სანქციები, როგორც მცდელობა, საქართველო ჩააბან საომარ მოქმედებებში, რომ ზეწოლის ერთ-ერთი ფორმაა, ამას ადასტურებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის განცხადება, რომ უახლოეს მომავალში, როდესაც უკრაინა რუსეთთან ომში უპირატესობას მოიპოვებს, ისინი უნდა გადაერთონ საქართველოს „შველაზე“. არესტოვიჩი ამბობს, რომ ისინი მოახდენენ საქართველოში ძალის პროეცირებას, რომ გადაარჩინონ ქართველები, მოლდოველები, სომხები და ყველა გადარჩება.
„პრორუსული მთავრობის გათვალისწინებით, რომელსაც არ აქვს უნარი, მიიღოს გადაწყვეტილებები და გაანადგურა ყველაფერი, რაც შექმნა სააკაშვილმა, სადაც კორუმპირებული პოლიცია, სადაც ყველაფერი იყიდება, როგორც თავად ქართველები ამბობენ და ა.შ. ეს, რა თქმა უნდა, ეროვნული უსაფრთხოებისთვის დიდი პრობლემაა.
ჩვენ მოვახდენთ იქ ძალის პროეცირებას, მოგვიწევს ქართველების გადარჩენა, მოლდოვის გადარჩენა, სომხეთის გადარჩენა, ყველას გადარჩენა. ეს კარგი ისტორიაა, რადგან მილიონი ჩვენი ნაომარი ბიჭისა და გოგოსთვის ყოველთვის მოიძებნება სამუშაო უახლოეს მომავალში პოსტსაბჭოთა სივრცეში. მშვიდობისმყოფელები, სტაბილიზაციური ოპერაციები, ჰუმანიტარული ოპერაციები“, - განაცხადა ოლექსი არესტოვიჩმა.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის განცხადებას გამოხამურება მოჰყვა თბილისში. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ არესტოვიჩის განცხადება არის კრიმინალური ხასიათის და საერთაშორისო სამართალში გარკვევას ურჩევს.
„ზოგადად, ნებისმიერმა ადამიანმა, მით უმეტეს ადამიანმა, რომელსაც აქვს იმის პრეტენზია, რომ ვინმეს რამე ურჩიოს, უნდა იცოდეს საერთაშორისო სამართალი. საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია ძალის გამოყენების აკრძალვა და ასევე მისი გამოყენების მუქარა. ამ ადამიანმა, სავარაუდოდ, ამის შესახებ არაფერი იცის. უბრალოდ, კარგი იქნება უფრო მეტად გაერკვეს საერთაშორისო სამართალში, საერთაშორისო ურთიერთობებში და მსგავსი ტიპის კრიმინალური განცხადებები აღარ გააკეთოს“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე მედიას ურჩევს არესტოვიჩის, პოდოლიაკის სისულეების მოსმენა შეწყვიტონ. როგორც სამხარაძე ამბობს, მომავალ კვირას საპარლამენტო დელეგაცია ზაგრებში შეხვდება რადას თავმჯდომარეს და სწორედ მასთან დასვამენ ამ საკითხს, რადგან არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ერთი ქვეყნის მხრიდან მეორე ქვეყნის მიმართ აგრესია რა ფორმით განხორციელდება.
„არესტოვიჩის მიერ გაკეთებული განცხადებებიდან თუ ვიმსჯელებთ, სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე. არ ვიცი, მას ასეთი რამ თავში როგორ მოუვიდა. არესტოვიჩი გვპირდება, რომ თურმე უკრაინა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიას განახორციელებს. მგონი, აბსურდის თეატრში ვართ. გთავაზობთ, რომ არესტოვიჩის, პოდოლიაკის სისულეების მოსმენა შევწყვიტოთ - ამაზე კომენტარების კეთებაც აღარ ღირს.
მომავალ კვირას საპარლამენტო დელეგაცია ზაგრებში, ყირიმის პლატფორმაზე მიემგზავრება, რომელიც მოგეხსენებათ, რომ არის უკრაინის მხარდასაჭერი პლატფორმა. შეხვედრა იქნება რადას თავმჯდომარე სტეფანჩუკთან და მასთან ამ საკითხს დავსვამთ, თუმცა მისი პასუხი წინასწარ ვიცით, რომ ეს არის არასერიოზული ადამიანის არასერიოზული განცხადება და ამიტომ ეს განცხადება სერიოზულად არ უნდა მივიღოთ“, - აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე.
