„რეზოლუცია სააკაშვილზე არ იმოქმედებს, ის საქართველოში დარჩება და სასჯელს ბოლომდე მოიხდის“

„რეზოლუცია სააკაშვილზე არ იმოქმედებს, ის საქართველოში დარჩება და სასჯელს ბოლომდე მოიხდის“

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში პრეზიდენტ პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტპატიმრების, მათ შორის უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეების განხილვასა და მათ გათავისუფლებას ითხოვს. ამის შესახებ აღნიშნულია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში - „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია“, რომელიც ასამბლეამ გუშინ დაამტკიცა.

რეზოლუციას კლინიკა „ვივამედიდან“ ექს-პრეზიდენტი გამოეხმაურა.

„ევროპის საბჭოს ისტორიულ რეზოლუციაში ჩემი, როგორც პუტინის პირადი პატიმრის ჩართვა - სიტუაციის ზუსტი აღწერაა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მახარებს. ეს აზიანებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და მიმაჩნია, რომ ამ რთულ ვითარებაში საქართველოს ვნებს მეტი შინაგანი კონფრონტაცია და პირიქით, სჭირდება კონსოლიდაცია და საერთო ენის გამონახვა“,- წერს სააკაშვილი.

ევროსაბჭოს რეზოლუციას მმართველი გუნდის წევრი, მიხეილ სარჯველაძე აფასებს. მისი თქმით, გირგვლიანის თემასთან და ვალერი გელაშვილის თემასთან დაკავშირებული ადამიანი უნდა იმსახურებდეს ციხეში ჯდომას.

„სამწუხაროდ, როცა პოლიტიკურად მიკერძოებულია მაგალითად, EPP-ის რომელიმე წევრი, იქ რომ მიდის ინფორმაცია, მოდის ინფორმაცია, ვიღაცას ნაკლები სენსიტიურობა აქვს და ნაკლებად აქვს გამახვილებული ამასთან დაკავშირებით ყურადღება, მაგრამ საბედნიეროდ, ეს არ არის ის შემთხვევა, როცა დაუსრულებლად კამათს შეიძლება აზრი ჰქონდეს, შეიძლება საღად მოაზროვნე ადამიანები დავსხდეთ, გავარჩიოთ და ვთქვათ, რაღაც დარღვევაა თუ შეთითხნილია. პოლიტიკური პატიმრობა თვითონ ევროპის საბჭოს აქვს განმარტებული და მას ორი მთავარი მახასიათებელი უნდა ჰქონდეს, როცა შეთითხნილია ბრალდება, ან ისეთი სასჯელია ბრალდებულის მიმართ, რომელიც გამორიცხულია პოლიტიკური ფაქტორის გარეშე მიეღო. ახლა არ მგონია გირგვლიანის ან თუნდაც ვალერი გელაშვილის საქმესთან დაკავშირებით არ იმსახურებს დანაშაული ციხეში ჯდომას“, - განაცხადა სარჯველაძემ.

უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადეით, ეს არის ფაქტების სრული დამახინჯება. მისივე თქმით, ფრჩხილებში არის მითითებული სააკაშვილის სახელი და გვარი, ძირითად ტექსტშიც კი ნახსენები არაა.

„ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც „ევროპის სახალხო პარტიის“ მხრიდან კეთდება ცვლილებები ბოლო მომენტში. ეს ცვლილებები ხშირად საერთოდ აცდენილია ფაქტებს. ადამიანი, რომლის სასამართლოც ახლა მიმდინარეობს საზღვრის უკანონოდ კვეთაზე, მთელმა ქვეყანამ იხილა, რომ საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა. ყველა საქმეს რომ თავი დავანებოთ, მარტო ამ ფაქტის გამო ვერ შერაცხავ ამ ადამიანს პოლიტიკურ პატიმრად“, - აღნიშნა სამხარაძემ.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძის განცხადებით, ევროსაბჭომ აღნიშნული რეზოლუცია საქართველოს დასასჯელად მიიღო და დასჯას ხსნის იმით, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი არ გაიხსნა.

