„იმისთვის, რომ უკანონო, შავი ფული ქართული პოლიტიკიდან გაქრეს, ამას დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება კი არა, სამართლებრივი ზომების მიღება სჭირდება. სად არის სამართალდამცავი სისტემა, როცა ნაძარცვი ფულით კეზერაშვილი ყველა ნაცპარტიას აფინანსებს? ინდივიდუალურადაც აფინანსებს „ნაცებს“, როგორც ამბობენ, 15-ათას ლარიანი ხელფასით ნაყიდი ჰყავს ლევან ხაბეიშვილი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბარში ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი.
ვის მოარგონ ოლიგარქის სტატუსი, ამაზე პოლიტიკური სპექტრი ვერ თანხმდება. პოლიტიკური გემოვნების მიხედვით, ვისთვის ბიძინა ივანიშვილია ოლიგარქი, ვისთვის დავით კეზერაშვილი, რომელიც ოპოზიციური ტელეარხების ერთ-ერთი მთავარი დონორია. ვინ არის ოლიგარქი, ეს დილემა შესაძლოა, დეოლიგარქიზაციის კანონმა გადაჭრას, რომელიც უკრაინული მოდელის მიხედვით შემუშავდება და, წინასწარი კონტურებით, ოლიგარქის სტატუსის მქონეთა ბადეში დავით კეზერაშვილი გაებმება. რამდენად დააზარალებს ოპოზიციას დეოლიგარქიზაციის კანონი და გაიშიფრება თუ არა მათთვის მიცემული შავი ფული?
- სამართლის ფარგლებში და სამართლის ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, კეზერაშვილს ისედაც აკრძალული აქვს ნაძარცვი შავი ფულით პარტიების დაფინანსება. არსებობს პარტიების შესახებ, ან მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონი და იქ ნათქვამია, რა ფარგლებში შეუძლია კერძო ან იურიდიულ პირს პარტიის დაფინანსება. კეზერაშვილის შემთხვევაში ეს დარღვეულია. მისი შავი ფული კრიმინალური წარმომავლობის, უკანონო ფულია და მე საერთოდ ვერ გამიგია, ჩემს თავსაც ვეკითხები და პროკურატურასაც, აქამდე რატომ არ მოხდა კეზერაშვილის მიერ საქართველოში წარმოებული ფინანსური ოპერაციების შეზღუდვა?! უფრო მეტიც, რატომ არ ხდება სასამართლოს სათანადო გადაწყვეტილებით კეზერაშვილისგან შემოტანილი ფულის კონფისკაცია, რომელიც საქართველოში ტრიალებს და ეს ნაძარცვი ფულია?! ამას დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება კი არ უნდა, არამედ სამართლებრივი ზომების მიღება სჭირდება, რომ უკანონო, შავი ფული პოლიტიკიდან გაქრეს.
თავის დროზე შავი ფული რომ ქართული პოლიტიკიდან გამქრალიყო, სააკაშვილსაც აღარ გაუხანგრძლივდებოდა ქართულ პოლიტიკაში უცხოეთიდან ჩარევა.
- რა თქმა უნდა, არც სააკაშვილი ჩაერთვებოდა ქართულ პოლიტიკაში და, თუ ამას დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება წაადგება, შეიძლება ვიფიქროთ ამ კანონზეც, რომ აი, კეზერაშვილი კრიმინალად გამოვაცხადეთ, მაგრამ ვერაფერი მოვუხერხეთ, მოდით, ახლა ოლიგარქად გამოვაცხადოთ და იქნებ, მერე ევროპელებმა გაგვიგონ და რამე მოვუხერხოთ. ეს ძალიან გულუბრყვილო და მავნე ლოგიკაა, სამართლებრივ გზას ასე ავცდებით. საერთოდ, დეოლიგარქიზაცია, როგორც ტერმინი, ყოველგვარ სამართლებრივ შინაარსს მოკლებულია, ეს აბსურდული ტერმინია. თუ ადამიანს დანაშაული, კანონდარღვევა არ ჩაუდენია, მხოლოდ ბევრი ფული აქვს და ცდილობს ამ ბევრი ფულის გამოყენებით გავლენები მოიპოვოს, ეს ნებადართული საქმიანობაა, ეს დანაშაულად და კანონდარღვევად არ მიიჩნევა. ამიტომ რა მიზანი აქვს ამ კანონს, არ მესმის. მითხარით ერთი ევროპული ან თუნდაც არაევროპული ქვეყანა, გარდა ამ ყბადაღებული უკრაინისა, რომელსაც მსგავსი კანონი აქვს.
