საქართველო სცილასა და ქარიბდას შორის (მეორე ნაწილი)

საქართველო სცილასა და ქარიბდას შორის (მეორე ნაწილი)

ზოგადად მსოფლიო უსაფრთხოების სტრუქტურის ძალისმიერ რღვევას ის ქვეყნები ცდილობენ, ვისაც მოცემულ ვითარებაში ლიდერობისათვის ბრძოლის პერსპექტივა არ გააჩნია. სხვა შემთხვევაში ნგრევაზე ორიენტაცია გაუგებარია. ჩინეთი სადღეისოდ ამგვარ ქვეყანათა რიგს აშკარად არ განეკუთვნება. პირიქით, სტრატეგიული მოთმინების შემთხვევაში მისი შანსები ძალზე დიდია. მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი დასავლეთ-რუსეთის პრინციპულ დაპირისპირებად იქცა, მსოფლიო უსაფრთხოების სისტემის ნაბიჯ-ნაბიჯ რეფორმირება ძალზე გაძნელდა, წარმოიდგინეთ რა მოხდება, თუკი ჩინეთიც აქტიურად ჩაებმება ამ ფერხულში.

 

ერთი სიტყვით, ჩინეთის კომპარტია სერიოზული არჩევანის წინაშე დადგება: ან დატოვოს უცვლელად დღევანდელი ხელისუფლება და მოემზადოს ნახტომისათვის პოლიტიკურ გაურკვევლობაში, ან შეცვალოს დღევანდელ ლიდერთა ტანდემი და დაუბრუნდეს სტაბილურ მდგომარეობას (ცხადია, შეიძლება პოლიტიკის კორექტირება ძველი ხელმძღვანელობის პირობებშიც, თუმცა ცვლილებათა სცენარი ამ შემთხვევაში უფრო საალბათო იქნება). ნენსი პელოზის ვიზიტით ამერიკამ შეამოწმა ჩინეთის მზაობა კონფლიქტში ჩაბმისათვის და, ამავე დროს, აჩვენა, რომ დაპირისპირების არ ეშინია და არ გაურბის მას. არჩევანი ჩინეთზეა. მას შემდეგ, რაც ყველაფერი გაირკვევა, ჩვენ მოწმენი გავხდებით ჩინეთ-ამერიკის ახალი ურთიერთობისა დადებით, ან უარყოფით კონტექსტში. ამ ქვეყნების ურთიერთობათა ხასიათი კი სერიოზულ გავლენას იქონიებს მსოფლიოზე და კონკრეტულად - რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზე. ჩინეთის ხელმძღვანელობაში ჯერ არ არის გაკეთებული ერთმნიშვნელოვანი არჩევანი. არიან ძალები, რომლებიც უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ სი ძინპინის პოლიტიკით ჯერ კიდევ კორონა ვირუსის პანდემიისას. მათ არ მოსწონთ დღევანდელი ხელმძღვანელობის მოქმედებები, ვინაიდან ზედმეტად აქტიურად და პრორუსულად თვლიან მას. თანაც არ ერიდებიან საკუთარი განსხვავებული პოზიციის ღიად დაფიქსირებას. ეს კი ნიშნავს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჩინეთის მმართველ წრეებს ჯერ არ მიუღიათ..

 

უნდა ითქვას ისიც, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს საკუთარ გეგმაში პეკინის ჩასართავად. ამისათვის იგი არ ერიდება ჩინური პირველობის უპირობო აღიარებას მომავალ სამყაროში. ეს კარგად გამოჩნდა ყაზახეთის ინციდენტის დროს, როდესაც რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა მონაწილეობა მიიღეს კონფლიქტის ჩაქრობაში, ხოლო შემდეგ 24 საათში დატოვეს ყაზახეთის ტერიტორია. ამის მიუხედავად ყაზახეთის დღევანდელი ხელისუფლება დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებს და რუსეთის ინტერესებს დიდად არ ითვალისწინებს, მოსკოვი კი იძულებულია შეეგუოს ამ ვითარებას. ერთი სიტყვით, რუსეთი მზად არის ჩინეთი „უფროს ძმად“ აღიაროს ახლაც და მომავალშიც, იმ პირობით რომ ეს ქვეყანა რუსეთს დასავლეთთან გაჩაღებულ კონფლიქტში დაეხმარება.

