აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ახალგაზრდობა საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღებას ცდილობს

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ახალგაზრდობა საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღებას ცდილობს

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ქართული პასპორტი სასურველი ხდება. ბოლო 2-3 კვირაა, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდები აქტიურად ცდილობენ გაარკვიონ, როგორ შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეობის მიღება. ისინი დახარული ჯგუფების და ანონიმურობის დაცვით ქართველებთან კომუნიკაციას ცდილობენ, აინტერესებთ, როგორ შეიძლება გამარტივებული და დაჩქარებული წესით მოქალაქეობის მიღება.

ამის ძირითადი მიზეზი უკრაინის ომია, რის გამოც, შესაძლოა, მობილიზაცია აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებშიც დაიწყოს. ამ საფრთხეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცოხვრები ახალგაზრდები რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ უფრო გრძნობენ და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული პასპორტების აღებით დაინტერესდნენ. მოგვიანებით ამ სურვილს კიდევ ერთი მიზეზი დაემატა, ევროკავშირმა საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული რუსული პასპორტებით ევროპაში შესვლა აკრძალა.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული პასპორტების აღების სურვილი ძირითადად ახალგაზრდებს აქვთ, მათ შორის არიან ისეთებიც, ვისაც ემიგრაცია ან საზღვარგარეთ განათლების მიღება სურს. ამიტომ ანალიტიკოსები for.ge-სთან ამბობენ, რომ ამას პოლიტიკური კონტექსტი არ აქვს, თუმცა ეს საქართველოსთვის საკმაოდ კარგ შანს იძლევა. ჩნდება საფუძველი, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები რუსეთის მიმართ ნდობას დაკარგავენ და დაინახავენ, რომ საქართველოსთან უფრო მეტი პერსპეტივა აქვთ. ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა, რის გამო სურთ მოქალაქეობის მიღება, მათ გამარტივებული წესით მოქალაქეობა უნდა მიენიჭოთ.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისათვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენისა და შესაბამისად, საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღების პროცედურა 2019 წლის 1 თებერვლიდან გამარტივდა.

გამარტივებული წესით საქართველოს მოქალაქეობის მიღება ეხება ყველას, ვინც დაიბადა და ცხოვრობდა ამ ტერიტორიებზე 1991 წლის 21 დეკემბრამდე, ან ასეთი პირის შთამომავალია. პირის იდენტობის დადგენის პროცედურა გამარტივებულია. მათ შორის იმ დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც მათ ხელთ აქვთ.

ასევე გამარტივებულია ვადები, სადაც მოქალაქეობის აღების პროცედურა მნიშვნელოვნად შემჭიდროვებულია. ერთი თვის ფარგლებში ხდება მოქალაქეობის დადგენა, თანაც, ეს უფასო პროცედურაა. აქ გათვალისწინებულია ის გარემოება, რომ იქ მოსახლეობა განსაკუთრებულად რთულ პირობებში ცხოვრობს, უჭირს გადაადგილება, ხელოვნური ბარიერები და სხვადასხვა ტიპის შეზღუდვები აბრკოლებთ.

რიგ შემთხვევებში საქართველოში აკრედიტირებული საერთაშორისო ორგანიზაციის მეშვეობითაც შეიძლება გაკეთდეს განაცხადი იმ პირისათვის, რომლის მონაცემებიც ელექტრონულ ბაზაში უკვე არის. ანუ, მოქალაქეობის დადგენის პროცედურისთვის პირადად გამოცხადებაც კი არ არის საჭირო.

არსებობს ასევე, პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების წესი, სადაც აუცილებელია, რომ პირი წარმოშობით იყოს საქართველოდან და აკმაყოფილებდეს კანონით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს. კერძოდ, მოქალაქეობის მიღების მსურველი უნდა იყოს: საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ან ამ ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული, ასევე სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირი, რომელიც დღეისათვის სხვა ქვეყნის მოქალაქეა და სურს სამშობლოსთან კავშირის აღდგენა.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცოხვრები ახალგაზრდების სურვილი, საქართველოს მოქალაქეობა მიიღონ, ორი მიზეზით არის განპირობებული. ერთი, რომ მობილიზაციის გამოცახდების შემთხვევაში, ისინი უკრაინის ომში არ წავიდნენ და ასევე საქართველოს მეშვეობით, მათ ევროპაში გადაადგილება მარტივად შეძლონ. მართალია, ეს არ არის პოლიტიკური მოტივით განპირობებული სურვილი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ მოქალაქეობა უნდა მიენიჭოთ. ამის მიზეზად კი ყოფილი მინისტრი საქართველოს როლის გაზრდას ასახელებს, რაც რუსეთის მიმართ ნდობის შემცირებას ნიშნავს.