მედიაზე ზეგავლენა, პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე გავლენის მოხდენა, მონოპოლისტური საქმიანობა, - ეს არის ოლიგარქის მახასიათებლები.
- ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც აქვს ჭარბი რესურსი, ვთქვათ, ფული, შეუძლია საზოგადოებაზე გავლენის მოხდენა, ან ადამიანს თუკი ფული არ აქვს, გონება აქვს, ან სოციალური კაპიტალი აქვს.
როგორც თქვენ ამბობთ, ასე ილია ჭავჭავაძეც ახდენდა ზეგავლენას საზოგადოებრივ აზრზე და შეეძლოთ მისთვისაც მიესადაგებინათ ოლიგარქის კანონი?
- კი ბატონო, ვინმემ სამართლებრივი სახელმწიფოს მაგალითი დამისახელოს ახალ დროში. ახლა ძველ საბერძნეთში ნუ წავალთ, იმიტომ, რომ იქ ოსტრაკიზმის წესი მოქმედებდა, ვისაც ჭარბი გავლენა ჰქონდა, იმას საერთოდ აძევებდნენ ათენიდან. იმ ბარბაროსობას ნუ გავიმეორებთ, რაც მიუღებელია. დღეს არ არსებობს არც ერთი სამართლებრივი ქვეყანა, რომელიც ადამიანების ჭარბ გავლენას ებრძვის, თუკი ეს გავლენა კანონიერია. ეს დაახლოებით იგივეა, რასაც აკეთებდნენ ბოლშევიკები, განკულაკება რომ გამოაცხადეს, ვისაც ბევრი აქვს, უნდა წავართვათო. რა მნიშვნელობა აქვს, ფული აქვს ბევრი, თუ გავლენა, უნდა წავართვათ. ეს აბსურდია, ამ გზაზე სიარული არ შეიძლება. ერთ-ერთი მიზანი ამ კანონის მიღების არის ის, რომ 12-პუნქტიანი გეგმა შესრულდეს. სხვა რაიმე ვერსია, გარდა უკრაინულისა, არ არსებობს დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით. ჩვენმა პარლამენტარებმა ეს უნდა იცოდნენ. ვცდილობდი, ამის პრეცედენტი მეპოვა, მაგრამ ასეთი რამ ბუნებაში არ არის, რადგან ეს არის ანტისამართლებრივი შინაარსის.
ფაქტია, ოპოზიცია ცდილობდა, დეოლიგარქიზაციის კანონი მოერგო ბიძინა ივანიშვილისთვის, მაგრამ ოლიგარქი-ოლიგარქის ძახილში საკუთარი დამფინანსებლები გამოააშკარავეს.
- სოციალურ-პოლიტიკური შინაარსი მიიღო დეოლიგარქიზაციაზე საუბარმა, რასაკვირველია, ეს გაამწვავა რუსეთ-უკრაინის ომმა, ოლიგარქების გავლენებზე ალაპარაკდნენ, მაგრამ, სინამდვილეში, სოციალური მოვლენაა ჭარბი გავლენის მქონე ადამიანები. ამ ადამიანებს მატერიალური თუ არამატერიალური აქტივი უკანონოდ თუ აქვთ მოპოვებული, მაშინ ისედაც უნდა გასწორდეს ეს უკანონობა სამართლის ფარგლებში. ხომ ფაქტია, რომ კეზერაშვილს ფული მოპარული აქვს? თუმცა არა მარტო მას აქვს ფული მოპარული, ეს გახლავთ „ნაცების“ მიერ ჩადენილი კოლექტიური დანაშაული. ვინ იყო კეზერაშვილი? კრიმინალური ფულის „ობშჩიაკის“ გამგებელი, ის განაგებდა ამ ფულს, მერე გაიქცა საქართველოდან, ის ფულიც წაიღო და შერჩა ხახვივით.
