უკრაინის ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესა. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებით, დასანქცირებულ პირთა სიაში ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის 4 წევრი მოხვდა. კერძოდ, ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი და მის მეუღლე, ქეთევან ხარაიძე, დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი - ტიტე მამაცაშვილი. სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდა რამდენიმე ქართველი ბიზნესმენი - დავით იაკობაშვილი, ალექსანდრე და გიორგი ჯაფარიძეები.
საერთო ჯამში, სანქციები შეეხო 3 800 ფიზიკურ და იურიდიულ პირს. დასანქცირებულ პირთა შორის არიან უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი პაველ ლებედევი, ასევე ოლიგარქები სერგეი კურჩენკო და ოლეგ დერიპასკა. სანქცირებულთა შორის არიან რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შვილი და ბიზნესმენი რომან აბრამოვიჩი.
სანქციები ითვალისწინებს სიაში მოხვედრილი პირების აქტივების გაყინვას, ანუ ისინი დროებით ვერ შეძლებენ საკუთარი ქონების გამოყენებასა და განკარგვას, ასევე იმ ქონების განკარგვასაც, რომელსაც ისინი ირიბად ფლობენ. ასევე სანქციები გულისხმობს აქტივების ბლოკირებას, სავაჭრო ოპერაციების, უკრაინის ტერიტორიაზე რესურსების,
ფრენების და ტრანსპორტირების ტრანზიტის შეზღუდვას, უკრაინის ფარგლებს გარეთ კაპიტალის გატანის პრევენციას, ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შეჩერებას, ლიცენზიებისა და სხვა ნებართვების გაუქმებას ან შეჩერებას, უკრაინის ეროვნული ბანკის ნებართვებისა და ლიცენზიების გაცემის აკრძალვას, უკრაინის სახელმწიფო ჯილდოების ჩამორთმევას, მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების შეძენის აკრძალვას.
თავის მხრივ, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა აცნობოს ევროკავშირის, აშშ-ის და სხვა ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებს სანქციების გამოყენების შესახებ და დააყენოს მათთან მსგავსი შემზღუდავი ზომების შემოღების საკითხი.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ უკრაინის უმაღლესი ხელისუფლების გადაწყვეტილება მოკლებულია ყოველგვარ ფაქტობრივ და სამართლებრივ არგუმენტაციას და წარმოადგენს მხოლოდ პოლიტიკურ სპეკულაციას. ასე არ ფიქრობენ ოპოზიციაში და აქვთ მოლოდინი, რომ ანალოგიურ სიას მალე დასავლეთი გამოაქვეყნებს.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვერანაირი შანტაჟით ვერ აიძულებენ ბიძინა ივანიშვილს, რომ ქვეყნის ომში ჩასართავად დაბრუნდეს პოლიტიკაში. უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების შემდეგ ირკვევა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება იმსჯელებს უკრაინიდან ელჩის გამოწვევის საკითხზე, თუმცა პირადად კობახიძის პოზიციაა, რომ დარჩეს ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში უკრაინის ხელისუფლებასთან.
„ეს არის სასოწარკვეთილი მცდელობა. მგონია, რომ საქართველოში მეორე ფრონტი არცერთ შემთხვევაში არ გაიხსნება, როგორი შანტაჟიც არ უნდა განხორციელდეს. ისინი არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს. ისინი ვერანაირი შანტაჟით ვერ აიძულებენ ბიძინა ივანიშვილს, რომ ქვეყნის ომში ჩასართავად დაბრუნდეს პოლიტიკაში, ეს არის გამორიცხული, ისინი არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს.
უშიშროების საბჭოს ვოლოდიმირ ზელენსკი ხელმძღვანელობს და, რა თქმა უნდა, მის მიერ არის გამოცემული ეს ბრძანება, ისევე როგორც თავის დროზე ელჩის გაწვევის ბრძანება. ლოგიკა არის ის, რომ ეს არის შანტაჟი. მათ სჭირდებათ ბერკეტი, იმისათვის, რომ საქართველო ჩართონ მეორე ფრონტში, ამისათვის სჭირდებათ არა დასჯა, არამედ შანტაჟი. სწორედ, ამ ლოგიკით მოხვდა ამ სიაში არა ბიძინა ივანიშვილი, არამედ მისი ოჯახის წევრების შეყვანა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ლელოს“ დეპუტატს სალომე სამადაშვილს აქვს მოლოდინი, რომ მომავალში დასავლეთის მხრიდან გადაიდგმება ნაბიჯები ივანიშვილის გარემოცვის დასანქცირების და მასზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით. მისი თქმით, ეს ადასტურებს იმას, რასაც ოპოზიცია ამბობს უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, რომ საქართველოს დღეს მართავს რუსი ოლიგარქის რეჟიმი.
