„ახლა მთავარია, „ნაცმოძრაობის“ პარტაქტივს გარშემო ვინ შემოიკრებს - რომელი ფინანსური პოლუსი უფრო მიმზიდველიც იქნება, იქითა მხარეს გადაბარგდებიან“

„ახლა მთავარია, „ნაცმოძრაობის“ პარტაქტივს გარშემო ვინ შემოიკრებს - რომელი ფინანსური პოლუსი უფრო მიმზიდველიც იქნება, იქითა მხარეს გადაბარგდებიან“

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდი დაპირისიპირება და გაწევ-გამოწევა გრძელდება. პარტია, ფაქტობრივად, 3 ჯგუფად არის დაყოფილი - დავით კეზერაშვილის მომხრეებად, მიხეილ სააკაშვილის ძველი თანამებრძოლები და ნიკა მელიას მხარდამჭერები. პარტიაში კონფლიქტის რეალური მიზეზი დაფინანსება და ძალთა გადანაწილებაა. მას შემდეგ, რაც პარტიაზე გაბრაზებულმა მიხეილ სააკაშვილმა ხელი ჩაიქნია, გავლენებისთვის უთანასწორო ბრძოლა დაიწყო. სააკაშვილი მიიჩნევს, რომ თანაპარტიელებმა ქვეყანაში ცრუ იმედით შემოიტყუეს, დაპირებული 100 ათასი მხარდამჭერი ქუჩაში არ გამოიყვანეს და ციხისთვის გაწირეს. ჩნდება ეჭვი, რომ სააკაშვილი შესაძლოა ქვეყანაში თავისსავე გუნდის წევრებმა მხოლოდ იმიტომ შემოიყვანეს, რომ ის თავიდან საბოლოოდ მოეშორებინათ. სწორედ ამ ეჭვის გამოა, რომ პარტიაში ბრძოლა წესების გარეშე დაიწყო. საქმე იქამდეა მისული, რომ პარტიის წევრები ერთმანეთს ფიზიკურადაც კი უსწორდებიან.

„ნაციონალური მოძრაობაში“ არსებულ განხეთქილება საჯარო ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ნიკა მელია დავით კეზერაშვილს რამდენიმე დღის წინ ღიად დაუპირისპირდა. მელიამ სატელევიზიო ეთერებში განაცხადა, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრის ფინანსური რესურსი და გავლენების მოპოვების სურვილი პარტიისთვის დამაზიანებელია.

ამის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 19 სექტემბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, მხარდამჭერებსა და წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. პარტიის სამოქალაქო აქტივისტის გიორგი მუმლაძის მტკიცებით, ჩხუბში პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიაც მონაწილეობდა. მუმლაძე ლიდერს, რომლის დასაცავადაც პარტიის ოფისში ღამეებს ათენებდა, ახლა ზონდერად მოიხსენიებს, „ნაციონალურ მოძრაობისგან“ კი კადრების გასაჯაროებას მოითხოვს.

გიორგი მუმლაძე 19 სექტემბრის ჩხუბის დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ მას პარტიის თავმჯდომარე კრიტიკული აზრის გამო დევნის. მუმლაძის მტკიცებით, თანაპარტიელი თენგო სანაია, რომელიცნაცმოძრაობაში“ მელიას ფლანგს წარმოადგენს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. იმის მიუხედავად, რომ მუმლაძის განცხადებების საფუძველზე სანაიას სახლში ჩხრეკა უკვე ჩატარდა, აქტივისტი ამტკიცებს, რომ არავის დაპატიმრება არ სურს და მისი მიზანი პარტიაში არსებული სიტუაციის მხოლოდ გასაჯაროებაა.

პარტიაში მიმდინარე დაპირისპირებას ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანიც ეხმაურება: „დღეს ნიკა მელიას რომ ებრძვიან შიგნით, იმიტომ არ ებრძვიან, რომ „შენ ბიჭო, მიშას გვერდით არ დაუდექი და რაღაცები შეგეშალა“, არა, არც ის ადამიანები არ იდგნენ მიშას გვერდით თავის დროზე. ახლა მიდის შიგნით ძალთა გადანაწილება. ეტყობა, ნიკა მელია არ აღმოჩნდა საკმარისად მონა, ეტყობა ახლა უფრო დიდი მონაა საჭირო“.

 ჟორჟოლიანის თქმით, თუ ნიკა მელია როგორც ძველ პერიოდში, ისეთ ბრძოლის ჟინს აჩვენებს, მასთან ერთად „ომშიც წავა“.

 ნანუკა ჟორჟოლიანის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის ადამიანი, რომელსაც თვეში 15 ათასი ერიცხება ხელფასად, ასევე არიან ადამიანები, რომელთაც ბიზნეს პრობლემები მოუგვარდათ, სწორედ ამიტომ მათ დისკომფორტის შექმნა არ სურთ.

