„უცხოეთიდან ექიმის ჩამოყვანამ „ნაცმოძრაობაში“ მოლოდინები გააჩინა, რომ სააკაშვილს უცხოეთში წაიყვანენ, თუმცა, საკითხავია რამდენად რეალურია ეს მოლოდინები“

„უცხოეთიდან ექიმის ჩამოყვანამ „ნაცმოძრაობაში“ მოლოდინები გააჩინა, რომ სააკაშვილს უცხოეთში წაიყვანენ, თუმცა, საკითხავია რამდენად რეალურია ეს მოლოდინები“

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრები კვლავ გააქტიურდა. ექს-პრეზიდენტს ამერიკიდან ექიმი, ჯეიმს კობიც ჩამოუყვანეს, რათა მისი გადაყვანა უცხოეთში მოხდეს.

როგორც for.ge-თან ანალიტიკოსები აცხადებენ, სააკაშვილის ჯანმრთელობის თემის აწევა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ორი რამით აიხსნება, პირველი - ყოფილი პრეზიდენტის უცხოეთში გადაყვანა სურთ და მეორე - პარტიაში შიდა დაპირისპირება გადაფარონ.

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის თემის გააქტიურებას შემდეგნაირად ავხსნი - როგორც იქნა, მას უცხოეთიდან ექიმი ჩამოუყვანეს. ამან „ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალი მოლოდინები გააჩინა, რომ ყოფილ პრეზიდენტს უცხოეთში წაიყვანენ. თუმცა, საკითხავია რამდენად რეალურია ეს მოლოდინები. ასევე, გვაქვს შემდეგი მოცემულობა - „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრების ნახევარი მეორე ნახევარს ადანაშაულებს იმაში, რომ სააკაშვილი არ დაიცვეს. ამიტომ პარტიის ორივე მხარე ცდილობს, რომ ეს თემა სხვაგვარად წარმოაჩინონ“, - განუცხადა for.ge-ს ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ.

ანალიტიკოს გია აბაშიძეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის შიმშილობის არ სჯერა. როგორც მან for.ge-თან საუბრისას აღნიშნა, ის თვალთმაქცობს და „პაშტეტების“ კვებაზეა გადასული. მისივე თქმით, დღეს სააკაშვილი დაკნინებული პოლიტიკური ფიგურაა.

„ექს-პრეზიდენტის, სააკაშვილის თემა აქტუალური ნამდვილად არ არის, ვინაიდან ახლა უკრაინაში ძალიან მნიშვნელოვანი საბრძოლო მოქმედებებია. ამ დროს სააკაშვილის თემის წამოწევა, ისევ და ისევ, მისი ოჯახიდან გამომდინარეობს. ყოფილ პრეზიდენტს ისე ეპყრობიან, როგორც საქართველოს ნებისმიერ პატიმარს. ერთი წელია სააკაშვილი და მისი მომხრეები იტყუებიან, რომ ის კვდება, მაგრამ რეალობაში ეს ასე არ არის. ადამიანი, როდესაც რამდენიმე კვირა შიმშილობს, ის აუცილებლად საერთაშორისო რადარებზე ხვდება, თუმცა ჩვენ ვიხილეთ, რომ ყოფილი პრეზიდენტი რეალურად არ შიმშილობს“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა და ასევე განმარტა რატომ სურს „ნაციონალურ მოძრაობას“ პარტიის შიდა დაპირისპირების ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის თემით გადაფარვა.

„სააკაშვილის პარტიაში მიმდინარეობს გავლენებისთვის და ფინანსური წყაროებისთვის ბრძოლა. ვერც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში პარტია ფინანსების გარეშე ვერ იარსებებს. ამიტომაც არის, რომ „ნაცმოძრაობაში“ გააფთრებული ბრძოლაა და ცდილობენ, ეს ფინანსური საკითხი სააკაშვილის ე.წ. გაუარესებული ჯანმრთელობით გადაფარონ, თუმცა მაინც არაფერი გამოსდით“, - განაცხადა გია აბაშიძემ.