ლუკაშენკო აფხაზეთის აღიარებისთვის ემზადება

ლუკაშენკო აფხაზეთის აღიარებისთვის ემზადება

უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმების შედეგების გამოცხადებას, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორაზე შეხვდა ბელარუსის პრეზიდენტი. ალექსანდრე ლუკაშენკოს მოულოდნელი ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში დასრულებულია. ბელარუსის პრეზიდენტს ჯერჯერობით არ დაუკონკრეტებია, აღიარებს თუ არა ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას, თუმცა სოჭიდან გაგრის გავლით, ბიჭვინთაში ჩასულმა აღიარა, რომ აფხაზეთის თემატიკას 2 დღის წინ, დიდი ხნის განმავლობაში განიხილავდა პუტინის აგარაკზე.

ლუკაშენკოს არ დაუკონკრეტებია რაზე ესაუბარა ვლადიმერ პუტინს, თუმცა მან ერთხელ უკვე აღნიშნა, რომ არ გამორიცხავს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას მაშინ, როცა ამას ვლადიმერ პუტინი ეტყვის. ბიჭვინთაში მყოფმა ლუკაშენკომ პირველი მინიშნებაც გააკეთა, რომ აფხაზებთან უნდა ააგოს არა მხოლოდ მეგობრობის ხიდი, არამედ დაამყაროს ძალიან სერიოზული ურთიერთობები.

„გუშინ ჩვენს უფროს ძმასთან, ვლადიმირ პუტინთან აფხაზეთის პრობლემები განვიხილეთ. ღამემდე ბევრი ვიმსჯელეთ ამ საკითხებზე და მივედით ერთ დასკვნამდე, რომ აფხაზეთის მიტოვება არ შეიძლება. მას დახმარება სჭირდება, რათა ეს აყვავებული მიწა, ხალხი, ვინც აქ ცხოვრობს, ნორმალურად ცხოვრობდეს“, - განუცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

დე ფაქტო პრეზიდენტმა, ბელარუსის ლიდერს ბიჭვინთის იმ აგარაკზე უმასპინძლა, რომელიც, სავარაუდოდ, მალე პუტინის საკუთრებაში გადავა. შეხვედრაზე ბჟანიამ და ლუკაშენკომ ისაუბრეს ორმხრივ თანამშრომლობაზე, სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობაზე, მიმოიხილეს საერთაშორისო მოვლენები, არსებული გამოწვევები და საფრთხეები.

„ბელარუსის რესპუბლიკის მეთაურის აფხაზეთში ჩასვლის ფაქტი ბევრ რამეზე მეტყველებს: ჩვენი ურთიერთობები ახლანდელ ეტაპზე ახალ ხასიათს იძენს, ჩვენს ურთიერთობებს ახალი ბიძგი მიეცა. იმედი მაქვს, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მივალთ აღიარებამდე. არ მინდა ამ საკითხზე წინასწარ საუბარი, მაგრამ ამ დიდ სახლში პირველი აგური უკვე დადებულია, ფაქტია. კმაყოფილი ვარ შეხვედრით“, - განაცხადა ასლან ბჟანიამ.

შეგახსენებთ, რომ ლუკაშენკოს ვიზტის წინ უძღოდა,რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვდა. სერგეი ლავროვმა და ინალ არძინბამ ხელი მოაწერეს „შეთანხმებას“, ორმაგი მოქალაქეობის საკითხების მოგვარების შესახებ. ე.წ. დოკუმენტი ითვალისწინებს „აფხაზეთის მოქალაქეებისთვის“ რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შემოღებას.

„ხელშეკრულება“ ასევე ეხება სამხედრო სამსახურში გაწვევას. ის განხორციელდება იქ, სადაც მუდმივად ცხოვრობენ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები. როგორც ცნობილია, რუსეთის პრეზიდენტმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების გაფორმება დაავალა, რომელიც 9 სექტემბერს გახდა ცნობილი.

