ჯეიმს კობმა ჯერ უნდა დაადგინოს, აქანავებს თუ არა სააკაშვილს

ჯეიმს კობმა ჯერ უნდა დაადგინოს, აქანავებს თუ არა სააკაშვილს

ექსპრეზიდენტს გადაადგილება უჭირს და ვერც საკვებს იღებს - დაცვის მხარე ერთიან სტრატეგიას ავითარებს, თუმცა უშედეგოდ. „ვივამედში“ განმარტავენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდომარეობა სტაბილურია, რაც კანონის შესაბამისად იძლევა იმის საშუალებას, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნას რუსთავის სასჯელაღსრულების სიტემაში, თუმცა იუსტიციის სამინისტრო ამ ეტაპზე არ ჩქარობს. ოჯახის მოთხოვნით „დაუძლურებულ“ სააკაშვილთან, ამერიკელი ექიმი, ჯეიმს კობი შევიდა.

ექს-პრეზიდენტის ბიძის მეგობარმა ექიმა, ორთოპედ-ტრავმატოლოგმა ახლა უნდა დაადგინოს აქანავებს თუ არა სააკაშვილს. სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ დასკვნას რამდენიმე დღეში დადებენ და საჭირო კვლევების ჩამონათვალს კლინიკა „ვივამედს“ მიაწოდებენ. ჯეიმს კობის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ სააკაშვილი პატიმრობაში მყოფი პაციენტია, მან უნდა მიიღოს საუკეთესო სამედიცინო მომსახურება. ექიმი კობის განცხადებით, გამოკვლევების შემდეგ გაირკვევა რა და სად უნდა ჩატარდეს.

„მე ის გავსინჯე. ბევრი რამ შეიძლება გაკეთდეს, მეტი სპეციალური კვლევაა საჭირო, მე შემიძლია დავნიშნო ეს კვლევები და შემდეგ ბევრი გზა არსებობს მოსაგვარებლად, ბევრი მისი პრობლემა განკურნებადი და სათანადოდ მოგვარებადია. მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პატიმრობაში მყოფი პაციენტი, მან უნდა მიიღოს საუკეთესო სამედიცინო მომსახურება. ამ გამოკვლევებზე მუშაობა მარტივია და შემდეგ დავგეგმავთ მკურნალობას. მიუხედავად იმისა, რომ ის არის პატიმრობაში მყოფი პაციენტი, მან უნდა მიიღოს საუკეთესო სამედიცინო მომსახურება“, - აღნიშნა ჯეიმს კობიმ.

ოჯახის წევრებისა და ადვოკატების პარალელურად, საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას თავად მიხეილ სააკაშვილი ავრცელებს. ამბობს, რომ ყველა შინაგანი ძალის მობილიზაციით იბრძვის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის, მაგრამ გულშემატკივრების სოლიდარობა მატებს მხნეობას და სულიერ სიმტკიცეს.

„მე ვიცი, რომ უსაზღვროდ ბევრი ადამიანი გულშემმატკივრობს საქართველოშიც, უკრაინაშიც და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, ამისთვის უზომოდ მადლობელი ვარ. მინდა იცოდეთ, რომ ყველა შინაგანი ძალის მობილიზაციით ვიბრძვი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის. თქვენი სოლიდარობა მმატებს მხნეობას და სულიერ სიმტკიცეს. როგორ სუსტადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვფიქრობ თქვენზე. თქვენდამი ჩემი სიყვარული აუცილებლად გადამარჩენს! კიდევ ერთხელ დიდი მადლობა უსაზღვრო რწმენის თქვენი, ღვთის და უკრაინის გამარჯვების! თქვენი მიშა“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

სააკაშვილი, რომ არაფრით განსხვავდება სხვა პატიმრებისგან და მასზე არ გავრცელდება პრივილეგიები, ამის შესახებ ღიად განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომლის განცხადებით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ მიხეილ სააკაშვილის, ისევე როგორც სხვა პატიმრების ჯანმრთელობა, დაცული იყოს. მთავრობის მეთაურის განცხადებით, არავინ უნდა იყოს პრივილეგირებული.

