პუტინს ისე შეუძლია ბირთვული იარაღის გადატანა, რომ მას ვერც ამერიკის და ვერც დასავლეთის დაზვერვა ვერ შეამჩნევს

პუტინს ისე შეუძლია ბირთვული იარაღის გადატანა, რომ მას ვერც ამერიკის და ვერც დასავლეთის დაზვერვა ვერ შეამჩნევს

გამოიყენებს თუ არა პუტინი ბირთვულ იარაღს და როგორ უპასუხებს დასავლეთი მას? - საუბრები ბირთვული საფრთხეზე ყოველდღიურად აქტიური ხდება. ვლადიმერ პუტინმა უკრაინის საზღვრისკენ ბირთვული მატარებლის გაგზავნის ბრძანება გასცა. „თაიმსის“ ინფორმაციით, უკრაინის საზღვრისკენ მიმავალი ბირთვული მატარებელი რუსეთის ცენტრალურ ნაწილში შენიშნეს. გამოცემის ცნობით, მატარებელი, დაკავშირებულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მე-12 მთავარ დირექტორატთან, რომელიც პასუხისმგებელია ბირთვულ საბრძოლო მასალაზე, მათ შენახვაზე, მოვლაზე, ტრანსპორტირებასა და დანაყოფებისთვის გაცემაზე. „თაიმსი“ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პუტინი მზადაა, ვითარების ესკალაციისთვის მასობრივი განადგურების იარაღი გამოიყენოს.

ბირთვული მატარებელი ერთადერთი საფრთხე არ არის, რაზეც საერთაშორისო პრესა წერს. დასავლეთისთვის კიდევ ერთი თავსატეხი ბაზირების ადგილიდან გაუჩინარებული ატომური წყალქვეშა ნავი „ბელგოროდია“, რომელიც ამერიკული დაზვერვის ვარაუდით რუსეთის მიერ შექმნილი ბირთვული იარაღის - „პოსეიდონის“ ტორპედოს გამოსაცდელად გავიდა. წყაროს ცნობით, საფრთხეზე ნატომ მოკავშირეები უკვე გააფრთხილა.

„პოსეიდონს“ შეუძლია მიაღწიოს ზღვის ფსკერს, აფეთქდეს სანაპირო ზოლთან და ტერიტორია რადიაქტიური ცუნამით დაფაროს. ე.წ ცუნამის ბირთვული ტორპედო გასაიდუმლოებული იარაღია, რომლის გამოცდაც ამ დრომდე არ მომხდარა. რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, 24-მეტრიანი აპარატი აღჭურვილია ბირთვული ქობინით, რომელის სიმძლავრეც, დიდი ალბათობით, ორი მეგატონაა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მისი სიმძლავრე ჰიროსიმას ბომბზე 100-ჯერ მეტია და თავისუფლად შეუძლია სანაპირო ქალაქების დატბორვა.

„პოსეიდონს“ 1000 მეტრის სიღრმეზე ჩასვლა და 10 ათას კილომეტრზე მეტის დაფარვა შეუძლია, მისი შემჩნევა დრონებით შეუძლებელია. ბირთვული იარაღის გამოყენებით ბოლო პერიოდში რუსეთის პრეზიდენტი რამდენჯერმე დაიმუქრა. მუქარას კატეგორიული ტონით პასუხობენ ნატოსა და ევროკავშირში.

პუტინის რიტორიკას ბირთვული იარაღის გამოყენებაზე, უპასუხისმგებლოს უწოდებენ პენტაგონშიც.

მიმდინარე მოვლენების გამო, სამხედრო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ნატო მოკავშირეებს აიძულებს, ალიანსის ქვეყნების საზღვაო ძალების დაგეგმვის კონცეფციას გადახედონ.

უკრაინისა და რუსეთის საკითხებში თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ ლორა კუპერმა განაცხადა, რომ არ ფლობენ რუსეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის რკინიგზის საშუალებით გადატანის შესახებ ინფორმაციას.

მისივე თქმით ამერიკელი ჯარისკაცები ისეთს ვერაფერს ამჩნევენ, რომ შეერთებულმა შტატებმა საკუთარი ბირთვული ძალების განლაგება შეცვალოს. ლორა კუპერის განცხადებით, პენტაგონი რუსეთის ბირთვულ ძალებს აკვირდება.

ნატო რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოცდისთვის შესაძლო მზადების ნიშნებს, ჯერჯერობით, ვერ ხედავს, მაგრამ ვითარებას ყურადღებით აკვირდება, ამის შესახებ ალიანსის წარმომადგენელმა სააგენტო Reuters-თან განაცხადა.

„რუსეთის ბირთვულ ძალებში ვერანაირ ცვლილებას ვხედავთ, მაგრამ ნატო და ალიანსის წევრები ფხიზლად რჩებიან“, – განაცხადა ნატო-ს წარმომადგენელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

სამხედრო ჟურნალის „არსენალის“ მთავარი რედაქტორის ირაკლი ალადაშვილი მიიჩნევს, რომ თუკი პუტინი იგრძნობს კუთხეში მიაყენეს და ის ომს აგებს, მაშინ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე იზრდება. ალადაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ როგორც კუთხეში მიმწყვდეული ვირთხა თავდასხმაზე გადმოდის, ისე უკრაინასთან ომში დამარცხებისკენ მიბრუნებულმა პუტინმაც შეიძლება გადადგას ასეთი საბედისწერო ნაბიჯი. ალადაშვილი არ გამოირცახვს, რომ მან პოლიტიკური უპირატესობის მოსაპოვებლად ტაქტიკური დანიშნულების მცირე სიმძლავრის ბირთვული იარაღი უკრაინაში გამოიყენოს.

