პოლიტიკური დემაგოგია გრძელდება, კრემლის პროპაგანდისტები აცხადებენ, რომ ყირიმის ხიდის აფეთქებაში ეჭვმიტანილთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან. მიუხედავად ხმაურიანი ბრალდებისა, რუსული გამოძიება არაფერს ამბობს იმაზე, ვინ დაიქირავა ქართველები და რა ინტერესი ჰქონდათ. პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, დიდი ალბათობით, ყირიმის ხიდის აფეთქების უკან იკითხება რუსული ხელწერა. კერძოდ, დაპირისპირება „გერეუ“-ს და „ფეესბე“-ს შორის.
for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
ყირიმის ხიდის აფეთქებაზე, რომელსაც ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიეცა, ალბათ, კიდევ ბევრ სპეკულაციას მოვისმენთ. აქ ყველაზე საინტერესო არის საქართველოს ჩართულობა და გავლილი მარშრუტი, რომელიც ტრაილერმა გაიარა. როგორ ფიქრობთ, რამდენად უშვებთ FSB-ს გამოძიების სიმყარეს, რომლის პირველადი ინფორმაციით კვალი საქართველომდეც მოდის?
რამაზ საყვარელიძე: უყურადღებოდ არ დატოვეს საქართველო. აშკარად საინტერესოა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც რუსული ხაზის ქვეშ მოხვდნენ. ერთი მხრივ არის სოხმეთი, რუსეთის პარტნიორი, აზერბაიჯანი, რომელიც თურქეთის პარტნიორი სახელმწიფოა და ხაზგასმულია რუსეთის მოქალაქეების ჩართულობა. ძნელია ხისტად დაწერილ რუსულ პროპაგანდისტულ სქემაში დაინახო ვინ გაიარა და ვინ არა.
პოლიტიკური ტენდენციის მიხედვით, ეს ხაზი არ იკითხება. საქართველო ყოველთვის მტერი იყო და ეს გასაგებია, მაგრამ სომხეთი? ბულგარეთი ნატოს წევრი ქვეყანაა, მაგრამ მაინც ჩვეული აგრესია მისადმი არ აქვს, აზერბაიჯანზე რომ არაფერი ვთქვათ. მე მგონია, ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, რა ალაპარაკებს რუსეთს. მაგრამ რუსეთის ამ ნათქვამს თუ გავშიფრავთ, უნდა იდგეს რაღაცა ვარაუდი და ეს ვარაუდია ძალიან განსხვავებული.
კონკრეტულად რას გულისხმობთ?
- არის ვარაუდი, რომელმაც საკმაოდ ხშირად გაიელვა და მათ შორის უკრაინელების მიერ. მათი პირველი ვერსია იყო, რომ აფეთქება არის თვითონ რუსეთში არსებული შიდა დაპირისპირების, მათ შორის „გერეუ“-ს და „ფეესბე“-ს დაპირისპირების შედეგი. კერძოდ, გენერალიტეტის და გარკვეული ჯგუფების დაპირისპირება - კადიროვი, როგორც ერთ-ერთი ფიგურა და ის გენერლები, ვისაც თავს ესხმის კადიროვი შოიგუს ხელმძღვანელობით, და, რომ ამ დაპირისპირებების შედეგად ცდილობენ გააძლიერონ კრიზისი რუსეთში და ამით გადაირჩინონ თავი - იყო ასეთი ვერსია და აი, კრიზისის გამოწვევისთვის გადაიდგა ერთ-ერთ ნაბიჯი - ყირიმის ხიდის აფეთქება.
ლაპარაკი იმაზე, რომ ხიდის აფეთქება მაინცდამაინც უკრაინელების ინტერესში იყო, ძნელი სათქმელია. საომარი სიტუაციისთვის ხიდის აფეთქება დიდი მნიშვნელობის არ არის, ერთ დღეში აღადგინეს მოძრაობა. ანუ, ომში რუსეთის ქმედუნარიანობას ხიდის დაზიანება დიდად არ შეუშლის ხელს. თუ უკრაინა წავიდოდა ამაზე, უფრო სერიოზულად დააზიანებდა რუსეთს.
მაგრამ არც ეს მოხდა. როგორ ფიქრობთ რატომ?
- მე, მაინც ვიხრები იმისკენ, რომ ეს შიდა პოლიტიკური ბრძოლაა და ამ ბრძოლაში სიმბოლურ მოვლენას ჰქონდა მნიშვნელობა. ვიღაცას დასჭირდა მეორე მხარის გაშავება და წამოიწია ხიდის აფეთქების საქმემ. საინტერესო არის ის, რომ „ფეესბეს“ დაავალა პუტინმა გამოძიება და ამ დროს „ფეესბე“ და „გერეუ“ დაპირისპირებული იყვნენ და არიან. ერთ დროს „გერეუ“-ს მხარეს იყო პუტინი. ახლა უცებ ვხედავთ, რომ „ფეესბეს“ ავალებს. თუკი დაპირისპირების ხაზს გავყვებით, ასეთ შემთხვევაში „ფეესბე“ ეცდება, რომ მეორე მხარის, რომელსაც ებრძვის, ბრალეულობა წამოწიოს წინ და გამოაჩინოს დამნაშავედ.
