ნაციონალები თოფურიძეს სუს-თან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ

ნაციონალები თოფურიძეს სუს-თან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ

ყოფილი ხელისუფლების წევრები ერთმანეთს კომპრომატებით ემუქრებიან. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ახლა სუს-ის დაკვეთით მოქმედებს. მსჯავრდებულმა სოსო თოფურიძემ, რომელიც 2012 წლიდან ძებნაშია, ისევ ბრალმდებლის იმიჯი მოირგო და ტრადიციულად, მტკიცებულებების გარეშე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ბრალი დასდო კორუფციაში და აღნიშნა, რომ ნიკა მელია სუსტი აღმოჩნდა და ის დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგეს. თუ მელიას გამო პარტიაში წელიწადში მილიონნახევარი ლარი იფლანგება, კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ვალდებულია მტკიცებულება წარადგინოს, თუმცა მტკიცებულის გასაჯაროვებას არ აპირებს.

ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სოსო თოფურიძე რამდენიმე წელი თურქეთს აფარებდა თავს, შემდეგ კი ბულგარეთში გადავიდა. 2019 წელს თხოვნით მიმართა ლტოლვილთა სახელმწიფო სააგენტოს, მისთვის ლტოლვილის სტატუსი მიენიჭებინათ, მაგრამ სააგენტოდან უარი მიიღო, მიზეზად დასახელდა ის, რომ არ არსებობდა რამე მტკიცებულება, რომ მას მართლაც სდევნიდნენ.

ბოლო ინფორმაციით მსჯავრდებული თოფურიძე საბერძნეთში იმყოფება. სწორედ საბერძნეთში იმყოდება კუდ-ის კიდევ ერთი მაღალჩინოსანი დათა ახალაია. 10-წლიანი ლოდინის შემდეგ გააქტიურებული თოფურიძე სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს. ის ამჯერადაც „ნაციონალურ მოძრაობას“ აკრიტიკებს და მტკიცებულების გამოქვეყნებით ემუქრება.

„ნაცვლად სიმართლისა, წარმოუდგენელი ისტერიკა მოაწყვეს და სულ უფრო მეტი დაბნეულობა შემოიტანეს საზოგადოებაში! გამოცდილმა პოლიტიკოსმა, ბატონ რომან გოცირიძემ, კარგად აღნიშნა, რომ ხომ შეიძლება მე მცდარი ინფორმაცია დამეწერა ფეისბუკში? დეპუტატების არაფრისმთქმელი, უაზრო ისტერიკა რა საჭირო იყო?! ჩემს გადაგდებულ ანკესზე, ჯერ პარტიის თავმჯდომარე წამოეგო და შემდეგ რამდენიმე პოლიტიკოსი! კი, ბატონო! „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ელოდოს ჩემგან ბადის სტყორცნას! დაპირისპირება მიღებულია! ვინ, ვის მართავს, საზოგადოება მალე გაიგებს!“, - წერს სოსო თოფურიძე.

სოსო თოფურიძის ბრალდებას არასერიოზულად აღიქვამენ „ნაციონალურ მოძრაობაში“ და მიაჩნიათ, რომ თოფურიძე უნდა ჩამოვიდეს საქართველოში და პროკურატურის კითხვებს უპასუხოს. თოფურიძეს ციხიდან უპასუხა „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, რომლის განცხადებით, საზოგადოება ყველა ბრალდებას დუმილით ხვდება.

„საოცარი სურათია: მიშა კვდება და ერი დუმს, ნობელიანტს კვალიფიკაციას უწუნებენ და ერი ისევ დუმს, „მთავარი არხი“ რეგიონებში „იმედს“ უგებს, ამ დროს „მთავარი“ სულს ღაფავს, „იმედი“ ფულში იხრჩობა, ერი აქაც დუმს. ევროპული ფონდები კრიტიკულ არხებს ფულს არ აძლევენ (მერე უკვირთ, რუსეთთან საინფორმაციო ომში 10:0 რომ მარცხდებიან), სოსო გოგაშვილი ციხიდან უსტარს უსტარზე აგზავნის, ივანიშვილს ამხელს და თავის 15-მილიონიან ქონებას იცავს. სოსო თოფურიძე ისევ „ყველა ციხეში“-ს გაკივის და ოპოზიციას ამხელს. გამაოგნებელი ამბები. გამაოგნებელი დუმილი. გამაოგნებელი სიბეცე. რა კარგია ციხეში ყოფნა,“ - წერს ნიკა გვარამია.

თოფურიძეს ლექსიკას უწუნებს ხატია დეკანოიძე და თვლის, რომ არავითარ მორალური, ზნეობრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ უნდა ჰქონდეთ გარკვეულ ადამიანებს ისაუბრონ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერშიპზე, მათ შორის სოსო თოფურიძეს. მისი თქმით, ამ ადამიანებს არ უნდა დაავიწყდეთ საკუთარი პასუხისმგებლობა იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რაც იყო სისტემაში წინა ხელისუფლების დროს და მათ უნდა ახსოვდეთ საკუთარი პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით, რის გამოც „ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წლის შემდეგ აღარ არის ხელისუფლებაში.

„რაც შეეხება ახლა წამოტივტივებული ადამიანების სოციალურ ქსელში გავრცელებულ სტატუსებს, მინდა, მათ ვუთხრა და შევახსენო, რომ ყველა იმ ადამიანის უშუალო პასუხისმგებლობაა ის, რომ 2012 წლის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არის ხელისუფლებაში და ათი წლის განმავლობაში ამ რეჟიმთან გვიწევს ძალიან მძიმე მდგომარეობაში ყოფნა, ნუ ავიწყდებათ, რომ ამ ადამიანების პასუხისმგებლობა არ არის თითქოს სახელმწიფოს წინაშე. ნიკა არის ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა პარტიისთვის და მოვიდა ძალიან რთულ დროს, იცით ეს ეპოპეა როგორიც იყო - დაკავება, ზეწოლა, წნეხი და ახლა სუს-ის მიერ მართული პროცესით ნამდვილად გულშემატკივრების მანიპულირება არის ძალიან ცუდი“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ლევან ბეჟაშვილი ძებნილ თოფურიძეს ურჩევს თავისი პირადი საქმეებით დაკავდეს, რადგან მელიას ხარჯებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია შეუსაბამოა რეალობასთან.

„სოსო თოფურიძის მიზანი და მოტივი გაუგებარია. სოსო თოფურიძე 9 წლის განმავლობაში არც საქართველოთი დაინტერესებულა, არც პარტიით, არც პოლიტიკით და ახლა, პარტიისთვის ყველაზე მნიშვნელოვან დროს, როცა პრაქტიკულად სუს-ის ნარატივით ხდება პარტიისა და ნიკა მელიას წინააღმდეგ ფეისბუქკამპანიის აგორება, მისი მიზნები, მოტივები გაუგებარია. ერთი დასკვნა შეიძლება არსებობდეს, რომ სუს-ის ყოფილი თანამშრომელი არ არსებობს და რეალურად, მისი განცხადებები სწორედ სუს-ის ნარატივის გაგრძელებას ემსახურება. სჯობს, სოსო თოფურიძე თავისი პირადი საქმეებით დაკავდეს“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.