პარტიიდან გადიან, მაგრამ რჩებიან უმრავლესობაში. „ხალხის ძალის“ გარეშე ფრაქციას უმრავლესობა უკვე აღარ აქვს, რადგან „ქართულ ოცნებაში“ დარჩა 75 დეპუტატი. მოძრაობა „ხალხის ძალას“ კიდევ ხუთი დეპუტატი და „ქართულ ოცნებასთან“ ასოცირებული ანალიტიკოსები შეუერთდნენ. „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში უმრავლესობა ფორმალურად დაკარგა, თუმცა დე-ფაქტოდ ჯამი არ იცვლება. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ „ხალხის ძალა“ გამოკვეთილად ანტიდასავლური ჯგუფია, რომელიც პრორუსულ ამომრჩეველზე მუშაობს.
for.ge ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.
„ხალხის ძალა“ პოლიტიკურ ველზე შემოვიდა ანტიდასავლური განცხადებებით, ეს გუნდი „ქართული ოცნების“ დეპუტატების ხარჯზე გაფართოვდა, მას დაემატნენ ანალიტიკოსთა ის ჯგუფი, რომლებიც ასევე ასოცირდებიან „ქართულ ოცნებასთან“. როგორ ფიქრობთ, ამ გუნდის სახით მივიღეთ თარგამაძის „ქრისტიან დემოკრატიული პარტიის“ ანალოგი?
ვახტანგ ძაბირაძე: არა, მთლად ასეთი პარალელის გავლება არ შეიძლება იმიტომ, რომ ის ადამიანები, გარკვეულწილად, იყვნენ დამოუკიდებლები, სანამ „იმედში“ საქმიანობდნენ. მერე შეიცვალა ვითარება და ისინიც. რა თქმა უნდა, ალიანსში იყვნენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“. აქ გაცილებით სხვა ვითარება არის. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება და ვერ ხედავს, ეს მისი საქმეა, მაგრამ აქ ყოველგვარი შენიღბვის გარეშე ხდება ყველაფერი.
გავბედავ და ვიტყვი კიდევ ერთს - ვფიქრობ, რომ ამ პარტიის ცენტრალური ოფისი უკვე დაკომპლექტებულია და ნაკლებად მოსალოდნელია, რომ კიდევ ვინმე შეუერთდეს მათ, მით უმეტეს დეპუტაციის მხრიდან. იმიტომ, რომ ეს არის ამ პარტიის ელიტა, რომელიც არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ალბათ, მათი გარკვეული რაოდენობა თვლის, რომ უკვე პრობლემები ექნებათ, რადგან 9-ვე დეპუტატს ისევ მოუნდება პარლამენტში ყოფნა, ამას დაუმატეთ ის ექსპერტები, რომლებიც დაემატნენ. პირდაპირ გაიყო - უმრავლესობაში რჩებიან, მაგრამ სხვა პარტიას ქმნიან. ანალოგიური პროცესი დაიწყება რეგიონებში, ასე რომ, პირდაპირი ანალოგი არ არის. ეს იგივე ივანიშვილის გუნდია, თუმცა ღიად პრორუსული.
თქვენ ფიქრობთ, რომ ეს არის ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი, რომელიც გაყო პროდასავლურ და ანტიდასავლურ ჯგუფებად?
- ზუსტად ამას ვლაპარაკობ. ორივე ივანიშვილის გუნდია და თუ გავიდნენ არჩევნებზე, პარლამენტში შექმნიან კოალიციას. ამომრჩევლის ორ კატეგორიაზე მუშაობენ. ის ამომრჩეველი, ვინც თავის დროზე „ალტ ინფოს“ და „პატრიოტთა ალიანსის“ ირგვლივ იყო, არსად არ გამქრალა და მათი დასაკუთრება უნდათ. „ქართულ ოცნებაში“ ადგილები იქნება ცოტა და ამიტონ გადაინაცვლეს ახალ პარტიაში, დაახლოებით 15 კაცამდე კი იქნება და იმუშავებენ იმ ხმებზე, რომელსაც „ქართული ოცნება“ მიიღებს, ან არ მიიღებს. არის მიზნობრივი ჯგუფი, რომელზედაც ესენი იმუშავებენ, ეს თავიდანვე ცხადი იყო. ახლა პარტია შეიქმნება და ამ პარტიაშიც რეგიონებიდან გაჩნდებიან ჯგუფები, შეუერთდებიან მათ და ეს იქნება სულ.
