შრომის ინსპექციას უახლოეს პერიოდში აღადგენენ

შრომის ინსპექციას უახლოეს პერიოდში აღადგენენ

საქართველოში შრომის უსაფრთხოების პირობები თავის ნებაზეა მიშვებული. სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და გაერთიანებული პროფკავშირები მთავრობას მოუწოდებენ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ამ საკითხს.

მიუხედავად შრომის კოდექსში შესული ცვლილებებისა, შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით მდგომარეობა უკეთესობისკენ არც საკანონმდებლო დონეზე შეცვლილა. ნანუაშვილი მთავრობას, კანონმდებლობის დახვეწის გარდა, ურჩევს შეიქმნას შრომის პირობების მონიტორინგის სამსახური.

სახალხო დამცველის მოადგილე პაატა ბელთაძე კი აღნიშნავს, რომ შრომის კოდექსში შესული ცვლილებების მიუხედავად, უსაფრთხოებისა და დასაქმებულთა ჯანმრთელობის პირობების საკითხი ღიადაა დატოვებული. სწორედ ამიტომ, სახალხო დამცველი მთავრობას მოუწოდებს, კანონმდებლობის დახვეწის მომდევნო ეტაპზე ყურადღება შრომის უსაფრთხოების რეგულაციებს მიაქციოს, რომლებსაც დღემდე მხოლოდ დეკლარაციული ხასიათი აქვს:

„შრომის კოდექსში საუბარია, რომ დამსაქმებელი ვალდებულია შექმნას უსაფრთხო გარემო, მაგრამ არ არის განმარტებული, თუ რა შეიძლება იყოს შედეგი არასათანადო სამუშაო პირობების შექმნისა და უსაფრთხოებაზეც არანაირი კონტროლი არ ხორციელდება. საქართველო კი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრ 182 ქვეყანას შორის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც შრომის ინსპექცია ან სხვაგვარი, მსგავსი ფუნქციების მქონე სამსახური არ არსებობს“, - აღნიშნავს პაატა ბელთაძე.

გარეთიანებული პროფკავშირები ვითარებას საგანგაშოს უწოდებს: „საქართველოში არიან დამსაქმებლები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ თუკი დასაქმებულს თავზე დამცავი ჩაფხუტი დაახურეს და უნიფორმა ჩააცვეს, ამით შრომის უსაფრთხოების პრობლემები გადაჭრეს. ეს, რასაკვირველია, არ არის სწორი. დამსაქმებლები ხშირად არ ითვალისწინებენ გარემო პირობებს, საველე პირობებში მუშაობის სირთულეს და სხვა... 

შრომის უსაფრთხეობა ისეთი საკითხია, რომელიც ამომწურავად უნდა იყოს კანონით დარეგულირებული. საქართველოში კი ხდება ის, რომ არათუ ამომწურავად, საერთოდ არ არის შრომის უსაფრთხოების საკითხები საკანონმდებლო კუთხით დარეგულირებული. დამსაქმებლები ამ საკითხს ან საკუთარი შეხედულებისამებრ უდგებიან ან საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას”, - აცხადებენ პროფკავშირებში.

იმის გამო, რომ შრომის უსაფრთხოების პრობლემის მოგვარება ფინანსურად თითქმის ყველა ტიპის საწარმოში მნიშვნელოვან ხარჯებთან არის დაკავშირებული (შესაძენია სათანადო ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებები. საჭიროა მონიტორინგის შესაბამისი პერსონალი), ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, ბიზნესის წარმოების ხარჯებზე აისახება. სწორედ ამიტომ, საქართველოს წინა ხელისუფლების დროს დამსაქმებელები თავს არ იწუხებდნენ ზედმეტი ვალდებულებებით იმ შემთხვევაშიც კი, თუკი დანახარჯების შემცირებით ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა დგებოდა საფრთხის ქვეშ. 

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, 2007 წლიდან მოყოლებული შეისწავლა შრომის უსაფრთხოების საკითხი და სათანადო სტატისტიკური მაჩვენებლებიც მოიძია. როგორც სტატისტიკიდან ჩანს, საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მეტი საწარმოო შემთხვევა 2010 წელს დაფიქსირდა. 3 წლის წინათ სამუშაო ადგილებზე 81 ადამიანი გარდაიცვალა, 168 დასაქმებული კი მძიმედ დაშავდა. ეს წელი შრომის უსაფრთხოების კუთხით უდავოდ განსაკუთრებით მძიმე იყო. 2012 წელს საწარმოო შემთხვევების შედეგად 29 გარდაიცვალა და 136 დაშავდა. 

„საქართველოში შრომის უსაფრთხოების პრობლემას ემატება ისიც, რომ ჩვენს ქვეყანაში უკვე წლებია აღარ არსებობს შრომის ინსპექცია. წინა ხელისუფლების დროს შრომის ინსპექციის აღდგენა იყო ერთგვარი „თემა საფრთხობელა“. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ შრომის ინსპექცია იყო კორუმპირებული სტრუქტურა და მისი ხელახლა ამოქმედება კორუფციის ხელშეწყობას ნიშნავდა. თუკი ბოლო წლებში ჩვენს ქვეყანაში ყველაზე დაბალრეიტინგიანი და ყველაზე კორუფციული ორგანოს -  პოლიციის - რეფორმირება მოხერხდა, რატომ არ შეიძლებოდა შრომის ინსპექციის სტრუქტურის რეფორმირება?! მით უმეტეს, რომ ამ ორგანოს საჭიროება აშკარაა და ევროკაშირი და ამერიკის მთავრობაც თავისი რეკომენდაციებით შრომის ინსპექციის აღდგენაზე ყურადღებას ყოველთვის ამახვილებდა“, - აცხადებენ პროფკავშირებში.

სახალხო დამცველი მთავრობას ასევე ურჩევს შეიქმნას შრომის უსაფრთხო გარემოს მონიტორინგზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ინსტიტუტი. პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გუგული მაღრაძის ინფორმაციით, ასეთი ორგანოს ჩამოყალიბება უახლოეს ხანებშია დაგეგმილი. ამ ორგანოს სწორედ კონკრეტულ საწარმოში შრომის პირობების შემოწმება დაევალება.