საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, შექმნილ ვითარებაში, რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლის პირობები ლიბერალურია და შესაძლოა მათთვის სავიჟო რეჟიმის გადახედვაც გახდეს საჭირო. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა მოლდოვაში, მოლდოველ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„რაც ეხება რუსი მოქალაქეების შემოსვლას საქართველოში - ეს ნამდვილად არის გამოწვევა, ვიტყოდი საფრთხე. მათ შორის არიან საქართველოს ყოფილი მოქალაქეები, რომლებიც ჩამოდიან დღევანდელ დღეს გამოწვეული იმ პირობებიდან, რაც არსებობს რუსეთში, მაგრამ ასევე არიან რუსი მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო შემოდიან საქართველოში... ასევე გამორიცხული არ არის, რომ მოგვიწიოს სავიზო რეჟიმის გადახედვა, რომელიც არის საკმაოდ ლიბერალური დღევანდელ პირობებში და რომელიც შეიძლება ამ აგრესიის პირობებში ნაკლებად მისაღები იყოს, მაგრამ ეს ყველაფერი არის ხელისუფლების გადასაწყვეტი საზოგადოებასთან ერთად“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის ინიციატივას, თბილისიდან ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი გამოეხმაურა. მინისტრის თქმით, დღეს რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვის საჭიროება არ არის.
„სავიზო რეჟიმი კონტროლის ერთ-ერთი საშუალებაა, ვინ იქნას შემოშვებული და ვინ არა ქვეყანაში და საფრთხეებს ვინ შეიცავს და ვინ არ შეიცავს, როდესაც ესა თუ ის პირი აპირებს ქვეყანაში შემოსვლას. დღეს არსებული კონტროლის მექანიზმები სრულად პასუხობს იმ გამოწვევებს, რა გამოწვევებიც ქვეყანას აქვს და შესაბამისად, ამ ეტაპზე, ამ საჭიროებას მე პირადად ვერ ვხედავ. თუ დადგება ისეთი მომენტი, რომ ქვეყანაში არსებული კონტროლის მექანიზმები ვერ უზრუნველყოფენ იმ სტანდარტს, რა სტანდარტიც არის ქვეყანაში საჭირო უსაფრთხოების მიმართულებით, ამაზე შეიძლება იყოს საუბარი, თუმცა დღეს ამის საჭიროება არ არის“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
როგორც for.ge-თან უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ აღნიშნა, პრეზიდენტი ოპოზიციის ნარატივს ატარებს. მისივე თქმით, მმართველი გუნდი ამ ეტაპზე რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღებას არ განიხილავს.
„თითოეული უცხო ქვეყნის, განსაკუთრებით რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში სახელმწიფო საზღვარს კვეთდნენ, მათი შემოწმება სამართალდამცველი უწყებების მხრიდან ხდება, რათა რაიმე რისკები და საფრთხეები აცილებული იქნას. რუსეთის მოქალაქეებს შორის უმრავლესობა ეთნიკურად ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელია, რომლებიც საკუთარ სამშობლოს დაუბრუნდნენ. ისინი იმ პოლიტიკას არ იზიარებენ, რასაც დღეს რუსეთი აწარმოებს. ამიტომ, ამ ეტაპზე დამატებით სავიზო რეჟიმის დაწესების ან მსგვსი რეგულაციების შემოღების საჭიროება დღის წესრიგში არ დგას. თუმცა, ოპოზიცია აღნიშნულ საკითხს სპეკულაციის მიზნით მაინც იყენებს. შესაბამისად, ახლა გამიჭირდება თქმა, პრეზიდენტის განცხადებას რა საფუძველი ჰქონდა, მაგრამ რეალობას კი ნამდვილად აცდენილია. ამის საჭიროება თუკი დადგება, მაშინ საკითხი განიხილება და გადაწყვეტილებაც მიღებული იქნება. სამწუხაროა, რომ პრეზიდენტის მხრიდან გაკეთებული გარკვეული განცხადება, გარკვეულწილად თანხვედრაში მოდის რიგი ოპოზიციური პარტიების განცხადებებთან. ეს მართლაც სამწუხაროა, როდესაც ასეთი რიტორიკის დამთხვევა ხდება“, - აღნიშნა მიქანაძემ.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის წევრი კონკრეტულ მიზეზებს ასახელებს რუსეთთან სავიზო რეჟიმს თუ რატომ არ აწესებს.
