არის ვარაუდი, რომ ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა ბელარუსიდან კიევზე თავდასხმა ისევ გადაწყვიტოს. ეს ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ერთობლივი რუსულ-ბელარუსული სამხედრო დაჯგუფების ფორმირების შესახებ განცხადება ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ 10 ოქტომბერს გააკეთა. მას შემდეგ რუსეთიდან ბელარუსში რამდენიმე ასეული ერთეული სამხედრო ტექნიკა გადაისროლეს.
ერთობლივი დაჯგუფების შემადგენლობა, ოფიციალური ვერსიით, 9 000 ჯარისკაცი და ოფიცერია. ასევე ოფიციალური ცნობით, ისინი ოთხ პოლიგონზე გადანაწილდებიან და სამხედრო წვრთნებისთვის მოემზადებიან.
„რუსულ-ბელარუსულმა ჯარების რეგიონულმა დაჯგუფებამ დაიწყო საკავშირო სახელმწიფოს დასაცავად ამოცანების შესრულება“, – განაცხადა ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა ვიქტორ ხრენინმა მინსკის ტრაქტორების ქარხნის თანამშრომლებთან შეხვედრაზე.
მინისტრის თქმით, სამხედროები ბელარუსის ტერიტორიაზე შეიარაღებული კონფლიქტის გაჩაღებას არ დაუშვებენ. წვრთნებში გამოყენებულ იქნა დაჯგუფების განლაგებისა და გამოყენების სხვადასხვა ვარიანტები.
მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს იყო მხოლოდ რეაქცია მოწინააღმდეგეების ქმედებებზე და ჯგუფის ამოცანებს მხოლოდ თავდაცვითი უწოდა.
მიუხედავად ამისა, სამეხდრო ანალიტიკსოები for.ge-სთან მოვლენების განვითარების სამ ვერსიაზე საუბრობენ და არ გამორიცხავენ, რომ პუტინი ბელარუსიდან შეტევისთვის მზადებას თამაშობდეს, რათა კონკრეტულ შედეგებს მიაღწიონ.
მაგალითად, სამხედრო ანალიტიკური ჟურნალის „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი for.ge-სთან აცახდებს, რომ ამ ომის დაწყების პირველივე დღიდან პუტინმა ბელარუსი გამოიყენა და კიევს დაარტყა. ამიტომ ალადაშვილი არ გამორიცხავს, რომ პუტინმა იგივე სცენარის გამეორება კვლავ სცადოს. ის ამბობს, რომ რუსული დანაყოფების მობილიზება და თავად ბელარუსის შეიარაღებული ძალების წვრთნა გარკვეულ ეჭვებს აჩენს. თუმცა მისი აზრით, შესაძლოა, ბელარუსის მიამრთულებით მოვლენები სამი ვერსიით განვითარდეს.
„ერთი ვერსიით არ არის გამორიცხული, რომ პუტინმა ბელარუსიდან კიევზე თავდასხმა კიდევ გადაწყვიტოს. ასევე არ არის გამორიცხული, რომ ბელარუსიდან სამხრეთის მიმართულებით გაჭრა მოხდეს და უკრაინას ის საკომუნიკაციო არხები გადაუჭრას, რომლის საშუალებითაც უკრაინა დასავლთიდან იარაღით მარაგდება. ასევე არის მესამე ვერსიაც, რომ ეს არის დიდი ბლეფი და რუსეთს არა აქვს ძალა უკრაინის დედაქალაქზე შეტევა განახორციელოს. ბელარუსის არმია არ არის იმისთვის მზად, რომ ამ შეტევაში ჩაერთოს. მეორეც, არ არის ბელარუსებში საბრძოლო სულისკვეთება, რომ ამ ბრძოლაში ჩაერთონ.
