„წყალში თითი რომ ჩაეყო ვინმეს, იმ წუთასვე მიხვდებოდა, რომ დენი სადღაც ჟონავს“

„წყალში თითი რომ ჩაეყო ვინმეს, იმ წუთასვე მიხვდებოდა, რომ დენი სადღაც ჟონავს“

ე.წ. მკვლელი შადრევანი პოლიტიკური დაპირისპირების საგანი გახდა. ოპოზიციონრები კახა კალაძის გადადგომას მოითხოვენ და პოლიტიკური რევანშის აღებას ქალაქის მერის დასჯით ცდილობენ.

ოპოზიცია ფიქრობს, კალაძეს გადადგომა რომც უნდოდეს, საკუთარი გუნდი არ დაანებებს. სინამდვილეში, როგორ უნდა მოიქცეს კახა კალაძე, რომლის მისამართითაც პროტესტანტები არ იშურებენ შეფასებებს: „კორუმპირებული მერი“, „შენი ქალაქი გვკლავს“?

ანალიტიკოსთა ნაწილის აზრით, კალაძისთვის ამ ვითარებაში გადადგომა პოლიტიკური შანსების შენარჩუნების საშუალება იქნება და გადადგომის აქტი სულაც არ ნიშნავს, რომ კალაძე ირიბად აღიარებს დანაშაულს, რადგან საკუთარ უწყებაში კორუფციას ვერ მოერია.

სხვაგვარად ფიქრობენ სპეციალისტები. ისინი კახა კალაძეს გადადგომას არ ურჩევენ, თუმცა იზიარებენ მოსაზრებას, რომ მერიის სამსახურები პროფესიონალი არქიტექტორებით უნდა დაკომპლექტდეს.

არქიტექტორი ვახტანგ დავითაია for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ კალაძის გადადგომას კატეგორიულად ეწინააღმდეგება, რადგან არ შეიძლება ოპოზიციონრებმა ყველაფერი თავიანთი ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის გამოიყენონ.

„რა შუაშია კახა კალაძე?! ქალაქის მერს მილიონი საქმე აქვს დღის განმავლობაში, შეიძლება შარი მოსდონ და გადადგომა მოსთხოვონ?! აქ მთელი სისტემაა პასუხისმგებელი, ჯერ არის პროექტირება, მერე რეცენზირება და ა.შ. ჩემი აზრით, სამუშაო ცუდად შეასრულეს ხელოსნებმა და სათანადო ზემდგომმა სამსახურებმა ყურადღება ვერ მიაქციეს, ვინც ეს სამუშაო ჩაიბარა. ამ უბედურების გამო არ შეიძლება მთელი საქართველო დავიჭიროთ. ჩემი ცნობიერებიდან ვერ ამოდის დაღუპული ბავშვის სახე, ყოველ ათ წუთში მახსენდება“, -აცხადებს ვახტანგ დავითაია.

მისივე თქმით, საქართველოში კოლოსალური ცოდნაა დაგროვილი, დიდი მასშტაბის სპეციალისტები გვყავს, თუმცა, საქართველოში 80 მუნიციპალიტეტია და არსად არქიტექტურის სამსახურს არ განაგებს კვალიფიციური არქიტექტორი, ან განაგებს იურისტი, ან სხვა სპეციალობის ადამიანი. ამიტომაც ხდება ასეთი შემთხვევები. კადრების შერჩევა ურთულესია.

არქიტექტორის მოსაზრებით, მართალია, ახლა ამბობენ, რომ თბილისის შადრევნებში ჩასვლა უნდა აიკრძალოს, როგორც იტალიაში ტრევის შადრევანში არ უშვებენ არავის, მაგრამ ვახტანგ დავითაია ამ აზრს არ იზიარებს. მისი აზრით, როცა გაგანია სიცხეა, რა სჯობს, ბავშვები წყალში გაგრილდნენ და იჭყუმპალაონ, აკრძალვა არ არის სწორი მეთოდი, მაგრამ წესიერად უნდა იყოს შადრევნები გაკეთებული.

