„თითიდან გამოწოვილი ფაქტების საფუძველზე ივანიშვილს სანქციებს არავინ დაადებს“

„თითიდან გამოწოვილი ფაქტების საფუძველზე ივანიშვილს სანქციებს არავინ დაადებს“

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის აპარატის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი საქართველოს და ბიძინა ივანიშვილის უარგუმენტო ბრალდებებს განაგრძობს. პოდოლიაკი საქართველოს სახელმწიფოს დამაზიანებელ ცილისწამებას არ ეშვება და კვლავ ამტკიცებს, რომ ჩვენი ქვეყანა რუსებს აძლევს საშუალებას, სანქციების გვერდის ავლით გარკვეული სახის ბიზნესსაქმიანობა განახორციელონ. პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინელებისთვის ძალიან მტკივნეულია, რომ ადამიანები, რომლებიც მათ გვერდით უნდა ყოფილიყვნენ ძალიან ახლოს, მოულოდნელად, მათი ხელისუფლება პოლიტიკურ თამაშს იწყებს. თუმცა ჩნდება კითხვა რას გულისხმობს პოდოლიაკი ამ ახლოს ყოფნაში, რადგან ომის დაწყების დღიდან, საქართველო მისი შესაძლებლობის ფარგლებიდან გამომდინარე, უკრაინას გვერდით უდგას, როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ასევე ჰუმანიტარული დახმარებით და ლტოლვილების მიღების კუთხით. რისი თქმა სურს პოდოლიაკს და ვინ არწმუნებს, მას რომ ბიძინა ივანიშვილის მისამართით მუდმივად უარგუმენტო და ცილისმწამებლური განცხადებები უნდა აკეთოს?

პოდოლიაკი ამბობს, რომ არსებობს გარკვეული „მტკიცებულებები“ იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთთან თანამშრომლობს. ეს განცხადება მან ფორმულას ეთერში გააკეთა.

პოდოლიაკის თქმით, ივანიშვილი შედის იმ ხალხის სიაში, რომლის სანქცირებასაც უკრაინა გამოაცხადებს.

„რა თქმა უნდა, არის გარკვეული მტკიცებულებები, რომ ბიძინა ივანიშვილი თანამშრომლობს რუსეთთან. ის დაინტერესებულია ბიზნეს კომუნიკაციით ნედლეულის, გაზის სფეროშიც. რა თქმა უნდა, ის შედის იმ ხალხის სიაში, რომლის სანქცირებასაც გამოვაცხადებთ, მათ შორის ჩვენს პარტნიორებთანაც. ვთვლით, რომ ყველა ის ბიზნესმენი, რომელიც აქტიურად მუშაობს რუსეთთან ნედლეულის მიმართულებით, აუცილებლად სანქციების სიაში უნდა იყოს. ჩვენი პარტნიორებისთვისაც და ჩვენთვისაც ძალიან ნათელია ის, რაც ბატონ ივანიშვილს ეხება, მაგრამ ეს საქართველოს სახელმწიფოს არჩევანია.

უნდა გავიგოთ, რომ რუსეთი აუცილებლად წააგებს. ჩვენ საქართველო მართლა ძალიან გვიყვარს. ჩვენ გვესმის, რაც გაიარა საქართველომ. ქართველებსაც უყვართ დემოკრატია, თავისუფლება და კონკურენცია. ჩვენ გვესმის, რომ სახელმწიფო უპირველეს ყოვლისა თავის ხალხს უნდა უყურებდეს, მერე კი ევროპას და მსოფლიოს ცივილიზებულ ნაწილს. რუსეთი ამ სიტუაციაში არ არის პარტნიორი, დღევანდელი მდგომარეობით, რუსეთმა არსებობა უნდა შეწყვიტოს, მან უნდა გაიაროს რევოლუციური ტრანსფორმაცია, საქართველოს კი, თუ რუსეთთან და ევროკავშირთან ინტეგრირება სურს, უკეთესი იქნება უკრაინასთან ერთად იაროს და ამისთვის საჭირო ყველა საშუალება დახუროს რუსეთისთვის“, - თქვა პოდოლიაკმა.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან ამბობს, რომ პირველ რიგში უცნაური ისაა, რომ უკრაინის თავზე ამხელა ამბავი ტრიალებს და მიხაილ პოდოლიაკი საქართველოზე და ბიძინა ივანიშვილზე განცხადებებისთვის იცლის. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ფაქტია ეს არის პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებელი პირი, რომელიც კონკრეტულ დროს გარკვეული განცხადებებით აქტიურდება. მისი აზრით, პოდოლიაკს შეეძლო ივანიშვილზე სასაუბროდ სრულიად სხვა დრო შეერჩია, მაგრამ არა, მას აქვს კონკრეტული დღის წესრიგი, რომლითაც მოქმედებს.