 

თურქეთი

 

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყებამდე კავკასიაში დრამატული მოვლენები განვითარდა. რეგიონში აღინიშნა თურქეთის მკვეთრი აქტიურობა, განსაკუთრებით ყარაბაღის ომის დროს, რომელიც რამოდენიმე თვით წინ უსწრებდა რუსეთის აგრესიას. აზერბაიჯანმა აშკარად დაჩაგრა მოწინააღმდეგე. ეს განაპირობა თურქეთის აქტიურმა მხარდაჭერამ მაშინ, როდესაც სომხეთის სტრატეგიული მოკავშირე - რუსეთი, უკანასკნელ მომენტამდე აშკარად პასიური იყო. შედეგად, აზერბაიჯანმა დაიბრუნა ტერიტორიების დიდი ნაწილი და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებულ დოკუმენტში მისი უპირატესობა აღიარებული და დაკანონებული გახდა, სადღეისოდ კი ლაჩინის კორიდორსაც მთლიანად თურქეთ-აზერბაიჯანის ალიანსი აკონტროლებს. ალიევის ხელისუფლება სრულ სტრატეგიულ უპირატესობას ფლობს და შესაძლებლობა აქვს თავისუფლად იმოქმედოს პარტნიორთან შეთანხმებით.

 

ომში ჩაბმულ რუსეთს სჭირდება თურქეთი და მისი მიუმხრობლობა. ამისათვის საკმაოდ მაღალ ოპერატიულ და რეპუტაციულ ფასს იხდის. ეს კარგად აჩვენებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მისთვის უკრაინა. რუსეთი თურქეთთან სერიოზულ დათმობებზე წავიდა ახლო აღმოსავლეთშიც (სირიაში, ერაყსა და ლიბიაში). თურქეთმა დაამტკიცა საკუთარი როგორც პოლიტიკურ-სამოკავშირეო, ისე სამხედრო ძალმოსილება.

 

სამხედრო თვალსაზრისით მნიშვნელოვანია უპილოტო საფრენი აპარატის „ბაირაქტარის“ გამოჩენა, რამაც სერიოზული როლი ითამაშა აზერბაიჯანის წარმატებაში (ბაირაქტარი აქტიურად გამოიყენება რუსეთ-უკრაინის სამხედრო თეატრზეც). თურქეთმა ნათლად აჩვენა საკუთარი სამხედრო შესაძლებლობანი და თავი დაიმკვიდრა, როგორც ძლევამოსილმა და სანდო პარტნიორმა. მას კავკასიაში გრძელვადიანი ინტერესები გააჩნია და შესაბამის ხარჯებსაც არ ერიდება. თურქეთის, როგორც მოკავშირე სახელმწიფოს მნიშვნელოვანი სპეციფიკა ის არის, რომ იგი იმავდროულად ნატოს წევრი ქვეყანაა და კონფლიქტი თურქეთთან ჩრდილო ატლანტიკურ კავშირთან დაპირისპირებასაც ნიშნავს. შექმნილ ვითარებაში იზრდება თავად თურქეთის როლი ნატოსა და ზოგადად დასავლეთისთვის. არ არის შემთხვევითი, რომ აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაცია ცდილობს დაარეგულიროს ურთიერთობები რეჯებ ტაიპ ერდოღანის ხელისუფლებასთან. ეს გარემოებანი (სამხედრო სიძლიერე და ნატოს წევრობა) თურქეთს აზერბაიჯანისათვის სანდო და მძლავრ მოკავშირედ აქცევს. ამას რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებზე ვერ ვიტყვით, ვინაიდან რუსეთის მიერ აღმოჩენილი დახმარება სომხეთისთვის მინიმალურია.

 

საქართველოს მდგომარეობა

 

საქართველოს ამგვარი მოკავშირე ჯერ-ჯერობით არ ჰყავს. მან იგი უნდა იპოვნოს და მოიპოვოს. ევროკავშირი, საითკენაც ისწრაფვის ჩვენი ქვეყანა, ამ ეტაპზე უფრო საკუთარი პრობლემებით არის დაკავებული და კავკასიას ჯეროვან ყურადღებას ვერ უთმობს. იგივე ითქმის აშშ-ზე. უკრაინის კონფლიქტი სერიოზული მატერიალური და ადამიანური რესურსების მობილიზებას ითხოვს. ამიტომ, თუკი საქართველოს რეალურად სურს დასავლეთ სამყაროში გაწევრიანება, მან თვითონ უნდა იაქტიუროს და გზის გარკვეული ნაწილი დამოუკიდებლად გაიაროს, საკუთარი რისკის ფასად.