თქვენ ამბობთ, რომ კეზერაშვილის საქმე გამოძიებულ უნდა იყოს, მაგრამ იქნებ, არ უნდათ კეზერაშვილისგან მიშაზე გასვლა, რადგან კეზერაშვილი მარტო არ მიითვისებდა ფულს, სააკაშვილის ქონება კი ბოლო წლებში შთამბეჭდავად გაიზარდა-ფლორიდის სასახლე, კიევიდან 25 კილომეტრში მდებარე ვილა, რომელიც დედამ „აუშენა“...
- გეთანხმებით, შესაძლოა, სააკაშვილმაც დახარჯა „ობშჩიაკიდან“ ამ ფულის ნაწილი, მაგრამ ჯერჯერობით სააკაშვილი ციხეშია და ამ ფულს სრულად განაგებს კეზერაშვილი. „ნაცებში“ შიდა გარჩევები რომ არის, ეს ძალიან ჰგავს ქურდულ გარჩევებს, „ობშჩიაკს“ რომ ვინმე წაიღებდა და იმას პასუხს სთხოვდნენ და, პირიქით, ვისაც „ობშჩიაკი“ ჰქონდა, ის მიღებული კაცი იყო, გავლენიანი და ცდილობდნენ, მასთან კარგად ყოფილიყვნენ. როცა ანბანზეა საუბარი, ხომ არ შეიძლება, მარტო ანი გამოიყენო და ჰოემდე არ ჩახვიდე? როცა ამბობ, რომ კეზერაშვილი კრიმინალია, მას აქვს ნაძარცვი ფული, რასაკვირველია, ბოლომდე უნდა გაჰყვე ამ ლოგიკას და ზომები მიიღო, თორემ მარტო კრიმინალის ძახილი რას მოიტანს? სამართალი დარღვეულია, ეს შავი ფული მუშაობს საქართველოს პოლიტიკაში და მუშაობს ძალიან ცუდად. ყველა საფუძველია, რომ ეს აღიკვეთოს და, თუ ამას არ აკეთებ, შენ ამ დანაშაულს ხელს უწყობ.
გიგა ბოკერია ურჩევს კეზერაშვილს, ღიად შემოვიდეს ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ კეზერაშვილმა ღიად რომ ხარჯოს ფული, ეს მისთვის კონტრპროდუქტიული არ იქნება?
- ღიად როგორ უნდა ხარჯოს ასეთი გზით ნაშოვნი ფული? ამას ზღუდავს კანონმდებლობა. პარტიული ფინანსები შეზღუდულია პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონით. ჯერ ერთი, პარტიის მიერ მთლიანად წლის განმავლობაში დახარჯული თანხა არ უნდა აღემატებოდეს მთლიანი შიდა პროდუქტის 0,1%-ს, ახლა უკვე ამ თანხას ამცირებენ საკანონმდებლო ინიციატივით და ჩამოჰყავთ 0, 05%-მდე. მეორეც, პარტიას არ ეკრძალება გარკვეული ეკონომიკური საქმიანობა, მაგრამ შემოწირულობით თუ არსებობს პარტია, ამ შემოწირულობების ზღვრული რაოდენობა დადგენილია, კეზერაშვილს შეუძლია, წლის განმავლობაში პარტიას სადღაც 50 ათასი ლარის ფარგლებში შესწიროს. 50 ათასი ლარით კი რომელ პარტიას შეინახავ წლის განმავლობაში? ეს ხომ წარმოუდგენელია? ზუსტად ეს პრობლემაა, რომ კეზერაშვილს, როგორც ერთ კაცს, კანონით არ შეუძლია, საქართველოში პარტია შეინახოს. არავის არ შეუძლია ეს, არც ბიძინას. როცა გვესმის, რომ კეზერაშვილი პარტიას აფინანსებს, ე.ი. ეს თავისთავად მიანიშნებს, რომ ამით კანონი ირღვევა. რას ჰქვია პარტიას აფინანსებს? ვის აქვს ამის უფლება? ერთ კაცს ამის უფლება აქვს? თუკი აფინანსებს, ეს კანონის გვერდის ავლით ხდება. თუ შენ არ შეგიძლია, კანონი დაიცვა, მაშინ რამდენი დეოლიგარქიზაციის კანონიც არ უნდა მიიღო, რა აზრი ექნება?
