უკრაინელი სამხედროები ათავისუფლებენ ქალაქებს, რომლებიც პუტინს ჯერ კიდევ პარასკევს თავისი ეგონა და რეფერენდუმის შედეგად რუსეთის ფედერაციის საკუთრებად გამოაცხადა. მიროლიუბოვკასა და არხანგელსკოეში უკრაინელი სამხედროები დაბრუნდნენ. ხერსონის ოლქის გარდა, უკრაინულ არმიას წინსვლა აქვს დონეცკში. ოკუპანტებისგან გათავისუფლებულია სოფელი ტორსკოე. ამჟამად მიმდინარეობს ტერიტორიის დათვალიერება. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, აღმოჩენილია 100-ზე მეტი დანაღმული ობიექტი.
ტერიტორიების დაბრუნებას წინ დაახლოებით 36-საათიანი აქტიური ბრძოლა უძღოდა. ოკუპანტებმა დაკარგეს ათამდე ტანკი, ჰაუბიცები, თავდაცვის სისტემები და უპილოტო საფრენი აპარატები. გენშტაბის ცნობით, ლიკვიდირებულია 300-ზე მეტი ოკუპანტი. ხერსონში კი უკრაინელებმა 30 კმ სიღრმეში წაიწიეს.
ამ ფონზე ჩნდება საფრთხე, რომ შესაძლოა, ვლადიმერ პუტინმა ბირთვული იარაღი გამოიყენოს, რადგან მისი მუქარა და შანტაჟი სულ უფრო რეალურ სახეს იღებს.
ბრიტანული გამოცემა The Sun იუწყება, რომ „კიბოთი დაავადებული ვლადიმირ პუტინი სულ უფრო თამამი ხდება, მისი საბრძოლო ტაქტიკა კი უფრო გასაიდუმლოებული“.
გამოცემის ინფორმაციით, პუტინი უკრაინაში ომის პროცესში წარმატების მისაღწევად, სამხედრო მეთაურებთან კონსულტაციის გარეშე ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს იღებს.
გამოცემასთან კრემლიდან წყაროები იუწყებიან, რომ პუტინი, რომელიც მათი ცნობით, კიბოთია დაავადებული, კარგავს ყველანაირ კოორდინაციას და მან საკუთარ მრჩეველებთან კონსულტაციები შეწყვიტა. ეს აჩენს შიშს, რომ რომ არაკომპეტენტურმა ლიდერმა შეიძლება გამოიწვიოს დამანგრეველი ბირთვული კონფლიქტი, რადგან იგი სულ უფრო მეტად სასოწარკვეთილი ხდება.
The Sun იუწყება, რომ მოსკოვის ელიტამ დაკარგა რწმენა თავიანთი ლიდერის მიმართ, რაც მისი დაუდევარი სტრატეგიებით და სულ უფრო უცნაური ქცევით არის გამოწვეული, რადგან ის იბრძვის ძალაუფლების შესანარჩუნებლად.
სამხედრო ანალიტიკოის ვახტან მაისაია for.ge-სთან ამბობს, რომ ახლა უკრაინამ ოპერატიული ინიციატივა ფრონტის ხაზზე ხელში ჩაიგდო და რუსეთი ძირითადად თავდაცვით მდგომარეობაში იმყოფება. მაისაია ამბობს, რომ უკრაინა ჩქარობს, რათა რუსეთმა მობილიზებული დანაყოფები ფრონტის ხაზზე არ გადმოისროლოს. ამ სწრაფი შეტევებით კი რუსების დაბნევას და ჯარში პანიკას იწვევენ. სანამ მიხვდებიან, რა ხდება, მანამდე უკრაინელები მსუბუქი ჯავშანტექნიკით მათ მიერ მიტოვებულ სოფლებს და ქალაქებს იკავებენ. ანალიტიკოსი ამბობს, რომ თუ სიტუაცია ასე გაგრძელდა, უკრაინას შანსი ეძლევა აიღოს არა მხოლოდ ლუგანსკის და დონეცკის ოლქები, არამედ ყირიმის ნახევარკუნძულსაც კი მისწვდეს.