სანამ რუსები რეგიონალური დაჯგუფების შექმნას დაიწყებენ, მანამდე რუსეთმა ბელარუსის არმიის საწყობებიდან დიდი რაოდენობით შეიარღება გაზიდა. რუსეთი ამ შეიარაღებას დონბასის ხაზის მიმართულებით აგზავნის. თუკი რუსებს შეტევა ბელარუსიდან აქვთ ჩაფიქრებული, მაშინ ეს შეიარაღება რატომღა გააქვთ? თუმცა არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. თუ ეს ბლეფია, მაშინ რუსეთი ცდილობს, რომ უკრაინის არმიის დიდი ძალების შებოჭვა ბელარუსის საზღარზე მოხდეს. ეს არის საკმაოდ დიდი ტერიტორია, ამიტომ უკრაინას დიდი სამხედრო რესურსი დასჭირდება იმისთვის, რომ ეს მიმართულება გაამაგროს“, - ამბობს ალადაშვილი.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი და გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე აცახდებს, რომ მას შემდეგ, რაც ბელარუსში რკინიგზის სისტემის მოდერნიზება დაიწყეს, რათა რკინიგზას საშუალება ჰქონოდა სამხედრო ეშელონები მიეღო, დაიწყეს საწვრთნელი ცენტრების მომზადება, გაჩნდა ეჭვი, რომ პუტინი, ადრე თუ გვიან, ლუკაშენკოს უკრაინის ომში ჩართვას აიძულებდა. კაპანაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ჯერ გაიჟღერა 20 ათასმა, ახლა საუბარი მიდის, რომ 70 ათას რუსულ კონტიგენტთან ერთად 40 ათასი ბელარუსის დაჯგუფება შეიქმნება. გენერალი ამბობს, რომ თუკი ეს დაჯგუფება უკრაინის საზღვარს გადალახავს, ეს ლვოვის მიმართულებით მოხდება, რათა უკრაინა უზრუნველყოფის საშულებებს მოსწყვიტონ.
„ეს ომი უკვე ნახევარი წელია მიდის და უკრაინა სასაზღვრო სისტემას აძლიერებს. მით უმეტეს ბელარუსთან მიმართებაში უკრაინას საკმაოდ ძლიერი დაჯგუფება ჰყავს გამაგრებული. ამიტომ ამ კორდონის გარღვევა ძალიან რთული იქნება. არ მგონია ბელარუსის მოტივაციით, ამ წინაღობის გადასალახად მზად იყვნენ. აქ ისეთი უთანასწორო და დაუნდობელი დაპირისპირება დაიწყება, ბელარუსები გამკლავებას რამდენად შეძლებენ რთული სათქმელია. ის, რომ ამით რუსეთი უკრაინის მნიშვნელოვანი კონტიგენტის მიჯაჭვას შეძლებს, ეს ფაქტია. ამით კი უკრაინელებს დამატებით პრობლემებს შეუქმნის. თუმცა რამდენად წავა ლუკაშენკო ამაზე, ვნახოთ. ფაქტია, ამდენი ხნის განმავლობაში ის ომში ჩართვისგან თავს იკავებს და მაქსიმალურად ცდილობს ამ კონფლიქტში უშუალოდ ცოცხალი ძალით არ ჩაერთოს, მაგრამ ფაქტია, ადრე თუ გვიან, მას პუტინი ამას აიძულებს“, - ამბობს კაპანაძე.
მისივე თქმით, პუტინი კიევის და სხვა ქალაქების დამბობვით ცდილობს მოსახლეობა ომით გადაღალოს. ამ ზეწოლით უნდა, რომ უკრაინელებმა ზელენსკიზე ზეწოლა მოახდინონ და ის პუტინთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს. პუტინს გათვლა ზამთარზეც აქვს და იმედს იტოვებს, რომ ევროპას გატეხავს.
„ველოდი, რომ მსგავსი სარაკეტო დარტყმები სამოქალაქო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე იქნებოდა, თუმცა ამას უფრო ზამთრისთვის ველოდი. თუმცა რუსების გააქტიურება ორმა ფაქტორმა განაპირობა, ერთი ყირიმის ხიდის აფეთქების შემდეგ შურისძიება განახორციელა და მეორე - გენერალი სუროვიკინი თავის გამოჩენას ცდილობს. ვიცით ეს ადამიანი ახალი დანიშნულია და რასაც წარმოადგენს, სირიის ომის დროს ვნახეთ. ასევე მარიუპოლის სპეცოპერაციის შემოქმედი ის იყო. მისი სტილი ქალაქების მიწასთან გასწორებაა. ასევე ძირითად დარტყმებს ენერგოსისტემებზე ახორციელებენ, რათა მოსახლეობის ცხორება ზამთრის პირობებში გაართულონ. ცუდი წინათგრძნობა მაქვს, რომ ის ქალაქებს ზამთარში კიდევ უფრო მასიურად დაარტყამს“, - ამბობს კაპანაძე.