იენს სტოლტენბერგის განცხადებით, კიევისთვის გადაცემულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბრძოლის ველზე ვითარება შეცვალეს და სწორედ, ამიტომ ვერ შეძლო რუსეთმა უკრაინის საჰაერო სივრცეზე კონტროლი დაემყარებინა, რაც რუსეთის ძალების მნიშვნელოვანი ნაკლი იყო მთელი ოპერაციის განმავლობაში.
„ისინი ელოდნენ, რომ საჰაერო სივრცეზე კონტროლს აიღებდნენ, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ - შევასრულოთ ის, რასაც ალიანსის წევრები დაჰპირდნენ, გავააქტიუროთ და მივაწოდოთ საჰაერო თავდაცვის კიდევ უფრო მეტი სისტემა. უახლოეს დღეებში ნატო გადასცემს უკრაინას დრონების საწინააღმდეგო სისტემებს დრონებისგან კონკრეტული საფრთხის საწინააღმდეგოდ, მათ შორის ირანის მხრიდან“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
უკრაინა გაერო-ს ექსპერტებს ჩამოგდებული ირანული წარმოშობის თვითმფრინავების შესამოწმებლად იწვევს. უკრაინის მიერ გაერო-სთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ობიექტებზე თავდასხმისთვის ირანული დრონების გამოყენება უშიშროების საბჭოს 2231 რეზოლუციას არღვევს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა გეგმავს ოფიციალურად შეწყვიტონ დიპლომატიური ურთიერთობები თეირანთან რუსეთის მიერ უკრაინაში ირანული დრონების გამოყენების გამო.
უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთმა, ბოლო დღეების განმავლობაში, უკრაინის ქალაქებსა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე სწორედ ირანული წარმოშობის ე.წ. „კამიკაძე-დრონებით“ თავდასხმები გააძლიერა, რაც ინფრასტრუქტურის განადგურებას და მშვიდობიან მოქალაქეებში მსხვერპლს იწვევს.
თავის მხრივ, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას, რომ ირანი რუსეთისთვის დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას დათანხმდა. საუბარია „ხმელეთი-ხმელეთის“ ტიპის რაკეტებისა და დრონების კიდევ ერთ პარტიაზე. რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინაში ირანული ე.წ. „კამიკაძე დრონების“ გამოყენების შესახებ იმფორმაციას უარყოფს კრემლის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი, რომლის განცხადებით, მას არ აქვს ინფორმაცია აღნიშნული დრონების გამოიყენების შესახებ. როგორც პესკოვი ამბობს, ომში გამოიყენება მხოლოდ რუსული ტექნიკა, რუსული სახელწოდებებით.
აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ირანი რუსეთისთვის იარაღის მიწოდების გაზრდას უკრაინაზე განსახორციელებელი თავდასხმისთვის ფარულად დათანხმდა. გამოცემა „Washington Post“-ის ინფორმაციით, ოფიციალური თეირანი რუსეთში რაკეტებისა და უპილოტო თვითმფრინავების გაგზავნას გეგმავს, რომლებიც უკრაინაში, ბრძოლის ველზე გამოსაყენებლად არის განკუთვნილი. როგორც გამოცემა წერს, აშშ-ის მოკავშირე ერთ-ერთი ქვეყნის დაზვერვა ვარაუდობს, რომ ირანის ოფიციალური პირები მოსკოვს გასულ თვეში ეწვივნენ დამატებითი იარაღის ტრანსპორტირების პირობების საბოლოოდ გასაფორმებლად.
აღსანიშნავია, რომ 10 ოქტომბრის შემდეგ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ირანულ კამიკაძე დრონებს „შაჰიდებს“ აქტიურად იყენებს. უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთმა ირანისგან 2400 ასეთი აპარატი შეიძინა და სხვა დრონების ყიდვასაც აპირებს. დრონების უმრავლესობა უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს, მაგრამ მათმა ნაწილმა ინფრასტრუქტურის ობიექტები და საცხოვრებელი სახლები დააზიანა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
გენშტაბის ყოფილი უფროსი, ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ მრჩეველი, ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ დასავლეთს და აშშ-ს თავისი სადაზვერვო საშუალებებით არ გაუჭირდებოდა იმის დადგენა, ეს დრონები ნამდვილად ირანიდან არის შემოსული თუ არა.