ხატია დეკანოიძის შეფასებით, არესტოვიჩის მოსაზრება, ალბათ, უფრო ეხებოდა ზოგადად უკრაინის როლს რეგიონში, მაგრამ როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აცხადებს, ჩვენი ოკუპირებული რეგიონების დასაბრუნებლად ძალის გამოყენება კატეგორიულად მიუღებელია.
„მე ომის მუქარას არ დავარქმევდი, თუმცა, რა თქმა უნდა, მე ნამდვილად არ ვიზიარებ და არ გავიზიარებ არავის მოსაზრებას ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით. მისი მოსაზრება, ალბათ, უფრო ეხებოდა, ზოგადად, უკრაინის როლს რეგიონში, მაგრამ საქართველოში ძალის გამოყენება, ჩვენი ოკუპირებული რეგიონების დასაბრუნებლად, კატეგორიულად მიუღებელია.
ჩვენ მხოლოდ მშვიდობიანად, მშვიდობიანი, დასავლური და ეკონომიკური ინტეგრაციით უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები. დარწმუნებული ვარ, მას შემდეგ, რაც რუსეთი დამარცხდება უკრაინაში, იქნება იმის ძალიან ბევრი და დიდი შანსი, რომ ჩვენი თანამოქალაქეებთან ერთად დავიბრუნოთ ის ოკუპირებული ტერიტორიები, რომელიც რუსეთის ფედერაციამ, რომელიც აღიარებულია ტერორისტულ რეჟიმად, ძალით წაგვართვა“, - ამბობს ხატია დეკანოიძე.
პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი თვლის, რომ საქართველომ და უკრაინამ ორკვირიანი დუმილის რეჟიმი უნდა დაიცვან და შემდეგ დაიწყონ ერთმანეთისკენ ნაბიჯების გადადგმა.
„ასეთი განცხადებები დამაზიანებელია. ნუ გავჯეჯილდებით, რომ არიქა და უკრაინის ჯარი შემოვა, ეს არასოდეს მოხდება, თუმცა ცუდი განცხადებები კეთდება. სადღაც უნდა გაჩერდნენ ქართული და უკრაინული მხარეები. ორკვირიანი დუმილის რეჟიმი უნდა დავიცვათ, შემდეგ დაიწყოს ერთმანეთისკენ ნაბიჯების გადადგმა. ეს ყველაფერი მაგონებს საბავშვო ბაღში ბავშვები რომ იჩხუბებენ, სიტყვას რომ არ არჩენენ ერთმანეთს და ვიღაცას უნდა ბოლო სიტყვა თქვას. ეს ყველაფერი სირცხვილია ჩვენი და უკრაინის. არესტოვიჩიც, პოდოლიაკიც და კობახიძეც უნდა გაჩუმდნენ ორი კვირა მაინც და შემდეგ დაიწყონ ნორმალური პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ანალიტიკოსი „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ოფიციალური წარმომადგენლის ამ განცხადების ფონზე გუშინდელი მიდგომა აღარ აკმაყოფილებს და საჭიროა მკაფიო განმარტება. მისი თქმით, როგორც იქნა, ყოველგვარი შემოვლითი გზების გარეშე გამოააშკარავეს საკუთარი რეალური მიზნები.
„მესმის ხელისუფლების მცდელობის, საქართველო-უკრაინის ურთიერთობების კიდევ გარკვეული დროით, „ინერციით“, „ცალმხრივი მეგობრობის“ პოლიტიკაში შეფუთვის, მაგრამ ეს გაჟღერდა გუშინ. დღეს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ოფიციალური წარმომადგენლის ამ განცხადების ფონზე მე გუშინდელი მიდგომა აღარ მაკმაყოფილებს. მე სამთავრობო დონეზე მჭირდება მკაფიო განმარტება - რასთან გვაქვს საქმე. ამ საკითხებთან მიმართებაში მაქვს ემოციური, ადამიანური მოსაზრება და მაქვს უკვე მომავალი ახალბედა პოლიტიკოსის მოსაზრება. ჩემი ემოციური მხარე მკარნახობს, რომ ჩვენი მხრიდან ამის უყურადღებოდ და დაუსჯელად დატოვება უკვე აღარ შეიძლება მთელი რიგი ობიექტური მოსაზრებების გამო.
