„რუსული პროპაგანდა მონსტრად ხატავს გენერალ სუროვიკინს, ლამის მეორე ჟუკოვად წარმოაჩინონ“

„რუსული პროპაგანდა მონსტრად ხატავს გენერალ სუროვიკინს, ლამის მეორე ჟუკოვად წარმოაჩინონ“

პუტინის რუსი პროპაგანდისტები აჟიოტაჟით შეხვდნენ უკრაინაში რუსეთის მოქმედი ჯარების მეთაურად სერგეი სუროვიკინის დანიშვნას. ამ საჰაერო კოსმოსური ძალების მთავარსარდლის დანიშვნისთანავე უკრაინის ქალაქებში სწორედ საჰაერო დაბომბვები განხორციელდა ელვისებურად.

გენერალმა სუროვიკინმა შეუწყნარებლობით თავისი კვალი დატოვა შეიარაღებულ კონფლიქტში ტაჯიკეთში, ჩეჩნეთის მეორე ომში, სამხედრო ოპერაციაში სირიაში. ევროკავშირმა ის სანქცირებულთა სიაში შეიყვანა.

მის ბიოგრაფიას არ აკლდა სკანდალები. ჯერ კიდევ მაშინ, როცა დივიზიის მეთაურად ეკატერინბურგში მუშაობდა, კაბინეტში თავისი მოადგილე, პოლკოვნიკი ანდრეი შტოკალი გამოიძახა, რომელმაც მისსავე კაბინეტში თავი მოიკლა მას შემდეგ, რაც საუბარი მაღალ ხმაში წარიმართა. მანამდე კი ერთ-ერთმა თანამშრომელმა სუროვიკინი პოლიტიკური შეუთანხმებლობის გამო ცემაში დაადანაშაულა.

წინასწარი დაკვირვებით, „გენერალ არმაგედონს“, „პუტინის ქოფაკ ძაღლს“, როგორც მას უწოდებენ, უკრაინაში უფრო საშინელი ომი მოაქვს. სუროვიკინს გამოცდილება დაუგროვდა სირიაში საცხოვრებელ კვარტლებსა და საავადმყოფოებზე თავდასხმისას ქიმიური იარაღის გამოყენებისას. სირიის ოპერაციის შემდეგ სუროვიკინი რუსეთის გმირის წოდებით დაჯილდოვდა.

მის ბიოგრაფიაში არის იარაღის გაყიდვის შემთხვევაც. როცა ფრუნზეს აკადემიის სტუდენტი იყო, ამ ბრალდებით გაასამართლეს, მაგრამ ამბობდა, რომ საქმე შეუკერეს. ის 1991 წელს პუტჩის დროსაც აქტიურობდა, როცა ელცინის მომხრეებსა და სამხედროებს შორის შეტაკება მოხდა. სუროვიკინი გაუფრთხილებლად ისროდა, ინციდენტის შედეგად მაშინ სამი ადამიანი დაიღუპა.

შეცვლის თუ არა უკრაინაში ბრძოლის ბედს სუროვიკინი და უფრო სასტიკი აღმოჩნდება თუ არა?

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე მიიჩნევს, რომ გენერალ სუროვიკინს ძალიან მონსტრად ხატავს რუსული პროპაგანდა, ლამის მეორე ჟუკოვად წარმოაჩინონ. შეიძლება მეთოდებით ჰგავს კიდეც ჟუკოვს, სუროვიკინზე ბევრია დაწერილი სირიის ოპერაციებთან დაკავშირებით, ის არ ზოგავს ძალებს და რესურსებს, მათ შორის, არ ზოგავს პირად შემადგენლობას მიზნის მისაღწევად. როგორ იმოქმედებს მომავალში სუროვიკინი, ეს რთული სათქმელია, რადგან მხოლოდ მასზე არაა დამოკიდებული უკრაინასთან ომი.

„მთელი ამ 7 თვის განმავლობაში ათასკილომეტრიან ფრონტზე რუსეთის მხრიდან რამდენიმე უწყება მონაწილეობდა საომარ მოქმედებებში. ერთი მხრივ, მთავარი ძალა-თავდაცვის სამინისტრო, როსგვარდია, შინაგან საქმეთა სამინისტრო, არ გამოვრიცხავ სხვა სპეცსამსახურების სპეცძალებსაც, ასევე, ე.წ. ლნრ-დნრ (ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების) შენაერთებსაც. პლუს, ცალკე ომობს კადიროვის ჯარი, შეგვიძლია პირდაპირ დავარქვათ ასე, რადგან კადიროვის ბრძანებით ხდება ქვედანაყოფების მობილიზება, გაგზავნა უკრაინაში. ამას ემატება კერძო სამხედრო კომპანიები, „ვაგნერი“ და ა.შ. ყველა ამ სამხედრო ფორმირებას, ოფიციალურსაც და არაოფიციალურსაც, ჰქონდა თავისი მონაკვეთები და საკმაოდ ცუდი კოორდინაცია იყო მათ შორის. სუროვიკინის დანიშვნის შემდეგ კი ერთიანი შტაბი იქმნება უკრაინის ფრონტზე რუსეთის მხრიდან და სუროვიკინი კოორდინაციას გაუწევს ყველა ფორმირებას. ამ კუთხით არის მისი დანიშვნა რუსეთისთვის მისაღები და უკრაინის გენშტაბი, ალბათ, ამას გაითვალისწინებს“, - აცხადებს ამირან სალუქვაძე for.ge-სთან საუბრისას.

