„ახლა მიდის ძალების მოსინჯვა უკრაინის მიწაზე და აღნიშნული დახმარება საჭირო იყო, თუმცა ძალიან მწირია“

„ახლა მიდის ძალების მოსინჯვა უკრაინის მიწაზე და აღნიშნული დახმარება საჭირო იყო, თუმცა ძალიან მწირია“

ნატოსთვის პრიორიტეტი უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაა. როგორც ალიანსის გენმდივანი იენს სტოლტენბერგი ამბობს, უკრაინის დამარცხება ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის დამარცხებას ნიშნავს, რასაც არ დაუშვებს.

„მძიმე შედეგები დადგება, თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ რაიმე სახის ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. ჩვენ არ ვამბობთ, კონკრეტულად როგორ ვუპასუხებთ, მაგრამ ეს ძირეულად შეცვლის კონფლიქტის ხასიათს. ეს ნიშნავს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ხაზი გადალახულია“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატოს ბირთვული შეკავების ფუნდამენტური მიზანი მშვიდობის შენარჩუნება და მოკავშირეების წინააღმდეგ იძულების თავიდან აცილებაა, ამიტომ ის გარემოებები, რომელშიც ნატოს შესაძლოა ბირთვული იარაღის გამოყენება მოუწიოს, ნაკლებად სავარაუდოა.

საგარეო ურთიერთობების საკითხებში ექსპერტი, თენგიზ ფხალაძე ნატოს მინისტერიალიდან რამდენიმე მნიშვნელოვან კომპონენტს გამოყოფს.

„მინისტერიალის გამართვა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ის შედგა მაშინვე, როგორც კი რუსეთმა უკრაინის მიმართ მორიგი დარტყმები განახორციელა. ეს იყო ის სწრაფი რეაგირება, რომელიც დაუყოვნებლივ განხორციელდა. ნატოს მინისტერიალიდან რამდენიმე კომპონენტს გამოვყოფდი.

პირველი - ნებისმიერი სახის ბირთვული არსენალის შესაძლო გადაადგილება განსაკუთრებულ მონიტორინგის ქვეშ არის. გვახსოვს, რომ რამდენიმე დღის წინ ფეიკი კადრები გავრცელდა, თითქოსდა ბირთვული მატარებელი დაიძრა, თუმცა ძველი კადრები იყო. ასეთი საინფორმაციო შეტევა და შანტაჟი რუსეთისთვის დამახასიათებელია. მაგრამ, ამერიკის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა დაადასტურა, რომ არანაირი ნიშანი არ არის იმის, რომ რაიმე დაიძრა.

მეორე - ასევე სერიოზული გადაწყვეტილებები იყო მიღებული საჰაერო თავდაცვის სისტემებთან დაკავშირებით, რომელმაც ფაქტობრივად, უკრაინის ცა უნდა ჩაკეტოს. ამას ცოტა დრო დასჭირდება, რათა ბოლომდე ყველაფერი ამუშავდეს, მაგრამ ის, რომ დამატებით სისტემებს მიიღებს, ესეც მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია იმ სახელმწიფოების პოზიცია, რომლებიც აქამდე თავს იკავებდნენ, დღეს კი აქტიურად იქცევიან. მხედველობაში მაქვს, როგორც საფრანგეთი, ასევე გერმანია.

მესამე - კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა, რომელიც შეეხებოდა წვრთვნისა და გადამზადების პროგრამებს. ასე რომ, „რამშტაინი 6“ მნიშვნელოვანი იყო თავისი შედეგებით“, - აღნიშნა ფხალაძემ for.ge-თან საუბრისას.

ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ გერმანიიდან გაგზავნილი ანტისაჰაერო სისტემა „აირის-ტე“ უკვე უკრაინაშია, ქვეყანაში დამატებით ჩავიდა ასევე მაღალი მობილობის ამერიკული 4 საარტილერიო სარაკეტო სისტემა.