„ნაცმოძრაობის“ადგილობრივი წევრების და მათი უკრაინელი კოლეგების ეს ბოლოდროინდელი ქმედებები მართლაც მიდასტურებენ იმ გარდაუვალ ტენდენციას, რომელიც ეხება მათ იდეოლოგიურ ფლანგზე განვითარებულ მოვლენებს აწმყოში და მომავალში. აშკარად ვხედავ იმ კრახს, რომელსაც განიცდიან ამ რაღაცა ფსევდოლიბერალური ფლანგის წარმომადგენლები საქართველოში. განულებული, გაკოტრებული რეიტინგების მქონე ე.წ. ოპოზიციური პარტიები, რომლის ყველაზე უსუსური წარმომადგენლები ისტერიულად დასდევენ ჟურნალისტებს რათა მათ ჩამოართვან რაიმე კომენტარი, რათა ამ სახით მაინც შემორჩნენ ტელევიზიის ეკრანებს და ადამიანების ცნობიერებას. საუბარია ისეთ ე.წ. პოლიტიკოსებზე, როგორიც არის მანჯგალაძე, ქემოკლიძე, მეზვრიშვილი და ა.შ. დაახლოებით იგივე პროცესები მიმდინარეობს დღეს უკრაინაში“, - აცხადებს ქართველიშვილი.
როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, როდესაც გარდაუვალი იდეოლოგიური და პოლიტიკური კრახის წინაშე მყოფი არახამია, პოდოლიაკი, დანილოვი, არესტოვიჩი და მათი ლიდერი პრეზიდენტი ზელენსკი ბოლო პერიოდში მიმართავენ ისეთ გაუგებარ, ალოგიკურ ნაბიჯებს, როდესაც საქართველოს 5 მოქალაქეს, რომლებსაც არანაირი შემხებლობა არ ჰქონიათ რუსეთის გამარჯვებასთან უკრაინის ფრონტზე, არც უკრაინის წარუმატებლობასთან აგრესორ რუსეთთან ომში, სანქციებს უწესებენ მხოლო და მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ ისინი არიან ბიძინა ივანიშვილის ნათესავები.
„იგივე გზას აყვნენ, რა გზასაც აყვა ევროპარლამენტარების ნაწილი, რომლებმაც ევრორეზოლუციაში დეოლიგაქრიზაციის თემა მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილთან მორგების გამო შეიტანეს. მაგრამ ცხოვრებამ, სამართლიანობამ, ობიექტურობამ ეს თემაც მათ წინააღმდეგ შემოატრიალა, როდესაც ხელისუფლებამ მთელს მსოფლიოს და მათ შორის ევროპას დაანახა, რომ დეოლიგარქიზაციის თემას განეკუთვნება ყველა - კეზერაშვილი, წერეთელი, ხაზარაძე, ნაყოფია - ბიძინა ივანიშვილის გარდა.
ამიტომ, არისტოვიჩის ამ გასროლამ ჰაერში, ასევე ზელენსკის და დანილოვის ჰაერში გასროლამ ემოციურად აღშფოთება უნდა გამოიწვიოს ჩვენში, როგორც ქართველებში და როგორც ადამიანებში, როგორც იმ ქვეყნის მოქალაქეებში, რომლებიც გადაყოლილები არიან იმ ათი ათასობით უკრაინელ დევნილზე. ორი კვირაა ბათუმში ვარ და გადავსებულია ბათუმი უკრაინელებით და აი, ამ ყველაფრის ფონზე საქართველოს მოქალაქეებს უწესებენ სანქციებს, ეს ემოციურად ძალიან ძნელი ასატანია, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით, მოთმინება გვმართებს“, - ამბობს ანალიტიკოსი.
მისი თქმით, შექმნილი ვითარების მიუხედავად მიუღებელია ელჩის გამოწვევა.
„მოთმინებით ვადევნოთ თვალი, მხილებით ვამხილოთ, მაგრამ ელჩის გამოწვევის მსგავსი ნაბიჯები არ გადავდგათ. ისინი ჩვენი სამთავრობო ძალისხმევის გარეშე იძირებიან და ხელი არ შევუშალოთ, მივცეთ საშუალება, რომ ჩაიძირონ. ამ ჩაძირული ძალების ადგილას აღმოცენდებიან ჯანსაღი ძალები, საქართველოში, უკრაინაში, ამერიკაში და ევროპაშიც. ამ ძალების აღმოცენებას შევხვდეთ მხარდაჭერით და იმ ადამიანობით, რომელიც არ უნდა დავკარგოთ თუნდაც იმ უკრაინელი ათი ათასობით დევნილის წინაშე, რომლებიც შეიძლება ამ 2-3 დეგენერატის გამო უბრალოდ უხერხულ სიტუაციაში ჩავაგდოთ ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.