რუსების გამოქცევა თავიანთი სამშობლოდან - ეს ის იშვიათი შემთხვევა ხომ არაა, როცა რუსეთის და უკრაინის პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა?! ანუ პუტინსაც აწყობს გაქცეულთა მოშორება და უკრაინასაც?! პუტინი ამით იშორებს კრიტიკულ მასას, რომელიც მის პოლიტიკურ კურსს არ ეთანხმება, ხოლო უკრაინელებს არ სურთ, რუსეთის არმიას ბევრად მეტი ჯარისკაცი დაემატოს, ამიტომაც უხარიათ რუსების გაქცევა რუსეთის ტერიტორიიდან.
ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ, სავარაუდოდ, პუტინს არ აწყობს რუსების მიერ საკუთარი ქვეყნის დატოვება, რადგან ამ ხალხის უმეტესობა შუა ფენაა, რომლებიც კომპანიებს ფლობდნენ, შემოსავლები ჰქონდათ. მართალია, დიდი შემოსავლები არ ჰქონიათ, ოლიგარქებს ვერ გაუტოლდებოდნენ, მაგრამ იხდიდნენ გადასახადს რუსეთის ბიუჯეტში. ამდენად, მათი სახით პუტინი კარგავს სოლიდური გადასახადების გადამხდელებს.
„მაგალითად, IT სპეციალისტების უმეტესობა რუსეთიდან უკვე გავიდა. წარმოიდგინეთ, პუტინს IT სპეციალისტები როგორ სჭირდება. თუ მას უნდა, ომი აწარმოოს დასავლეთთან, მაშინ IT სპეციალისტები დასჭირდება. არა მარტო IT სპეციალისტები, არამედ ეკონომიკის განსავითარებლად სჭირდება გამოცდილი ადამიანები, ეკონომიკის ფუნქციონირება დღეს ინტელექტუალური კადრების გარეშე შეუძლებელია. ამით მცირე ბიზნესი დაზიანდება. დარწმუნებული ვარ, კრემლს არ აწყობს რუსეთის მოქალაქეების მიერ საკუთარი ქვეყნის დატოვება, მაგრამ, მეორე მხრივ, შეიძლება, ურჩევნია კიდეც პუტინს იმ ადამიანების მოშორება, ვინც მას ბოლომდე დამორჩილებული არ ჰყავს და ვინც მხარს არ უჭერს. შეიძლება, აწყობს კიდეც, ეს ადამიანები მოშორდნენ რუსეთიდან, ვიდრე ქვეყნის შიგნით მეხუთე კოლონა გაუჩნდეს“, - აცხადებს კახა გოგოლაშვილი for.ge-სთან საუბრისას.
მისი აზრით, ცალსახა სიტუაცია არასდროს არ არის. ასე რომ, ერთი მხრივ, პუტინს აწყობს, ეს ადამიანები მოიშოროს, მეორე მხრივ, რუსეთის ეკონომიკა ამით ზარალდება. გარდა ამისა, რუსეთის, როგორც ქვეყნის, იმიჯი ზიანდება. თუ ეს ხალხი გარბის, ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრ რუსს არ სურს ომი უკრაინასთან. ამით პუტინის ომს ლეგიტიმაცია ეკარგება. იმ რუსებს, რომლებიც თავიანთი სამშობლოდან გარბიან, ნათესავები ჰყავთ, გავლენა აქვთ მოსახლეობის სხვა ფენებზე. ამით რუსეთში დარჩენილი ხალხი დაფიქრდება, რატომ გარბის ამდენი ადამიანი? რატომ არ უნდათ ომში მონაწილეობა? ე.ი. მთლად პატრიოტული ომი უკრაინის ომი არ ყოფილა. საბოლოო ჯამში, პუტინის გეგმებს რუსი ხალხის ქვეყნიდან გაქცევა უფრო აზიანებს.
მით უმეტეს, საერთაშორისო ასპარეზზეც გამოჩნდა, რომ რუსეთი კონსოლიდირებული არ არის, იქ აზრი გაყოფილია და ბევრ ადამიანს არ სჯერა რუსეთის მთავრობის პროპაგანდის.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ფიქრობს, რომ რუსი მიგრანტების გაჩენა შესაძლებელია, ასეთნაირადაც იყოს გაგებული, რომ პუტინსაც აწყობს რუსების გაქცევა და უკრაინასაც, მაგრამ აქ კიდევ ერთი საკითხია, წესით, უკრაინელებს არ უნდა აწყობდეთ უკმაყოფილო ხალხის რუსეთიდან წასვლა. თეორიულად, ეს ხალხი ხომ პრობლემებს შეუქმნიდა პუტინს რუსეთში დარჩენის შემთხვევაში და უკრაინაში საომრად გაწვევას გააპროტესტებდა? იქნებ, ამით რუსეთში უკმაყოფილოთა განწყობა გაძლიერებულიყო და დაახლოებით ისე მომხდარიყო, როგორც დაღესტანში, როცა უკმაყოფილების გამო დაღესტანში შეაჩერეს გაწვევა.
„უკრაინელებს რა უფრო აწყობთ, ძნელი სათქმელია, მაგრამ პუტინს რომ ლოიალური დამოკიდებულება აქვს რუსეთიდან წასულთა მიმართ, ესეც ფაქტია. მას ურჩევნია, კრიტიკულმა მასამ დატოვოს რუსეთი. რაც შეეხება საქართველოს, რასაკვირველია, რუსეთიდან წამოსული ხალხი უნდა მივიღოთ, მაგრამ აქაც უნდა ვიმოქმედოთ მოქმედი სამართლის ფარგლებში. რაღაც სიგიჟე რომ თქვეს „ნაცებმა“, 1000 ლარი დავუწესოთ დეზერტირ რუსებსო, ეს აბსურდია, უფრო მეტიც, ამორალურია. ეს დისკრიმინაციაა, რომ 1000 ლარი რუსებს გადაახდევინო და სხვას არა, მაშინ უნდა გადახვიდე ფაშიზმზე და თქვა, რომ რუსი სიცოცხლის ღირსიც არ არის. ეროვნული ნიშნით ადამიანების განსხვავება ფაშიზმია“, - აცხადებს ჩვენთან საუბრისას დავით ზარდიაშვილი.
მისივე მოსაზრებით, გამაოგნებელია, რომ „ნაცები“ თან თავს დებენ პროდასავლურობაზე, თან იძახიან, რომ იმის გამო, რომ ადამიანი რუსია, სიცოცხლის ღირსი არ არის. ანალიტიკოსის აზრით, არავინ არ გარბის საკუთარი ქვეყნიდან, თუ კარგი პირობები აქვს. გამოქცეული რუსები მძიმე მდგომარეობაში არიან. ანალიტიკოსის აზრით, რუსი მიგრანტების ნაკადის გამო თუკი პუტინისგან საფრთხე დაემუქრება საქართველოს, მაშინვე საზღვარი უნდა დავკეტოთ. ჯერჯერობით მსგავსი საფრთხე არ არსებობს.