 

ყოველივე ზემოთქმული ართულებს საქართველოს სტრატეგიული მიზნების რეალიზაციას. აშკარა ხდება, რომ გეოპოლიტიკური და ცივილიზაციური არჩევანი სერიოზულ საფრთხეებთან და დანაკარგებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. ამიტომ შექმნილი ვითარების სწორად აღსაწერად ისტორიულ-სოციალური ფაქტორებიც უნდა გავითვალისწინოთ. რუსეთი ჩვენი ყოფილი მეტროპოლიაა, მასთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება გვაქვს. განა ცოტაა ოკუპანტის უღლისაგან თავდახსნილი ქვეყანა, რომელიც ყოფილ მეტროპოლიასთან აგრძელებს ახლო ურთიერთობას პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურისა თუ სამხედრო სფეროში? ამისათვის ბრიტანეთისა და მისი თანამეგობრობის ქვეყნების ურთიერთობათა მაგალითებიც საკმარისია. თუმცა ჩვენს შემთხვევაში რუსეთთან ნეგატიურ დამოკიდებულებას გააჩნია როგორც ისტორიული, ისე სადღეისოდ მოქმედი მიზეზები.

 

  1. ორასი წელზე მეტია რაც ქართველ და რუს ერს შორის მჭიდრო ურთიერთობა დამყარდა და ამ ხნის განმავლობაში ქართული მხარე არაერთხელ სთავაზობდა რუსეთს უმცროსი პარტნიორის როლს, საპასუხოდ კი იღებდა ანექსიას. ასე იყო 1801 წელს, როცა რუსეთმა თავზე გადაგვახია გეორგიევსკის ტრაქტატი და მოახდინა ჩვენი ინკორპორაცია ქართული სამეფოს გაუქმებით (მართალია ხელშეკრულების მხარე ქართლ-კახეთი იყო, მაგრამ ის მთლიანი საქართველოს ინტერესებს გამოხატავდა. სპეციალურ მუხლებში, კერძოდ მეორე და მეოთხე სეპარატულში, აღნიშნული იყო, რომ რუსეთი დაეხმარებოდა ერეკლე მეორეს ოსმალეთის მიერ მიტაცებული ქართული ტერიტორიების დაბრუნებაში). სიტუაცია გამეორდა 1921 წელსაც, როცა ამჯერად წითელმა რუსეთმა გადაგვახია თავზე 1920 წლის რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულება და ხელახლა მოახდინა ჩვენი ანექსია.1994 წელს, უკვე თანამედროვე ეტაპზე, გაფორმდა რუსეთსა და საქართველოს რესპუბლიკას შორის ჩარჩო ხელშეკრულება, რომლის რატიფიკაციაც რუსეთმა არ მოახდინა და იმავდროულად ყველაფერი გააკეთა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისათვის. კრემლს ჩვენი ქვეყნის მისამართით არ შეუწყვეტია ძირგამომთხრელი მოქმედებები, რაც იმ ეტაპზე 2008 წლის აგვისტოს აგრესიით დასრულდა. ასე რომ, ჩვენი მეცადინეობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარება. რას იზამ, როგორც თავის დროზე ჯორჯ კენანმა აღნიშნა, მოსკოვი ვერ ეგუება მეზობლებს. ჩვეულება კი, როგორც ცნობილია, რჯულზე უმტკიცესია. არ არსებობს რაიმე გარანტია, რომ ქართული მიწების 20% ოკუპანტი ქვეყანა სამომავლოდ იმპერიულ დამოკიდებულებას საქართველოსადმი მკვეთრად შეცვლის. ყოველ შემთხვევაში, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი ამის დასტურად არ გამოდგება;

 

  1. ზემოთ უკვე ითქვა, რომ მოსკოვი მიმზიდველს ვერაფერს სთავაზობს მეზობლებს. იგი არ არის პოლიტიკურად მომხიბვლელი სახელმწიფო. ამგვარი მიზანი და შესაძლებლობა შორეულ პერსპექტივაშიც არ აქვს. მისგან შორს არის ინოვაციური მეცნიერება და ტექნოლოგიები. ამ ქვეყანას არ გააჩნია მომავლის საქართველოსათვის მისაღები ხედვა და ცივილიზაციური იდეა.