„მე ვიცი, რომ სახელმწიფო, ამ შემთხვევაში, იუსტიციის სამინისტრო აკეთებს ყველაფერს, რომ მისი ჯანმრთელობა და ასევე 9000 პატიმრების ჯანმრთელობა იყოს დაცული და არავინ უნდა იყოს პრივილეგირებული“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სარწმუნოდ არ მიაჩნია ირაკლი კობახიძეს, რომლის განცხადებით, სასჯელაღსრულების დაწესებულება არის პასუხისმგებელი თავიდან ბოლომდე იმაზე, რომ პატიმრის ჯანმრთელობაზე იზრუნოს და ეს გაგრძელდება, რადგან სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, ერთი წელია სააკაშვილი ციხეშია და ამდენივე დროა საუბარი მიდის, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის რადიკალურად გაუარესების საფრთხეა.

„ერთ წელზე მეტია, რაც მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება და იქიდან მოყოლებული, ყოველ დღე საუბრობენ იმაზე, რომ სიკვდილისა და ჯანმრთელობის რადიკალურად გაუარესების საფრთხეა და ა.შ. უკვე ერთი წელია ამაზე საუბარი მიდის და ხალხსაც მოაბეზრეს თავი.

ამ ყველაფერს არაფერი საფუძველი არ აქვს. სახალხო დამცველი შევიდა და ციხიდან დიაგნოზიც კი ვერ გამოიტანა. არის პოლიტიკური სპეკულაციები. თავიდან ბოლომდე სასჯელაღსრულების დაწესებულება არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ პატიმრის ჯანმრთელობაზე იზრუნოს და ეს გაგრძელდება, რადგან სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მოქმედი კანონდებლობით, ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობას უზრუნველყოფს შესაბამისი სამსახური და მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას. ანალიტიკოსის ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, კანონის მიხედვით სააკაშვილს უნდა მოექცნენ ისე, როგორც ექცევიან სხვა პატიმრებს, რადგან კანონი არ ჰყოფს პრივილიგირებულ და არაპრივილიგირებულ პატიმრებს.

„როგორც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და კიდევ ოპოზიციასთან დაახლოებული ცალკეული პირები ამბობენ, სააკაშვილი არის განსაკუთრებული პატიმარი და მათი მხარდამჭერები ამერიკაში, თუ ევროპაში ცდილობენ, რომ მას რაღაცა განსაკუთრებული სტატუსი შეუქმნან. შეიძლება, რაღაცა დაუწერელი კანონის მიხედვით ასე იყოს, მაგრამ ჩვენი კანონმდებლობა არ იცნობს ასეთ პუნქტს, რომ სააკაშვილი იქნება, მარგველაშვილი, თუ სხვა პრეზიდენტი, რომელიც შეიძლება მოხვდეს ციხეში, ის სარგებლობდეს რაღაცა განსაკუთრებული სტატუსით და პრივილეგიებით. მე ვეთანხმები პრემიერის განცხადებას, რომ პრივილიგირებული პატიმრები ქვეყანაში არ არსებობენ.

არავის არ აქვს საშუალება გადაამოწმოს ის ინფორმაცია, რასაც ამბობს სააკაშვილის მშობელი, მისი ოჯახის წევრები და ადვოკატები. გამოდის, რომ ჩვენ მათ სიტყვაზე უნდა ვენდოთ. არადა სააკაშვილის მდგომარეობის გაუარესობის თემა უკვე მესამედ, თუ მეოთხედ წამოწიეს წინ, რადგან წინა მცდელობები წარუმატებლად დამთავრდა. ვფიქრობ, რომ მორიგი ტალღა ააგორეს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და კიდევ კაციშვილმა არ იცის გაუარესდა, თუ არა“, - აცხადებს ზაალა ანჯაფარიძე.

შესაბამისად, როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, კარგი იქნება თუ თავად იუსტიციის სამინისტრო შექმნის ექიმების კონსილიუმს და ბოლოს და ბოლოს, საზოგადოებას მიაწვდიან ინფორმაციას სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ. მისი თქმით, კანონის შესაბამისად, პაციენტის ნებართვის გარეშე მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება დაუშვებელია, რაც მეორე მხარეს სპეკულაციის საბაბს აძლევს.