„უკრაინის შეიარაღებული ჯარი ჯერ ასე ახლოს არ მდგარა იმ შესაძლებლობასთან, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გათავსიუფლება მოახერხოს. ფრონტის ხაზზე სიტუაცია რუსებისთვის ძალიან დრამატულად ვითარდება. უკრაინელები უკვე ლუგანსკში შევიდნენ, ხოლო ხერსონის სიღრმეში 30 კმ-ით შეიჭრნენ. რუსეთს ხარკოვის ოლქის ფრონტის ხაზი სრულად ჩამოეშალა და ახლა დგას იმის საშიშროების წინაშე, რომ ხერსონში განლაგებული 25 000 ჯარისკაცი ალყაში მოხვდეს. ეს რუსებისთვის სრული კატასტორფა იქნება, რომელიც მათზე ფსიქოლოგიურ და ძალიან დიდ პოლიტიკურ გავლენას მოახდენს. თუ რუსებმა თავისი ჯარების გადაჯგუფება ვერ შეძლეს და თავდაცვითი ზღუდეები არ გაამაგრეს, სიტუაცია კიდევ უფორ დრამატულად წარიმართება. რუსეთის შეიარაღბეული ძალები სტრატეგიულ თავდაცვაში გადავიდა. უკრაინელებმა თუ მოახერხეს და რუსების თავდაცვითი სისტემები სურლად მოარღვიეს, მაშინ ფრონტის ხაზზე სიტუაცია კიდევ უფრო რადიკალურად შეიცვლება“, - ამბობს მაისაია.
რაც შეეხება მოლაპარაკების პერსპექტივას, ვის უფრო აწყობს ახლა მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა, მაისაია ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებებს უკვე იხვეწება და ის ცდილობს, რომ ომი დააკონსრევოს და ამ სიტუაციიდან დამარცხებულის იმიჯით არ გამოვიდეს. მან კარგად იცის წაგებული ომის შემდეგ რაც ელის, ამიტომ მაქსიმალურად ცდილობს, რომ დასავლეთზე ზეწოლა მოახდინოს, რათა უკრაინა მოლაპარაკებაზე დაითანხმონ. მისი აზრით, ახლა ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული ფსიქოლოგიურად გაუძლებს თუ არა დასავლეთი პუტინის შანტაჟს და რამდენად ბოლომდე გაჰყვებიან უკრაინას.
„პუტინი მოლაპარაკებებს უკვე იხვეწება. ამას აკეთებს ლავროვის მეშვეობით, ასევე ცნობილი პროპაგანდისტი სიმონიანის სახით. იგივე სახელმწიფო სათათბიროს სპიკერის ვოლოდიმის სახით კრემლი იხვეწება, რომ ის დაკავებული ტერიტორიები მაინც შეერგოს და ამ ომიდან სრულიად სახედაკარგული არ გამოვიდეს. პუტინს ამ კონფლიქტის დაკონსერვება უნდა. ამით ის დროს მოიგებს და ეცდება შეცდომებიდან გარკვეული დასკვნები გამოიტანოს. ან ამ მოლაპარაკებების შედეგად მიცემულ დროს გამოიყენებს და ჯარის გადაჯგუფებას დაიწყებს. ეს რეფერენდუმიც იმიტომ მოიგონა, რომ დასავლეთს ეუბნება მომეცით მათი მიტაცების საშუალება და დავილაპარაკოთ. ამის გამოა, რომ გაზით და ბირთვული იარაღით აშანტაჟებს. ამიტომ ბევრი რამე დასავლეთზეც იქნება დამოკიდებული. უკრაინამ დაამტკიცა, რომ მას ბრძოლა შეუძლია და მიცემული იარაღით ტერიტორიებს იბრუნებს. უკრაინას ახლა ერთი თვე აქვს ზამთრის დადგომამდე და ამ პერიოდში თუ კიდევ წარმატებებს მიაღწია, მაშინ პუტინის ბედი ძალიან ცუდად შეიძლება წარიმართოს. თუმცა ბირთვული იარაღით შანტაჟიც ბლეფი არ არის და ეს საფრთხე რეალურია. კაცმა არ იცის წაგებული პუტინი რისი ჩამდენია“, - ამბობს მაისაია.
ანალიტიკოსი გიორგი რუხაძე კი მიიჩნევს, რომ პუტინი გამოიყენებს თუ არა წაგების შემთხვევაში ბირთვულ იარაღს, რთული სათქმელია. რუხაძე for.ge-სთან ამბობს, რომ სწორია, როდესაც დასავლეთი პუტინის ამ მუქარაზე რეაგირებს. თუ ის ბირთვული იარაღის გამომყენებელია, მას აქამდე უნდა გამოეყენებინა, თუმცა არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება.