 

დემოკრატიული სამყაროსათვის კავკასიის რეგიონის ღირებულება მხოლოდ აღმოსავლეთ-დასავლეთის შემაერთებელი ხიდის ფუნქციით არ ამოიწურება. მოცემულ მომენტში დიდ მნიშვნელობას იძენს შავი ზღვა. ის, ვინც იბატონებს შავ ზღვაზე, კავკასიაც მას დარჩება (ალბათ უკრაინაც). ჯერ კიდევ ყირიმის ომის დროს ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი პალმერსტონი თვლიდა, რომ შავ ზღვაზე უპირობო უპირატესობის მოსაპოვებლად რუსეთისთვის უნდა წაერთმიათ არ მარტო ფლოტი, არამედ ზღვის ნაპირიც. ზავის დადებისას ეს აზრი არ გაითვალისწინეს (როგორც ამბობენ ნაპოლეონ III-ის პოზიციის გამო), და მხოლოდ ფლოტის აკრძალვას დასჯერდნენ. ისტორიამ აჩვენა, რომ პალმერსტონი მართალი იყო. ამიტომ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს უკრაინის პორტებისათვის ბრძოლას. შავი ზღვის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილში გაბატონება რუსეთის აქტიური სტრატეგიული მიზანია, რასაც იმპერიული მისწრაფებების მქონე სახელმწიფო არასოდეს შეეშვება.

 

გეოგრაფიულად სწორედ შავი ზღვა აკავშირებს საქართველოს დასავლეთთან. საზღვაო ურთიერთობის განმტკიცება პრიორიტეტულია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისათვის. ეს კი ნიშნავს, რომ თავის დროზე ანაკლიის საზღვაო პორტის პროექტის ჩაგდება თუ შეჩერება მძიმე შეცდომა იყო (რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირებისა და ცენტრალურ აზიაში კრემლის გავლენის მოსალოდნელი შესუსტების პირობებში ანაკლიის პროექტს მნიშვნელოვანი ეკონომიკური პოტენციალი აღმოაჩნდება). ძალზე მნიშვნელოვანია კეთილმეზობლური ურთიერთობის შენარჩუნება და განმტკიცება თურქეთთან, რომელსაც ამ აკვატორიაში უძლიერესი ფლოტი ჰყავს და იმავდროულად ნატოს წევრი ქვეყანაც არის.

 

რასაკვირველია მიუმხრობლობის შენარჩუნება ამ ეტაპზე აუცილებელია. ამასთან უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუ დაპირისპირება თვისობრივად ახალ საფეხურზე გადავა (რაც გამორიცხული არ არის), არსებული პოზიციის შენარჩუნება ძალზე გართულდება. ომის დიპლომატიამ იცის ნეიტრალიტეტის ცნება, ე.წ. კეთილგანწყობილი ნეიტრალიტეტისა. ეს ნიშნავს, რომ ომში აქტიური ჩართვის არარსებობის პირობებში მხარეები მაინც განირჩევიან. საქართველოს დღევანდელი პოლიტიკა ომის დაწყებიდან დაახლოებით ერთ თვეში სწორედ ამ გზას დაადგა უკრაინის და დასავლეთის სასარგებლოდ, თუმცა კონფლიქტის გაგრძელების, გაფართოებისა და გამწვავების შემთხვევაში ეს საკმარისი აღარ იქნება. საქართველო თურქეთის ძალმოსილების ქვეყანა არ არის, რომ მან მხოლოდ საკუთარი ძალების ფასად მოახერხოს ნეიტრალიტეტის შენარჩუნება და იმავდროულად საკუთარი ინტერესები არ დააზიანოს. საჭირო გახდება რთული ნაბიჯების გადადგმა იმის საფასურად, რომ არ ჩავებათ კონფლიქტში და დასავლეთისკენ დრეიფიც შევინარჩუნოთ.

 

რასაკვირველია, ფხიზლად უნდა ვადევნოთ თვალყური და დროულად გავარჩიოთ მოგებულ-წაგებული. არ უნდა დავდგეთ დამარცხებულის მხარეს და შევინარჩუნოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა (ამგვარი კრიტიკული ვითარება ერთხელ უკვე შეიქმნა პირველი მსოფლიო ომის დასასრულს, რაც საქართველოს რესპუბლიკას დამოუკიდებლობის დაკარგვის ფასად დაუჯდა) და იმავდროულად ვიზრუნოთ ტერიტორიულ მთლიანობაზე.