„სააკაშვილის მდგომარეობა რომ მართლაც კრიტიკული იყოს, თავად ხელისუფლება იქნებოდა დაინტერესებული კონკრეტული ზომები მიეღო ამისთვის, ხელისუფლების ინტერესებში არ შედის სააკაშვილის გარდაცვალება, ან კრიტიკულ მდგომარეობაში ჩავარდნა. როგორც მე ვკითხულობ, მისი მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება. ერთადერთი მოტივი, რატომაც ვრცელდება ეს ინფორმაცია არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილი როგორმე გაიყვანონ ციხიდან და საქართველოდ, წავიდეს პოლონეთში, ან აშშ-ში, ფრთები დაიბერტყოს, აზრზე მოვიდეს, ჩადგეს ფორმაში და მერე ხელახლა დაუბრუნდეს იმ საქმიანობას, რისთვისაც შემოიპარა საქართველოში, თუკი ამის სურვილი ისევ ექნება.

თუმცა, მე რატომღაც მგონია, რომ მისი ვაჟი, რომელსაც არანაირი სურვილი არ უნდა ჰქონოდა ტყუილი ეთქვა საზოგადოებისთვის, შეიძლება მართლაც სურდეს, რომ პოლიტიკას თავი დაანებოს სააკაშვილმა. მაგრამ მისი ხასიათიდან გამომდინარე, არ მგონია, რომ ეს უნდოდეს. უბრალოდ, მას უნდა, რომ ციხიდან როგორმე გააღწოს და მერე ახალ წრეზე წავიდეს. ერთ რაღაცას მინდა მიქციოთ ყურადღება - უკვე, სააკაშვილის მომხრეებიც კი ლაპარაკობენ იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი არ იქცევა ისე, როგორც უნდა იქცეოდეს ლიდერი. ანუ, სააკაშვილის ფაქტორის აქტუალობა ნულის დონეზე დავიდა. „ნაცმოძრაობის“ მომხრეებშიც კი, უკვე სააკაშვილის ფაქტორი გახუნდა. ასე რომ არ ყოფილიყო, გარწმუნებთ, რომ მისი განთავისუფლების მოთხოვნით საქართველოში მრავალრიცხოვანი მიტინგები გაიმართებოდა. ჩემს ცხოვრებაში პირველად დავეთანხმე ნიკა გვარამიას, რომელმაც განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტი კვდება და ხალხი დუმსო. ეს არის იმის ინდიკატორი, რომ საზოგადოება და მათ შორის „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერი ნელ-ნელა კარგავს სააკაშვილის ფაქტორის მიმართ ინტერესს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძემ.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ერთადერთი მოტივი, რატომაც დაცვის მხარე საუბრობს სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებაზე, არის ის, რომ გაიყვანონ ციხიდან. მისი თქმით, დაცვის ამ სტრატეგიით სააკაშვილის პოლიტიკური კარიერა იხურება, რადგან ავადმყოფ ადამიანებზე პოლიტიკური იმედების დამყარება შეუძლებელია.

„ეს დიდი მსხვერპლი არის სააკაშვილის და თვითონ მისი მხარდამჭერების მხრიდან. შეიძლება ვერ ხვდებიან, მაგრამ რეალურად ამისკენ მიჰყავთ პროცესი. ამის ერთადერთი გამართლება შეიძლება იმით, რომ შეიძლება მართლაც იმედი აქვთ, რომ თუ გაიყვანენ საქართველოდან, მერე შეძლებენ გათავისუფლებას. მაგრამ არ ვიცი ეს არის მისი გულშემატკივრების პოზიცია, თუ ახლობლების.

გვახსოვს, რომ სააკაშვილის ბიძამ, თემურ ალასანიამ მოითხოვა იბრძოლეთ მისი განთავისუფლებისთვისო და შეიძლება ეს როგორც ბრძოლის ერთ-ერთი ვარიანტი, მისთვისაც მისაღები იყოს, როგორც მისი განთავისუფლების ვარიანტი. მაშინ, სავარაუდოა, რომ ამ ვარიანტის უკან გარკვეული ფინანსური სტიმულებიც იკვრება და შესაბამისად, შეიძლება ეს მოთხოვნები ანაზღაურებადი იყოს და არა მარტო სააკაშვილის გადარჩენის მოტივი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.