„არის ასეთი მოსაზრება, რაც რეალობას ჰგავს - თავიდან, რამდენიმე ეგზემპლარი შეიძლება მართლაც იყო ირანიდან შემოსული, მაგრამ ახლა გამოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსებმა დაიწყეს მისი აწყობა სირიაში და ტაჯიკეთში იმ ნაწილებით, რომლესაც იღებენ ჩინეთიდან. სამხედრო ტექნოლოგიის თვალსაზრისით, მისი გაკეთება რთული არ არის. იმდენად მარტივია მისი წარმოება, რომ ირანულ მოპედებასაც უწოდებენ უკრაინელები. ამიტომ, არაა გამორიცხული, რომ რუსებმა თვითონ დაიწყეს მისი წარმოება თავის ტერიტორიაზე ან, თუნდაც, სირიაში, სადაც უფრო თავისუფლად შეიძლება შეიტანოს იგივე ჩინეთიდან, ან მესამე ქვეყნებიდან მაკომპლექტებელი ნაწილები და ააწყოს ტაჯიკეთში. ტაჯიკეთში მაკომპლექტებელი ნაწილები შეიძლება ავღანეთიდან შეიტანა, იქ იმდენი სამხედრო აღჭურვილობა დატოვეს ნატოს ჯარებმა, რომ შეიძლება კონკრეტული მაკომპლექტებელი ნაწილები იქიდანაც შედიოდეს - პაკისტანი-ავღანეთი-ტაჯიკეთი“, - აცხადებს კაპანაძე.
რაც შეეხება ალიანსის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად უახლოეს დღეებში უკრაინა ირანული დრონების საწინააღმდეგო საშუალებებს მიიღებს, კაპანაძის განცხადებით, მისთვის უცნობია რა ტიპის დრონსაწინააღმდეგო საშუალებას გადასცემენ უკრაინას, რადგან ამ ეტაპზე დრონის საწინააღმდეგო საშუალება თავისი ხარისხით ჩამორჩება თვითონ დრონების წარმოებას.
„სამხედრო საქმეში ხდება ხოლმე, როცა ერთ-ერთი ტიპი, რომელიც ვერ ვითარდება, შესაბამისად, მისი საწინააღმდეგო საშუალება სწრაფად ვითარდება. ალბათ, რაღაცა შემუშავებული იქნება, ან შეიმუშავებენ ძალიან მალე მის საწინააღმდეგოს. მგონია, საუბარი უფრო იქნება რადიოტექნიკური საშუალებების მიცემაზე, რომელსაც შეუძლია ჩაახშოს სიგნალი, ან გადმოიყვანოს დრონი თავის სიგნალზე. ალბათ, ამ ტიპის მიმართულებით უფრო იქნება ეს დახმარება. ასევე, ითქვა, რომ ისრაელი არ მისცემს საწინააღმდეგო საშუალებას უკრაინელებს, თუმცა მისცემს დრონების საწინააღმდეგო გამაფრთხილებლების საშუალებას.
ყველაზე მეტი ზიანი და ეფექტიანობა ამ დრონების არის მათ რაოდენობაში. რაოდენობრივად ძალიან ბევრი აქვთ, ერთდროულად იყენებენ ბევრს, რომელსაც არ ყოფნის ის ჰაერსაწინააღმდეგო საშუალება, რომელიც უკრაინას გააჩნია. კიევზე ერთ-ერთი შეტევის დროს სადღაც 40-მდე დრონიდან მხოლოდ 5 ჩამოვარდა, დანარჩენი ჩამოაგდეს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბისას ვახტანგ კაპანაძემ.