი ეკონომიკური სარგებლის მიღება შეგვიძლია. ეს ასევე საქართველოს უსაფრთხოებასაც გაზრდის, რადგანაც ნავთობსადენი საერთაშორისო პროექტია. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ინტერესი საქართველოს და ამ პროქეტის მიმართ რაც უფრო გაიზრდება, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაც გაიზრდება. რა თქმა უნდა, აქ ყველა ინიციატივა არც ალიევის მხრიდან არის გაჟღერებული, თურქეთთან არის შეთანხმებული. თურქეთი თანამშრომლობას რუსეთთანაც კი ახერხებს და მეორე მხრივ ფორსირებულად სამხრეთ კავკასიაში თავის გავლენას ზრდის. ამას აჩვენებს ყარაბაღის ომი, ასევე უკრაინის ომშიც ერდოღანი ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

ვნახეთ აზოვის პოლკის გათავისუფლებული მებრძოლები, რომლის მოლაპარაკებასაც ერდოღანი აწარმოებდა; მარცვლეულის უკრაინიდან უსაფრთხოდ გამოტანა და ახლა ალიევის საქართველოში ვიზიტი, რომელიც ზუსტად ვარ დარწმუნებული, რომ ჯერ ერდოღანთან შეთანხმდა. თურქეთი ცდილობს დრო არ დაკარგოს და შექმნილი სიტუაციიდან მაქსიმალური ამოქაჩოს, ეს რეგიონი რუსეთს გამოგლიჯოს. ამ მხრივ ჩვენი პოზიცია უნდა დავაფიქსიროთ - კი ბატონო, ამ პროექტებში მონაწილეობა გვინდა, მაგრამ ყველა ასეთი წინადადება ჩვენს პარტნიორებთან ერთად უნდა განვიხილოთ. პირველ რიგში, ეს მათი სატრანსპორტო დერეფნებია და მათი ინტერესების გათვალისწინებ უნდა მოხდეს“, - ამბობს ბენდიანიშვილი.

ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, რონდელის ცენტრის მკვლევარი კახა გოგოლაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ უკრაინა-რუსეთის ომმა რეგიონში არსებული რეალობა რადიკალურად შეცვალა. ამიტომ ყველა ამ ახალი რეალობის გამოყენებას ცდილობს. სწორედ აქ ხდება საქართველოს როლი მნიშვნელოვანი და ყველამ კარგად იცის, რომ აზია-ევროპის ბაზრის განვითარებისთვის აზერბაიჯანი და საქართველოა საჭირო. ეს არ არის ახალი იდეა, მაგრამ ამ ომმა ეს იდეა აქტუალური გახადა. გოგოლაშვილი ამბობს, რომ ამ მარშრუტზე ჯერ კიდევ შევარდნაძე და სწორედ ილჰამ ალიევის მამა მუშაობდნენ.

„ამ მომენტში, ალიევის მხრიდან ახალი, რაც აქამდე არ გაჟღერებულა, ელექტოენერგიის ექსპორტია. ალბათ, ალიევი თურქეთის მიმართულებიდან ევროპაში გადატანას გულისხმობდა. ეს სრულიად შესაძლებელია და საერთაშორისო ფონდების მოზიდვაც ძალიან მნიშვნელოვანია. ევროკავშირისთვის ელექტროენერგიის სტაბილურობის საკითხი უკრაინის ომის შემდეგ სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. შესაბამისად, გაზის იმპორტი ევროკავშირს იმიტომ სჭირდება, რომ დიდი ნაწილი თბოენერგოსადგურებისთვის არის საჭირო. ამ შემთხვევაში აზერბაიჯანელები ფიქრობენ, რომ გაზის მაგივრად ევროპას ელექტროენერგია მიაწოდოს. ევროპაში ამაზე მომავალში მოთხოვნა გაჩნდება, რადგან რუსეთზე დამოკიდებულება უკვე შეამცირეს. რა თქმა უნდა, საქართველო, როგორც გამტარი ტერიტორია, აზერბაიჯანს სჭირდება. ჩვენ თურქეთთან 500- კილოვოლტიანი ელექტრო გადამცემი ხაზი გვაქვს და შესაძლოა, დამატებით ენერგოქსელების შექმნა გახდეს საჭირო. არ არის გამორიცხული საუბარი ამ პროექტზე იყოს“, - ამბობს გოგოლაშვილი.