„თბილისში და დანარჩენ საქართველოში ჩამოსასვლელად, არც აფხაზებს და არც ოსებს, საქართველოს პასპორტი არ სჭირდებათ. მადლობა ღმერთს, როგორც იქნა მივაღწიეთ იმას, რომ მათივე პასპორტებით საქართველოში შემოსვლა და ყოფნა შეძლონ. აქ საცხოვრებლადაც საქართველოს მოქალაქეობის მიღება არ სჭირდებათ. ამიტომ საქართველოს მოქალაქეობის მიღების მიმართ ინტერესი, დიდი ალბათობით, ორი მიზეზით არის განპირობებული, ერთი, რომ მობილიზაციის შემთხვევაში მათ ომში წასვლა არ მოუწიოთ, რადგან რუსული პასპორტები აქვთ. მეორე მიზეზი კი შენგენის სივრცეში გადაადგილებაა. მათ უნდათ, რომ ევროპაში წავიდნენ და რუსეთისგან დისტანცირება შეძლონ. ამიტომ ქართული პასპორტების მიმართ ინტერესი გაიზარდა.

ეს ამბავი ცალსახად ძალიან კარგია და ამას არავითარი მინუსები არ აქვს. ამ ადამიანებს გაუჩნდათ განცდა, რომ კრიტიკულ სიტუაციაში, საქართველოს იმედი უნდა ჰქონდეთ. მედიცინამ, გვახსოვს, ამ მიმართულებით როგორი დიდი ნახტომი გააკეთა და ამ კუთხით, მართლაც დიდი გარღვევა იყო. საქართველოს მიმართ ნდობა იზრდება და ეს, რა თქმა უნდა, დიდ შანს იძლევა, რომ ბოლოს და ბოლოს მიხვდნენ რუსეთი რასაც წარმოადგენს. საქართველოს ხელისუფლებამ ხშირად უნდა განაცხადოს და მოუწოდოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცოხვრებ ჩვენს თანამემამულეებს, რომ თუ მათ იქ საფრთხე ემუქრებათ, საქართველოს კონტორლირებად ტერიტორიაზე, მათ უსაფრთხობას და თავშესაფარს უზრუნველვყოფთ. დაახლოებით ასეთი ტიპის განცხადებები უნდა კეთდებოდეს. არა ერთხელ მოვუწოდე, რომ ეს განცხადებები გააკეთონ, მაგრამ ჯერჯერობით არ აკეთებენ. თავადვე უჩნდებათ კითხვა, რუსები თუ საქართველოში გარბიან, აფხაზები და ოსები რატომ არ უნდა მიგვიღონო“, - ამბობს ზაქარეიშვილი.

კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი კი for.ge-სთან ამბობს, რომ მის პრაქტიკაში ასეთ მიმართვინაობას ადგილი უკვე აქვს. საქართველოს მოქალაქოების მიღების სურვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცოხვრებმა ბევრმა ადამიანმა უკვე გამოთქვა. ბოლო 2-3 კვირაა მიმართვაც გახშირდა. ბენდიანიშვილი ამბობს, რომ მისმა რამდენიმე ნაცნობმა, სამხრეთ ოსეთიდან, საქართველოს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით მოთხოვნა უკვე შეიტანა. ამის მიზეზი კი რუსეთის მიმართ უნდობლობაა. მათ იციან, რომ საბოლოო ჯამში, სრულ იზოლაციაში მოხვედრა ექმურებათ და გადარჩენის ერთადერთი გზა საქართველოა.

„უმრაველსობა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიბზე ცხოვრობს, მიგრაციაზე ფიქრობს. იციან, რომ რუსეთიდან დაფინანსება შეუწყდებათ, ასევე რუსეთში ეკონომიკურად ძალიან გაჭირდა და ხედავენ, რომ რუსები აგერ, თბილისში მორბიან. ასევე ჩნდება საფრთხე, რომ, ადრე თუ გვიან, ახალგაზრდებს უკრაინის ომში წასვლას აიძულებენ. ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ თავი თბილისს და სხვა ქალაქებს შეაფარა. რა თქმა უნდა, ამაზე კონკრეტულად დამატებით ვერ ვისაუბრებ, რადგან მათი ანონიმურობა ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე მათი მხრიდან მიმართვიანობა ძალიან გაზრდილია. მთავარი მოტივატორი ის არის, რატომ უნდათ ამ ადამიანებს საქართველოს მოქალაქეობის მიღება და გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაშიც, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ძირითადად, ამით ხელმძღვანელობს“, - ამბობს ბენდიანიშვილი.

მისივე თქმით, პასპორტის მიღება არ არის ადვილი. იმის გამო, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი გვაქვს, გვაქვს რეგულაციებიც, რომელიც საქართველომ პასპორტის გაცემისას უნდა დაიცვას. ყურადღება ექცევა საცხოვრებელ ადგილს, მოქალაქეობის მიღების მოტივაციას, რამდენად უსაფრთხოა ეს ადამიანი ქვეყნისთვის და ასე შემდეგ. ამიტომ არც ისე მარტივად ხდება მოქალაქეობის მიღება. თუმცა კონფლიქტოლოგი მიიჩნევს, რომ პასპორტიზაციის გამარტივების პროცედურა შეიძლება კიდევ უფრო აქტუალური გახდეს, თუ ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას რუსეთის მიერ გამოცხადებული მობილიზაცია უფრო მძაფრად შეეხება.