ყირიმის ხიდის აფეთქების რუსული ვერსია და საქართველო - რატომ გამოჩნდა საქართველოს კვალი რუსეთ - უკრაინის კონფლიქტში? რას ცდილობს რუსეთი და რამდენად სანდოა მათ მიერ მოწოდებული ვერსია?
რუსული მხარე ამტკიცებს, რომ ყირიმის ხიდის აფეთქებაში ბრალებული 8 ადამიანი დააკავა. რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (ФСБ) ყირიმის ხიდის აფეთქებაში უკრაინის დაზვერვის უფროსი კირილ ბუდანოვი დაადანაშაულა. თუმცა ამ ოპერაციაში გამოჩნდა ქართული კვალი, სადაც რუსები ამტკიცებენ, რომ ამ სპეცოპერაციაში 2 საქართველოს მოქალაქეც მონაწილოებდა.
მათი თქმით, GUR-ის აგენტებმა ასაფეთქებელი ნივთიერება შენიღბეს და პოლიეთილენის ფირის რულონებში დამალეს, რომელთა საერთო წონა 22 ტონაზე მეტი იყო. ამის შემდეგ, აგვისტოს დასაწყისში, იგი გაგზავნეს ოდესის პორტიდან ბულგარეთის ქალაქ რუსეში.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებაში, სავარაუდოდ, უკრაინის, საქართველოს და სომხეთის მოქალაქეები მონაწილეობდნენ. 12 პირი, სავარაუდოდ, უკვე იდენტიფიცირებულია, მათგან 8 დაკავებულია, ხოლო კიდევ 4-ს ეძებენ, მათ შორის - საქართველოს 2 მოქალაქეს.
ФСБ-ს მტკიცებით, ყირიმის ხიდის საქმეში საქართველოს მოქალაქეები სანდრო ინასარიძე და ლევანი, მეტსახელად, „ბროკერი“ მონაწილეობდნენ.
რუსული მხარის ვერსიით, 8 ოქტომბერს, გამთენიისას ყირიმის ხიდზე სატვირთო მანქანა აფეთქდა, რის შემდეგაც გამვლელი მატარებლის საწვავის შვიდ ავზს ცეცხლი გაუჩნდა.
„გადატანაში მონაწილეობდნენ უკრაინის მოქალაქეები მიხაილ ციურკალო, დენის კოვაჩი, რომან სოლომკო, საქართველოს მოქალაქეები სანდრო ინასარიძე, ლევანი, მეტსახელად „ბროკერი“ და სომხეთის მოქალაქე არტურ ტერჩანიანი“, - წერს რუსული მედია.
მათივე ცნობით, 29 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით, ერევანში, ტრანსალიანსის ტერმინალში, ტვირთი განაბაჟეს, შემდეგ კი საქართველოში რეგისტრირებული DAF-ის სატვირთო მანქანით, ტვირთმა რუსეთ-საქართველოს საზღვარი 4 ოქტომბერს ზემო ლარსის საგუშაგოზე გადაკვეთა, ორი დღის შემდეგ კი არმავირის საბითუმო ბაზაზე მიიტანეს და გადმოტვირთეს.
მედიის ინფორმაციით, 7 ოქტომბერს უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეების დახმარებით, ტვირთის საბუთები კვლავ შეიცვალა, გამგზავნად მიუთითეს შპს TEK-34 ულიანოვსკიდან, ხოლო მიმღებად - ყირიმში არარსებული კომპანია.
„იმავე დღეს, პალეტები რუსეთის მოქალაქის, 1971 წელს დაბადებული მახირ იუსუბოვის სატვირთო მანქანაში ჩატვირთეს, ხოლო 2022 წლის 8 ოქტომბერს დილის 06:03 საათზე ყირიმის ხიდზე გადაკვეთისას აფეთქება განხორციელდა“, - აცხადებენ რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალურ სამსახურში.
მახირ იუსუბოვი აღნიშნულ ბარლდებებს უკვე გამოეხმაურა და აცხადებს, რომ მის ავტომობილს, რომლიც მის სახელზეა გაფორმებული, მამის ბიძაშვილი მართავდა და მსაგვს ფაქტს გამორცხავს. ახალგაზრდა ამტკიცებს, რომ მას და მის ნათესავებს ამ საქმესთან არანაირი კავშირი არა აქვთ.
თბილისის პასუხი ამ ბრალდებებზე მხოლოდ შს და ფინანსთა მინისტრების მოადგილეებმა გააჟღერეს. მათ უარყვეს, რომ სატვირთომ გადაკვეთა საქართველოს საზღვარი.
ბულგარეთმა კი ვერსიის გაჟღერებისთანავე დაიწყო გამოძიება და 11 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ გამოირიცხა რუსეთის ვერსიის მართებულობა. განცხადება ბულგარეთის მთავრობის სახელით გავრცელდა.