ანალიტიკოსი ეჭვობს, რომ მთლად სუროვიკინის დანიშვნას არ უკავშირდება უკრაინის ქალაქების დაბომბვა, რადგან დანიშვნიდან ასე მოკლე ვადაში პირდაპირ სარაკეტო იერიშის მოწყობა არ ხდება. მისი აზრით, ეს პუტინთან მანამდეც შეთანხმებული იქნებოდა გენერალური შტაბის მიერ, რადგან მსგავს მასშტაბურ იერიშს საკმაოდ სერიოზული მომზადება სჭირდება. მით უმეტეს, გამოყენებულ იქნა როგორც საზღვაო, ისე სახმელეთო და საჰაერო რაკეტა, რაც არ არის ერთი და ორი საათის დაგეგმილი, ეს არის კარგად შესწავლილი და მომზადებული, თუ რომელ ობიექტებზე უნდა მიეტანათ სარაკეტო იერიშები.

„წინასწარ დაგეგმილ საჰაერო აგრესიას მე არ დავუკავშირებდი ახალ სარდალს-სუროვიკინს, მიუხედავად იმისა, რომ პარალელურად მოხდა მისი დანიშვნაც და საჰაერო აგრესიაც. ეს საკადრო გადაწყვეტილებაც გეგმის ნაწილი იყო“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა.

„სახალხო პარტიის“ ლიდერი მამუკა გიორგაძე ფიქრობს, რომ სუროვიკინი რუსული სამხედრო ძალის დეგრადირების ნათელი გამომხატველია.

„სუროვიკინის მოქმედებები სირიაში, ჩეჩნეთში, 1991 წელს მიტინგების დროს, როცა მან მშვიდობიან მოსახლეობას გადაუარა, ადასტურებს მისი, როგორც კორუმპირებული გენერლის ფიგურას. ის დაპატიმრებულიც იყო კორუფციის ფაქტებზე, მის კაბინეტში მაღალი რანგის ოფიცერმა თავი მოიკლა. ეს არის სახე რუსული პოლიტიკის, მაგრამ სუროვიკინის დაწინაურებამდე განა რუსეთი აკლებდა უკრაინული ქალაქების დაბომბვას? განა კიევი არ დაბომბეს მანამდე? ლვოვი არ დაბომბეს მანამდე? ოდესას არ ბომბავდნენ? უბრალოდ, სუროვიკინის დანიშვნა რუსებმა პიარის კომპონენტში გადაიყვანეს. სხვა ტიპის ბრძოლა რომ არ შეუძლია რუსეთს, იმიტომაც ბომბავს მშვიდობიან ადამიანებს, თორემ ომის დროს წადი რა, სამხედრო ძალებს, სამხედრო შენაერთებს, ყაზარმებს, საარტილერიო დანადგარებს ებრძოლე“, - აცხადებს მამუკა გიორგაძე ჩვენთან საუბრისას და თვლის, რომ სუროვიკინის დანიშვნა უფრო პიარეფექტია. მით უფრო, შოიგუს ფონზე, რომელიც არ არის სამხედრო.

მამუკა გიორგაძის თქმით, შოიგუ სამხედროებისთვის სულ სხვა სფეროდანაა, შესაბამისად, სამხედრო სიმბოლოდ არ გამოდგება. სუროვიკინი და მსგავსი ხალხი კი რუსეთის სამხედრო სიმბოლოდ გამოდგება. უფრო მეტიც, დღეს რუსული ძლიერების სახე არის არა მარტო სუროვიკინი, არამედ ჩეჩნეთის პრეზიდენტი კადიროვი, როსგვარდიის უფროსი ზოლოტოვი, რომელიც თავის დროზე სობჩაკის დაცვაში მუშაობდა, ანუ არასამხედრო ტიპები არიან სამხედრო სახეები, ეს უკვე ნიშნავს რუსეთის არმიის დეგრადირებას.