 

რუსეთის ინტერესები, იმპერიის აღდგენისაკენ მისწრაფება, თანაც მინიმალური ავტონომიით, საქართველოს არ აწყობს. ისიც ცხადია, რომ თუ რუსეთი უკრაინაში რეალურ წარმატებას მიაღწევს, შემდეგ საქართველოს ჯერიც დადგება და არავითარი მნიშვნელობა არ ექნება იმას, მანამდე დამჯერედ ვიქცეოდით თუ არა. ეს კი ნიშნავს, რომ, კონფლიქტის ამ ეტაპზე მაინც, უკრაინელები საქართველოსთვისაც იბრძვიან, მისი უკეთესი მომავლისათვის. ეს უნდა გავითვალისწინოთ, წინდახედულება და მოთმინება გამოვიჩინოთ. თუკი ვინმეს სურს კონფლიქტში საქართველოს ჩართვა მას მტკიცე უარი უნდა ვუთხრათ. ჯერ-ჯერობით ამას ვახერხებთ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დასავლეთი და აშშ იმგვარ მდგომარეობაში ჩავაყენოთ, რომ მათ ჩვენზე, როგორც პარტნიორზე, საბოლოოდ ჩაიქნიონ ხელი.

 

რუსეთთან კონფლიქტი სახიფათოა, ძალზე სახიფათო, მაგრამ დასავლეთთან კონფლიქტი სრულიად დამღუპველი იქნება. ამ შემთხვევაში ვგულისხმობთ ურთიერთობების დრამატულ გაუარესებას. ის პოზიცია, რომ დასავლეთს და კონკრეტულად აშშ-ს არ შეუძლია საქართველოსთან ურთიერთობების გაფუჭება, რადგან ეს მათ ინტერესებს სერიოზულად დააზიანებს, მართალი არ არის, მცდარია და საქართველოს სახელმწიფოებრიობას სასიცოცხლო საფრთხეს უქმნის (მათ შორის - მშვიდობის შენარჩუნების თვალსაზრისით). ომი ართულებს ურთიერთობებს სტრატეგიულ პარტნიორებთანაც, საფრთხეებსაც ზრდის. მოკავშირეთა შენარჩუნების ხელოვნება ომის დიპლომატიის უცილობელი პირობაა. ხელისუფლებამ და პოლიტიკურმა კლასმა, რომელსაც ოდნავი პასუხისმგებლობა მაინც აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს. დასავლეთი არ არის იოლი პარტნიორი და ხშირად უსამართლოც არის. ამის მიუხედავად დაუშვებელია, რომ ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები, მისი არსებობა/არარსებობა გაღიზიანებას, ფსიქოლოგიურ დაღლილობას და რესენტიმენტებს გადავაყოლოთ.

 

მეორეს მხრივ, დასავლეთმაც უნდა აუღოს ალღო შექმნილ ვითარებას და ევროპასთან საქართველოს დაახლოების პროცესი შორეთს იქით შორეთად არ აქციოს. შეიარაღებული დაპირისპირების ლოგიკა და ომის დიპლომატია უნდა გულისხმობდეს ევროგაერთიანების გაფართოებისათვის გადადგმულ რეალურ და ქმედით ნაბიჯებს დროითი პარამეტრების მკაცრი დაცვით. ტემპორალურ შიმშილს განიცდის კონფლიქტის ყველა პირდაპირი თუ არაპირდაპირი მონაწილე. ეს გარემოება კი ზუსტი, სწრაფი და პარტნიორისთვის კეთილგანწყობილი ნაბიჯების გადადგმის ფასს მაქსიმალურად ზრდის. მოსალოდნელია, რომ გარკვეულ მომენტში (და საკმაოდ სწრაფად) ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი აღარ აღმოჩნდეს საკმარისი. სწორედ დაძაბული ისტორიული მომენტები ქმნიან საკმარის საფუძველს ახალი მეგობრების შესაძენად და ურთიერთობათა განსამტკიცებლად.

 

ჩვენი ერის ევროპული გაერთიანებისაკენ სწრაფვა საქართველოს ნებისმიერმა ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს. სამომავლოდ ევროპულ ოჯახში უკრაინა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს და მასთან სტრატეგიული ურთიერთობის ძირითადი საკითხი უნდა მოგვარდეს. ვფიქრობთ, სწორედ ამას გვიჩვენებს რეგიონში, ევროპასა და მსოფლიოში შექმნილი სადღეისო ვითარება.

