ტრადიცულად, NATO -ს კარი ღია არის, მაგრამ იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ევროპაში ყველა დემოკრატიას უფლება აქვს, ნატოს წევრობაზე განაცხადი შეიტანოს, მაგრამ უკრაინა ღია კარში დაჩქარებული წესით ვერ შევა. შესაბამისად, ვოლოდიმირ ზელენსკის განაცხადი, რომ უკრაინის NATO-ში დაჩქარებული წესით გაწევრიანება დაიწყოს, ამ ეტაპზე განხილვას არ ექვემდებარება.
„მადრიდში ნატოს სამიტზე ლიდერებმა ძალიან მკაფიოდ განაცხადეს, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის უფლებას აირჩიოს საკუთარი გზა და თავად გადაწყვიტოს, უსაფრთხოების როგორი მექანიზმები სურს. გადაწყვეტილება წევრობაზე ნატოს ყველა წევრმა ერთად უნდა მიიღოს და ამ გადაწყვეტილებას ვიღებთ კონსენსუსით. ახლა ჩვენ კონცენტრირებულნი ვართ უკრიანისთვის დახმარების აღმოჩენაზე“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის NATO-ს ბუქარესტის სამიტზე გადაწყდა, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წვერები გახდებოდნენ, მაგრამ მაშინ ქვეყნებს არ მიუღიათ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა MAP, რომელიც ნატოში გაწევრიანების გზაზე არის ტექნიკური ინსტრუმენტი. მაშინ ალიანსის წევრები შეთანხმდნენ, რომ მოახერხებდნენ ყველა პარტნიორის დარწმუნებას, მაგრამ პოლიტიკური თანხმობა გაწევრიანებაზე მიღებული არ არის. 2021 წელს მოსკოვმა მოითხოვა უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების გადაწყვეტილების უარყოფა. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა თებერვალში მოსკოვში ვიზიტისას განაცხადა, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას განჭვრეტად მომავალში.
რაც შეეხება NATO-ს გაფართოების პროცესს, ყველა გადაწყვეტილებას, რომელიც უკავშირდება სახელმწიფოს მოწვევას, გახდეს ალიანსის წევრი, იღებს ჩრდილოატლანტიკური საბჭო, ალიანსის წევრების კონსენსუსის საფუძველზე. ნატოს არაწევრი სახელმწიფო არ მონაწილეობს ამგვარი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. 1949 წლიდან დღემდე NATO-ს წევრი ქვეყნების რაოდენობა, გაფართოების რვა საფეხურის გავლით 12-დან 30 ქვეყანამდე გაიზარდა.
გაფართოების პირველი სამი საფეხური, რომლის დროსაც საბერძნეთი და თურქეთი (1952 წ), დასავლეთ გერმანია (1955წ.) და ესპანეთი (1982წ) წევრი ქვეყნები გახდნენ, ცივი ომის დროს მიმდინარეობდა, როდესაც გადაწყვეტილება მიიღებოდა სტრატეგიული მნიშვნელობის გათვალისწინებით. ცივი ომის დასრულების შემდეგ NATO-ს გაფართოების პროცესი ინტენსიური დებატების საგანი გახდა. ბევრი პოლიტიკური ანალიტიკოსი არ იყო დარწმუნებული, რომ გაფართოება სასურველ შედეგს მოიტანდა. ზოგიერთი შიშობდა, თუ როგორ აისახებოდა გაფართოების პოლიტიკა ალიანსის კავშირებსა და სოლიდარობაზე სხვა ქვეყნებთან, განსაკუთრებით რუსეთთან ურთიერთობებზე. აღნიშნულის გათვალისწინებით 1995 წელს, ალიანსმა ჩაატარა სწავლება NATO-ს გაფართოების შესახებ, რომლის საფუძველზეც 1997 წლის მადრიდის სამიტზე, გაწევრიანების მიზნით, ალიანსმა ჩეხეთის რესპუბლიკა, უნგრეთი და პოლონეთი მოიწვია, ისინი ალიანსს 1999 წელს შეუერთდენენ. ეს ქვეყნები გახდნენ ვარშავის ხელშეკრულების ყოფილი ქვეყნებიდან პირველი NATO-ს წევრი სახელმწიფოები. 1999 წლის ვაშინგტონის სამიტზე გაწევრიანების სამოქმედო გეგმა MAP შეიმუშავეს, რაც ალიანსში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს შესაძლო წევრობისათვის მომზადებაში დაეხმარებოდა.
ბულგარეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, რუმინეთი, სლოვაკეთი და სლოვენია მოლაპარაკებების დაწყების მიზნით ალიანსის პრაღის სამიტზე 2002 წელს მიიწვიეს, რომლებიც ალიანსს 2004 წელს შეუერთდნენ. NATO-ს 29-ე წევრი სახელმწიფო 2017 წელს მონტენეგრო გახდა, 2020 წელს ჩრდილოეთ მაკედონია ალიანსის 30-ე წევრი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ გაფართოების დინამიკა ადასტურებს ღია კარის პოლიტიკას, საქართველოსთან და უკრაინასთნ მიმართებაში პროცესი გაყინულია, თუმცა კარი ღიაა.
NATO-ს წევრი 9 ქვეყნის პრეზიდენტები უკრაინის საკითხზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელის თანახმად მხარს უჭერენ 2008 წლის ბუქარესტის ნატოს სამიტის გადაწყვეტილებას უკრაინის მომავალ წევრობასთან დაკავშირებით. თავის მხრივ, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი სხვა დროს უნდა გადაწყდეს, ხოლო ახლა უფრო აქტუალურია რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად უკრაინის მხარდაჭერა. განსხვავებულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება, რომლის განცხადებით, ნატოში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით მხარს უჭერს ალიანსის ტრადიციულ პროცესს.
