რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან ერთად, სამხედრო თანამშრომლობის გამყარების მიზნით, სამხრეთ კავკასიაში იქმნება უსაფრთხოების ერთიანი სივრცე.
სერგეი ლავროვმა ეს განცხადება მოსკოვში, ეგრეთ წოდებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ოლეგ ბარციცის ვიზიტის დროს, ოფიციალურ შეხვედრაზე გააკეთა. თავის მხრივ, „აპსნი პრესი“ აქვეყნებს ოლეგ ბარციცის ინტერვიუს, რომელიც მოსკოვში მის ვიზიტს ეხება.
ამ ინტერვიუში ბარციცის ცინიზმს საზღვარი არ აქვს - „ბურთი საქართველოს მოედანზეაო“, აცხადებს უტიფრად და საქართველოსგან სამხედრო ძალების გამოუყენებლობის შესახებ იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტის მიღებას ითხოვს. მეტი დამაჯერებლობისთვის, იქვე დასძენს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში, ეს საკითხი არაერთხელ დასვითო...
რას ნიშნავს „უსაფრთხოების ერთიანი სივრცე“ სამხრეთ კავკასიაში, თანაც საქართველოს მონაწილეობის გარეშე? ამ და სხვა საინტერესო დეტალებზე, For.ge-ს უსაფრთხოების ექსპერტი, კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე ესაუბრება.
ბატონო მამუკა, რას ნიშნავს უსაფრთხოების ერთიანი სივრცე და სამხედრო თანამშრომლობის გამყარება სამხრეთ კავკასიაში?
- ანექსია მიმდინარეობს და ოკუპაციის ასეთი ფორმაა, არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა ამ თვალსაზრისით. ერთადერთი ის არის, რომ მოსკოვი ცდილობს, საზოგადოებისა და მსოფლიოს ცნობიერებაში დაამკვიდროს ის ფაქტორი, რომ აქედან წასვლას არ აპირებს - ამ თემას ნიშნავს ტრიბუნიდან ნათქვამი, მაგრამ კულუარულად რა ხდება, ეს მეორე საკითხია.
უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი გარემოება, რომ არავითარ სამხედრო თანამშრომლობაზე საუბარი რეალურად არ მოიაზრება, იმიტომ რომ რისი სამხედრო პოტენციალი აქვს ან ერთს, ან მეორეს - ან სოხუმს, ან ცხინვალს? - არც არაფერი, განსაკუთრებული. რუსეთისთვის მთავარია, თავისი ბაზების სტაბილურად ყოფნა და გაძლიერება ამ ორ რეგიონში. ეს მიმართულია შემდეგი გარემოებების წინააღმდეგ: ერთი მხრივ, ეს არის დასავლეთის აქტიურობა რეგიონში, რაც გულისხმობდა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას და მეორე მხრივ, ახლანდელ აქტივობებს, რომელსაც დასავლეთი იჩენს სომხეთის მიმართ და დასავლეთის ერთი ნაწილი - აზერბაიჯანის მიმართ, იგულისხმება აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი მიდგომა, რაც გულისხმობს აზერბაიჯანის აბრაამის ხელშეკრულებაში გაწევრიანებას. ევროკავშირი ამის მიმართ ცივად არის განწყობილი...
საბოლოო ჯამში, ეს განცხადება ამის დემონსტრირებაა, ამაზეა აქცენტი და კიდევ ერთი გარემოებაა - რაც არ უნდა სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდეს მაღალ დონეზე რუსეთსა და თურქეთს, რაც არ უნდა 40 მილიარდს აჭარბებდეს მათი სავაჭრო ბრუნვა, სამხრთ კავკასიის რეგიონში, ისევე, როგორც ცენტრალური აზიის რეგიონში, რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე არის ზუსტად თურქეთი. ამიტომ, თურქეთის გაძლიერებას რუსეთი ყოველნაირად ხელს შეუშლის.
მოსკოვმა დაუშვა საბედისწერო შეცდომა, როდესაც ფაშინიანზე გამწარებული, პრაქტიკულად, ყარაბაღის განახლებულ კონფლიქტში არ ჩაერია სომხეთის მხარეს. ახლა ნანობენ ამ თავის შეცდომას, იმიტომ რომ ამ მოვლენის შემდეგ, რუსეთის აქტივობა სამხრეთ კავკასიაში კატასტროფულად შემცირდა - ასე თვლიან მოსკოვში. ამიტომ, ეს აქტივობა და ის გავლენები უნდა დაიბრუნოს, რაც ჰქონდა. აი, ეს განცხადება არის ამ კონტექსტში, თან ახლა იქ ბევრი პლასტია. ეს, რაც ახლა გითხარით, საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისითაა, თუმცა არის კიდევ შემდეგი გარემოება - ცხინვალშიც და სოხუმშიც დიდი ეჭვი დაგროვდა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ორ რეგიონს რუსეთი საქართველოს აბარებს. ეს ეჭვი განსაკუთრებით აქტიური იყო გასული წლის შემოდგომა-ზამთარში. ახლა რუსეთი ამბობს, რომ თქვენ ცდებით, ჩვენ ამას არ დავუშვებთ, ამოტომ სამხედრო წარმომადგენლობას ვაძლიერებთო. სოხუმსა და ცხინვალში, განსკუთრებით სოხუმში, ამ ნათქვამს ძალიან კარგად შიფრავენ. ისინი ამბობენ, რომ ჩვენს თავს მაინც დაუთმობენ საქართველოს, ოღონდ საქართველოს გამოსტყუებენ პირობას, რომ რუსული ბაზები დარჩეს.