„პოდოლიაკის უკან, ვფიქრობ, კონკრეტული პოლიტიკური ინტერესები და ჯგუფი დგას, რომელსაც ის ემსახურება. ეს არის კონკრეტული წრის მიერ გამიზნული ქმედება, სადაც ასევე დავით არახამიაც მოიაზრება. ეს ხალხი თავისი მჭიდრო კავშირებით, აქაურ ოპოზიციურ პარტიებთან არიან შემჩნეულები. მათი მთავარი მიზანი არის, რომ როგორმე ბიძინა ივანიშვილი სიაში მაინც მოახვედრონ. ივანიშვილის სახელი და გვარი ყურადღების ცენტრში მუდმივად იყოს მოქცეული. არ აქვს მნიშვნელობა ივანიშვილს სანქციებს დაადებენ თუ არა, მთავარია ამ ყველაფრის გარშემო მისმა სახელმა ხშირად იტრიალოს.

ამ სანქციებმა რაღაცა გროტესკული სახე მიიღო, რადგანაც რაც ომი დაიწყო სულ ამაზეა საუბარი. ისმის ბრალდებები, რომ ივანიშვილი რუსებს რაღაცაში ეხმარება, მაგრამ ამის დამადასტურებელი ერთი კონკრეტული ფაქტი ვერ მოაქვთ. ხომ ამბობს პოდოლიაკი, რომ ფაქტებს წარმოადგენს, ამდენ საუბარს ერთხელ მაინც დადოს რამე და სერიოზული, მიუკერძოვებელი ადამიანები, ერთხელ და სამუდამოდ, ამ ამბავს განიხილავენ. სანქციებს ხომ უკრაინა არ ადებს? სანქციები ამერიკამ, ევროპამ, საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა დაადონ. ასე ხელაღებით თითიდან გამოწოვილი ფაქტების საფუძველზე ივანიშვილს სანქციებს არავინ დაადებს“, - ამბობს ანჯაფარიძე.

მისივე თქმით, არსებობს გარკვეული ჯგუფი, რომელიც საქართველოს და უკრაინის პოლიტიკური სუბიექტებით არის დაკომპლექტებული, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ იმაზე, რომ ივანიშვილის სახელმა სანქციებთან დაკავშირებით მუდმივად იტრიალოს.

„შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ასეთი ჯგუფი არსებობს. ხატია დეკანოიძემ საჯაროდ განაცხადა, რომ ის არის ერთ-ერთი მათგანი, ვინც ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე მუშაობს. ჩასულები იყვნენ ვაშინგტონში. იქ მაკფოლს შეხვდნენ, რომელიც არის ერმაკის კომისიის ერთ-ერთი თანათავმჯდომარე. სწორედ ეს კომისია იღებს სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილებებს. მერე რეკომენდაციას აწვდიან შესაბამის ოფიციალურ სტრუქუტურებს. სწორედ ამ ჯგუფში მოიაზრება ელენე ხოშტარიაც. ასევე სხვა ადამიანებიც, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ წევრები არიან ან მათთან დაახლოვებული არასამთავრობო ორგანიზაციები. ერთი საკითხია, როცა ინფორმაცია კონკრეტული ოპოზიციური პარტიიდან მოდის და მეორეა, როცა „დამოუკიდებელი“ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. ხომ კარგად ვიცით ამ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ვინც არიან. აი, ასეთი წრეა შეკრული, რომელიც ცდილობს, რომ დასავლეთი დაარწმუნოს იმაში, ივანიშვილი და მისი გარემოცვა როგორმე ამ სანქციებში მოახვედრონ“, - ამბობს ანჯაფარიძე.

ანჯაფარიძე ამბობს, რომ ოპოზიიცის მთავარი მიზანია ხელისუფლება ჩამოშალონ და ფიქრობენ თუკი მთავარ ფოკუს ივანიშვილზე გააკეთებენ, ამას შეძლებენ.