2024 წელს უკვე პროპორციული არჩევნები გვაქვს. რამდენად დიდია ანტიდასავლური ფრთა, რომ ხელისუფლებამ არჩევნებამდე 2 წლით ადრე მიიღო გადაწყვეტილება იმუშაოს ანტიდასავლურ ჯგუფზე. მათი რაოდენობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ შეიძლება პოლიტიკური ლანდშაფტი შეცვლილიყო?
- 5%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა არ უნდა ჰქოდეთ. „ქართული ოცნების“ და ხელისუფლების ამოცანა არის შექმნას ისეთი სატელიტი პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც არ ექნება 5%-იანი ბარიერის დაძლევის პრობლემა. ორი წელი აქვს წინ და იქნება მუშაობა ამ მიმართულებით. მათ აქვთ საკუთარი ტელევიზია, რითაც დაიწყებენ ფუნქციონირებას. ფაქტობრივად, გაფორმდა ახალი პოლიტიკური ჯგუფი. „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საარჩევნო ბარიერი დაწიოს თუ არა.
მომავალ წლამდე არ მიიღებს და ეს გასაგებია, მაგრამ 2024 წლის არჩევნებისთვის ხომ უნდა შეაფასოს სიტუაცია? ამიტომ, ერთი წელი ამ გუნდს სჭირდება იმისათვის, რომ თავისი მუშაობა განახორციელოს და ერთ წელიწადში გამოჩნდება არის ეს ის ჯგუფი, რომელიც 5%-იან ბარიერს დაძლევს, თუ ვერა. თუ ეს ჯგუფი 5%-იან ბარიერს დაძლევს, დიდი ალბათობით, „ქართული ოცნება“ დატოვებს 5%-იან ბარიერს. თუ ოპოზიციას შევხედავთ, ამ ეტაპზე ერთადერთი „ნაციონალური მოძრაობაა“ რომელსაც 5%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა არ აქვს. მეტ-ნაკლებად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ასეთი შეიძლება აღმოჩნდეს გახარიაც.
შეიძლება ვთქვათ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია ამ ჯგუფის სახით?
- თუ ქვეტექსტი ის არის, რომ რიგგარეშე არჩევნები იქნება, მაშინ დაწყებულია და თუ არა - დიდი ალბათობით, არა.
მაგრამ პოლიტიკური ლანდშაფტის შეცვლა შეუძლია ამ ჯგუფს, მიიღებს ამომრჩეველი მათ როგორც ახალ პოლიტიკურ ჯგუფს?
- მიიღებს ანტიდასავლური ამომრჩეველი. ყოველ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ ამას ცდილობს. ამიტომაც, ეს ჯგუფი შემდეგი ერთი წელი იქნება აქტიური და 2024 წლის გაზაფხულზე გამოჩნდება, დაძლევს თუ არა 5%-იან ბარიერს. თუმცა, ამ ყველაფერზე გავლენას მოახდენს უკრაინაში მიმდინარე პროცესი. თუ პროცესი ისე წავიდა, როგორც ახლა მიდის, ამომრჩეველი კი არა, „ქართული ოცნება“ უნდა ეძებდეს თავშესაფარს.
რას გულისხმობთ?
- თუ უკარიანის ფრონტზე დასავლეთი მიაღწევს წარმატებას, ასეთ შემთხვევაში, ეს ხალხი რჩება ბორტს მიღმა, წარმოდგენაც არ მინდა, რა ვითარება იქნება საქართველოში. დღეს უარყოფითი მუხტის მიუხედავად, ხალხი მაინც გაჩერებულია. მაგრამ, თუ აშკარა გახდა, რომ რუსეთი მარცხდება უკრაინაში, ასეთ შემთხვევაში, ქუჩაში გადმოიღვრება ძალიან დიდი შიში და აგრესია, რომლის შემკავებელი არავინაა, ეს აგრესია წალეკავს ყველას და ყველაფერს და 90-იანი წლები შეიძლება სანატრელი გახდეს, ისეთი ვითრებაა ქვეყანაში. შემდეგი ერთი წელი იქნება გარდამტეხი. როგორ განვითარდება უკრაიანში მოვლენები ამას ძალიან დიდი გავლენა ექნება ქართულ პოლიტიკაზე და მათ შორის ამ პარტიაზეც.