საქართველოში პოლიტიკური პროცესები აქტიურ ფაზაში შედის. პარლამენტი ერთდროულად რამდენიმე კანონპროექტზე მუშაობს, პარლამენტს გარეთ კი „ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდი გაუგებრობაა - ერთნი ექს-პრეზიდენტის უკრაინაში გამგზავრებას ითხოვენ, მეორენი პარტიაში ფინანსების ქურდებს დასდევენ.
მიმდინარე პოლიტიკურ ამბებზე for.ge-ს მმართველი გუნდის წევრი, დავით მათიკაშვილი ესაუბრა.
უკრაინის მხარემ მიხეილ სააკაშვილი პეტრე პოროშენკოს პრეზიდენტობის დროს ქვეყნიდან გაძევების საქმეზე დაზალებულად სცნო და მის დასაკითხად საქართველოს მთავრობას სთხოვა მსჯავრდებულ-დაზარალებული დროებით „ათხოვოს“. რას აპირებთ?
- საქართველოში ქართული კანონები მოქმედებს, რომელიც გულისხმობს იმას, რომ თუ პირი ბრალდებულია, ის მსჯავრს აქ იხდის. ასე რომ, კანონი რასაც გვავალდებულებს, შემდგომი მოქმედებები ისე იქნება.
როდესაც ექს-პრეზიდენტის დაკითხვას უცხოეთის სასამართლო ითხოვს, სამართლებრივად რომ განვმარტოთ, შესაძლებელია თუ არა, უკრაინის სასამართლოს წარმომადგენლებმა მიხეილ სააკაშვილი აქ დაკითხონ?
- სამართლებრივად საკითხი ორ ქვეყანას შორის დაწყებული შეთანხმებით რეგულირდება. კონკრეტულად, დაკითხვის წესი როგორ არის, ზუსტად არ ვიცი, ამიტომ ვერ გეტყვით. ყოველ შეთხვევაში პატიმრის ქვეყნიდან გაყვანა და სხვა ქვეყანაში დაკითხვა ნამდვილად არ მოხდება.
მიხეილ სააკაშვილის საკითხი „ნაციონალურ მოძრაობაში“ მეორე პლანზე გადავიდა, რადგან ახლა პარტიაში ფინანურ საკითხებს განიხილავენ. დავით კეზერაშვილის შემდეგ, კუდის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, სოსო თოფურიძემ ნიკა მელია დაადანაშაულა ფინანსების არამიზნობრივ ხარჯვაში. როგორ აფასებს მმართველი გუნდი „ნაციონალურ მოძრაობაში“ შექმნილ კრიზისს?
- „ნაციონალურ მოძრაობაში“ კლანური დაპირისპირება ძალიან გაღრმავდა და შავ ფულზეა საუბარი. ასევე, ერთმანეთში კონკურენცია აქვთ, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ რეალურად „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედუნარობა, თითქმის, ნულამდეა დასული. ეს ყველაფერი კიდევ უფრო კარგად 2024 წლის არჩევნებზე გამოჩნდება. ამ დესტრუქციულ ძალაში ვერ გაურკვევიათ, ვინ არის მათი ბელადი, ამიტომ აღნიშნულ პარტიას არჩევნების დროს ძალიან გაუჭირდება. დროა ოპოზიციაში დესტრუქციული ძალის სივრცე გამოთავისუფლდეს და სახელმწიფოებრივოდ მოაზროვნე ოპოზიციამ უნდა დაიკავოს, თუნდაც ხელისუფლებასთან მოდავე იყოს. ჩვენს ქვეყანას ჯანსაღი ოპოზიცია უნდა ეღირსოს.
შეიძლება მომავალში ჯანსაღ ოპოზიციად „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები და მათ მიერ შექმნილი მოძრაობა მოგვევლინოს?
- სამომავლოდ რა იქნება, ამას ვერ გეტყვით. აქ იდეურ განსხვავებაზე არაა საუბარი. საუბარი არის გამოხატვის ფორმაზე, რომელიც ამ პოლიტიკურმა ძალამ აირჩია და რომელიც მმართველი გუნდისთვის მიუღებელია. ადამიანებმა ტრიბუნა მოითხოვეს იმისთვის, რომ საკუთარი მოსაზრებები ღიად დააფიქსირონ. ის, რომ ეს ძალა ოპოზიციური იყოს, ძნელად წარმომიდგენია. რაც შეეხება, ოპოზიციას, დღევანდელ პარლამენტში წარმოდგენილია ისეთი ოპოზიციური ძალები, ვისთვისაც საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესები სახელმწიფო ინტერსზე მაღლა არ დგას. ეს პოლიტიკური ძალები მონაწილეობენ პოზიტიურ პროცესებში, რომელიც ქვეყანაში ვითარდება, ვგულისხობ, 12-პუნქტიან გეგმას და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მუდმივი პოლემიკა, კამათი და აზრთა გაცვლის რეჟიმში ვართ, ამ პოლტიკური ძალების მხრიდან სახეზეა ჯანსაღი მიდგომები. მათ გარდა კიდევ არიან სხვა პოლიტიკური ძალები, ვისთვისაც სივრცე მას შემდეგ გათავისუფლდება, რაც დესტრუქციული ოპოზიცია, საბოლოო ჯამში, შეწყვეტს აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას.