ბატონო მამუკა, ოლეგ ბარციცმა ამ ინტერვიუში ცინიკურად განაცხადა, რომ კონფლიქტის დარეგულირების კონტექსტში, „ბურთი საქართველოს მოედანზეაო“ და საქართველოსგან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ იურიდიულ დოკუმენტს ითხოვს.
- ჩემი ინფორმაციით, გარკვეული კულუარული აქტივობები იყო გასული წლის შემოდგომა-ზამთარში იმის თაობაზე, რომ შეცვლილიყო საქართველოს კონსტიტუციური მოწყობა, იგულისხმება კონფედერაციის თემის გააქტიურება, რაც მოსკოვმა კულუარულად, არაოფიციალურად შემოაგდო. მაგალითად, სოხუმში ამ საკითხზე მსჯელობდნენ, მათ პირდაპირ უთხრეს ზოგიერთმა მოსკოველმა პოლიტიკოსმა, რომ კონფედერაციის საკითხს მოსკოვი განიხილავდა. კონფედერაციის კონტექსტში, რასაკვირველია, ცეცხლის არგახსნის დოკუმენტაციაც იქნება და სხვაც ბევრი რამ, რაც საქართველოსთვის წამგებიანია და როგორც ჩანს, ქართულმა მხარემ მოსკოვის ეს პოზიცია არ მიიღო, იმიტომ რომ ეს კონფედერაცია ჩვენთვის აბსოლუტურად წამგებიანია, რადგან კონფედერაციის შემთხვევაში, ასეთი ფორმულა არსებობს, რომელშიც გარკვეული პირობების დაცვით, ამ რეგიონებს შესაძლებლობა ექნებათ, დამოუკიდებლობა უკვე იურიდიულად გამოაცხადონ.
მოსკოვი რამდენიმე მიმართულებით თამაშობს - თავი ხომ უნდა მოაწონოს აფხაზურ საზოგადოებას, როგორი მაგარია. ეს ახლა აბსოლუტურად ლოგიკური და გასაგებია, რადგან ბარციცი დიდხანს იყო მოწყვეტილი აფხაზურ საზოგადოებას, იყო აფხაზეთიs სავაჭრო წარმომადგენელი მოსკოვში. ის რომ პოპულარული არ იყო აფხაზეთში, დაეტყო კიდეც არჩევნების შედეგებს, პრეზიდენტობის კანდიდატი იყო ბოლო არჩევნებში და სულ რაღაც 2-3% მიიღო. ამიტომ, ომახიანად ლაპარაკს ცდილობს, რათა საკუთარ საზოგადოებასაც და მოსკოვსაც აჩვენოს, როგორი მაგარი ბიჭია.
რაც შეეხება „ბურთი საქართველოს მხარესაა“ - ეს არ წყდება სოხუმში და არც ცხინვალში, წყდება თბილისსა და მოსკოვში, იმ ქვეყნების დედაქალაქებში, რომლებიც ჩართულები არიან ამ პრობლემის მოგვარებაში, უფრო ჟენევაში, ვიდრე სოხუმში. საერთოდ, უბედურება ის არის, რომ აფხაზები ცდილობენ, მსოფლიო დაარწმუნონ, რომ მათი აზრი, ამ მოლაპარაკებების კონტექსტში, გადამწყვეტია. მოსკოვში არავის აინტერესებს აფხაზების აზრი, ეს დაეტყო კიდეც ბოლო აქტივობებს, რომელიც დაკავშირებული იყო საპროტესტო გამოსვლებთან სოხუმში - აპარტამენტების ექსპლუატაციის პროექტის არმიღებასთან და სხვა.