ბელარუსის პრეზიდენტის ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის გამო, ოფიციალურმა თბილისმა ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა და საგარეო უწყებაში პროტესტის ნიშნად, საქართველოში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარა. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს „ვიზიტი“ უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს.

„პრეზიდენტ ლუკაშენკოს ჩასვლა ბიჭვინთაში, ოკუპირებულ აფხაზეთში/საქართველოში, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევით მიუღებელია. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ უკანონო ქმედებას. საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები დაცული უნდა იქნას“, - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

მმართველი გუნდი ამბობს, რომ ლუკაშენკოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩასვლას მკაცრი რეაგირება მოჰყვება. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბელარუსის პრეზიდენტის ოკუპირებულ აფხაზეთში სტუმრობას „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა. პრემიერი წერს რომ, ეს „ვიზიტი“ არღვევს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.

„კატეგორიულად ვგმობ ალექსანდრ ლუკაშენკოს „ვიზიტს“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში და შეხვედრებს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმთან. ეს ნაბიჯი არღვევს საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო კანონმდებლობას, ასევე ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებს“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანას ექნება უმკაცრესი რეაგირება. ჯუანშერ ბურჭულაძე არ ურჩევს არცერთი ქვეყნის ლიდერს დაუშვას შეცდომა, რომლის გამოსწორებაც მის ქვეყანას ძვირი დაუჯდება.

„ეს ფაქტი ხელს არ უწყობს ბელორუსსა და საქართველოს შორის ურთიერთობას. ჩვენ გვექნება უმკაცრესი რეაგირება ვიზიტთან დაკავშირებით, მით უმეტეს, თუ იქნება მწვავე ნაბიჯი გადადგმული რომელიმე სახელმწიფოს მიერ. არ ვურჩევდი არც ერთი ქვეყნის ლიდერს დაუშვას ისეთი შეცდომა, რომლის გამოსწორებაც მის ქვეყანას ძვირი დაუჯდება, ან საერთოდ არ იყოს შესაძლებლობა ამ შეცდომის გამოსწორების“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ლუკაშენკოს აფხაზეთში მოულოდნელი ვიზიტი რომ აღიარება იქნება, ეს ცხადია. საგარეო პოლიტიკის ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე ამბობს, რომ მზადდება ახალი „სამოკავშირეო სახელმწიფო“, რომელშიც რუსები შეათრევენ ბელარუსს და ცდილობენ, შეათრიონ აფხაზეთიც.

„სამწუხაროდ, შეიძლება ყველაფერი აქეთკენ მიდის, ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ ლუკაშენკო დროს გაწელავს, მას ესმის, რომ მსგავსი ნაბიჯი შეუქცევადად გადაისვრის რუსეთის ბანაკში. იმედი ვიქონიოთ, რომ მას კიდევ აქვს მანევრის საშუალება, ეს იმით გამოჩნდება, თუ რა ნაბიჯს გადადგამს, თუ ეს ყველაფერი არ გასცდება მხოლოდ განცხადებებს, ეს ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ დროის გაწელვას ცდილობს ლუკაშენკო.

ის ამ ომმა ჩააყენა ძალიან მძიმე მდგომარეობაში, დასავლეთმა ხელი ჰკრა და უჭირს მანევრირება, რაც აისახება ჩვენზეც, კონკრეტულად აფხაზეთის აღიარებაზე. თუ ეს მოხდა, ჩვენ გავწყვეტთ ბელორუსთან დიპლომატიურ ურთიერთობას, რაც მათ საბოლოოდ გადაისვრის ბნელ მხარეს. მანამდე ასეთი მკვეთრი ნაბიჯი არ გადაუდგიათ, არ ჩარეულან ომში და წითელი ხაზები არ გადაუკვეთიათ, ამის შემდეგ ამ რეჟიმის მობრუნება შეუძლებელი იქნება“, - აღნიშნა თორნიკე შარაშენიძემ.