„სამწუხაროდ, საფრთხე ძალიან რეალურია და ისევე როგორც ბევრს არ სჯეროდა, რომ პუტინი 2008 წელს საქართველოში შემოიჭრებოდა, შემდეგ 2014 წელს ყირიმის კუნძულს ერთი გასროლით აიღებდა და ახლა 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრებოდა, ისე ბევრს არ სჯერა, რომ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. ეს რისკები არსებობს და ყველამ კარგად იცის, რომ საბჭოთა ტაქტიკური ბირთვული არსენალიდან, რომელიც ყველაზე დიდი იყო მსოფლიოში და ოცი ათასს აღემატებოდა, რუსეთს დღეისათვის, ასეთი, არანაკლებ ორი ათასამდე მუხტი დარჩა, რომელთა დაყენება შეიძლება აერობალისტიკური „ისკანდერებისა“ თუ ფრთოსანი „კალიბრების“ ქობინებში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუკი ჰიროსიმაში ამერიკელების ჩამოგდებული ატომური ბომბის სიმძლავრე 18 კილოტონამდე იყო, თანამედროვე რუსულ ოპერატიულ-ტაქტიკური აერობალისტიკური რაკეტა „ისკანდერ მ“-ზე 50 კილოტონაა, ანუ 50 ათასი ტონა ტროტილის აფეთქების ექვივალენტური სიმძლავრის ტაქტიკური ბირთვული ქობინის დაყენება შეიძლება. მისი ჩამოგდების შედეგად ყველაფერი განადგურდება არანაკლებ 30 კმ-ის რადიუსში. ანუ ერთი ქალაქის განადგურება სრულად იქნება შესაძლებელი“, - ამბობს ალადაშვილი.

რაც შეეხება აშშ-ს და მთლიანად დასავლეთს, რომელიც პუტინს პრევენციულად აფრთხილებს, არავითარ შემთხვევაში ხელი არ წაუცდეს ბირთვული იარაღის გამოყენებაზე უკრაინაში, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი ძალზე მტკივნეულ პასუხს მიიღებს, ალადაშვილი ამბობს, რომ დიდი ალბათობით, დასავლეთი პასუხის გაცემას ვერ გაბედავს. მაშინ დასავლეთმა რომელიმე რუსულ ქალაქს იგივე დარტყმით უნდა უპასუხოს, ეს კი რთულად წარმოსადგენია.

„ვხედავთ, რომ პენტაგონი და ნატო დაჩქარებული ტემპებით აძლიერებენ ტექნიკური ხასიათის სადაზვერვო სამუშაოებს, რომ ადრეულად აღმოაჩინონ რუსეთის არმიის მიერ ბირთვული იარაღის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის პროცესი. თუმცა ეს საკამაოდ რთულია რამდენიმე მიზეზის გამო. საუბარი იმაზე, რომ რუსეთი ასე ადვილად ვერ გადააადგილებს ბირთვულ იარაღს და მისი აღმოჩენა შესაძლებელია, ტყუილია.

საქმე ისაა, რომ სტრატეგიული დანიშნულების საკონტინენტთშორისო რუსული ბალისტიკური რაკეტებისგან განსხვავებით, რომლებზეც მუდმივად აყენია ბირთვული ქობინები, ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული ქობინები, ასევე საარტილერიო ჭურვები და საავიაციო რაკეტები, როგორც წესი, მიწისქვეშა ბუნკერებში ინახება და მათი დაყენება ორ ათეულზე მეტ ისეთ გადამტანზე შეიძლება, რომლებსაც რუსეთის არმია ყოველდღიურად იყენებს უკრაინელების წინააღმდეგ, თუმცა ეს „ისკანდერები“ თუ „კალიბრები“ ჩვეულებრივი საბრძოლო მუხტებით არიან აღჭურვილნი, მათ ჩანაცვლებას ბირთვულით კი მხოლოდ რამდენიმე საათი თუ სჭირდება. ამიტომ ვერც ამერიკა და ვერც დასავლეთი მის აღმოჩენას ვერ შეძლებს. ისე ჩუმად შეუძლიათ დანიშნულების ადგილამდე მიტანა, რომ მისი შემჩნევა რთული იქნება. ამიტომ საქმე იმაზე ცუდად არის, ვიდრე ამაზე ვინმე საუბრობს“, - ამბობს ალადაშვილი.

 

 

trampi ამერიკელებს გააგებინე ეგ, ამერიკელებს

როგორც ამერიკელებს ჰკიდიათ უკრაინელებიც და რუსებიც, ისე ჰკიდია პუტუნს რუსებიც და უკრაინელებიც,
არც კიდევ თვლითა ყავს ეგ ხალხი პუტინს ჩაბარაბული რო არაფერი დაუშავდეთო----სირზე არ ჰკიდიააა???
აბა ამერიკელებს რო სუ ქინძზე კიდიათ ამიერიცა და იმიერიც??..... პუტინი რა სხვანაირად მოიქცევაა?
ასე რომ გამოსცადონ აბა ამერიკელებმა პუტინი, გამოსცადონ ეს რას იზამს .... შეამოწმონ, შეამოწმონ
2 წლის უკან