საბოლოო ჯამში, შეგვიძლია, ასეთი რეზიუმე გავაკეთოთ: რამდენიმე ფრონტზე ერთდროულად მიმდინარეობს ბრძოლა, მოსკოვი ცდილობს, რომ თბილისთან თან ურთიერთობის ახალი სისტემა შექმნას, თან თავისი მონაპოვარი რაღაც ფორმით შეინარჩუნოს და თუ თბილისი არ დათანხმდება, მაშინ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მუდმივად ჰაერში იქნება გამოკიდებული. როგოც ვხედავთ, თბილისი არ თანხმდება და ეს საკითხი ისევ ღიად დარჩება, რაც არ უნდა ილაპარაკონ სოხუმისა თუ ცხინვალის მაღალი თანამდებობის პირებმა. რეალურად, ისევ ორჭოფულ მდგომარეობაში ვართ და, საბოლოო ჯამში, ყველაფერი დამოკიდებულია, როგორ გაარკვევენ ურთიერთობას დასავლეთი და რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე.
25-26 ივნისს, ჟენევის მოლაპარაკების მორიგი, 64-ე რაუნდი გაიმართება. უკვე ცნობილია, რომ საქართველო ამ რაუნდშიც გააპროტესტებს აეროპორტისა და რკინიგზის გახსნას სოხუმში, თუმცა ამ ინტერვიუში, ოლეგ ბარციცი სიამაყით აცხადებს, რომ აეროპორტის გახსნას მილიონამდე ტურისტი მოჰყვება სოხუმში...
- ბარციცს გადაეცით ჩემგან, რომ არ უნდა ეგ ლაპარაკი, რადგან მილიონამდე ტურისტი შარშანაც იყო აფხაზეთში, მილიონზე მეტიც კი. არ არის საჭირო ეს ამბავი, იმიტომ რომ ვერცერთი სერიოზული რუსული ავიაკომპანია ვერ დაითანხმეს, ფრენები განეხორციელებინა სოხუმში, რადგან მაშინ, სხვა ქვეყნებში გადაადგილება შეეზღუდებოდა. არასერიოზული ავიაკომპანიები იფრენენ, რასაკვირველია იქ, მაგრამ ამით არაფერი შეიცვლება. ქართული მხარე ვალდებულია და აუცილებელია, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმებიდან გამომდინარე, ამ საკითხებზე ყურადღება მუდმივად გაამახვილოს, მაგრამ სამწუხაროდ, ვითარება ამით არ იცვლება. მიუხედავად ამისა, კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, მუდმივად ამ საკითხის დაყენება აუცილებელია.
მნიშვნელოვანია კიდევ ერთი საკითხი, რომელიც მიბმულია სარკინიგზო მიმოსვლასთან და ეს არის ალტერნატიული სავაჭრო გზის შექმნა პეტერბურგიდან ინდოეთამდე. ეს გზა არსებობს უკვე, მუშაობს და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადის, მაგრამ რუსეთს უნდა, რომ მომავალში უფრო მეტი გარანტიები ჰქონდეს და ეს გზა გააკეთოს საქართველო-სომხეთის გავლით, ირანისკენ, მით უმეტეს, რომ სომხეთის რკინიგზა ისედაც რუსეთს ეკუთვნის. ამით იგებს რამდენიმე კონტროლს: ალტერნატიულ გზას ქმნის და აზერბაიჯანს შანტაჟის საფუძველს უსპობს სამომავლოდ, გარდა ამისა, საქართველოსთან და სომხეთთან სხვა ტიპის ურთიერთობების სისტემას ქმნის, თავისი აზრით და პლიუს, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი - თუ ამ გზამ ასე გაიარა, როგორც მე ვთქვი, აფხაზეთისა და დანარჩენი საქართველოს რკინიგზის გავლით, მაშინ ეს გზა გადაჭრის ზანგეზურის კორიდორსაც, რომლის ათვისება აზერბაიჯანს ძალიან უნდა. იმ შემთხვევაში, თუ ამ რკინიგზამ გადაჭრა ზანგეზურის კორიდორი, მაშინ აზერბაიჯანის მადა, როგორც მოსკოვში ფიქრობენ, ძალიან შემცირდება და ვეღარ გაბედავს იმ პრეტენზიების დაყენებას, რომელსაც ახლა აყენებს. მოკლედ, მთელი რიგი საკითხებია, მოსკოვი ვაჭრობს და ამ ვაჭრობაში თბილისის ჩართვას ცდილობს, თბილისი ვაჭრობაში არ ერთვება, მხოლოდ რეაგირებს, მაგრამ არ ერთვება.
თქვენი აზრით, სწორია, რომ თბილისი მხოლოდ რეაგირებს და არ ერთვება ვაჭრობაში?
- ყოველ შემთხვევაში, ვაჭრობა იმას ნიშნავს, რომ ორივე მხარე დარჩეს სარფიან მდგომარეობაში. თუ მოგებული მხოლოდ ერთი მხარეა, მაშინ ეს ვაჭრობა არ არის, ეს სპეკულაციაა. როგორც მე ვხედავ, თბილისში აცნობიერებენ ამას და არ დგამენ იმ ნაბიჯებს, რაც ქვეყნისთვის წამგებიანი იქნება.