„15 ათასია ერთი კონკრეტული ადამიანის ხელფასი თვეში, ასე ერიცხება 15 ათასი კეთილი ბიძინასგან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს. არა მხოლოდ მას, იქ ვიღაცებს ბიზნეს პრობლემები მოუგვარდათ, თავიანთი კონკრეტული დამფინანსებლები ჰყავთ ამ ადამიანებს და შესაბამისად, ფიქრობენ, რომ ახლა დისკომფორტის შექმნის დრო არ არის“, - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

ჟორჟოლიანის თქმით, დღევანდელი შემადგენლობით „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას არ მისცემდა.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ის, რაც ახლა „ნაციოანლურ მოძრაობაში“ ხდება, გარდაუვალი პროცესი იყო. აბაშიძე აცხადებს, რომ პარტია დაქუცმაცების საფრთხის წინაშე დგას და ეს, ადრე თუ გვიან, მაინც მოხდება. მას მიაჩნია, რომ ახლა ეს დაპირისპირება ძალიან სწრაფად დაიწყო და ამის მიზეზი, სავარაუდოდ, სააკაშვილია, რომელიც ფაქტობრივად ქართულ პოლიტიკას და პარტიასაც გამოეთიშა.

„პარტიაში სამი ჯგუფი გამოჩნდა, ერთ ჯგუფში დავით კეზერაშვილის მომხრეები არიან, მეორეში მიხეილ სააკაშვილის ე.წ. მიმდევრები და მესამე ნიკა მელიას მხარდამჭერები. სამივე მათგანი პარტიაში გვალენის მოსაპოვებლად იბრძვის. ამ ყველაფრის ერთ-ერთი მიზეზი იყო დეოლიგარქიზაციის კანონის უგულებელყოფა, რომელიც აღმოჩნდა, რომ ოპოზიციას აღარ აინტერესებს. ვფიქრობ, რომ ახლა დავით კეზერაშვილს პოლიტიკაში „გათეთრებულად“ უნდა შემოსვლა, ოფიციალური სტატუსი მიიღოს, რადგან, ადრე თუ გვიან, იქ სადაც არის, აღარ დაედგომება. მას უნდა ეს მოპარული ფული საკუთარ ქვეყანაში რამეში დააბანდოს, რომ მერე, თუ დაჭირდება, თავს უშველოს და დაბრუნდეს. პარტიაში ფინანსების და გავლენების გამო ისეთი დაპირისპირებაა დაწყებული, რომელსაც, ალბათ, მისი მხარდამჭერებიც კი ვერასდროს წარმოიდგენდნენ. ამ პარტიის დაყოფა გარდაუვალია, პროცესები საკმაოდ დაჩქარებულია. პრაგმატულად ნებისმიერი პარტია უნდა ცდილობდეს, რომ 2024 წლისთვის მოემზადოს, რადგანაც ოპოზიცია ისე იძირება, კაცმა არ იცის, რა და როგორ იქნება“, - ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, ახლა ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, ვის ხელშია პარტიის დაფინანსება, იქნება ეს თემურ ალასანია თუ დავით კეზერაშვილი. რომელი მათგანი უფრო მეტ ფსონს ჩამოვა, პარტიის ბირთვიც გადაწევას იმ მხარეს დაიწყებს. აბაშიძე ამბობს, რომ ამ ყველაფერში ასევე კობა ნაყოფიაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომელიც სააკაშვილის მხარეს არის და ამ ბოლო დროს საერთოდ აღარ ჩანს. თუმცა ის ხელს ასე ადვილად პარტიაზე არ ჩაიქნევს.

„ახლა მთავარი ის იქნება, „ნაცმოძრაობის“ პარტაქტივს გარშემო ვინ შემოიკრებს. რომელი ფინანსური პოლუსი უფრო მიმზიდველიც იქნება, იქითა მხარეს გადაბარგდებიან. ბოლო კვირების განმავლობაში, სააკაშვილს თუ დააკვირდებით, ქართულ პოლიტიკაზე საერთოდ არაფერს წერს. გამართული უკრაინულით და ინგლისურით მხოლოდ ომის მოვლენებზე წერს. მას საერთოდ სხვა არაფერი არ აინტერესებს. ეს მეტყველებს იმაზე, რომ სავარაუდოდ, მან ყოფილ თანაგუნდელებზე ხელი ჩაიქნია. ჩემი აზრით, სააკაშვილი ძალიან მწარედ მოატყუეს და გააწბილეს, რადგანაც ის ქვეყანაში ჩამოიყვანეს და აღმოჩნდა, რომ მათი დაპირებული მრავალათასიანი მიტინგები ფარსია. სააკაშვილს საკუთარმა გუნდის წევრებმა პოლიტიკური განადგურება მოუწყვეს. მეორე - დაპირდნენ, რომ ციხიდან ყველაფრის ფასად დაიხსნიდნენ და სანერვიულო არაფერი ჰქონდა. თუმცა ვხედავთ რა ხმებიც გამოდის, რომ თავიც არავინ შეიწუხა მის გამო. პირიქით, სააკაშვილის ჩამოსვლის შემდეგ NDI-ის კვლევების მიხედვით პარტია ერთნიშნა მხარდაჭერით შემოიფარგლება. ეს ბევრ რაღაცაზე მეტყველებს. „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური რეიტინგი საგრძნობლად დავარდა.