„გასაკვირია, რომ მაინცდამაინც ზუსტად იმ დროს დაზიანდა ეს შადრევანი, როცა ბავშვები ჩადიოდნენ. მანამდე ვერავინ შეამჩნია? წყალში თითი რომ ჩაეყო ვინმეს, იმ წუთასვე მიხვდებოდა, რომ დენი სადღაც ჟონავს. არა მგონია, ეს დივერსია ყოფილიყო, მაგრამ დიდი ეროვნული ტრაგედია ნამდვილად იყო“, - აღნიშნა ვახტანგ დავითაიამ.

მშენებლობის მინისტრის ყოფილი მოადგილე, „თბილმშენის“ ყოფილი დირექტორი ომარ კიკნაძე ოპოზიციონრებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ბავშვი არ არის გაციებული, ოპოზიციონრები კი გაიქცნენ და დადგნენ მერიის წინ, გადადგეს კალაძეო. სინამდვილეში, ომარ კიკნაძის აზრით, არ შეიძლება დავუშვათ კახა კალაძის გადადგომა, რადგან ამას გააფორმებენ ოპოზიციის გამარჯვებად.

„მორალურ პასუხისმგებლობაზე თუ ლაპარაკობენ, ასეთ ადამიანებს ვურჩევ, ჯერ კანონის აღსრულება ისწავლონ, შემდეგ მორალზე ილაპარაკონ. ბავშვი იმისია, რომ შადრევანში უნდა ჩავიდეს, მაგრამ სპეციალური სამსახურები იმისთვისაა, რომ შადრევანში მოჭყუმპალავე ბავშვი იქიდან უვნებელი ამოვიდეს. მით უმეტეს, სამხრეთის ქვეყანა ვართ, 30-40 გრადუსზე ადის ჩვენთან სიცხე. ისე, აბსოლუტურად სწორია პრეტენზია, რატომ მიაღებინეს ტენდერში მონაწილეობა იმ კომპანიას, რომლის მიერაც ვარკეთილის მეტროს შეკეთების შემდეგ ჭერი ჩამოვარდა?! ვისაც ასეთი შემთხვევები აქვს, იმას უნდა აეკრძალოს სახელმწიფო ტენდერში მონაწილეობა“, -აცხადებს ომარ კიკნაძე for.ge-სთან საუბრისას და სააკაშვილის პერიოდს იხსენებს, რომელმაც გამოაცხადა, ეზოში 40 წლის ხეც არ მინდაო და გაყარა პროფესიონალები.

ომარ კიკნაძის აზრით, ამიტომაა ასეთი მდგომარეობა საქართველოში, არსად პროფესიონალი არ მუშაობს, რეალურად, პროფესიონალებს უნდა მისცენ გზა, მერიის სამსახურებში საპასუხისმგებლო თანამდებობაზე უნდა იყვნენ არქიტექტორები.

„თბილმშენის“ ყოფილი დირექტორი იმასაც იხსენებს, რომ მის დროს არსებობდა ზედამხედველობის სამსახური, რომელიც მშენებლობის საკითხს მუდმივად მკაცრად აკონტროლებდა. ამიტომაც იმ დროს არც ერთი სახლი არ დანგრეულა და ელექტროენერგიის დარტყმითაც არავინ დაღუპულა.

 

 

leviko მათავარია IT ტექნოლობიები და პროგრამირება ყოფილა და მეტი არაფერი არც გაზი გვაქვს არც დენი გვაქვს არ რკინიგზა გვაქვს რომ ეს პროფესიები იყოს პრსტიჟული სტუდენს რომ კითხო სად გინდაო ისწავლოო არასოდეს არ გეტყვის მინდა გამოვიდე ინჟინერიო რგინიგზის დარგში ან სხვა ტექნიკუ დარგში იმიტომ რომ იქ ანაზღაურება დაბაიაო გეტვის და აი შედეგიც
2 წლის უკან