საქართველოს შემთხვევაში გასაგებია პოლიტიკური ინტერესი, მაგრამ სომხეთი, აზერბაიჯანი, ბულგარეთი - ეს ქვეყნები რატომ ჩართეს ამ პროცესში?
- რუსები ხომ ვერ იტყვიან, რომ შიდა დაპირისპირებას აქვს ადგილი. ამიტომ, შეიქმნა ლეგენდა, რომ ვიღაცებმა ეს ტერაქტი მოაწყვეს და, რა თქმა უნდა, ინიციატორი არის უკრაინა. ამ ლეგენდაში ჩასვეს მათთვის არასასურველი ქვეყნები ისე, რომ მერე თვითონ პოლიტიკური შედეგები მიიღონ. არასასურველი ქვეყნების ჩამონათვალში ჩვენ დიდი ხანია ვართ, მაგრამ აი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბულგარეთი რატომ ჩართეს, ვერ გეტყვით.
რაც შეეხება თქვენს კითხვას - არ არის გამორიცხული, რომ უფრო ჩახლართული თამაშია. ფაქტია, რუსეთი ყოველ ფეხის ნაბიჯზე ღალატობს სომხეთს, ფაშინიანიც უკმაყოფილოა. არ არის გამორიცხული, რომ რუსეთი მორიგ ხაფანგს უგებს ფაშინიანს. ვიმეორებ, ძალიან არადამაჯერებელი მგონია, რომ ხიდი უკრაინამ ააფეთქა, იმიტომ, რომ უკრაინამ, რომელიც ამხელა ომს იგებს და ძალიან საქმიანად იბრძვის, არ აქვს ხმაურიანი ნაბიჯები და შედეგზე ორიენტირებული სამხედრო ოპერაციები აქვს. რაში დასჭირდებოდა ხიდის აფეთქება, როდესაც ამ ხიდის აფეთქება შედეგზე ორიენტირებული სამხედრო ოპერაცია არ არის?!
თუმცა სიმბოლურია...
- რა თქმა უნდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ უკრაინის სტილში არ ეწერება ხიდის აფეთქება, როგორც უკრაინული სტრატეგიის მიზანი, მით უმეტეს, რომ მართლაც ბევრი შეუფასებს ამას უკრაინას ტერორისტულ აქტად, რუსეთს კი არავინ, რადგან ასეთ ტერორისტულ აქტს ყოველ დღე სჩადის უკრაინაში. ანუ, ამ აფეთქებით რუსეთის ტერორისტობას არც არაფერი აკლდება და ემატება.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან საქართველოს პოლიტიკური ოპოზიცია ცდილობს ამ კონფლიქტთან საქართველოს დაკავშირებას. ძალიან ბევრი წინაპირობა იყო ომში საქართველოს ჩართულობის, თუმცა ვერ გავექცევით იმ რეალობას, რომ ჩვენც რაღაცა დოზით ჩართული ვართ რუსეთ-უკრაინის ომში. ის, რომ ახლა რუსეთი ოფიციალურად ამბობს, რომ ტერაქტში მონაწილეოდნენ ქართველები, ეს გაძლევთ მოლოდინს, რომ ამას შეძლება კონტრღონისძიება მოჰყვეს საქართველოს წინააღმდეგ?
- არა მგონია. იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ქვეყანა ჩართო რუსეთმა ამ საქმეში და მათ შორის ბულგარეთი, რომელსაც ვერ აწყენინებს. მე მაინც მაინც მგონია, რომ ეს სახელი და გვარები, მათ შორის ქვეყნების ჩამონათვალი, მაინც სიტყვის მასალაა, ვიდრე კონკრეტული გეგმა და მომზადება რაღაცა ნაბიჯების. მეეჭვება, რომ ამ ფონზე, რა მდგომარეობაც ახლა აქვს რუსეთს უკრაინის ფრონტე, სადაც არ ყოფნის ჯარისკაცები და შეიარაღება, ახალი ფრონტი გახსნას საქართველოს მიმართულებით. ვხედავთ, რომ ცდილობს რაღაცა დონეზე დააკონსერვოს უკრაინის ომი. სულ პედალირებას აკეთებს იმაზე, რომ საჭიროა მოალაპარაკება. ომის პროცესში მოლაპარაკება არის კონფლიქტის დაკონსერვება. თუ უკრაინის ომს დააკონსერვებს, მერე შეიძლება იფიქროს სხვა მიმართულებაზე. უკრაინის მიმართულება იმდენად მძიმეა მისთვის, რომ მეეჭვება რუსეთს ახალი აგრესიის გეგმა ჰქონდეს.