ქართულ პოლიტიკაში ღიად შემოსვლას რომ ურჩევენ კეზერაშვილს, ეს რამდენად მორალურია იმის გათვალისწინებით, რომ კეზერაშვილი ერთხელ უკვე იყო პოლიტიკაში და თავისი უარყოფითი კვალი დატოვა? ის მომენტალურად გახდა მულტიმილიონერი და ეს ფული ახლა ინვესტირდება ქართულ პოლიტიკასა და პოლიტიკურ მედიაში.
- ქართულ პოლიტიკაში ის ვერ შემოვა, რადგან როგორც კი საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩნდება, იმ წუთასვე დააპატიმრებენ. მას მისჯილი აქვს, ის არის მსჯავრდებული, სასამართლოს განაჩენი გამოტანილია. კი ბატონო, შემოვა იმის შემდეგ, რაც სასჯელს მოიხდის. ძალიან მძიმე დანაშაული - 5 მილიონი ევროს მითვისება ბრალდება, ეს ფული მან ქართულ ჯარს მოპარა. რასაკვირველია, ეს არის პატარა ეპიზოდი კეზერაშვილის დანაშაულების ძალიან დიდი ჯაჭვისა.
ყოველ შემთხვევაში, ოპოზიციური სპექტრის ნაწილი, ელენე ხოშტარია და სხვები გაიშიფრნენ, რომ კეზერაშვილისგან ფინანსდებიან. გამოდის, ეს პარტიებიც ერთ დანაშაულებრივ რგოლში არიან ჩართულნი?
- ამით უნდა ინტერესდებოდეს აუდიტის სამსახურის სპეციალური სტრუქტურული ერთეული, რომელიც სწავლობს ასეთ საკითხებს. მოგელაძე ხომ გახსოვთ? ასეთი სტრუქტურული ერთეული დღესაც არსებობს, რომელიც პარტიების დაფინანსების კანონიერებას იძიებს. ცნობილი უნდა იყოს, რომელი პარტია რითი ფინანსდება. კეზერაშვილი ყველა ნაცპარტიას აფინანსებს. გარდა ამისა, ინდივიდუალურადაც აფინანსებს „ნაცებს“, ნაყიდი ჰყავს, მაგალითად, ლევან ხაბეიშვილი, როგორც იძახიან, ხაბეიშვილს 15-ათასიანი ხელფასი აქვს დანიშნული კეზერაშვილისგან. ამ დროს აუდიტის სამსახური სად არის? ან პროკურატურა სად არის? სამართალდამცავი სისტემა სად არის, როცა შავი ფული თავისუფლად ტრიალებს ქართულ პოლიტიკაში? ეს იწვევს მთლიანი პოლიტიკის კრიმინალიზაციას. როცა არაჯანსაღი, ნაძარცვი ფულით ხდება პარტიის დაფინანსება, ის უკვე პოლიტიკური პარტია აღარ არის. ის არის დანაშაულებრივი ბანდა, რომელსაც აქვს დანაშაულებრივი მიზანი. კეზერაშვილი სულელი ხომ არ არის, მოპარული ფული დაარიგოს? მას აქვს კიდევ უფრო ბოროტი მიზნები. ის ეწევა განგრძობად დანაშაულს, რად უნდა ამას დეოლიგარქიზაციის კანონი და გაურკვეველი სამართლებრივი ნორმები?
ამიტომაც აზომა ზურაბ „გირჩმა“ ჯაფარიძემ პარლამენტის ტერიტორია?
- დიახ, ამ ფულით აზომა და ამ ფულითვე აპირებენ რევოლუციის მოწყობას.
მელიამ არ გაამართლა კეზერაშვილის იმედები. ცალკე კეზერაშვილი ებრძვის მელიას, ცალკე - მერაბიშვილი, მიშა მდუმარებაშია მელიასთან მიმართებით. კიდევ რა უნდა გაეკეთებინა მელიას კეზერაშვილის ფულის საფასურად?