გამოძიება იწყება სომხეთშიც. მანამდე ერევანიც დუმდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მოსკოვმა მეტი დეტალი გამოაქვეყნა, 12 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ სომხეთის ხელისუფლებამ ფაქტების კვლევა დაიწყო. სომხური და რუსული წყაროები იტყობინებიან, რომ ქვეყნის გენერალურმა პროკურატურამ მიმართა ეროვნული უშიშროების სამსახურს და გამოძიების დაწყება სთხოვა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ანდრი იუსოვმა კი საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა, რომ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის და საგამოძიებო კომიტეტის მთელი საქმიანობა სისულელეა და ისინი არიან ფეიკ-სტრუქტურები, რომლებიც ემსახურებიან პუტინის რეჟიმს. „ამიტომ, მათ მორიგ განცხადებებს კომენტარს არ გავუკეთებთ. უცნაურია, რომ ყირიმის ხიდის რაიონში ჯერ კიდევ არ უპოვიათ არანაირი სავიზიტო ბარათი“, - განაცხადა იუსოვმა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, რუსეთის სპეცსამსახურების ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ქართულ მხარეს აღნიშნულ საკითხთან შემხებლობა არ აქვს.
„საქართველოს აღნიშნულ საკითხთან არანაირი შემხებლობა არ აქვს. როგორც ტრანზიტული, ასევე არატრანზიტული ტვირთები საქართველოში გადის საბაჟო კონტროლს. მსგავსი საეჭვო ფაქტი არ დაფიქსირებულა“, - აცხადებს ალექსანდრე დარახველიძე.
საზღვრებზე ტვირთის მოძრაობისა და შემოწმების კონტროლი ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებულ სტრუქტურას - შემოსავლების სამსახურს ევალება.
„არ მაქვს არანაირი ვალდებულება, თავი ვიმართლო ვინმეს წინაშე. თუ ვინმე არგუმენტირებულად დაასაბუთებს, რომ საქართველოს საზღვარი გაიარა, მაგ შემთხვევაში გამოძიებაც დაიწყება და პასუხისმგებელი პირებიც იქნებიან... არ გაუვლია საბაჟო საზღვარი არც ტროტილით და არც სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთულ ტრაილერს თუ ვაგონს“, - უთხრა ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.
ისმის კითხვა რამდენად საყურადღებოა რუსეთის ბრალდებები და არის თუ არა მათი მხრიდან ეს „უმადურობის“ ტოლფასი, რადგან ანალიტიკოსები for.ge-სთან ფიქრობენ, რომ ამაზე მეტი ნეიტრალიტეტი უკრაინა - რუსეთის ომის განმავლობაში საქართველომ რაღა უნდა შეინარჩუნოს, გაუგებარია.
რუსეთის მიერ აღწერილი სქემის თანახმად: პოლიეთილენის გრანულებში ჩამალულმა ასაფეთქებელმა მოწყობილობამ ჯერ ფოთის პორტში გაიარა; განსაბაჟებლად ორჯერ გადაკვეთა სომხეთ-საქართველოს საზღვარი და შემდეგ, ისევ საქართველოს გავლით, ყაზბეგი-ზემო ლარსის საკონტროლო გამშვები პუნქტიდან გადავიდა რუსეთში.
საქართველოს ყოფილი ელჩი უზბეკეთსა და ტაჯიკეთში გივი კუბლაშვილი ამბობს, რომ ყირიმის ხიდის აფეთქების ორი ვერსია არსებობს, ერთის მიხედვით ეს არის უკრაინის სპეცსამსახურების ნამოქმედარი და მეორე ვერსიით პუტინის გარემოცვას შორის არსებული დაპირისპირების ფონზე მათივე სპეცსამსახურების ნამოქმედარი. ელჩი for.ge-სთან ამბობს, რომ ამ საქმეში საქართველოს ხსენება და ამ ამბავზე მიბმა, ჩვენი ქვეყნის გაფრთხილებაა, თუმცა იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ატარებს, მსგავსი ბრალდებები რუსეთის მხრიდან დიდი „უმადურობაა“.
„რაც არ უნდა გავუკეთოთ, „მოსკოვს ცრემლების არ სჯერა“. როგორი პოლიტიკაც არ უნდა ვაწარმოოთ რუსების მიმართ, საბოლოო ჯამში, რუსებმა ასეთი პასუხის გაცემა იციან. ახლა ისმის კითხვა, რას ემსახურება ჩვენი ქვეყნის ამ ამბავში მიკერება? შესაძლოა ვიღაცისთვის ეს ძალიან დაუჯერებელი იყოს, მაგრამ სიტუაცია ასეთი მარტივი არ მგონია იყოს. ესაა პუტინის მხრიდან საქართველოში ბოლომდე რაღაცეების გადატეხვის მცდელობა. პროგრამა მინიმუმით არ არის გამორიცხული, რომ თუკი პუტინმა დაინახა უკრაინაში ომს აგებს, საქართველოს სრული ოკუპაცია მოახდინოს. არ ვიცი ამის ვინმეს რამდენად სჯერა ან არ სჯერა, მაგარმ საფრთხეები რომ არსებობს, ამ განცხადებებმა და ჩვენი ქვეყნის მიმართ ხელის გამოშვერამ კიდევ ერთხელ აჩვენა.