„პუტინი ახლა ისეთ მდგომარეობაშია, შესაძლოა ძალიან ჭკვიანი ადამიანიც კი უგუნური გახდეს. პუტინს კარგი სვლა აღარ დარჩა. საბოლოო ჯამში, ის ყველა შემთხვევაში ნადგურდება. ახლა მასზეა დამოკიდებული დიდი მასშტაბით განადგურდება, თუ მცირეთი. ამიტომ რთულია მისგან ლოგიკურ აზროვნებას და გონივრულ ქმედებას ველოდოთ. ამიტომ იზრდება ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე. მან კარგად იცის უკრაინის ომში დამარცხება რომ, პირველ რიგში, მისი განაჩენი იქნება. მე რასაც ვყურებ, დასავლეთი ძალიან აქტიურია და მათი მხრიდან რუსებთან კომუნიკაცია არის, როგორც საჯარო, ასევე კულისებს მიღმაც. ზოგადი განცხადებების გარდა, იქ უკვე კონკრეტულად კარს მიღმა ლაპარაკობენ.
კონვენციური იარაღით უპასუხებენ, ჯარს გაანადგურებენ, შავი ზღვის ფლოტს სრულად გაუქრობენ. დარწმუნებული ვარ, კულისებს მიღმა კიდევ უფრო დეტალური საუბრები მიდის. პუტინსაც, მის გენერლებსაც და რუსეთის პოლიტიკურ ელიტასაც კარგად აქვთ წარმოდგენა, მათი მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენება უკრაინაში რა შედეგს მოუტანთ. ეს არის მთავარი პრევენციის საშუალება. დასავლეთს, კონკრეტულად ბირთვულ სახელწმიფოებს და ნატოს, აქვს იმის შესაძლებლობაც, რომ მუდმივი მონიტორინგის ქვეშ ჰყავდეს ის არეალი, საიდანაც ბირთვული იარაღის გამოყენება უნდა მოხდეს. ამიტომ, მანამ, სანამ რუსეთი ამ იარაღს გამოიყენებს, მასზე შესაძლოა პრევენციული დარტყმაც კი მიიტანონ“, - ამბობს ანალიტიკოსი.
ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი კი მიიჩნევს, რომ პუტინს ყველა გგემა წყალში ჩაუვარდა და ომის დაწყებიდან შეცდომას შეცდომაზე უშვებს. მობილიზაციის გამოცხადება კიდევ ერთი დიდი აბსურდი იყო და როგორც მიმდინარეობს, კარგად დავინახეთ - ლამის, ნახევარი რუსეთი საქრთველოში გამოიქცა. ბატიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ პუტინი ცაიტნოტშია, მას პოზიციებზე ხალხი არ ჰყოფნის და რეზერვსაც კი ვერ უყრის თავს, რომ უკრაინელების შეტევა შეაკავოს.
„ვხედავთ, რომ დაპირისპირება უკვე რუსეთში შიგნით დაიწყო. კადიროვი გამოდის და გენერლებს უპირისპირდება. გენერლები ერთმანეთისკენ ხელს იშვერენ და ამ წარუმატებლობას ერთმანეთს აბრალებენ. უკვე მერამდენედ, სარდლობა გამოცვალა, მაგრამ არაფერი შველის. თუ ვინმე რუსეთს პირველ აგურს გამოაცლის, ეს ჩეჩნეთი იქნება. რაც შეეხება ბირთვულ შანტაჟს, ესეც ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის არის მოგონილი. ვითომ სადღაც გემი გაუჩინარდა და ვეღარ პოულობენ. პუტინს ბირთვული იარაღის გამოყენების საშუალებას არავინ მისცემს. როგორც კი ამის მცდელობა ექნება, დასავლეთისგან პრევენციულ დარტყმას მიიღებს.
ლავროვს ბოლო წამს იმიტომ მისცეს ვიზა, რომ ჩაიყვანეს და ერთი-ერთზე დაუღეჭეს, ზუსტად აუხსნეს რა ელის პუტინს და რუსეთს თუ ის ამ აბსურდზე წავა. პუტინს ჯერჯერობით საკუთარი სიცოცხლის გადარჩენის ინსტიქტი ისევ აქვს. კარგად იცის, რა მოჰყვება ამ ავანტურაზე წასვლას. არადა მისი ფრონტი იშლება და აქ კრიტიკული მომენტი დადგება. პუტინს ან გენერლები ჩამოაგდებენ და სამხედრო გადატრიალება ამოხდება, ან კიდევ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს და მთელს ქვეყანას ჩაიყოლებს. მისთვის არცერთი გამოსავალი არ არის. პუტინი ამ ომში დამარცხდება, მაგრამ ახლა მთელი კაცობრიობის მიზანი ის უნდა იყოს, რომ ნაკლები ზიანით გამოვიდეთ აქედან და მან რამე საბედისწერო შედცომა არ დაუშვას“, - ამბობს ბატიაშვილი.