- მელია სხვანაირი მელიაა, მას მეტი ამბიცია აქვს, ვიდრე, ვთქვათ, ხაბეიშვილს. როგორც ჩანს, ფულს არ დახარბდა. მელიას პრეტენზია აქვს, რომ საქართველოს პირველი პირი გახდეს, კეზერაშვილის ფულისთვის ხელს არ გაისვრიდა. მანამდე იყენებდა ამ ფულს, რადგან ფული ინსტრუმენტი იყო მისთვის. მელია არ არის ხაბეიშვილი. ხაბეიშვილს ოღონდ ვინმემ ფული გადაუხადოს, იმისი გახდება. ივანიშვილმა რომ მისცეს ხვალვე ფული, აქეთ გადმოვა, 15 ათასს ხომ აძლევს კეზერაშვილი, 16 ათასი რომ მისცეს ბიძინამ, მისიანი გახდება, მაგრამ არ მისცემს ბიძინა ფულს.
კეზერაშვილ-მერაბიშვილს ახალი „ნაცმოძრაობა“ 2-ის შექმნა უნდათ?
- ეს არის ერთდროულად რამდენიმე საკითხის გარჩევა, ქურდული გარჩევების მსგავსი. „ნაცმოძრაობა“, როგორც პარტიული ორგანიზაცია ჩემთვის და ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანისთვის არც არასდროს არსებულა. ეს არის ტიპური კლიენტელა, თან კრიმინალური მიმართულების, რომელიც კორპორაციული კანონებითაა შექმნილი, მისი მიზანი ყოველთვის იყო არა პოლიტიკის კეთება და საჯარო სიკეთეების ქმნა, არამედ პირადი მოგება. ფული და ძალაუფლება, ამისთვის შეიკრიბა ეს ხალხი. ფულისა და ძალაუფლების ერთმანეთში განაწილება ქურდული ტრადიციებით ხდებოდა. ეგენი შეიძლება ამ დანაშაულშიც ვამხილოთ, რომ ეგენი არიან ქურდული ტრადიციების მიმდევრები.
ვინ მოიგებს ამ გარჩევებში - კეზერაშვილი, თუ მელიას გუნდი?
- რითი დამთავრდება და, რასაკვირველია, კეზერაშვილი მოიგებს ამ გარჩევებს, რადგან მის ხელშია ფინანსები. ადრე ეს პარტია იყო სააკაშვილის კლიენტელა, ანუ სააკაშვილის გარშემო სარგებლის მიღების მოლოდინში შეკრებილ ადამიანთა ჯგუფი. ახლა კეზერაშვილის გარშემო იქნება შემოკრებილი „ნაცების“ ერთი ნაწილი. ვინც ამ სარგებელს ვერ მიიღებს, დატოვებს პარტიას და თავის გზას ნახავს. მათ უნდოდათ დეოლიგარქიზაცია მიესადაგებინათ ბიძინა ივანიშვილისთვის, მაგრამ ბიძინა აქ არაფერ შუაშია, ის არის მდიდარი კაცი, რომელსაც არა მარტო ბევრი ფული, არამედ ჭარბი სოციალური კაპიტალი აქვს. მას ბევრი ადამიანი ენდობა არა მარტო საქართველოში, საქართველოს გარეთაც. ხელოვნურად ეს ჭარბი გავლენა რომ ჩამოართვა, რანაირად უნდა მოახერხო? თუ ამას ხელოვნურად გააკეთებ, პირიქით მოხდება, ბიძინას გავლენა კიდევ უფრო გაიზრდება. სააკაშვილმაც სცადა ეს, როგორც კი ბიძინა პოლიტიკაში შემოვიდა და თავისი სოციალური პოლიტიკური კონვერტაცია მოახდინა, უზარმაზარი დარტყმა მიაყენა, ჯერ ერთი, ფული შეუზღუდეს ბიძინა ივანიშვილს, მერე პარტიის შექმნა რომ დააპირა, მაშინ მიიღეს კანონი, რომლითაც შეზღუდეს პარტიული დაფინანსება შემოწირულობებით, ბევრ ზომას მიმართეს მის წინააღმდეგ, მაგრამ შედეგად ბიძინას გავლენა გაიზარდა. ახლაც კეზერაშვილი კრიმინალიდან რომ გადააქციო ოლიგარქად, ეს არის საფრთხე, რადგან მის გავლენას ამით კი არ შეამცირებ, არამედ გაზრდი. ამიტომ დეოლიგარქიზაციის კანონი კონტრპროდუქტიული იქნება.