„მე შემიძლია მხოლოდ გავიმეორო ის, რომ ნატოს კარი ღია დარჩება, მათ შორის უკრაინისთვის. პროცესი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ცდილობენ ალიანსში გაწევრიანებას, ცნობილია. უკრაინა, ისევე როგორც სხვა ქვეყნები, აგრძელებს ამ პროცესის შესრულებას“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.
თავის მხრივ, კრემლმა მოისმინა ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ და ყურადღებით აკვირდება სიტუაციას. კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, სწორედ ნატო-ს მიმართ უკრაინის ორიენტაცია გახდა სპეციალური სამხედრო ოპერაციის ერთ-ერთი მიზეზი.
„ვნახეთ სხვადასხვა რეაქცია ნატო-ს მხრიდან - არიან ქვეყნები, რომლებიც მხარს უჭერენ დაჩქარებული გაწევრიანების ამ ვარიანტს, არიან ქვეყნები, რომლებიც არ უჭერენ მხარს. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა მიუთითებს კონსენსუსის წესზე. ამიტომ, ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ამ გადაწყვეტილებას და გვახსოვს, რომ სწორედ ნატო-ს მიმართ უკრაინის ორიენტაცია გახდა სპეციალური სამხედრო ოპერაციის ერთ-ერთი მიზეზი“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი თვლის, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ალიანსი მიიღებს გადაწყვეტილებას უკრაინის დაჩქარებული წესით მიღებაზე, გაწვერიანების სტრატეგია უნდა შეიცვლოს. მისი თქმით, ის, რომ გარეკვეულმა ნაწილმა თანხმობა განაცხადა უკრაინის დაჩქარებული წესით მიღებაზე, არ ნიშნავს, რომ საბოლოო ჯამში მიღებულია გადაწყვეტილება.
„ეს შეიძლება იყოს ქვეყნების პოზიცია, მაგრამ ეს არაა საბოლოო გადაწყვეტილება და არ არის ის მდგომარეობა, როცა ხელაღებით შეიძლება მოხდეს უკრაინის ნატოში გაწევრიანება. არ მახსენდება პრეცედენტი, როდესაც საომარ მოქმედებაში მყოფი ქვეყანა, რომელიც ასევე ოკუპირებულია, მიეღოთ ნატოში. აქ კიდევ საკითხავია რამდენად მომგებიანია ეს ნატოსთვის, რომელსაც აქვს თავისი სტრატეგიული განვითარების გეგმა. თუ ამ გეგმაში გაწევრიანების პროცესი გათვლილი იყო, მაშინ გამოდის, რომ აღნიშნული კონფლიქტის სიღრმეში იდო. მაგრამ მოცემული რეალობა არ იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ უკრანის გაწევრიანების საკითხი მარტივად გადაწყდება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილი.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ეჭვი ეპარება უკარინის ალიანში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებაზე, რადგან, მისი თქმით, ძველი ევროპა ამრეზილია, ხოლო მეორე მხრივ, ყოფილი საბჭოთა ქვეყებმა იციან პუტინის „ფასი“ და მიაჩნიათ, რომ აუცილებელია ნატოში უკრაინის გაწევრიანება, რომ პუტინი შეაშინოს ამ ფაქტმა.
„იქიდან მედვედევი იმუქრება, რომ მესამე მსოფლიო ომს ვიწყებთო. მოგეხსენებათ, რომ ნატოს დებულებაში არის მე-5 პუნქტი - თუ რომელიმე ქვეყანა ომშია, დანარჩენებიც ეხმარებიან. ამიტომ ნატო არ იღებდა ქვეყანას, რომელიც მიღების მომენტში ვინმესთან ომში იქნებოდა ეს ავტომატურად გამოიწვევდა იმის პროვოცირებას, რომ ვინც ომში იქნება, ყველა ეცდება ნატოში შევიდეს, რომ მერე ნატო გამოიყენოს ამ საომარ მდგომარეობაში. ასეთი სიტუაცია არის ახლა უკრაინასთან დაკავშირებით.
უკრაინას უნდა, რომ ნატო დაუდგეს გვერდში ომის პირობებში და ამიტომ თქვა სტოლტენბერგმა ნატოში 30 ქვეყანა არისო. იმ 30 ქვეყანას უნდა რუსეთთან აომოს საკუთარი ჯარისკაცები? იარაღს აწვდიან და ისიც ისეთი ხალისით არა, როგორც მოსალოდნელი იყო, მაგრამ ჯარისკაცებით დახმარება ეს უკვე სხვა მოვლენა იქნება, რომელზედაც როგორი რეაქცია ექნება ამ ქვეყნის ამომრჩევლებს, კაცმა არ იცის. ქვეყნები, რომლებიც უარყოფითად აფასებენ პუტინის გადაწყვეტილებას და ამას დაემატება ის, რომ მათი ოჯახის წევრები შეიძლება ომში აღმოჩდნენ, ალბათ, ევროპული ქვეყნის მთავრობები ბევრ სირთულეებს წააწყდებიან თავიანთი ამომრჩევლებიდან. როგორც ჩვენ არ გვინდა მეორე ფრონტი, ასევე არიან ევროპის მოქალაქეებიც. ამიტომ მგონია, რომ ადვილი არ იქნება უკრაინის გაწევრიანება. არისტოვიჩმაც თქვა, რომ ალბათ, დიდხანს გაგრძელდება ამ განაცხადის განხილვა. შეიძლება წელიწადზე მეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება ომის დამთავრების მერე მოხდეს განაცხადის განხილვა. მერე უკვე ადვილი იქნება უკრაინის ნატოში მიღება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.