რუსები შანს ხელიდან არასდროს გაუშვებენ, რომ საქართველო მძევლად ჰყავდეთ აყვანილი. ლოჯისტიკურად ამ სატვირთო ავტომობილის გადაადგილებაში უცნაური არაფერია. მისი დანიშნულება ესაა, რომ იაროს. შესაძლოა ტაჯიკეთშიც აღმოჩენილიყო და სხვა ქვეყნებშიც. რა სახსენებელი იყო საერთოდ აქ საქართველო? სომხეთიდან ლარსამდე 200 კმ-ია, ლარსიდან ქერჩის ხიდამდე - 700 კმ. ამხელა მანძილზე რუსეთი რას აკეთებდა? საქრათველოს ასე ხელაღებით რომ ადანაშაულებს, თვითონ რას აკეთებდნენ? მათ ისევ სურთ, რომ საქართველო დაჩაგრონ და მსოფლიოს აჩვენონ, თითქოს ეს არის ტერიტორია, რომლის საზღვრებიც არ კონტორლდება. არადა მათ ტერიტორიაზე 700 კმ. აქვს ტვირთს გავლილი. არ აქვს მნიშვნელობა ხელისუფლებაში ვინ არის, აქ ჩვენი ქვეყნის და სახელმწიფოს პრესტიჟზეა საუბარი, ამიტომ არავის უნდა მივცეთ იმის ფიქრის უფლება, რომ შესაძლოა, ჩვენს ქვეყანაში უკონტორლო საზღვრები გვაქვს“, - ამბობს ყოფილი ელჩი.
უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტი ანდრო გოცირიძე კი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პასუხი უნდა იყოს ფაქტებით და დოკუმენტებით გამყარებული, რომ ამ სატვირთოს ჩვენი ქვეყნის ტერიტორია არასდროს გაუვლია. გოცირიძე for.ge-სთან ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ ფაქტთან დაკავშირებით შიდა გამოძიება უნდა დაიწყოს. ასევე, პოლიტიკური განცხადებები უნდა გაკეთდეს.
„ბასტრიკინის და პუტინის შეხვედრაზე საქართველოს სახელი პირველად გაჟღერდა. ეს იყო პიარისთვის და ტელევიზიებისთვის გადაღებული შეხვედრა. პრინციპში, გასაგებ ენაზე რომ ვთარგმნოთ, ბასტრიკინმა პირდაპირ თქვა, რომ ჩვენ გვებრძვის უკრაინა, ნატოს მხარდაჭერით, ანუ აქ ბულგარეთის ხსენებით ეს იგულისხმეს. კიდევ არიან ქვეყნები, რომლებიც ამაში ხელს უწყობენ. ჰოდა, ესენი არიან საქართველო და სომხეთი. ბუნებრივია, ასეთი განცახდებები შესაძლოა მყისიერი საფრთხის მომტანი არ იყოს, მაგრამ აქ არის ჩადებული ნაღმები, რომელსაც პუტინი, როცა დასჭირდება, მაშინ გამოიყენებს.
შესაძლოა, ახლა რუსეთს მეორე ფრონტის გახსნის საშუალება არ აქვს, მაგრამ შესაძლოა ამიტომაც დაიწყოს ჩვენი ქვეყნის შანტაჟი, პროვოკაციების მოწყობა. გვახსოვს, ალბათ, პანკისის მოვლენების დროს როგორი ზეწოლა იყო საქართველოს ხელისუფლებაზე. მაშინ გვთხოვდნენ, რომ ამ ხეობაში რუსეთის სპეცრაზმი შეგვეშვა, რომ სპეცოპერაცია ჩაეტარებინათ, მათთვის ანტიტერორისტული ცენტრი გაგვეხსნა. ყველაფერს ამას რუსეთი იყენებს იმისთვის, რომ თავისი დომინანტობა განახორციელოს იქ, სადაც შეუძლია“,-ამბობს უსაფრთხოების ექსპერტი.
მიმიფურთხებია იმისთვის, ვინც ამ ექსპერტ-სპეციალისტს ექსპერტ-სპეციალისტობა დააბრალა.
არც ლოგიკა, არც ანალიტიკა.
ამას აზრს რას ეკითხებით?
"რუსეთს მეორე ფრონტის გახსნის საშუალება არ აქვს, მაგრამ შესაძლოა ამიტომაც დაიწყოს ჩვენი ქვეყნის შანტაჟი, პროვოკაციების მოწყობა" -შე რეგვენო ექსპერტ-სპეციალისტო, თუ საშუალება არ აქვს, მაშინ რად უნდა პროვოკაციები?
"გვახსოვს, ალბათ, პანკისის მოვლენების დროს როგორი ზეწოლა იყო საქართველოს ხელისუფლებაზე" - სად ერეკლე და სად ....
რა შუაშია ახლა პანკისი?
პანკისი იყო 1995-ში.
ეს ვინაა, ტო!?