ოპოზიცია კვლავ ახალი გაერთიანების ძიებაშია. შესაძლოა ოპოზიციურ ფლანგზე გაერთიანების კიდევ ერთი მცდელობა ვიხილოთ. ინიციატორი ამჯერად „სტრატეგია აღმაშენებელია“. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით რადიკალური განცხადებებით გამორჩეული პოლიტიკური ძალა პროევროპული ოპოზიციური ერთობის შექმნის იდეით გამოდის. თუ პარტიის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებებს დავიჯერებთ, მომავალ პარტნიორებთან კონსულტაციები უკვე დაწყებულია. თუმცა ვისთან აწარმოებს ამ მოპალარაკებას ვაშაძე, არ ასახელებს. შესაძლო პარტნიორობის მთავარ კრიტერიუმად „სტრატეგია აღმაშენებელი“ პროდასავლურობას ასახელებს.
„90%-იანი ალბათობით აუცილებლად ჩამოყალიბდება დიდი ევროპული ოპოზიციური ერთობა. რაც არ უნდა ეცადოს ვინმემ გაწევ-გამოწევა, ეს აუცილებლად ჩამოყალიბდება. ვინც ამაში არ იქნება, ის უბრალოდ გაირიყება პოლიტიკური პროცესიდან. ერთიანობის ბაცილა სწრაფად ვრცელდება და ამ ერთიანობას თავისი ფუნდამენტები ჩაეყრება“, - ამბობს ვაშაძე.
თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ გაერთიანების იდეის შესახებ ოპოზიციაში არაფერი იციან.
ოპოზიციის ლიდერები კახეთის ერთ-ერთ სასტუმროში იყვნენ შეკრებილები და საიდუმლო სერობა ჰქონდათ. როგორც ლიდერები ამტკიცებენ, ამის მიზეზი ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაა და არა იმ ოპოზიციური გაერთიანების შექმნისთვის კონსულტაციები, რომლის იდეაც გიორგი ვაშაძეს ეკუთვნის. ვაშაძის განცხადება მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
„ქართული ოცნება“ კი ამ ინიციატივას არასერიოზულად მიიჩნევს.
„რას ეძახიან ერთობას? - დღეს მთლიანად ოპოზიცია და „ნაციონალური მოძრაობა“ დაკავებულია ერთმანეთის შანტაჟით, კომპრომატების გამოქვეყნებით, შიდაპარტიული ბრძოლებით - ხელისუფლებას ახლა აქვს ისეთი მაღალი მხარდაჭერა, როგორიც არასდროს ჰქონია“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ამილახვარმა.
მისი თქმით, მმართველ გუნდს ოპოზიციური გაერთიანების საკითხი არ ადარდებს.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან აცხადებს, რომ უცნაურია რა გაერთიანებაზეა ლაპარაკი. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ვაშაძის განცხადება გაერთიანების შესახებ კარგია, მაგრამ ვინ მოიაზრება ერთად და ვინ ცალკე, ესაა მთავარი. თუ მთლიანი ოპოზიციური ძალების გაერთიანებაზეა საუბარი, ოპოზიცია ჩამოყალიბებული არაფერზე არ არის, უბრალოდ, რაღაცას აიჩემებენ და მერე ამაზე მხოლოდ მედიით საუბრობენ.
