ბრძოლა პარტიული „ობშჩიაკისთვის“

ბრძოლა პარტიული „ობშჩიაკისთვის“

კეზერაშვილის შემდეგ პოლიტიკურ ველზე სოსო თოფურიძე გამოდის. საქართველოდან გაქცეული კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ნიკა მელიას ფინანსების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. პარტიის ლიდერს წლიური ხარჯები დაუთვალა და ამბობს, რომ პარტიას თავმჯდომარის შენახვა წელიწადში მილიონნახევარი უჯდება.

ბრალდებული თოფურიძე, რომელიც ძმები ახალაიების მარჯვენა ხელი იყო და არაერთ უმძიმეს დანაშაულში მონაწილებოდა, საკუთარ თავს პოლიტიკურ დევნილს უწოდებს და არ აღიარებს, რომ 2012 წლამდე მისი და მისი ხელმძღვანელობის დროს ჩადენილი იყო უმძიმესი დანაშაულები. თოფურიძე ამბობს რომ მან, დათა ახალიამ და მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელეს და დაცული იყო ადამიანის უფლებები.

„ეს წუთია მომაწოდეს ინფორმაცია, რამაც ძალიან გამაღიზიანა!! რა უჯდება „ნაციონალურ მოძრაობას“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას შენახვა: წელიწადში 1 471 000!!! ოპოზიცია თქვენ ნამუსი გაგაჩნია?! ჩვენ, ხელისუფლებაში ყოფნის დროს, საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის, შეუპოვარი დათა ახალაიას მეთაურობით, მთელი დეპარტამენტი 24 საათი ვებრძოდით კორუფციას, ორგანიზებულ დანაშაულს, კბილებამდე შეიარაღებულ კრიმინალებს, სიკვდილ-სასიცოცხლო ბრძოლაში, ყოველდღე ადამიანების უსაფრთხოებას ვიცავდით, ქვეყნის კონსტიტუციურ უსაფრთხოებას ვიცავდით!!! ჩვენ შევძელით შეუძლებელი, მაფია დავამარცხეთ!!! არჩევნებში დამარცხების შემდეგ, 2012 წელს სამშობლო დავტოვეთ!

10 წელი იძულებით პოლიტდევნილობაში ვართ! 10 წელი, ჩემი გმირი მეგობრები საპყრობილეში იხდიან არჩადენილ სასჯელს! საქართველოს პრეზიდენტი, ქვეყნის აღმშენებელი მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია. ოპოზიციის ტელევიზიის ხელმძღვანელი ნიკა გვარამია საპყრობილეში პოლიტპატიმარია და თქვენ, ზოგზოგიერთებმა ფუფუნება მოუწყვეთ თქვენს თავებს?! ხალხი შიმშილობს და თქვენ მდიდრდებით?!!! ხალხნო, ეს რა ხდება?! ხელისუფლებაზე რაღა უნდა ვთქვა, ოპოზიციამ, ხალხის ხარჯზე მოიწყო ცხოვრება!!!“, - წერს სოსო თოფურიძე, რომელიც თავს საბერძნეთს აფარებს.

თოფურიძის მიერ გავრცელებული ტექსტი ადასტურებს, რომ ამ განცხადების ავტორი სწორედ კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, ძებნილი დათა ახალაიაა, რომელიც პარტიის წევრებმა გარიყეს და მათ შორის სწორედ ნიკა მელიამ. მას შემდეგ, რაც მელიამ პარტიის თავმჯდომარეობა ჩაიბარა, პარტიის წევრებმა ძმებ ახალაიებზე და მასთან ასოცირებულ პირებზე აქცენტირება შეწყვიტეს.

ნიკა მელია, რომელსაც დღეს ქვეყნიდან გაქცეული ყოფილი ძალოვნები უპირისპირდებიან, აცხადებს, რომ თავის დროზე სრულ სიმართლეს პირადად მისგან გაიგებენ, ვინ და რატომ არის ბინძურ კამპანიაში ჩართული. მისი თქმით, სანამ სააკაშვილი და გვარამია ტყვეობაში არიან, მეტი საუბრისგან თავს შეიკავებს.

„კრიტიკის, ცილისწამებისა და ლანძღვის მოსმენა, როგორც წესი, აღარც კი არა, ვეღარც მიკვირს, მაგრამ ზოგი მეტისმეტად „ნიჭიერი“ გამოდგება ხოლმე და მაინც ახერხებს ჩემს გაკვირვებას. ერთ-ერთი ასეთი „ნიჭიერის“ წყალობით „ფეისბუქზე“ ტრიალებს კოლოსალური თანხები, რაც თურმე პარტიას ეხარჯება ჩემს შესანახად.