რა არის „აირის-ტე“ და რამდენად დაეხმარება უკრაინას თავდაცვისთვის, ამას for.ge-თან, სამხედრო ანალიტიკოსი, ამირან სალუქვაძე განმარტავს.

„როგორც იქნა საჰაერო თავდაცვის სისტემების მხრივ ყინული დაიძრა. პრეზიდენტი ზელენსკი 7 თვე ცის ჩაკეტვას ითხოვდა, თუმცა არასწორი მოთხოვნა იყო. შემდეგ, მუდმივად ითხოვდა საჰაერო თავდაცვის სისტემების გამოყოფას. დასავლელ პარტნიორებს გადაწყვეტილების მიღებისთვის რამდენიმე თვე დასჭირდათ. სამწუხაროდ, აღნიშნული გადაწყვეტილება მაშინ მიიღეს, როდესაც უკრაინაში კიდევ ერთხელ უდიდესი საჰაერო თავდასხმა განხორციელდა.

რაც შეეხება „აირის-ტე“-ს ეს არის გერმანული წარმოების საჰაერო თავდაცვის სისტემა. მას დაზიანების სიშორე 20კმ აქვს. თუ რა რაოდენობის „აირის-ტე“ გაიგზავნა, ცნობილი არ არის. რაც ვნახეთ კადრები, რომელიც მედიაში გავრცელდა, ზუსტი რაოდენობა არ ჩანს. არ ვიცით ერთი თუ რამდენიმე ბატარეაა. ზუსტი ინფორმაციის შედეგად, შეიძლება დასკვნების გაკეთება, უკრაინა თუ რა ფართობის დაცვას შეძლებს. უკრაინა უზარმაზარ ტერიტორიაზეა გაშლილი, მხოლოდ ფრონტის სიგრძე 800-1000კმ-ია. ჰაერიდან ამხელა სივრცე არის დასაცავი. ასევე, ამას უნდა დავამატოთ დედაქალაქი, სხვა მნიშვნელოვანი ქალაქები, საოლქო ცენტრები, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში დაიბომბა. ამიტომ საკმაოდ დიდი საჰაერო თავდაცვის სისტემა ესაჭიროება უკრაინას იმისთვის, რომ შეზღუდოს რუსეთის შესაძლებლობები ჰაერში.

რაც შეეხება ამერიკული 4 საარტილერიო სარაკეტო სისტემის გაგზავნას, ესეც ცოტაა. რაკეტების რაოდენობა ცნობილი არაა. სავარაუდოდ, თავისი მარაგით იქნება ერთი ან ორი საბრძოლო კომპლექტი. ეს რაკეტები დიდი რაოდენობით იხარჯება. ამიტომ, დასავლეთი უკრაინის უზრუნველყოფისთვის გამოზოგილად კი არა, უწყვეტ რეჟიმში უნდა მუშაობდეს. დასავლეთის მთელი სამხედრო მრეწველობა უნდა გადაერთოს 24/7-ზე რეჟიმში. ძალიან დაუნდობელი ომი მიმდინარეობს. ყველა ვინც გეოპოლიტიკას ადევნებს თვალს, იცის, რომ ეს არ არის რუსეთ-უკრაინის ომი. აქ არის უკვე რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირება. საუბარია, ზოგადად, ახალი მსოფლიო მოწყობის შექმნაზე. ბევრი ამბობს, რომ ახალი გადანაწილება იწყებაო. გადანაწილება ნიშნავს, როდესაც მაგიდასთან სხედან და რაღაცას ინაწილებენ. ახლა მიდის ძალების მოსინჯვა. სადამდე მივა ეს ყველაფერი, არავინ იცის. მაგრამ, ამ ძალების მოსინჯვა დღეს მიდის უკრაინის მიწაზე. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ აღნიშნული დახმარება საჭირო იყო, თუმცა ძალიან მწირია“, - აღნიშნა ამირან სალუქვაძემ.