„ხელისუფლება ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. რეგიონში საკმაოდ რთული ვითარებაა, ასევე ცნობილია, რომ რუსეთს ჩვენი ქვეყნის 20%-ზე მეტი აქვს ოკუპირებული. რუსული უკანონო სამხედრო ფორმირებები დედაქალაქიდან 40კმ-ში არიან განთავსებულნი. ჩვენი ქვეყანა საკმაოდ მაღალი რისკების წინაშე დგას. ჩვენ როგორც რისკების, ასევე ადამიანების უფლებების დაცვიდან გამომდინარე ვმოქმედებთ. ადამიანს, რომელსაც სამართლებრივად ყველაფერი გამართული აქვს და საქართველოს კანონმდებლობა არ დაურღვევია, არ არის ინფორმაცია, რომ ის რაიმე რისკს წარმოადგენს, მას მხოლოდ იმიტომ უნდა ავუკრძალოთ ქვეყანაში შემოსვლა, რომ ის რუსეთის მოქალაქეა? ეს ეწინააღმდეგება იმ ძირეულ პრინციპებს, რომელზეც სახელმწიფოს ვაშენებთ“, - განუცხადა გივი მიქელაძემ FOR.GE-ს.
ფინანსთა მინისტრისა და უმრავლესობის წევრისგან განსხვავებით, რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, ვალერი ჩეჩელაშვილი მიიჩნევს, რომ ახლა რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღება აუცილებელია და ამას შემდეგნაირად ხსნის: „რუსი მოქალაქეების შემოსვლის ფონზე, რომელიც უმართავი პროცესია, ვფიქრობ, სავიზო რეჟიმის შემოღება კარგი იქნებოდა. სხვათა შორის, ამაზე საექსპერტო საზოგადოება დიდი ხანია საუბრობს. ჩვენ სავიზო რეჟიმს ცალმხრივად არ ვაწესებთ, რადგან რუსეთის მხრიდან დაწესებულია უკვე. ამიტომ, შეიძლება ჩვენ მივიღოთ ლიბერალური სავიზო რეჟიმი. თუნდაც, შემოვიღოთ აუცილებელი ანკეტების შევსება და შემდგომ ვიზების გაცემა უშუალოდ საზღვარზე. ან, დავაწესოთ გადასახადი და ის იყო 20 ევრო. ეს ყველაფერი რას მოგვცემდა? - პირველი - გვეცოდინებოდა რა კატეგორიის ადამიანი, რამდენი ხნით და რა მიზნებისთვის გადმოლახავდნენ საზღვარს. ეს მოგვცემდა შესაბამისად ანალიზის საშუალებას და შემდგომ გადაწყვეტილების მიღების შესაძლობლობას მოგვცემდა. მეორე - წარმოიდგინეთ დაწესებული 20 ევრო რომ გადავამრავლოთ ასობით ადაიანზე, რამხელა თანხა შემოვიდოდა. სხვათა შორის ამ თანხის მიმართვა შეიძლებოდა უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, რომელიც საქართველოსთვის პოლიტიკურად მომგებიანი იქნებოდა. დღეს ვხედავთ, რომ მთავრობა ამ მოსაზრებებს არ იზიარებს. ამასთან რისკების ანალიზი არ ხდება. აღნიშნული რისკები სად გამოჩნდება, ან სად შევეჯახებით დამატებით პრობლემებს, არ ვიცი“, - განუცხადა FOR.GE-ს ყოფილმა ელჩმა.