ეს „ნიჭიერი“ კაცი კი იმდენად „ნიჭიერი“ გახლავთ, რომ საზოგადოებას თავისი „საქმენი საგმირონით“ ჯერ კიდევ მაშინ გააცნო თავი, სანამ მე პოლიტიკაში ჩავერთვებოდი. არანაირი ათი ათასლარიანი ხელფასი მე არ მაქვს! საერთოდ არანაირ ხელფასს არ ვიღებ პარტიაში! არანაირ 4 ტონა ბენზინს არ მყიდულობს პარტია და არათუ 12 ათასი ლარი, 12 თეთრიც არ უჯდება ჩემი გადაადგილება.

ყოველთვიურად თურმე 41 ათასი ლარი იხარჯება ჩემს უცხოურ ვოიაჟებზე. არასოდეს პარტიის დაფინანსებით არ ვყოფილვარ საზღვარგარეთ! და საერთოდ, სანამ შეკვეთილ პოსტებზე დათანხმდებით, რომელსაც ქოცმედია ისტერიულად დაატრიალებს, კამპანიურ ხასიათს შესძენს და კმაყოფილი დამკვეთი გროშებს გამოიმეტებს, უნდა იცოდეთ, რომ იმ გროშებთან ერთად, საკადრის პასუხსაც მიიღებთ.

მჯერა, ხალხი ისედაც მიხვდება რაც ხდება და რატომაც ხდება, მაგრამ თავის დროზე სრულ სიმართლეს პირადად ჩემგან გაიგებენ, თუ ვინ და რატომ არის ამ ბინძურ კამპანიაში ჩართული და რა კონკრეტული მიზნები და ამოცანები ამოძრავებთ. ვერ მიაღწევენ დასახულ მიზანს, ვერ შესწვდებიან ძეხვს და მათთვის მუდამ პარასკევი იქნება“, - წერს ნიკა მელია.

თოფურიძეს უპირისპირდება პარტიის წევრი ზურაბ მელიქიშვილი, რომლის განცხადებით, ზოგიერთის ავადმყოფური გონება უკიდეგანო ფანტაზიის საზღვრებსაც კი გასცდა.

„ზოგი შეგნებულად, ზოგი შეუგნებლად, ზოგი დავალებით და ზოგი თავის სიბრიყვით თავს ესხმის და მიდის ყველაფერზე, რათა მთავარი ოპოზიციური პარტია დაასუსტოს, დააბნიოს მისი მხარდამჭერები. თუმცა ზოგიერთის ავადმყოფური გონება უკიდეგანო ფანტაზიის საზღვრებსაც კი გასცდა. ნიკა, არ უნდა შევჩერდეთ, შეუძლებელი უნდა შევძლოთ. თავისუფლება მიშას“, - აცხადებს ზურაბ მელიქიშვილი.

მელია-კეზერაშვილი-თოფურიძის დაპირისპირებას ამ ეტაპზე შორიდან აკვირდებიან „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი და მოქმედი წევრები. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თოფურიძემ პრაქტიკულად არალეგალური ხარჯები გამოააშკარავა, ისინი ერთმანეთს კეზერაშვილისა და სააკაშვილის შავი ფულისთვის ებრძვიან. მისი თქმით, მილიონნახევარი როდესაც ერთ ადამიანზე იხარჯება და დეკლარირებული არ არის აუდიტის სამსახურის წინაშე, ჩანს, რომ ეს არის „შავი ფული“.

„გვახსოვს როგორ ექცეოდა ადამიანის უფლებებს თავის დროზე. თუ არ ვცდები, კუდის ყოფილი მაღალჩინოსანია. რაც შეეხება ხარჯებს, საინტერესოა თავისთავად ეს დეტალები, მათ შორის იმ კუთხითაც, რომ პრაქტიკულად არალეგალური ხარჯები გამოააშკარავა ამ ადამიანმა. მილიონნახევარი როდესაც ერთ ადამიანზე იხარჯება, დეკლარირებული არ არის აუდიტის სამსახურის წინაშე, ჩანს, რომ ეს არის „შავი ფული“. ეს ასევე აჩვენებს შიდა დაპირისპირებას.

რისთვისაც ებრძვიან ერთმანეთს ეს არის კეზერაშვილის, სააკაშვილის ფული და ამ ფულის გარშემო მიმდინარეობს ეს დაპირისპირებები, რაც, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ძალიან კარგია. რაც მეტი პოლარიზაცია იქნება „ნაცმოძრაობის“ შიგნით, მით ნაკლები იქნება პოლიტიკურ სისტემაში“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, გარდა იმისა, რომ პარტია ვერ იყოფს „შავ ფულს“, მელიას არ პატიობენ იმას, რომ არ დადგა რადიკალიზმის ამ რელსებზე, რაც ადრეც ჰქონდა, რადგან მიზნები იყო სხვადასხვა. პოლიტოლოგის განცხადებით, ბევრმა საქართველოში არ იცის თოფურიძე რაში მონაწილეობს და რაში არა. ის აქამდე ჩუმად იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გაჩერებული იყო.