 

 

Aburjga Tasmanieli ვვარაუდობ, ლუკაშენკო ჩავიდა აფხაზეთში იმისათვის, რომ აფხაზები დაიყოლიოს საქართვრლოში ფედერაციის პრინციპით ინტეგრირებაზე! რასაც საპასუხოდ-საფასურად უნდა მოყვეს საქართველოს პოლიტიკური განეიტრალება, რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთირთობის აღდგენა და როგორც შედეგი ნატოსთვის ფეხის ამოკვეთა საქართველოდან და ალბათ სამხრეთ კავკასიისაგან! ამას მოყვება შედარებით მეორეხარისხოვანი ტექნიკური საკითხების გადაჭრა როგორიცაა, მაგალითად რკინიგზის აღდგენა აფხაზეთის გავლით ერევნისაკენ და შემდეგ ირანისაკენ! რამდენად სწორია ჩემი მოსაზრება ამას მომავალი დაგვანახებს!
რა საფუძველი აქვს ამ ვარაუდს?
ამის საფუძველს მაძლევს უპირველეს ყოვლისა რუსეთის დღევანდელი სავალალო სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობა და პერსპექტივის ანალიზი, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმის დაფიქსირება, რომ პრეზიდენტი ლუკაშენკო არის უჭველად უდიდესი სპეციალისტი და დიპლომატი მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში, ასევე საყოველთაოდ ცნობილია მისი ძალიან მეგობრული, კეთილი დამოკიდებულება საქართველოსადმი, ქართველი ხალხისადმი. . რაც არ უნდა ოპტიმისტური გათვლები გააკეთოს რუსეთის ხელმძღვანელობამ უახლოეს 15-20 წელიწადში და ალბათ შემდეგაც ის ვერ დაალაგებს ნორმალურ პარტნიორულ ურთიერთობებს ევროპასთან და ანგლოსაქსებთან! ანუ კოლექტიურ დასავლეთთან. მათი სამომავლო გათვლები მიმართულია ირანისა და სირიისაკენ, პაკისტანისა და ინდოეთისაკენ, ჩინეთისაკენ. ირანთან პარტნიორული ურთიერთობებისათვის მათ სჭირდებათ მისადმი მინიმუმ ლოიალურად განწყობილი საქართველო და სომხეთი. ამ ქვეყნებზე გადის სახმელეთო გზა ირანისაკენ და შემდეგ, სპარსეთის ყურეში გასასვლელით, სადაც არის ინდოეთი, პაკისტანი და არაბული სამყაროს გული კუვეიტი და სხვა საემიროები! თუ საქართველოს გულს მოიგებს აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ინტეგრაციით საქართელოს შემადგენლობაში, მაშინ გზა ხსნილი ექნება. ყოველ შემთხვევაში მე რომ ვიყო რუსეთის ხელმძღვანელობის მრჩეველი ასეთ რჩევას მივცემდი! ჩვენ ხელისუფლებას კი ვურჩევდი გავაგზავნოთ არაოფიციალური რწმუნებულ-მომლაპარაკებელი ბატონ ლუკაშენკოსთან, ჩემს მიერ ზემოდ განხილულ და ასევე სხვა საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით! ჩვენ პრეზიდენტ ლუკაშენკოს დონის არც ისე ბევრი მგობარი გვყავს, ამიტომ ხელაღებით მის წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობის გამოცხადებას უნდა გვერჩიოს მშვიდად, წყნარად გავარკვიოთ ბატონი ლუკაშენკოს ვიზიტის ნამდვილი მიზანი! ეს იქნება ბრძნული გადაწყვეტილება!
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ამ ვაჟკაც კაცს შეუძლია მოაგვაროს პრობლემები რუსეთს საქართველოს აფხაზეთს და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის. მოუსმინეთ კარგად
ბმული
2 წლის უკან
Maverick 100%!
2 წლის უკან