საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს ლინას ლინკევიჩიუსს შეხვდა. ორმხრივი შეხვედრა ლიტვაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. საგარეო უწყებაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები, ქვეყანაში არსებული შიდა პოლიტიკური ვითარება, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივები და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
"განვიხილეთ ჩვენი ქვეყნების ურთიერთობები - როგორც პოლიტიკური, ასევე დიპლომატიური, რომელიც არის უმაღლეს დონეზე. ლიტვა მხარს უჭერს საქართველოს სრულ ინტეგრაციას ევროპაში და ნატოში. ეს მხარდაჭერა არის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით როდესაც ლიტვა ევროსაბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა გახდა. განვიხილეთ როგორც შიდა პოლიტიკური, ასევე რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები. მინდა აღვნიშნო, რომ გვაქვს მყარი მხარდაჭერა ჩვენი ლიტველი პარტნიორებისგან, რომ საქართველოს ინტეგრაცია კიდევ უფრო დინამიურად განვითარდეს და გაღრმავდეს ურთიერთობები ევროკავშირსა და საქართველოს შორის."
თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას ხელმძღვანელობით ლიტვაში ოფიციალური ვიზიტით 1 ივლისს გაემგზავრა. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა შეხვედრები გამართა თავდაცვის სამინისტროში, სამხედრო აკადემიაში, ლიტვის პარლამენტში და სიტყვით გამოვიდა "აღმოსავლეთ პარტნიორობის" კონფერენციაზე.