 

დღევანდელ ბირთვულ სამყაროში საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე ბუნებრივად არის ამერიკის შეერთებული შტატები და ნატო. საბჭოთა კავშირისაგან თავდახსნისა და შემდგომი განვითარების სპეციფიკიდან გამომდინარე, სხვაგვარად ვერ იქნებოდა. შეიძლებოდა გვეფიქრა ჩინეთთან ურთიერთობის გაფართოებაზე. ჩინეთი ბირთვული სახელმწიფოა და ეკონომიკური პოტენციალით მეორეა მსოფლიოში, მაგრამ Realpolitik-იდან გამომდინარე, ჯერ-ჯერობით ამისათვის არც საქართველო და არც ჩინეთი მზად არ არიან. დროს კი ჩვენს შემთხვევაში ოქროს ფასი ადევს.

 

ორიოდე სიტყვა ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი გარკვეულ შესაძლებლობებს ქმნის ამ მიმართულებით. დასავლეთთან დაპირისპირებაში რუსეთი შეიძლება იმდენად დასუსტდეს, რომ კავკასიაში საკუთარი ინტერესების დასაცავად საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობა ჩათვალოს საჭიროდ. ისიც არ არის გამორიცხული, რომ დასუსტებულმა რუსეთმა საერთოდ დატოვოს კავკასია. სამხედრო წარუმატებლობას რუსეთი, როგორც წესი, მტკივნეულად განიცდის ხოლმე და მას გარკვეული შედეგები მოსდევს. ჩვენი ხელისუფლება საქვეყნოდ აცხადებს, რომ იგი არ აპირებს ტერიტორიული პრობლემების სამხედრო ძალით მოგვარებას. ეს სწორი პოზიციაა. თუმცა უკეთესი იქნება, თუ შეიქმნება პირობები აფხაზურ მხარესთან უშუალო მოლაპარაკებისათვის. კონფლიქტი და ომი პოლიტიკური პროცესების მძლავრი რეჟისორია. მისი სცენარების გამოცნობა ხშირად შეუძლებელიც არის. ჩვენი მოვალეობაა, ყველა შანსი გამოვიყენოთ სახელმწიფო სუვერენიტეტის სრულად აღსადგენად ამ დაძაბულ ვითარებაშიც.

 

რაც შეეხება დასავლეთთან ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეობას, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ეს კავშირი სამხედრო კონფლიქტის ფასად არ დაგვიჯდეს. ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ და გამოვიყენოთ ჰენრი კისინჯერის რჩევა უკრაინელების მიმართ, რომ დასავლეთის ფორპოსტად (ანუ წინა ზღუდედ) ყოფნას ბევრად სჯობს ხიდის ფუნქცია, და ვეცადოთ ვიყოთ ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. მითუმეტეს, რომ კავკასიის სატრანზიტო კორიდორის პერსპექტივები ამის შესაძლებლობას იძლევა.

 

ეს არ იქნება იოლი. სატრანზიტო ფუნქცია გულისხმობს აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან და თურქმენეთიდან ნავთობისა და გაზის მიწოდებას დასავლეთისათვის საქართველოს გავლით. მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, როგორც ჩანს, ბათუმის და ფოთის პორტები, მარცვლეულის გადასაზიდად იმავე მიმართულებით. პრობლემა აქ ის არის, რომ რუსეთი ჯერჯერობით ნებისმიერ ალტერნატივას (განსაკუთრებით ენერგომატარებლებთან მიმართებაში), ძალზე მტრულად და აგრესიულად აღიქვამს. რასაკვირველია, ხიდის ფუნქცია მხოლოდ ზემოხსენებულ კომპონენტებს არ შეიცავს, თუმცა მნიშვნელობის მიხედვით ისინი წამყვანნი არიან. ეს კი ნიშნავს, რომ იმპერიული რუსეთი ჩვენი ქვეყნის დასავლეთ-აღმოსავლეთის გამაერთიანებელი ფუნქციისათვისაც ძალზე სახიფათოა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს მოუწევს ფორპოსტისა და ხიდის შესაძლებლობათა სინთეზი. ეს რთული ამოცანაა, მაგრამ აუცილებლად გადასაჭრელი და ვერც იმას ვიტყვით, რომ ისტორიულად ამგვარი ვითარება უცხო იყოს საქართველოსათვის. პირიქით, წარმატებული სახელმწიფო მშენებლობა ჩვენს ქვეყანაში ჩვეულებრივ, გულისხმობდა ფორპოსტისა და ხიდის ფუნქციის ერთიანობას.

 

პოლიტიკისა და ეკონომიკის კვლევის საზოგადოებრივი ცენტრი