„ეს ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვამბობთ უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, რომ საქართველოს დღეს მართავს რუსი ოლიგარქის რეჟიმი და მას არაფერი აქვს საერთო დასავლეთთან ომში თავისუფლებისთვის და ცივილიზებული სამყაროს მომავლისთვის და თანამშრომლობს რუსეთის ხელისუფლებასთან. ზელენსკის განკარგულება ამის დასტურია, რადგან ჩვენ, ყველამ ვიცით, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის ჰქვია ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი ან პარლამენტის წევრი. ქვეყანას მართავს ოლიგარქი ივანიშვილი, მისი ოჯახი და მათი დასანქცირების განკარგულებას მოეწერა დღეს ხელი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ მეხივით დაეცა თავს ეს ინფორმაცია, რას იმას ნიშნავს, რომ სანქციას იგრძნობს არა მხოლოდ ივანიშვილი, არამედ ის ადამიანებიც, რომლებსაც უყვართ სეირნობა კომოს ტბაზე, მომავალში მათ მოუწევთ ბაიკალის ტბაზე სიარული. მისი თქმით, უკრაინის მხრიდან ივანიშვილის გარემოცვის დასანქცირება ნიშნავს იმას, რომ სანქციები უახლოვდება თავად ივანიშვილს და უახლოეს მომავალში ამ სანქციებს აამოქმედებენ დასავლეთის ქვეყნები.
„უკრაინის მიერ ამ ადამიანების დასანქცირება ნიშნავს, რომ მას შემდეგ გაიმეორებს როგორც ევროკავშირის ქვეყნები, ისე აშშ, კანადა და ა.შ. ეს არის ფაქტობრივად, ივანიშვილის გაფრთხილება, რომ თუ ის არ დაანებებს თავს ქვეყნის ორიენტაციის ცვლილების მცდელობას, თუ მათი მომსახურე, მორჩილი ადამიანები გააგრძელებენ ქვეყნის საზიანო პოლიტიკას, ანტიდასავლურ რიტორიკას, სიცრუის გავრცელებას, რომ ქვეყნის ომში ჩათრევა უნდათ, თუ არ შეწყვეტს „ქართული ოცნების“ გამოყენებას საკუთარი ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად, მაშინ ის დასანქცირდება.
რას ნიშნავს სანქცია ამას იგრძნობს არამხოლოდ ბიძინა ივანიშვილი, არამედ იგრძნობენ ის ადამიანებიც, რომლებიც ემსახურებიან მას და ძალიან უყვართ სეირნობა ევროპაში. ივანიშვილს სანქციები უახლოვდება და ეს უკვე ეხება ირიბად მას, რადგან სანქციების განმარტებაში არის ცნება - „დაკავშირებული პირები“, ეს ადამიანები ივანიშვილთან არიან დაკავშირებულნი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
მიუხედავად ამ მდგომარეობისა, ხელისუფლება აგრძელებს ცალმხრივ ურთიერთობას უკრაინასთან. ზელენსკი, რომელიც საომარ მოქმედებაშია რუსეთთან, ამ დროს იცლის იმისთვის, რომ საქართველოსთან აწარმოოს პოლიტიკური ომი, რისი დროც, მას რეალურად არ უნდა ჰქონდეს.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებას თან ახლავს რამდენიმე „მაგრამ“. კერძოდ, საქართველომ რომ ანალოგიური ნაბიჯები გადადგას, ძალიან ადვილად წამოვა ბრალდების ტალღა, რომ საქართველომ უკრაინას ზური შეაქცია და ე.ი. რუსეთის მხარეს დგას. მისი თქით, გამყარდება ანტიქართული და რუსოფობიის შესახებ გაკეთებული განცხადებები.
„ამიტომ, არ შეიძლება ამ კამპანიის აყოლა. არაა გამოირცხული, რომ რაღაცა ნაბიჯები მაგისთვის იდგმება, რომ პროვოცირება მოახდინონ ისეთი საკითხებზე, რომელიც მერე ევროპის თვალში დამაჯერებელი გახდეს საქართველოს პრორუსულ პოლიტიკაზე. რაც შეეხება კითხვას რატომ იცლის - თვითონ ზელენსკის ფიგურაშია ბევრი კითხვის ნიშანი დაგროვილი, ისევე როგორც მთლიანად უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმართ.