„ვინმემ რაღაცა სამუშაო ვარიანტი დადო? ვინ უნდა გაერთიანდნენ, ვის რა რეიტინგი და წონა აქვს, მნიშვნელოვანი ეს არის. მექანიკური გაერთიანება არაფრის მომცემი არ იქნება და მარტო რაღაცა სიტყვების ჰაერში რახარუხი ბევრჯერ გვინახია. დღეს გაერთიანდებიან, ხვალ ისევ დაიშლებიან და ა.შ. ჯერ ერთი ოპოზიციაში საკითხი ძალიან მარტივად დგას, ელექტორალური მხარდაჭერიდან გამომდინარე, პროდუქტიული უნდა იყოს ეს გაერთიანება. ასევე ისმის კითხვა ერთიანდებიან „ნაციონალებთან“ ერთად თუ მათ გარეშე? ამის შემდეგ უკვე სხვა სამუშაოები იწყება. აუცილებლად უნდა ჩამოყალიბდნენ, თორემ სხვაგვარად არაფერი გამოვა. როცა ეს ვინ არ არის განსაზღვრული და არავინ იცის ვინ ვისთან და რა კრიტერიუმებით ერთიანდება, ამაზე საუბარს აზრი არა აქვს. ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენივე ქვეყნის ოპოზიცია მომყვირალია და არა მოფიქრალი. შეიძლება რამდენიმე ადამიანი არის ვინც ფიქრობს და ანალიზსაც აკეთებს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის“, - ამბობს ძაბირაძე.
მისივე თქმით, ოპოზიცია „ომის“ რეჟიმიდან ვერ გამოდის. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ისევ ქუჩაზე ლაპარაკობენ და ისევ პარლამენტის დატოვებაზე. ანალიტიკოსი ამბობს, რომ პოლიტიკური პროცესი ხელისუფლებისთვის მშვენივრად და დინამიურად ვითარდება, ოპოზიცია კი ამ პროცესზე გავლენას ვერ ახდენს, დღის წესრიგი არა აქვს და ერთი და იგივე წრეზე დარბის.
„ოპოზიციას ხომ შეუძლია ცოტა ხანს დაწყნარდეს, დაისვენოს, სიტუაციას გვერდიდან შეხედოს, სხვას მოუსმინონ, ხალხთან გავიდნენ. დავიჯერო, რომ ქვეყანაში არ მოიძებნება ნეიტრალური ხალხი, რომლებიც სერიოზულ ანალიზს დაუდებენ და ერთხელ და სამუდამოდ გააგებინებენ ოპოზიციას რა სჭირს? საზოგადოებრივი ჯგუფი მოძებნონ, რომელიც წესიერ რჩევას მისცემს. ოპოზიცია ჭრელია და აქ არიან ადამიანები, რომლებიც შესაძლოა ძალიანაც ჭკვიანები არიან, მაგრამ წინა პლანზე ისევ ის ხალხი გამოდის, რომელთა ნდობა საზოგადოების მხრიდან ნულის ტოლფასია. გვარების დასახელება არ მინდა, ადამიანები, რომლებიც ტელეეთერებიდან იმოძღვრებიან, საზოგადოების მხრიდან მათ მიმართ დამოკიდებულება მინუსია. ამიტომ ოპოზიციის ბევრ პარტიას მათთან გაერთიანება კიდევ უფრო მინუსებში წაიყვანს. სჯობს დასხდნენ და შედეგების მიხედვით გადაწყვიტონ ვის ვისთან გაერთიანება წაადგება. კარგია გაერთიანება, მაგრამ მიზანი რა არის?“, - ამბობს ძაბირაძე.
მისივე თქმით, დღეს ოპოზიციური ამომრჩეველი ორგვარია. ერთი, რომელიც ენმ-ის მხარდაჭერებს წარმოადგენენ და მეორე, რომელთათვისაც ეს პარტია კატეგორიულად მიუღებელია. ამიტომ პატარა პარტიები ენმ-თან გაერთიანებით ამ ხალხს დაკარგავს და ისევ იძულებულს გახდის, რომ „ქართული ოცნებისკენ“ წავიდნენ. ამიტომ გაერთიანება კონპროდუქტიული უნდა იყოს.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ჩვენს ოპოზიციას ერთი უცნაური რამ სჭირს, თავად შიგნით კომუნიკაცია ერთმანეთთან არა აქვთ, სამაგიეროდ მედიასთან საუბრობენ, რომ ერთიანდებიან. თავად ვაშაძემ გაერთიანების საწინააღმდეგო ნაბიჯი გადადგა, რადგან განცხადებას ისე აკეთებს, ამის შესახებ ოპოზიცაშიც კი არ იციან.
