მთავრობამ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის მიღება საშემოდგომო სესიისთვის გადადო - ინფორმაცია ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ნათია მიქელაძემ დაადასტურა. სპეციალისტები კი ვარაუდობენ, რომ კანონპროექტის განხილვა ვერც შემოდგომისთვის მოესწრება და საერთოდ, ქვეყანა 2013 წელს ანტიმონოპოლიური სამსახურის გარეშე ჩაამთავრებს. ეს კი ბაზარზე არსებულ არაკონკურენტუნარიან ვითარებას კიდევ უფრო გაახანგრძლივებს.
არადა სულ რამდენიმე დღის წინათ ეკონომიკის სამინისტროში არ გამორიცხავდნენ, რომ ანტიმონოპოლიური კანონპროექტის წარდგენა სამთავრობო სხდომაზე სწორედ ამ დღეებში მომხდარიყო.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე კანონპროექტის განხილვის გაჭიანურების დეტალებს არ განმარტავს, თუმცა აცხადებს, რომ ამ ეტაპზე დოკუმენტის ეკონომიკური შეფასებები მიმდინარეობს. სიმართლე უნდა ითქვას, რომ ამგვარი შეფასებები უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და მის დასრულებას საშველი არ დაადგა. ნათია მიქელაძის ინფორმაციით, კონსულტაციები გრძელდება ბიზნეს ასოციაციასთანაც.
„ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა დამუშავების ეტაპზეა“, - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, - „ეს მძიმე კანონმდებლობაა და სამინისტროს რთული შუალედის მოძებნა მოუწევს, რათა არსებული ბიზნეს გარემოს დაზარალება მინიმუმამდე შემცირდეს. თუმცა ამ კანონმდებლობით შევქმნით ისეთი ძლიერ მექანიზმებს, რომ ყველას მიეცეს ბაზარზე შესვლის საშუალება“.
მისი თქმით, ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობაზე მუშაობას იმაზე მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე ხელისუფლებას ეგონა. თავისი მოადგინლის მსგავსად, მინისტრიც ადასტურებს, რომ ამ დროისთვის კი საექსპერტო ორგანიზაციები ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის შესახებ დასკვნას ამზადებენ და შემოდგომაზე ის პარლამენტს წარედგინება.
მინისტრი სხვა დეტალებზე არ საუბრობს. ჯერჯერობით ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ კანონმდებლობა 50-გვერდიანია და მისი კონკრეტულად განხილვა ამ ეტაპზე შეუძლებელია.
ექსპერტებს ანტიმონოპოლიური კანონსპროექტის დაუმუშავებლობა აშფოთებთ. მათ ეჭვი აქვთ, რომ ქვეყანა წელსაც ამ მეტად საჭირო სამსახურის გარეშე დარჩება.
„პრემიერ-მინისტრი არჩევნების შემდეგ შეხვდა ბიზნესმენებს და უთხრა - თავისუფლები ხართ, თქვენს ბიზნესში არავინ ჩაერევაო. ეს ძალიან კარგია, მაგრამ საკმარისი არ არის. პრემიერი მეფე ხომ არ არის, რომ მის სიტყვას მეფის სიტყვის ძალა ჰქონდეს?
სად არის კანონი ანტიმონოპოლიური რეგულირების შესახებ? როგორც ვიცი, კანონპროექტი თებერვალში უკვე მზად იყო, მაგრამ რატომ ჭიანურდება მისი გადაგზავნა ეკონომიკის სამინისტროდან პარლამენტში? ითქვა, რომ შემოდგომაზე მიიღებენ, მაგრამ შემოდგომაზე პარლამენტში არდადეგები იქნება, რადგან საპრეზიდენტო არჩევნებია, ანუ 2013 წლის ბოლომდე ქვეყანა კვლავ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის გარეშე იქნება და რა გამოვიდა, ყველაფერი პრემიერ-მინისტრის კეთილ სიტყვაზეა დამოკიდებული?
როდესაც ქვეყანაში ანტიმონოპოლიური რეგულირება არ არსებობს, ეს ყველასათვის ცუდია. ამას ემატება ბუნდოვანი გამონათქვამები, რომლებიც სულაც არ იძლევა იმედისმომცემ აღქმას ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ სიტუაციაზე“, - აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი, აკადემიკოსი ლადო პაპავა.