ბოლო პერიოდში რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას გამუდმებით პირზე აკერია მესამე მსოფლიო ომი, თითქოს ამით აფრთხილებს გაჯიუტებულ დასავლეთს, რომ რუსეთს ყველას დასჯა შეუძლია, ვინც კი მსოფლიო წესრიგის დამყარებას შეეცდება და რუსულ „წესრიგს“ არაფრად ჩათვლის.
ამ რამდენიმე ხნის წინ ლავროვიც გადაწვდა ოკეანის გაღმელებს და შეუთვალა, რომ აშშ-მა უარი უნდა თქვას მსოფლიო ბატონობის პრეტენზიაზე...
მედვედევმაც მოკრძალებით გაიმეორა, რომ ნატოში შესვლის დაჩქარებული სურვილით ზელენსკი სინამდვილეში აჩქარებს მესამე მსოფლიო ომს.
რა შემთხვევაში შეიძლება დაიწყოს მესამე მსოფლიო ომი?
„სახალხო პარტიის“ ლიდერი მამუკა გიორგაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მედვედევი კარიკატურული ფიგურაა და რუსეთშიც დასცინიან მას, მისი ნათქვამი მესამე მსოფლიო ომის შესახებ მხოლოდ მუქარაა. სინამდვილეში, მესამე მსოფლიო ომის შანსები მცირდება. მამუკა გიორგაძის თქმით, ბოლო პერიოდში ჩინეთისა და ინდოეთის განცხადებებს თუ მივაქცევთ ყურადღებას, დავინახავთ, რომ მათი ლიდერები დაპირისპირების დროს არც ერთ შემთხვევაში არ იქნებიან რუსეთის მხარეს. ჩინეთი და ინდოეთი მაქსიმალურად ცდილობენ, გაემიჯნონ ამ პროცესს, მიუხედავად იმისა, რომ ფულის კეთება და ეკონომიკა დღესაც რუსეთთან მჭიდრო აქვთ.
„რაც დრო გადის, რუსეთის მომხრე ქვეყნები სულ უფრო მეტად დისტანცირდებიან რუსეთისგან. რუსეთი იზოლაციაში რჩება ბელარუსთან და ასეთ ქვეყნებთან ერთად. აქედან გამომდინარე, მსოფლიო ომის შანსი მცირდება. არც ნატოში უკრაინის გაწევრიანება არ გამოიწვევს მესამე მსოფლიო ომს, რადგან უკრაინას ნატოში არავინ გააწევრიანებს. ნატო სხვა ტიპის ორგანიზაციაა. გარდა დეკლარირებული რეფორმებისა, ნატოში გაწევრიანებისთვის აუცილებელია სრული ნდობა, რომ ხელისუფლებები იქნება ცვლადი და სანდო. თავის დროზე, როდესაც ნატოში, ფაქტობრივად, ფაშისტური პორტუგალია მიიღეს, ასევე, ესპანეთი, სადაც არც ისე დიდი დემოკრატია იყო, მაშინ რეფორმების ტემპი მოიწონეს და არა რეფორმების შედეგი. გარდა ამისა, სრული ნდობა ჰქონდათ, რომ საერთო ამოცანის შესრულებაში პორტუგალია და ესპანეთი მიიღებდნენ მონაწილეობას. თურქეთი როცა მიიღეს ნატოში, იმის შიში არ ჰქონდათ, რომ რაღაც ეტაპზე, საბჭოთა კავშირისა და ნატოს დაპირისპირების დროს, თურქეთი გადახტებოდა საბჭოთა კავშირის მხარეს. არც იმის შიში ჰქონდათ, რომ თურქეთში მოვიდოდა ისეთი ხელისუფლება, რომელიც შეეცდებოდა რუსეთთან ურთიერთობის დამყარებას“, - აღნიშნა მამუკა გიორგაძემ.
მისივე მოსაზრებით, დღეს საქართველო იქნება, უკრაინა თუ მოლდოვა, ნატოს აქვს შიში, რომ რომელიმე ხელისუფლება არ მოვიდეს ამ ქვეყნების სათავეში, რომელიც რუსეთისკენ აიღებს გეზს. სწორედ ამის ეშინია ნატოს, ამას პირდაპირ არ ამბობენ, არც თურქეთს და პორტუგალიას არ ეუბნებოდნენ ამას, პოლიტიკურ კულუარებში წყდებოდა ეს საკითხი.
ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის განმარტებით, თეორიულად რომ დავუშვათ, უკრაინა ნატოში მიიღეს, იმ წუთასვე ნატო აღმოჩნდება ომის მდგომარეობაში რუსეთთან, ანუ ნატო უშუალოდ უნდა ჩაერთოს ომში რუსეთის წინააღმდეგ, რადგან ნატოს მე-5 პუნქტით, ნატოს ერთ-ერთ წევრზე თავდასხმა მთლიანად ალიანსზე თავდასხმას ნიშნავს.
„ამიტომაც არ აწყობთ ალიანსში უკრაინის გაწევრიანება. ეს დელიკატურად თქვა კიდეც სტოლტენბერგმა, რომ ნატო ამ ვითარებაში არ არის კონფლიქტის უშუალო მხარე, ის ეხმარება უკრაინას, ამიტომ ნატო არ გარისკავს, მით უმეტეს, როცა ბირთვული შანტაჟი და მესამე მსოფლიო ომით მუქარაა რუსეთის მხრიდან დაწყებული. მედვედევიც იმუქრება, მისი მუქარა კიდევ უფრო მძაფრია. დიდი ხანია, საქართველოც და უკრაინაც ითხოვენ ნატოში გაწევრიანებას, მაგრამ დაჩქარებული მოთხოვნაც არაფერს შეცვლის, რადგან 30 ქვეყანაა ნატოში, რომელთა თანხმობაცაა საჭირო. დაჩქარებული წესით ნატოში შესვლა არც მომხდარა, მოხდა ერთადერთი ფინეთისა და შვედეთის შემთხვევაში. ფინეთი და შვედეთი კი სხვა კატეგორიებია და სხვა ფუნქცია აქვს ნატოსთვის. საქართველოს გაწევრიანება არ არის ისეთი მომხიბვლელი, როგორც ფინეთ-შვედეთის გაწევრიანება. ფინეთს და შვედეთს ყველაფერი აქვთ, მათ შორის, მძლავრი სამხედრო პოტენციალი. უკრაინის ნატოსთან მიერთება კი შარია. ეს ნიშნავს ომის მდგომარეობაში შეხვიდე რუსეთთან და მესამე მსოფლიო ომში ჩაერთო. საქართველოს მიერთება ნატოსთან კი უზარმაზარი რისკია. ჩიტი ბრდღვნად ხომ უნდა ღირდეს? ნატოც ხომ უნდა იღებდეს სამაგიეროდ რამეს?“ -აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა ჩვენთან საუბრისას.