თეა წულუკიანი დარწმუნებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არსებობს, „ნაცმო“ სულს ღაფავს და, ალბათ, საბოლოოდ გაქრება კიდეც პოლიტიკური სცენიდან. წულუკიანის აზრით, ჩამოშლის პროცესი „ნაცებში“ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დაიწყო, როცა პარტიამ არ ისურვა განახლება, „ნაცმოძრაობის“ შიგნით ვერ ჩამოყალიბდა ვერც ერთი მათი წარმომადგენელი ლიდერად, ვინც ჩაანაცვლებდა სააკაშვილს.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც ადასტურებს, რომ „ნაცმოძრაობა“ განეიტრალებულია. კობახიძე ამბობს, რომ მმართველი გუნდი საზოგადოებას დაჰპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა „ნაცმოძრაობის“ საბოლოოდ გასანეიტრალებლად. ამ კუთხით ძალიან კარგი ტენდენციაა და მმართველმა გუნდმა ამას თავად შეუწყო ხელი თავისი პოლიტიკით.
მართლაც „ქართულმა ოცნებამ“ გაანეიტრალა თუ არა „ნაცმოძრაობა“? თუ თავისით დინამიურად განვითარდა პროცესები და „ნაცმოძრაობა“ თვითონვე წავიდა თვითლიკვიდაციისკენ?
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ „ნაცმოძრაობის“ განეიტრალებას იმით შეუწყო ხელი, რომ უზრუნველყო ისეთი სამართლებრივი პოლიტიკური სივრცე, სადაც ასეთი ტიპის ე.წ. პარტიის საქმიანობას დიდი გასაქანი ვერ ექნებოდა და წარმატებას ვერ მიაღწევდა. „ნაცმოძრაობა“ ყველანაირ არჩევნებში მარცხდება, რადგან არაფერი აქვს შესათავაზებელი, საზოგადოებრივ სიკეთეზე, საჯარო სარგებელზე ეს გაერთიანება არ მუშაობს, ამას ხალხი ხედავს და ამიტომ ამ პარტიას წარმატება არ ექნება.
„ამგვარად მოხდა „ნაცების“ განეიტრალება, ეს პარტია ნელ- ნელა კარგავს გავლენას, საკუთარ ამომრჩეველს, ელექტორალურ ძალას. საბოლოო ჯამში, იქცევა ადამიანთა ჯგუფად, რომელიც ერთმანეთთან ანგარიშსწორებითაა დაკავებული. „ქართულმა ოცნებამ“ ამაზე იმუშავა, პირდაპირ ის კი არ გააკეთა, რომ შეუდგა „ნაცმოძრაობის“ ნგრევას, აგენტურა კი არ შეაგზავნა, ან რამით კი არ შეზღუდა, არამედ თავისი დღის წესრიგით, რომელიც მიმართულია საზოგადოებრივი სიკეთისთვის, შეძლო ელექტორატის დაინტერესება. მეტი უსაფრთხოება, მეტი კეთილდღეობა, უკეთესი ცხოვრება, ხალხმა დაიჯერა ამ დაპირების და ხმებს თუ მიიღებს „ქართული ოცნება“, ეს ხმები აკლდება „ნაცმოძრაობას“. „ოცნებამ“ იმუშავა იმ გაგებით, რომ დაანახა ხალხს, „ნაცების“ მიერ შემოთავაზებული გზა არსად მიდის, ჩიხია, რაც ერთხელ უკვე გავიარეთ. სააკაშვილის პერიოდში დაბრუნება არავის უნდა. 2003 წლის საქართველოში დაბრუნება გიჟის მეტს არავის უნდა და შეუძლებელიცაა“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.
„სახალხო პარტიის“ ლიდერი მამუკა გიორგაძე მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავისი რიტორიკის მიუხედავად, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ათი წლის განმავლობაში „ნაცმოძრაობა“ ყოფილიყო პოლიტიკურ მოედანზე და არათუ მხოლოდ ყოფილიყო, არამედ ნომინალურად მეორე პოლიტიკური ძალა გამხდარიყო. „ოცნება“ რომ არა, „ნაცმოძრაობა“ აქამდე ვერ გაქაჩავდა. „ოცნების“ მხრიდან ილუზორული ბრძოლა, თამაში და ქართველი ხალხის გაბითურება რომ არა, თითქოს „ნაცმოძრაობას“ ებრძოდნენ, „ნაცმოძრაობა“ ამდენს ვერ გაბედავდა და თავისი დანაშაულებრივი ქმედებების გაპრავებას ვერ შეძლებდა.
„ქართული ოცნებისთვის“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია „ნაცმოძრაობის“ შენარჩუნება. არ ვთვლი, რომ „ნაცმოძრაობა“ განეიტრალდა, ეს ჩვეულებრივი სკანდალებია, ჩვეულებრივი სალაპარაკო თემებია, ილია ჭავჭავაძემ იცოდა ხოლმე ფრაზა „ყბად ასაღები და წყალწასაღები“. ვინ არის დღეს პარლამენტში მეორე პარტია? - „ნაცმოძრაობა“. ამით დამთავრდა ყველაფერი. ვინ არის დღეს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მთავარი „მებრძოლი“? - ისევ „ნაცმოძრაობა“. მოკრივეების ენით რომ ვილაპარაკოთ, „ნაცმოძრაობის“ სახით სავარჯიშო „გრუშას“ ვითომ ურტყამენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, სინამდვილეში, ეს დარტყმის იმიტაციაა და „ნაცმოძრაობას“ აცოცხლებენ. როგორც „ოცნება“ ამბობს, მათ ცხრაჯერ გადატეხეს „ნაცმოძრაობა“ ხერხემალში, 15- ჯერ დაამარცხეს არჩევნებში და ამის მიუხედავად, „ნაცმოძრაობა“ „ბესმერტნი კაშეია“. იმ დროს, როცა საქართველოს გარშემო მნიშვნელოვანი მოვლენებია, საქართველო ჩაძირულია ისეთ თემებში, როგორიცაა სააკაშვილის შარდის ანალიზი, რას იტყვის თოფურიძე მელიაზე, 9 დეპუტატი დამოუკიდებელია, თუ ბიძინა ივანიშვილის ახირებას ასრულებს. ამაზე დაცემული პოლიტიკური კლასი მე არ მახსოვს. ჩხუბიც ყოფილა, ტყვიაც გავარდნილა პოლიტიკური ურთიერთობის დროს, მაგრამ ამაზე კარიკატურული პოლიტიკური კლასი საქართველოში არ ყოფილა. ჩვენ ისევ დეპოში ვართ“, - აღნიშნა მამუკა გიორგაძემ ჩვენთან საუბრისას.