„შეიძლება რაღაცა პროცესებში იღებდა მონაწილეობას და არც ისაა გამორიცხული, რომ აწი აპირებდეს მონაწილეობას. თუ აღმოაჩინა, რომ ეგ წერტილი, საიდანაც ეგ წავიდა უფრო თბილი, კომფორტული და შემოსავლიანი იქნება, გადაადგილდება. არ ვიცი საბერძნეთში რა შემოსავლით ცხოვრობს, მაგრამ როგორითაც არ უნდა იცხოვროს, ალბათ, შემოსავალის მიმატება და გაზრდა არ აწყენს, გადადგამდა ამ ნაბიჯებს. ე.ი. მართლა დიდ თანხებზეა ბრძოლა“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ დაპირისპირებული მხარეები გადახედავენ სააკაშვილს საკითხს და გამარჯვებაც იქითკენ უნდა ვივარაუდოთ, სადაც ძალა დიდია, მით უმეტეს, რომ ხალხის დაყოლიების დიდი ნიჭი არც მელიას არ აღმოაჩნდა.

„ხომ უნდა ფლობდეს ადამიანი ან ფინანსებს, ან ისეთ რიტორიკულ ნიჭს, რომ დარაზმავს ადამიანებს, ან სამხედრო ძალას, მელიას არც ერთი ეს ფაქტორი არ აქვს, ამიტომ რითი უნდა გაიმარჯვოს? იქითა ფლანგზე ჩანს რაღაც-რაღაცები, რითაც შეიძლება გაიმარჯვონ. ერთი რამე ალბათ ყველამ იცის და იყო კიდეც მაგ ჟღერადობის პუბლიკაციები, რომ სააკაშვილს ფიგურის გარეშე მისი პარტიის რეიტინგი გახდება იგივე, რაც „ევროპული საქართველოსი“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“.

სააკაშვილი არის ხმების მაგნიტი ამ პარტიაში. ამიტომ, შეიძლება ნებისმიერი მხარე ცდილობს, რომ შეინარჩუნოს სააკაშვილის სახელი, ოღონდ თავის ჭკუაზე ატაროს პროცესები. აი, ეს სახელი იყოს სააკაშვილის და სახრავი სხვისი - ეს ამოცანა არის ახლა წამყვანი. ამიტომ, სააკაშვილის სახელს ახლა ყველა გამოიყენებს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის განცხადებით, სქემა მარტივია - გასაყოფი არის ქონება და ფული, რაც კეზერაშვილის ხელშია. მისი თქმით, კეზერაშვილს აქვს რეალური ფინანსური ძალაუფლება და ახლა უნდა, რომ ეს ფინანსური ძალაუფლება თარგმნოს პოლიტიკურშიც. ანუ, მელია გვერდზე გაწიოს და პარტიის მთავარი ფიგურა გახდეს სწორედ კეზერაშვილის დაჯგუფება. ზარდიაშვილის შეფასებით, თოფურიძეც აქეთ მხარეს არის.

„გასაგებია რაც ხდება, რაც იყო, ნაძარცვი, კორუფციით ნაშოვნი პარტიული „ობშჩიაკი“, ამის განმკარგავი გახდა კეზერაშვილი, რომელმაც საქართველო დატოვა და ეს ფული თან წაიღო და მას შემდეგ, რაც სააკაშვილი გავიდა თამაშიდან და რეალურად არ მონაწილეობს პოლიტიკაში, მის მემკვიდრეობაზე მიდის ბრძოლა და ვისაც ფინანსები აქვს, იმას თავისი უპირატესობები აქვს. მელიას თავისი კოზირები აქვს, მას მხარდამჭერების გარკვეული ჯგუფი ჰყავს და ეს ვითარებაა. სავარაუდოდ, ვის ხელშიც ფულია, ის მოიგებს. თუ არადა, როგორც თავის დროზე მოხდა, როცა ბოკერია გავიდა, ისევ გაიყოს „ნაციონალური მოძრაობა“ - ცალკე მელიას და ცალკე კეზერაშვილის დაჯგუფება. სახელი ვის დარჩება, მაგაზე იქნება დავა და ვინ იქნება სააკაშვილის მემკვიდრე. თუმცა, როგორც ჩანს, ეს უკვე მკვდარი მემკვიდრეობაა. „ნაციონალური მოძრაობის“ კრახი არის გარდაუვალი, გინდა კეზერაშვილი იყოს და გინდა მელია“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.