„ამერიკას რუსეთზე მეტად ჩინეთის ეშინია, რუსეთის დანგრევა ნიშნავს  ურალს იქით ჩინეთის გაბატონებას და ამერიკა უკვე ვეღარაფერს მოახერხებს“

„ამერიკას რუსეთზე მეტად ჩინეთის ეშინია, რუსეთის დანგრევა ნიშნავს  ურალს იქით ჩინეთის გაბატონებას და ამერიკა უკვე ვეღარაფერს მოახერხებს“

„ტანგოს ცეკვისთვის ორია საჭირო“, - ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი პუტინს მოლაპარაკების გზით კონფლიქტის გადაწყვეტას ურჩევს.

ბორელი აცხადებს, რომ ყველა, ვინც წავიდა კრემლში პუტინთან სასაუბროდ, დაბრუნდა ერთი პასუხით, რომ პუტინს აქვს სამხედრო მიზნები და, თუ ამ მიზნებს ვერ მიაღწევს, პუტინი გააგრძელებს ბრძოლას. ჯოზეფ ბორელი კრემლის ლიდერის სამხედრო მიზნებს შემაშფოთებელს უწოდებს და მოითხოვს, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დიპლომატიურ გადაწყვეტას ისე, რომ შენარჩუნდეს უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, „ჩვენ შევძლებთ დავასრულოთ ომი, მაგრამ არ გვექნება მშვიდობა, გვექნება კიდევ ერთი ომი“.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას თქმით, რუსეთთან მოსალაპარაკებლად საუკეთესო ადგილი ბრძოლის ველია. უკრაინული მხარე დარწმუნებულია, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები ნიშნავს „რუსული რულეტკის“ თამაშს სავსე ბარაბნით და ყველასთვის ფატალური დასასრულით, ეს ნიშნავს ომის გაგრძელებას, ტერორს და კრიმინალურ შანტაჟს.

რაზე შეიძლება მოილაპარაკონ მხარეებმა, თუკი რუსეთი არ აპირებს ზელენსკის პირობების დაკმაყოფილებას - რუსული ჯარების სრულად გაყვანას უკრაინის ტერიტორიიდან?! ხომ არ აჯობებს, უკრაინა დაელოდოს საბრძოლო პოზიციებში მეტ წარმატებას, რომ მერე უფრო მეტ დათმობაზე წასვლა აიძულოს რუსეთს?

ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ნაცვლად იმისა, უკან დაეხია პუტინს და დამჯდარიყო მოლაპარაკების მაგიდასთან, მან ახალი ფრონტი გახსნა და მობილიზაცია გამოაცხადა. შესაბამისად, მას მოუწევს კიდევ ერთხელ შერკინება უკრაინის არმიასთან, უკრაინელ ხალხთან.

„იმედია, უკრაინელი ხალხი ამ გამოცდასაც კარგად ჩააბარებს. როგორც კიევის აღებისას უკან დაახევინეს რუსებს, როგორც ხარკოვიდან დაახევინეს, კონტრშეტევაზე გადავიდნენ და წაართვეს ტერიტორიები, რომლებიც რუსებს წაღებული ჰქონდათ, ისე ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაციით წარმატების მიღწევა გაუჭირდება პუტინს, რადგან ამ კონტინგენტს საბრძოლო მოტივაცია არ გააჩნია, განსხვავებით, პირველი კონტინგენტისგან, რომელსაც უკრაინის ომში ფულის აღების მოტივაცია მაინც ჰქონდა“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ სანამ უკრაინა არ მიიღებს ძალიან მყარ უსაფრთხოების გარანტიას, ისეთს, რომ პუტინს მოუწიოს 7-9 წამყვან სახელმწიფოსთან დაპირისპირება, მანამ ზელენსკი არ დათანხმდება მოლაპარაკებას და არც ამერიკელები არ დათანხმდებიან. თორემ მოლაპარაკების შემთხვევაში, პუტინი მოიკრებს ძალას, საბოლოოდ ჩინეთს თავის მხარეს გადაიბირებს. მით უმეტეს, ჩინეთში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. კერძოდ, წლის ბოლოს ჩინეთში პარტიის მეოცე ისტორიული ყრილობა გაიმართება, სადაც სი ძინპინი შეიძლება მუდმივ პრეზიდენტად გამოცხადდეს.

