ომის მასშტაბები იზრდება - პოლონეთი თავდაცვის რეჟიმზე გადავიდა

ომის მასშტაბები იზრდება - პოლონეთი თავდაცვის რეჟიმზე გადავიდა

რუსეთის საოკუპაციო ძალების ნაბიჯები არაპროგნოზირებადია. რუსულმა არმიამ სარაკეტო იერიში უკრაინის 16 ქალაქზე მიიტანა. დაღუპულია 10 და დაშავებულია 60 ადამიანი. საოკუპაციო ძალამ სხვადასხვა მოდიფიკაციის 83 რაკეტა გამოიყენა, თუმცა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ მხოლოდ 43-ის განეიტრალება მოახერხა. პირველი რაკეტა დილის 8 საათზე შევჩენკოვოს რაიონში აფეთქდა.

რუსული რაკეტის სამიზნე იყო ე.წ. კლიჩკოს ხიდი, ბავშვთა გასართობი მოედანი, ბიზნეს ცენტრის შენობა და პარკინგი. სარაკეტო იერიში მიიტანეს ოკუპანტებმა დნეპრზე. დაიბომბა ოდესა და ნიკოლაევი. ასევე S-300 რაკეტით დაიბომბა ზაპოროჟიე. უკრაინა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. რამდენიმე ქალაქში პარალიზებულია მეტროპოლიტენი, სადაც ადგილობრივები თავს აფარებენ.

აღსანიშნავია, რომ პუტინმა ყირიმის ხიდის აფეთქებაზე პასუხისმგებლობას უკრაინის სპეცსამსახურებს დააკისრა და მომხდარი ტერორისტულ აქტად შეაფასა. კრემლის ლიდერის განცხადებით, რუსეთი მკაცრად უპასუხებს, თუ უკრაინის ხელისუფლება გააგრძელებს ტერაქტების ორგანიზებას.

„8 ოქტომბრის აფეთქება არის ტერორისტული აქტი. ტერორისტული აქტი, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის სამოქალაქო კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებას. ასევე აშკარაა, რომ ტერაქტის დამკვეთები, ორგანიზატორები და მონაწილეები უკრაინის სპეცსამსახურები არიან. რუსულმა ძალებმა დარტყმა მიაყენეს უკრაინაში ენერგეტიკულ, სამხედრო და საკომუნიკაციო ობიექტებს. თუკი ჩვენს ტერიტორიაზე ტერაქტების განხორციელების მცდელობები გაგრძელდება, რუსეთის პასუხი იქნება მკაცრი და მისი მასშტაბი რუსეთის ფედერაციის მიმართ საფრთხის დონის შესაბამისი იქნება. ამაში ეჭვი არავის უნდა შეეპაროს“, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

მომხდარს ტერორისტული აქტი უწოდა უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, მოწინააღმდეგეს ორი სამიზნე აქვს, ენერგეტიკული ობიექტები მთელი ქვეყნის მასშტაბით და უკრაინელი ხალხი.

„ასეთი დრო და ასეთი მიზნები სპეციალურად შეირჩა, რომ რაც შეიძლება მეტი ზიანი მიეყენებინა, მაგრამ ჩვენ უკრაინელები ვართ. ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით. ჩვენ გვჯერა საკუთარი თავის. ჩვენ აღვადგენთ ყველაფერ დანგრეულს. შეიძლება ახლა ელექტროენერგია დროებით გაითიშოს, მაგრამ არასოდეს მოხდება ჩვენი თავდაჯერებულობის გათიშვა - გამარჯვებაში თავდაჯერებულობის. რატომ ზუსტად ასეთი დარტყმები? მტერს უნდა, რომ გვეშინოდეს, სურს ხალხი გაიქცეს, მაგრამ ჩვენ მხოლოდ წინსვლა შეგვიძლია და ამას ვაჩვენებთ ბრძოლის ველზე, ასე გაგრძელდება. უკრაინა არსებობდა ამ მტრის გამოჩენამდე და უკრაინა იარსებებს მის შემდეგაც“, - აცხადებს ვოლოდიმერ ზელენსკი.

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი მიმართავს მსოფლიო ლიდერებს, რომ დაიცვან ცა უკრაინის თავზე და ეს დაიცავს ევროპის მომავალს. მისი თქმით, რუსეთის სარაკეტო ტერორზე საუკეთესო პასუხი არის უკრაინისთვის ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდება.

„ჩვენი სიმამაცე არასოდეს განადგურდება ტერორისტების რაკეტებით, მაშინაც კი, როცა ისინი ჩვენი დედაქალაქის შუაგულს ხვდებიან. სარაკეტო დარტყმები ომის დანაშაულია და სარაკეტო ტერორისტები უნდა დაისაჯონ. ჩვენი მტერი თვლის, რომ სარაკეტო დარტყმები დაშინების ეფექტური საშუალებაა, ასე არ არის. რაკეტები ომის დანაშაულია, მშვიდობიანი მოქალაქეები იღუპებიან და შავდებიან. უკრაინამ, ცივილიზებული სამყაროს მხარდაჭერით, უნდა დასაჯოს სარაკეტო ტერორისტები და ის ამას გააკეთებს“, - აცხადებს ოლექსი რეზნიკოვი.

რუსეთის სარაკეტო დარტყმების პარალელურად, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ნატო გააგრძელებს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას, რათა იბრძოლონ კრემლის აგრესიასთან, ეს მხარდაჭერა გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.