„ეს ადამიანები მიიჩნევენ, რომ „ოცნების“ მთავარი საყრდენი და მაცოცხლებელი ძალა ივანიშვილია. ხოლო თუ მას სანქციებს დაადებენ, რაც ბუნებრივია, ხელ-ფეხს შეუკრავს და საკუთარი ფინანსების განკარგვას ვერ შეძლებს, მაშინ ეს ხელისუფლების ჩამოშლას გამოიწვევს. ფაქტობრივად, 2 მილიარდამდე თანხა „კრედიტ სვისტმა“ ივანიშვილს გაუყინა. მართალია სანქციები არ არის გამოცხადებული, მაგრამ რა განსხვავებაა, ფაქტობრივად სანქცირებული გამოდის. ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ ის სანქცირებულთა სიაში არ არის. რეპუტაციული ზიანი არ მიდგომია. სწორედ ეს არის მათი მიზანი, რომ მოახვედრონ სასანქციო სიაში, რათა ივანიშვილს პოლიტიკური და რეპუტაციული ზიანი მიადგეს. ერთადერთი, რასაც ენმ ფიქრობს, ის არის, რომ როგორმე ხელისუფლება უკან დაიბრუნოს და ქვეყანაში ამის შემდეგ მოვლენები როგორ შეიძლება განვითარდეს არ ადარდებთ“, - ამბობს ანჯაფარიძე.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი აცხადებს, რომ პოდოლიაკს და არახამიას თვეში ერთხელ ბრალდების ციკლი ახასიათებთ. აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ისინი ცდილობენ საქართველო წარმოაჩინონ სანქციების დამრღვევად და თვეში ერთხელ მაინც უნდა დაგვემუქრონ.

„ამ ადამიანების ინფორმატორები და ყალბი მტკიცებულებებით მომმარაგებელი პირები ელენე ხოშტარია, ხატია დეკანოიძე და მისნაირები არიან. უფრო ხშირად იტყუებიან და საზოგადოებას ატყუებენ, თითქოს საქართველოში სანქცირებული ცისტერნები, გემები შემოდიან. ასევე სანქცირებული თვითმფრინავები ჩვენს საჰაერო სივრცეს არღვევენ. გასაკვირი არაფერია, მაგრამ გვახსოვს არა მხოლოდ პოდოლიაკის და სხვა ცალკეული ჩინოსნების პასუხად, თავად დასავლელმა სპეცსამსახურებმა თქვეს, რომ მათ არ გააჩნიათ არანაირი მყარი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ საქართველო გვერდის ავლით, თავის ტერიტორიაზე აკრძალულ პორდუქციას თუ საგნებს უშვებს. აქაც ლოგიკაში არიან გაჭედილები. ჩვენს ხელისუფლებას ხან პრორუსულობას აბრალებენ, ხან აბრალებენ, რომ ქერჩის ხიდის აფეთქებაში ჩვენც ვმონაწილეობდით. ამ დროს პირიქით, საქართველო იმ ზუსტ დიპლომატიურ ნაბიჯებს ახორციელებს, რაც საერთაშორისო ასპარეზზე უნდა განახორციელოს. არადა ბრალდებების მთელი კორიანტელი გვესმის. ვისგან გვესმის, იმ ლუზერებისგან, რომლებსაც აღარანაირი რეიტინგი რომ აღარ აქვთ. უბრალოდ, ჯერჯერობით, მედია საშუალებები აქვთ და საზოგადოებას წამლავენ.

წლობით გავრცელებული ტყულებით და ფეიკებით საზოგადოებაში სანდოებიც აღარ არიან. ინფორმატორებად და წყაროებად ჰყავთ ის სუბიექტები, რომლებიც არათუ ქართულ პოლიტიკაში, არამედ რეგიონალურ პოლიტიკაშიც ვერ ერკვევიან. ალიევმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ კავკასიაში მშვიდობა უნდა იყოს. აზერბაიჯანმა, საქართველომ, სომხეთმა ახალი ალიანსი უნდა შევქმნათ, რათა რეგიონი განვითარდეს. როდესაც ეს შუა დერეფანი ახალი ნაბიჯების გადადგომას იწყებს, ამ დროს კი უცბად პოდოლაკების, არახამიების და სხვათა ცრუ მოწოდებები გაისმის, რომ აქ მეორე ფრონტი უნდა გავხსნათ. თვითონ უკრაინას და ევროპას ეკონომიკურად და სოციალურად ეს ალტერნატიული დერეფანი გადაეკეტება“, - ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, ამას კარგად ხვდებიან პოლიტიკურად ნეიტრალური ჯგუფები დასავლეთშიც და ამერიკაშიც. ამიტომ პოდოლიაკის მსგავსი ადამიანების განცხადებებზე უკვე საუბარიც კი ზედმეტი ხდება.

trampi ალიევმა ჯერ მიშას მიყიდული გარეჯი დაგვიბრუნოს
2 წლის უკან