მოქმედებს თუ არა ალიევი ერდოღანთან ერთად და რა ინეტრესები აქვს ახლა თურქეთს საქართველოსთან დაკავშირებით? როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს შემოთავაზება და რა სახის სარგებელს ვიღებთ ამ პროექტების განხორციელების შემთხვევაში? - გოგოლაშვილი ამბობს, რომ ჩვენი ქვეყნის პოზიცია ასეთ შემოთავაზებაზე, რა თქმა უნდა, დადებითი უნდა იყოს. ევროპა-აზიის ბაზრის განვითარება შევარდნაძის დროიდან მოყოლებული, საქართველოსთვის ყველაზე პრიორიტეტული იყო. ამიტომ აქ საერთოდ სხვა რამე ალტერნატივაზე საუბარი ზედმეტია.

„თუ ალიევის ვიზიტის მთავარი მიზანი ეს იყო და არ არსებობს რაიმე სხვა დამატებით შეთავაზებები, რისი გახმაურებაც საჯაროდ არ მოხდა, ამის წინააღმდეგი ქვეყანა არ უნდა იყოს. ევროპას მეტი გაზი სჭირდება და არაა გამორიცხული, საუბარი ამაზე ყოფილიყო. საუბარია, რომ თბილისი-ბაქო-ერზრუმის მეორე ხაზის გაყვანაც მოხდეს. რა თქმა უნდა, საქართველო ამ პირობებზე აზერბაიჯანთან უნდა შეთანხმდეს და რა სარგებელს მივიღებთ. ანუ მოგება რა დაგვრჩება და ა.შ. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ამ მეორე ხაზის მშენებლობაზეც იყოს საუბარი. რაც შეეხება ერდოღანის ჩართულობას ალიევის ინიციატივებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ასეც იქნება. ეს პირიქით, ჩვენი ქვეყნისთვის მომგებიანია, რადგან თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების ყველაზე დიდი ქომაგია. ამიტომ მისი გავლენის კავკასიაში გაძლიერება, ჩვენ ყველაზე მეტად გვსურს და მეტ სარგებელს მოგვიტანს. რაც შეეხება ალიევის რამდენიმე კვირის წინ პოლონეთში გაკეთებულ შეთავაზებას, აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის სადისკუსიო ფორმატის შექმნას, ძალიან საინტერესო წინადადებაა, რაც რეგიონში ჩვენს პოლიტიკურ მნიშვნელობას გაზრდის“, - ამბობს გოგოლაშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული ღარიბაშვილმა ალიევთან დახურულ კარს მიღმა ამ საკითხზეც ისაუბრა. გოგოლაშვილი ამბობს, რომ ესეც ძალიან კარგი წინადადებაა, რადგანაც ჩვენ სამს - პლუს-სამის ფორმატი არაფრით არ გვაწყობს. რაც შეეხება სამი ქვეყნის თანამშრომლობას, პოლიტკურ-ეკონომიკურ და სხვა საკითხების განვითრებას, ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ ეს ძალაინ კარგი ინიციატივაა და მას აუცილებლად უნდა დავთანხმდეთ.

 

Aburjga Tasmanieli თუ ჩვენ თავზე იმაზე მეტს ავიღებთ რაც შეგვძლი ან მოვინდომებთ ირიბადაც კი დავარტყათ რუსეთის ინტერესებს კავკასიაში, მაშინ მივიღებთ სრულ ოკუპაციას! ელვისებურ ოკუპაციას, დილით გამოგვეღვიძება და გორთან მთავარ მაგისტრალზე რუსული პატრული დაგვხვდება, ფოთის და ბათუმის პორტების აკვატორიებში რუსული სამხედრო ხომალდები! მერე ერთუჯრედიანები, რომელთაც ბავშვობაში არა თუ ჭადრაკი, ერთი ხელი დურაქაც კი არ გაქვთ მოგებული გაქანდით ბრიუსელში და იჩივლეთ!
2 წლის უკან
trampi ჩოპრა
რუსეთის მხრიდან შენი ვარიანტი არააა გამორიცხული ....მაგრამ ამ გაზსადენის ამბებთან დაკავშირებით მე მაინც ალიევის ვიზიტს (ანუ ერედოღანის გეგმებს) ვემხრობი.....ბოლო ბოლო მაგ ამბებზე შევარდნაძე ჯერ კიდევ 30 წლის წინ ჩალიჩობდა....წესით ხეირი უნდა იყოს
ისე რუსისგან არაფერია გამორიცხული......... მაგრამ მაინც გასარისკია.....
გამოჩნდება ....არა მგონია ეხლა რუსმა მაინც და მაინც ჩვენთვის მოიცალოს......
2 წლის უკან