„ოპოზიციის ჯამური რეიტინგი ნამდვილად არ არის ისეთი, რომ გაერთიანების შემდეგ რამე არსებითი ძალა მიიღონ. არის კიდევ ერთი მომენტი, რომ მათი გაერთიანება ნიშნავს იმ ჯგუფების კოალიციას, რომლებიც ნაციონალებთან უკვე იყვნენ წარსულში ან დაკავშირებულები არიან ახლა. ეს კი მოსახლეობისთვის თავისთავად ისევ ენმ-ის აღდგენის მცდელობა იქნება. თემატურ მიტინგზე კიდევ თუ ვინმე მივიდოდა, ასეთი გაერთიანების მხარდასაჭერად კიდევ უფრო მცირე რაოდენობა მივა. ოპოზიციის მთავარი პრობლემა ის არის, რომ საზოგადოებას ახალ იდეას ვერ სთავაზობს. ასევე ისეთი სახეები არიან პოლიტიკაში, რომელთა დანახვაც ხალხს აღარ უნდა. მერე რიტორიკა აქვთ ისეთი, რომელსაც „ნაციონალების“ რიტორიკისგან ვერაფრით გაარჩევ. საზოგადოებას მუდმივად ნეგატიურ დღის წესრიგს სთავაზობენ, რაც ხალხს არ უნდა. გარდა ამ მობეზრებისა, ოპოზიცია მუდმივად დამხობაზე და რევოლუციაზე საუბრობს. დავამხოთ „ოცნება“ და მერე მრავალი წერტილი. ამ წერტილებში კი საზოგადოება მოიაზრებს, რომ უკან ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ მოვა. მას ქვეყანაში სახელისუფლებო პარტიის შემდეგ ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს. ვუბრუნდებით ისევ იმას, რომ მოსახლეობას კვლავ ენმ-ს სთავაზობენ. ამ დროს კი ვიცით, ამომრჩეველი რა გადაწყვეტილებასაც იღებს“, - ამბობს საყვარელიძე.
მისივე თქმით, ჩვენი მოსახლეობა იმდენად გაიზარდა, ოპოზიცია ვერცერთ თემაზე მის ქუჩაში გამოყვანას ვერ ახერხებს. თუნდაც ვაკის პარკში დატრიალებული უბედურების პოლიტიკურ კონტექსტში გადაყვანის მცდელობა ავიღოთ, რომელიც კვლავ არ გამოუვიდათ. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობა არ მიიჩნევს, რომ მსგავსი უბედურება პოლიტიკოსებმა უნდა გამოიყენონ. თუ ვიღაცამ დააშავა და შეცდომა დაუშვა, ის უნდა დაისაჯოს.
„ხალხმა ისწავლა რაზე უნდა მოსთხოვოს ხელისუფლებას პასუხი და რაზე არა. მაგალითად, კარგად არკვევენ, რომ ეს არ არის ბუტა რობაქიძის და გირგვლიანის მსგავსი საქმეები, როცა აქ უშუალოდ ხელისუფლება იყო ჩართული და დანაშაული სისტემურად იქნა გაყალბებული. ამ შემთხვევაში ვხედავთ, რომ კონკრეტული კომპანიის დანაშაული ჩანს, რომელმაც გულგრილობა გამოიჩინა, დანაშაული ჩაიდინა. ამიტომ ხალხს რომ მოუწოდებს ოპოზიცია ჩქარა, ქუჩაში გამოდით და ხელისუფლება დავამხოთო, ასეთ ვირეშმაკობაზე ხალხი აღარ გამოდის. თან ის ადამიანები, ვინც წინა ხელისუფლების დროს სწორედ ამ მძიმე დანაშაულებებში არიან შემჩნეულები. ამიტომ ყვირილი, პოპულიზმი და ცარიელი სიტყვების რახარუხი ხალხს აღარ აინტერესებს. ოპოზიციისგან კონკრეტული საქმის კეთებას ითხოვენ. ესენი კი ხალხს ეჩხუბებიან, რომ გინდა თუ არა ხელისუფლებაში მოგვიყვანეთო“, - ამბობს საყვარელიძე.