„ნატო გააგრძელებს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას. ვესაუბრე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს და დავგმე რუსეთის საშინელი და განურჩეველი თავდასხმები უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ნატო გააგრძელებს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას, რათა იბრძოლონ კრემლის აგრესიასთან და ეს მხარდაჭერა გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, - აცხადებს იენს სტოლტენბერგი.

უკვე ცნობილია, რომ გერმანია ოთხიდან ერთ „IRIS-T SLM“-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას უკრაინას უახლოეს დღეებში მიაწვდის. გერმანიის თავდაცვის მინისტრის, კრისტინ ლამბრეხტის განცხადებით, განახლებული სარაკეტო თავდასხმა კიევსა და ბევრ სხვა ქალაქზე აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების სწრაფი მიწოდება, რუსეთის თავდასხმები რაკეტებითა და დრონებით ატერორებს მშვიდობიან მოსახლეობას.

გერმანია უკრაიანაში საჰაერო თავდაცვით სისტემას აგზავნის, პარალელურად, პოლონეთის ხელისუფლება ქვეყნის მასშტაბით, ყველაზე უარესი სცენარისთვის მოსამზადებლად, მიწისქვეშა თავშესაფრების მდგომარეობას ამოწმებს. ქვეყნის მასშტაბით 62 000 ასეთი ობიექტია გახსნილი. მეხანძრეები მათ მდგომარეობას ამოწმებენ, არის თუ არა ისინი აღჭურვილი და ვარგისიანი.

პარალელურად, რუმინეთის თავდაცვის მინისტრის, ვასილე დინკუს განცხადებით, ნატომ და აშშ-მა რუსეთთან მოლაპარაკებები უნდა აწარმოონ, რათა ომი დასრულდეს და უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიები მიიღოს.

„მხოლოდ მოლაპარაკებების გზით მიეცემა რუსეთს შანსი, უკრაინაში ომი დაასრულოს. კიევი მოსკოვთან პირისპირ საუბარში შეთანხმებას ვერ მიაღწევს, ამასთან რუსულ მხარეს კვლავ აქვს რესურსები ომის გასაჭიანურებლად. იდეალური იქნებოდა მოლაპარაკებების დაწყება, თუნდაც ეს კონფლიქტის გაყინვით დასრულდეს, ნებისმიერ შემთხვევაში მოლაპარაკებებს უფრო მეტი სარგებელი ექნება, ვიდრე იმას, რაც ხდება ახლა - ადამიანების და ქონების განადგურება“, - აცხადებს რუმინეთის თავდაცვის მინისტრი.

„ჯეოქეისის“ თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების დირექტორი, გიორგი ანთაძე თვლის, რომ ბოლო პერიოდის მოვლენების ფონზე, მკაფიოდ იკვეთება, რომ ეს არის რუსეთის მხრიდან გაბრაზებული მოქმედებები, რომლებიც მიმართულია პირდაპირ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, უკრაინელი მოქალაქეების წინააღმდეგ. მისი თქმით, წაგების კონტურების უკვე საკმაო ხანია გამოკვეთილია, რეალობაში თუ ასე გაგრძელდა ყველაფერი, როგორც ახლაა, ამ მხარდაჭერის პირობებში რაც უკრაინას დღეს აქვს, მხოლოდ დროის საკითხია, რომ ეს მარცხი ბრძოლის ველზე გაფორმდეს.

„თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ ვლადიმერ პუტინი და რუსეთი ყველაფერს ცდილობს, მათ შორის ბირთვული ბერკეტის შანტაჟის გზითაც იძულებას უკრაინის, რომ გარკვეული ტიპის მოლაპარაკებებში ჩაითრიოს და თავი დაიძვრინოს იმ მძიმე სიტუაციიდან, რაც სამხედრო პოლიტიკური თვალსაზრისით რუსეთს დღეს უკრაინასთან მიმართებით უდგას.

დღევანდელ პირობებში, საქართველოს შესაძლებლობების გათვალისწინებით, ზოგადად, გლობალური კონტექსტის გათვალისწინებით, ერთადერთი გონივრული პოლიტიკაა, მაქსიმალურად ჩვენი ინტერესების დაცვით, მაქსიმალურად ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფა როგორც ქვეყანაში, ისე მთლიანად ჩვენ რეგიონში“, - აცხადებს გიორგი ანთაძე.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია, რომელიც პოლონეთში იმყოფება, ამბობს, რომ საფრთხის მასშტაბები საკამოდ სერიოზული და ამავე დროს დიდია. მისი თქმით, პოლონეთი თავდაცვის რეჟიმზე გადავიდა, რადგან არსებობს საფრთხე, რომ მის ტერიტორიაზე შეიძლება გარვეული ტიპის რაკეტები ჩამოვარდეს.

„საკმაოდ საშიში სიტუაციაა. რუსეთი ტოტალურ დარტყმაზე, ანუ სერიოზულ აგრესიულ ქმედებებზე გადავიდა. ომის საფრთხე და მასშტაბები ყოველდღე იზრდება. ძალიან რთული ეტაპი დაიწყო. როგორ წავა სიტუაცია, ვერ გეტყვით, რადგან ძალიან რთულია პროგნოზირებაც იმდენად აგრესიულ ეტაპზე გადავიდა რუსეთი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.