შეთანხმდით თუ არა ოპოზიციასთან დეოლიგარქიზაციის საკითხზე?
- აღნიშნული საკითხი გადაწყვეტილი არ არის. თუმცა, ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ ეს საკითხი მსოფლიოში არის უკრაინული საკანონმდებლო მაგალითი, რომელიც ევროკავშირის მიერ არის მოწონებული. უკრაინული კანონი ვენეციის კომისიაშია გაგზავნილი და უკრაინელები რიგ შენიშვნებს ელოდებიან. თუკი ოპოზიციასთან ჩვენც შევთანხმდებით, მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული კანონპროექტი იქცევა კანონად. უკრაინული კანონპროექტისგან განსხვავება ერთი რამ იქნება - უკრაინაში აღნიშნულ კანონზე პრეზიდენტი არის პასუხისგებელი, ხოლო საქართველოში პარლამენტი იქნება პასუხისმგებელი. სიმართლე გითხრათ, ეს კანონი ქართული სივრცისთვის რამდენად გამოსაყენებელი იქნება, ეს ცალკე საკითხია. მაგრამ, დეოლიგარქიზაცია 12 პუნქტის შემადგენელი ნაწილია და ევროკავშირისგან იყო დაყენებული, ამიტომ ჩვენ ევროპარლამენტის წინაშე პასუხისმგებლები ვართ. დანარჩენი საკითხის უმეტესი ნაწილი თითქის უკვე შესრულებულია.
დეოლიგარქიზაციის კანონის მიღების შემდეგ შეგიძლიათ გვითხრათ, ვინ შეიძლება მოექცეს ამ კანონის ფარგლებში?
- როდესაც მივიღებთ, ცხადია უნდა ამოქმედდეს კიდეც. პირველ რიგში, ეს კანონი ეხება იმ პირებს, ვინც 4 კრიტერიუმიდან სამს აკმაყოფილებს. ეს კრიტერიუმებია: 1. მედიის დაფინანსება და მედიასაშუალების ფლობა, 2. პირი რომელიც პოლიტიკურ პროცესებში და საზოგადოებრივ პროცესებში აქტიურად მონაწილეობს. 3. ეს არის მონოპოლიის ფლობა ეკონომიკაში და 4. ფინანსური შესაძლებლობები, რომელიც განისაზღვრება საარსებო მინიმუმის მილიონამდე ოდენობით. ოპოზიციას სურს, რომ ბიძინა ივანიშვილი მოხვდეს ამ კანონის არეალში, მაგრამ ის ვერანაირად ვერ მოხვდება, რადგან ის არც პოლიტიკურად არის აქტიური და არც მედია საშუალებას არ ფლობს. სამაგიეროდ, კანონი შეეხება კეზერაშვილს და კიდევ ბევრ პირს, რომელიც ოპოზიციას აფინანსებს.
ოლიგარქის სტატუსის მიღების გარდა სხვა სანქციები თუ არის?
- კანონპროექტის მიხედვით არის რეესტრი, სადაც პირი იქნება შეყვანილი. თუკი ის დაარღვევს მიღებულ კანონს, შემდეგ არის უკვე ჯარიმები.
ასევე ოპოზიცია ითხოვდა საარჩევნო სისტემის შეცვლას, რომელიც ხორციელდება და ინერგება ელექტრონული სისტემა, თუმცა ამაზეც პრეტენზია აქვთ, რატომღაც, ის, რასაც ითხოვდნენ, ახლა იწუნებენ...
- „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს ისეთი კანონპროექტი, რომელიც მათ არჩევნებში გაამარჯვებინებს. როდესაც ქვეყანა გადადის ისეთ საარჩევნო სისტემაზე, სადაც ელექტორატის 70% მოცული იქნება ელექტრონული არჩევნებით, იქ გამოირიცხება ნებისმიერი პროვოკაცია და გაყალბება. ცხადია, ეს მოდელი არ მოსწონთ. ყველგან ცდილობენ ბნელ ოთხში კატის მოძებნას, რომელიც არ არის. პირველი მოსმენის შემდეგ, კანონპროექტი გადაიგზავნება ვენეციის კომისიაში და ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ მათ შენიშვნებს, რომელიც იქიდან მოვა.