სამწუხაროდ, დღეს ისეთი ვითარებაა, რომ გადაბრუნებული სიტყვის თქმა უკრაინის წინააღმდეგ არ შეიძლება, მით უმეტს საქართველოს მხრიდან, რადგან უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობა და დასავლეთის რამდენიმე პოლიტიკური ლიდერი ჩასაფრებულია, რომ როგორმე შეცდომა დაგაშვებინოს და პრორუსულობის ბრალდება წამოწიონ, ანუ იგივე ბრალდება, რასაც ამბობს სააკაშვილი“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
როგორც პოლიტოლოგი აცხადებს,ზელენსკი და მისი პოლიტიკური ჯგუფი მუშაობს იმაზე, რაზეც მუშაობდა პოროშენკოს ჯგუფი და ასევე, საქართველოდან გაქცეული „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი სააკაშვილი-ადეიშვილის ხელმძღვანელობით.
„დღეს, ეს ნაწილი ცდილობს დაასუსტოს და მიაღწიოს იმას, რომ ჩამოშალოს საქართველოს დეღევანდელი ხელისუფლება. თუ ასეთი რამე მოხდა დასავლეთის გავლენით, ერთადერთი ალტერნატივა იქნება „ნაციონალური მოძრაობა“ და რა თქმა უნდა, ეს ხელს აძლევს ზელენსკის, რომელსაც გვერდით ჰყავს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. უკრაინის ხელისუფლებისთვის პარტნიორად ნაციონალები უფრო სასარგებლო არიან, ვიდრე „ქართული ოცნება“. აქ მტყუან-მართალზე არაა ლაპარაკი, ისევე როგორც ჭკვიანურ გადაწყვეტილებაზე. ეს ის ხალხი არ არის, ცოტა ხნის წინ იჩქერიის დამოუკიდელობა, რომ აღიარა?
ასეთი ინიციატივების ფონზე, რა გასაკვირია ის ინიციატივა, რაც ივანიშვილის ე.წ. გარემოცვის თაობაზე გაჩნდა. მე, ის გამიკვირდა თვითონ ივანიშვილის ფიგურა რატომ არ მოიხსენიეს, იმიტომ, რომ ეს სანქციები ფაქტობრივად, უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედებს და შეეძლოთ ივანიშვილი მთელი საგვარეულოთი ჩაეწერათ ამ სანქციებში. ივანიშვილს და მის ახლობლებს არ ექნებათ დიდი ტრაგედია თუ უკრაინის ტერიტორაზე შეეზღუდებათ გადაადგილების თავისუფლება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
ანალიტიკოსის ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, ბევრი შეიძლება ვერ აცნობიერებს, თუ რა შორსმიმავალი და მძიმე შედეგები შეიძლება ჰქონდეს ზელენსკის ამ გადაწყვეტილებას საქართველოსთვისთვის. მისი თქმით, აქ უკვე მკაფიოდ იკვეთება ის დესტრუქციული ხაზი, რაც უკრაინის ამჟამინდელმა ხელისუფლებამ აირჩია საქართველოსთან მიმართებაში.
„დავარქვათ მოვლენებს თავის სახელი და გავხსნათ ფრჩხილები. პრეზიდენტ ზელენსკის ეს გადაწყვეტილება მისი „სტრატეგიული პარტნიორი“ ქვეყნის მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესებაზე, ფაქტობრივად, ძირს უთხრის ამ პარტნიორობას, გამომდინარე შედეგებით. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლება პირდაპირ არის ჩართული საქართველოში ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით შეცვლის ღონისძიებებში. დაელოდონ ქართველი საზოგადოების რეაქციას“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.
მისი თქმით, საინტერესოა, რომ საქართველოს მოქალაქეების მიმართ სანქცია მსოფლიოში ორ ქვეყანას აქვს დაწესებული - უკრაინას და რუსეთს.
„უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლებისგან არ მგონია ეს ნაბიჯი ვინმეს გაკვირვებოდა. მე და ბევრმა იცის მათი ჩვენზე გაბრაზების მიზეზები, ის რომ უკრაინელი მაღალჩინოსნები პირდაპირ ითხოვდნენ საქართველოს ომში ჩართვას. შესაბამისად, უკრაინის ხელისუფლების მიერ სანქცირებულთა სიაში რომელიმე ქართველის მოხვედრა, თანაც მიზეზის მითითების გარეშე, არის შანტაჟის და ქვეყნის ომში ჩართვის კიდევ ერთი მცდელობა.
აღსანიშნავია, რომ ე.წ. სანქცირებულთა სია უშიშროების საბჭომ მოამზადა, რომლის ხელმძღვანელი დანილოვია. ეს ის დანილოვია, რომელიც პირდაპირ მოგვიწოდებდა ომში ჩართვისკენ, ხოლო აღნიშნული ე.წ. სანქციები არის მათი პასუხი ჩვენს უარზე, რომ საქართველოში მეორე ფრონტი არ გაიხსნება“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.