ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ანგარიშის თანახმად, რუსეთის ჯარების სარდლად გენერალ სერგეი სუროვიკინის დანიშვნა ოპერაციის წარმართვის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად, თუმცა მას შეიძლება, შეხვდეს წინააღმდეგობა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაყოფილ და ცუდ რესურსებთან. ამასთან, უწყების ანგარიშის თანახმად, რუსეთს საბრძოლო მასალა ეწურება, თუმცა რუსეთის აგრესია უკრაინაში გრძელდება.
რუსულმა არიამ 84-ზე მეტი სარაკეტო და საავიაციო დარტყმა განახორციელა. ოკუპანტები განაგრძობენ ფრთოსანი, ბალისტიკური რაკეტების, ასევე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებას. საავიაციო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე უკრაინის მთელ ტერიტორიაზე შენარჩუნებულია. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის განცხადებით, პოლონური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების მეშვეობით, უკრაინელებმა ბოლო 48 საათში 11-დან 9 ირანული დრონი ჩამოაგდეს.
„დიდი შვიდეულის“ ლიდერები პირობას დებენ, რომ უკრაინაში ბოლოდროინდელ თავდასხმებზე პუტინს პასუხი მოეთხოვება. სამიტზე ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინის მხარდაჭერა გააგრძელონ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება და პირობას დებენ, რომ გააგრძელებენ უკრაინის ფინანსურ, ჰუმანიტარულ, სამხედრო, დიპლომატიურ და იურიდიულ დახმარებას. „დიდი შვიდეულის“ სახელმწიფოები ასევე მზად არიან, უკრაინას ზამთრისთვის მზადყოფნის საჭიროებების დაკმაყოფილებაში გაუწიონ დახმარება.
უკრაინის სადაზვერვო მონაცემებით, რუსეთმა ირანს 2 400 კამიკაძე დრონი „შაჰედი“ შეუკვეთა. „დიდი შვიდეულის“ ლიდერებთან სამიტზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერს, რომელიც მისი მმართველობის ბოლო ეტაპზეა, ჯერ კიდევ აქვს სივრცე შემდგომი ესკალაციისთვის. ზელენსკიმ ასევე მოუწოდა „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს ზედა ზღვარი დაუწესონ რუსეთიდან იმპორტირებულ ნავთობსა და ბუნებრივ აირს, ვინაიდან, ეს მშვიდობის მიღწევას დააჩქარებს.
„როგორც ყოველთვის რუსები იტყუებიან. ენერგოობიექტების გარდა, უბრალოდ შეხედეთ იმ ტერიტორიებს, სადაც თავდასხმა მოხდა, ერთ-ერთი მაგალითი ჩვენი დედაქალაქია. უკრაინის დაშინება და შეჩერება შეუძლებელია. შესაძლებელია მხოლოდ უფრო მეტად დარწმუნება, რომ საჭიროა ტერორისტების გაუვნებელყოფა.
რუსეთის არმიამ სპეციალურად განახორციელა ეს დარტყმები სწორედ დილის პიკის საათში. ეს ტერორისტების დამახასიათებელი ტაქტიკაა. მათ სურდათ, მეტი შიში გამოეწვიათ და მეტად დაეზარალებინათ ხალხი. მათ მთელი მსოფლიო შეძრეს. ტერორი აუცილებლად იღებს გლობალურ პასუხს. რუსული ტერორის პირდაპირობა მხოლოდ უბიძგებს ყველას უფრო მეტი სიმტკიცისკენ“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ალიანსის თავდაცვის მინისტრებთან გამართა შეხვედრა ნატოს გენერალურმა მდივნმა, რომლის შეფასებით, მნიშვნელოვანია უკრაინამ გაიმარჯვოს, ვინაიდან, თუ პუტინი გაიმარჯვებს, ეს არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ყველასთვის სახიფათო მარცხი იქნება. იენს სტოლტენბერგის შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში მარცხდება.
„ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია უკრაინამ გაიმარჯვოს ბრძოლაში, ომში რუსეთის ჯარების წინააღმდეგ, რომლებიც მასში შეიჭრნენ, ვინაიდან თუ პუტინი გაიმარჯვებს, ეს არა მხოლოდ უკრაინისთვის დიდი მარცხი, არამედ ყველა ჩვენგანისთვის სახიფათო მარცხი იქნება, რადგან ეს მსოფლიოს უფრო სახიფათოს გახდის, ჩვენ კი - უფრო დაუცველს რუსეთის შემდგომი აგრესიისგან. ნატო არ არის უკრაინაში კონფლიქტის მხარე, მაგრამ ჩვენი მხარდაჭერა საკვანძო როლს თამაშობს, ამიტომ ალიანსისთვის მნიშვნელოვანია იარაღის მარაგების დროულად შევსება. იმედი მაქვს, ამასთან დაკავშირებით ალიანსის თავდაცვის მინისტრების შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ. პრეზიდენტი პუტინი უკრაინაში მარცხდება. ანექსიის მცდელობა, ნაწილობრივი მობილიზაცია და უგუნური ბირთვული რიტორიკა წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან ესკალაციას ომის დაწყების შემდეგ. ეს ცხადყოფს, რომ ეს ომი არ მიდის ისე, როგორც დაგეგმილი იყო“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, აშშ-სა და ევროპის უკრაინის კონფლიქტში მზარდი ჩართულობის გამო, რუსეთი იძულებული იქნება ადეკვატური საწინააღმდეგო ზომები მიიღოს.
„კიევისთვის ფართომასშტაბიანი დახმარების აღმოჩენა, უკრაინის შეიარაღებული ფორმირებების პერსონალის წვრთნა ალიანსის ქვეყნების ტერიტორიაზე, დაზვერვის, სატელიტური სურათების მიწოდება სულ უფრო მეტად რთავს დასავლეთის ქვეყნებს კონფლიქტში კიევის რეჟიმის მხარეს. ცხადია, შეერთებულ შტატებთან და ნატო-სთან პირდაპირი შეტაკება არ შედის რუსეთის ინტერესებში. ჩვენ ვაფრთხილებთ და ვიმედოვნებთ, რომ ვაშინგტონი და სხვა დასავლური დედაქალაქები გააცნობიერებენ უკონტროლო ესკალაციის საფრთხეს“, - განაცხადა სერგეი რიაბკოვმა.
გენშტაბის ყოფილი უფროსი, ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ მრჩეველი ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ რუსეთის პოზიციები უკვე დასუსტებულია და შესაბამისად, რუსეთის სარაკეტო თავდასხმები უკრაინულ ქალაქებზე გამწარებული პასუხი იყო. მიუხედავად არსებული ვითარებისა, კაპანაძე იმედოვნებს, რომ ზამთარში შეტევის ტემპი შენელდება, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომი ხანგრძლივი იქნება და მარტივად არ დასრულდება.
„რუსეთის მიერ კიევზე დარტყმის მიზანია, გამოიწვიოს მოსახლეობაში მძიმე მდგომარეობა, ე.წ. ომით გადაღლის სინდრომი, მათი ბრძოლისუნარიანობის დაქვეითება. ის ცდილობს აიძულოს უკრაინის მოსახლეობა, მოახდინოს ზემოქმედება მთავრობაზე, რათა დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. რუსეთს უკრაინაში წარმატების მიღწევა გაუჭირდება. მსგავსი დარტყმები გაგრძელდება. რუსეთის სარაკეტო თავდასხმები უკრაინულ ქალაქებზე გამწარებული პასუხი იყო. რუსეთის პოზიციები დასუსტებულია. ვერ გავიხსენებ რუსეთის მიერ წარმოებულ საომარ მოქმედებებს, სადაც სისასტიკე არ იყო. რუსეთს სასოწარკვეთა უკვე ემჩნევა. უკრაინა შეტევაშია და თავადაც კარგავს საბრძოლო ტექნიკას, ეს შესავსებია. უკრაინა ისეთი ტემპით მიიწევს წინ, რომ ხერსონს და ზაპოროჟიეს გაათავისუფლებს. ეს იქნება ხანგრძლივი ომი, უკრაინას ჯერ კიდევ ბევრი აქვს საბრძოლო, თუმცა ზამთარში შეტევითი ტემპები შენელდება“, - აცხადებს ვახტანგ კაპანაძე.