„როგორ შეიძლება რეზოლუცია სერიოზულად მივიღოთ, როდესაც სწორედ სააკაშვილმა პუტინს საქართველოს ტერიტორიები გადასცა?! როგორ შეიძლება კაცი, რომელიც არის სამართლიანი სასამართლოს მიერ გასამართლებული, ის იყოს პუტინის პატიმარი?! ის არის ადამიანების მწამებელი და სისტემის შემქმნელი. მის მიმართ გამოტანილი განაჩენი სტრასბურგმა სამართლიანად სცნო“, - აღნიშნა for.ge-თან ანალიტიკოსმა.

ანალიტიკოსი ლადო ბოჟაძის განმარტებით, ევროსაბჭოს მიერ მიღებული რეზოლუცია სავალდებულო ხასიათის არ არის. მისივე თქმით, რეზოლუცია მოწოდების ხასიათს ატარებს, თუმცა მოწოდებაშიც უზუსტობაა. ბოჟაძის განცხადებით, ყველამ კარგად იცის, რომ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის და მისი საქმეების გადახედვას არც არავინ აპირებს.

„ევროსაბჭოს მიერ მომზადდა რეზოლუცია, რუსეთ-უკრაინის ომს ეხებოდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ უკრაინული მხრისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა, თუ რეზოლუციას უფრო მეტი ადამიანის მისცემდა ხმას, მაგრამ ასე არ მოხდა. ლიზა იასკოსა და ხატია დეკანოიძის ინიციატივით გაჩნდა ცნობილი პუნქტი, რომელსაც მხოლოდ 55-მა ადამიანმა მისცა ხმა. რა თქმა უნდა, რეზოლუცია მნიშვნელოვანია, თუმცა, რეზოლუციის ეს ნაწილი, მისი შინაარსიდან გამომდინარე, ნიშნავს იმას, რომ ეს არ იყო ისეთი მნიშვნელობის, რომ მეტი ხმა მიეღო, ვიდრე რეზოლუციის დანარჩენმა პუნქტებმა მიიღო. რა თქმა უნდა, რეზოლუციაში სააკაშვილის ასე მოხსენიება საქართველოსთვის კარგი არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არა „ქართულ ოცნებას“, არამედ საქართველოს ებრძვის და ეს ამ რეზოლუციიდანაც დადასტურდა. დადასტურდა ისიც, რომ უკრაინაში ადამიანები, რომლებიც იბრალებენ საქართველოსთან მეგობრობას, სინამდვილეში „ნაციონალური მოძრაობის“ მეგობრები არიან. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას საქართველოს მხრიდან როგორი მხარდაჭერა აქვს, უკრაინული დელეგაცია მაინც ვიწრო პარტიული ინტერესებიდან მიუდგა ამ საკითხს. შეიძლება ამას გარკვეული ახსნაც ჰქონდეს იმ თვალსაზრისით, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. თუმცა, ისიც ცნობილია, რომ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა ოდესის გუბერნატორობაში გაცვალა. ეს ყველაფერი თავად მეტყველებს სააკაშვილის პოლიტიკურ ფიგურაზე. ეს რეზოლუცია სააკაშვილზე არ იმოქმედებს, ის არის მსჯავრდებული ორ საქმეზე, ხოლო ბრალდებული კიდევ სხვა საქმეზე, რომელზეც გამოძიება მიმდინარეობს. ამიტომ ის საქართველოში დარჩება და სასჯელს ბოლომდე მოიხდის“, - განუცხადა ბოჟაძემ for.ge-ს.

 

მიშა კარგად ვერ მივხვდი. საერთაშორისო კანონმდებლობაში რომელიმე მუხლია ასეთი ფორმულირებით - ,,პრეზიდენტ პუტინის მიწინააღმდეგე პოლიტპატიმრები"?
2 წლის უკან