„გულახდილად ვთქვათ, ევროპას და ამერიკას რუსეთზე მეტად ჩინეთის ეშინია. ამიტომ რუსეთის მთლიანი დანგრევა ისე, რომ წელში ვერ გაიმართოს რუსეთი, ეს ნიშნავს ჩინეთის გაბატონებას, ეს ნიშნავს, რომ ურალს იქით, პრაქტიკულად, ჩინეთი გაბატონდება. მაშინ უკვე ამერიკა ჩინეთთან ვეღარაფერს მოახერხებს. დღეს, ასე თუ ისე, რუსეთი მოჩვენებითად თუ რეალურად ბალანსის როლს ასრულებს. დღეს ჩინეთს უჭირს, ბოლო დროს ჩინეთმა კურსი აიღო ნულოვან ტოლერანტობაზე კოვიდთან მიმართებით, უმკაცრეს რეგულირებაზე. ამიტომაც ჩინეთმა ყველაზე ნაკლები ადამიანი დაკარგა. კოვიდის პერიოდში ჩინეთში წლინახევრით გაიზარდა სიცოცხლისუნარიანობა, ამერიკაში კი წლინახევრით შემცირდა, ინგლისში ერთი წლით შემცირდა, ევროპაშიც შემცირდა, ყველგან შემცირდა, მხოლოდ ჩინეთში გაიზარდა. ეს იმიტომ კი არ მოხდა, რომ ჩინეთის მთავრობა საკუთარ ხალხს უფრთხილდება, არამედ ჩინეთის ეკონომიკის გაძლიერება პირდაპირ კავშირშია იაფი მუშახელის სიმრავლესთან“, -აცხადებს სოსო ცინცაძე ჩვენთან საუბარში.

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი გიორგი კობერიძე მიიჩნევს, რომ რუსები და უკრაინელები მოლაპარაკებას აწარმოებდნენ ომამდეც, მაგრამ ფაქტია, ომამდე მოლაპარაკებამ სიტუაცია არ გამოასწორა. ამდენად, ახლა რის შესახებ უნდა ილაპარაკონ?!

„რაზეც სალაპარაკო იყო, უკვე ილაპარაკეს და აღმოჩნდა, რომ რუსეთი ყველაფერზე უარზეა და ფიქრობს, სამხედრო ძალით გადაჭრას ის, რაც მოლაპარაკებით ვერ მიიღო. სხვა მხრივ მოსალაპარაკებლად დაჯდომა და შეთავაზება, მოდით, ცეცხლი შევწყვიტოთ, რუსეთისთვის იმის საშუალების მიცემაა, რომ მან ამოისუნთქოს. თორემ რეალურად თუკი რამეზე მოსალაპარაკებელია, უნდა გაიყვანოს რუსეთმა ჯარი და დასრულდეს კონფლიქტი. ომში მყოფი უკრაინა რუსეთს სთხოვს დეოკუპაცია მოახდინოს, რუსეთი ამაზე უარზეა. საქართველოს შემთხვევაშიც, აბსოლუტურად იდენტური რეალობის წინაშე ვდგავართ, რადგან საქართველომ, როგორც ასეთი, რუსეთთან რაზე უნდა მოილაპარაკოს? რუსეთს შეიძლება ერთადერთი რამ მოვთხოვოთ, ეს არის დეოკუპაცია, რისი წინააღმდეგიცაა რუსეთი, შესაბამისად, მოსალაპარაკებელიც არც არაფერია“, - აცხადებს გიორგი კობერიძე for.ge-სთან საუბრისას.

მისივე შეფასებით, უკრაინას არაფერი აქვს დასათმობი, პირიქით, რუსეთი უნდა წავიდეს დათმობაზე, რადგან შეიძლება რუსეთმა ყირიმიც ვერ შეინარჩუნოს, იმ მდგომარეობამდეა მისული რუსეთის სრული დემორალიზება. სევასტოპოლი იყო დაცული ისე, როგორც დაცულია მოსკოვი, მაგრამ სევასტოპოლშიც ვიხილეთ უკრაინული დრონები, რომლებიც შავი ზღვის ფრონტის შტაბის თავზე ეცემიან და ფეთქდებიან. ეს უკვე ომის სხვა დინამიკაში გადასვლას გულისხმობს.