ჩვენ არ გამოვრიცხოთ, რომ ამ უმწვავეს დაპირისპირების დროს, ერთმანეთს კულუარულ ამბებს წამოაძახებენ, სწორედ ამ დროს შესაძლოა გაირკვეს, ვინ მოატყუა სააკაშვილი და ვის ინტერესებში შედიოდა, რომ ის ციხეში აღმოჩენილიყო. ეს დაპირისპირების სპირალი იმდენად მზარდია, რომ ყველაფერს უნდა ველოდოთ. ფაქტია, რომ ხელისუფლებას სააკაშვილის ქვეყანაში შემოტყუების ან შემოყვანის არანაირი მიზანი არ ჰქონდა. ეს ვიღაცის ინტერესებში იყო და სააკაშვილი, უბრალოდ, მახეში გაბმული აღმოჩნდა. ის ამას ძალიან კარგად მიხვდა, მისი ოჯახიც სწორედ ამაზე მიუთითებს და საერთოდ, პარტიაზე ხელი ამიტომ ჩაიქნია“, - ამბობს აბაშიძე.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის ფიგურა დავით კეზერაშვილისთვის და სხვა პარტიაში მყოფი ლიდერებისთვის პერსპექტული აღარ არის. მეორე მხრივ, კეზერაშვილს „ნაციონალური მოძრაობა“ სჭირდება იმისთვის, რომ საკუთარი პოლიტიკური ამბიციები დაიკმაყოფილოს, გავლენა და კონტროლი ჰქონდეს ქართულ პოლიტიკაზე, რათა თავი, როგორც პოლიტიკოსმა, ისე დაიმკვიდროს. ამისთვის მას სჭირდება მედია, რომელიც აქვს და პარტია თავისი პოლიტიკური ლიდერებით. ხოლო თუ ამ ყველაფერს ძალიან იაფადაც იყიდის, რატომაც არა, მომგებიანი სვლა იქნება.

„იმას უფრო გავიგებდი დავით კეზერაშვილ ქართული პოლიტიკისგან დისტანცირებული რომ ყოფილიყო. თუმცა, როგორც ჩანს, მისი ფული ბოლომდე სუფთა არ არის და ვიცით, როგორც აქვს ნაშოვნი. გამორიცხული არ არის, რომ მის ინტერესებში ისეთი სიტუაციის შექმნა იყოს, უცხოეთში რომ გაუჭირდეს, უკან, სამშობლოში დაბრუნება შეეძლოს. თუმცა მეორე მხრივ „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში უკან დაბრუნებას ვერ შეძლებს. ამიტომაც მხარს ოპოზიციურ პარტიებს უჭერს და მათში ფულს დებს. თუმცა სანამ ეს პარტიები ხელისუფლებამდე მივლენ, ბევრი წყალი ჩაივლის. მათი ფასი კაპიკი არ არის და ეს ბოლო NDI-ის კვლევებითაც კარგად გამოჩნდა.

რაც შეეხება ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, ის „ნაციონალების“ ამ სისუსტეს გამოიყენებს და იმ ამომრჩეველს, რომელსაც ხელისუფლება არ უნდოდა და ოპოზიციურად არის განწყობილი, საბოლოოდ დაარწმუნებს, რომ ოპოზიციაზე უკეთესია. აბა ამ ბაქჰანალიას თავად „ნაციონალების“ ამომრჩეველი რომ უყურებს, როგორ ფიქრობთ, რეიტინგი კიდევ უფრო არ დაეცემათ? მით უმეტეს ამ პარტიის ამომრჩეველი მაინც სააკაშვილის მხარდამჭერები არიან. ამიტომ მიკვირს კეზერაშვილის გათვლა რაზე და ვისზეა. მაგ პარტიაში არცერთი ლიდერი არ არის ღირებული, რომელსაც თავად პარტიის მხარდამჭერებიც კი გაჰყვებიან“, - ამბობს საყვარელიძე.