ვოლოდიმერ ზელენსკი: „უკრაინულ ტყვეობაში ჩაბარება უკეთესია, ვიდრე უკრაინელების იარაღის დარტყმების ქვეშ სიკვდილი“

ვოლოდიმერ ზელენსკი: „უკრაინულ ტყვეობაში ჩაბარება უკეთესია, ვიდრე უკრაინელების იარაღის დარტყმების ქვეშ სიკვდილი“

რუსეთის ტერიტორიაზე მიმდინარე მობილიზაციის პარალელურად, უკრაინელებმა ოთხი რუსული თვითმფრინავი, 5 უპილოტო საფრენი აპარატი და ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს. გარდა ამისა, რუსეთის თავდასხმები 8 მიმართულებით არის მოგერიებული. წარუმატებელი საომარი მოქმედების ფონზე, სახელმწიფო დუმა დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს მიერთების საკითხს ამ რეგიონებში მოწყობილი ე.წ. რეფერენდუმების დასრულებისთანავე განიხილავს.

„რუსეთის ტერიტორია - მათ შორის ტერიტორიები, რომლებიც მომავალში რუსეთის კონსტიტუციაში იქნება დაცული, სახელმწიფოს სრული დაცვის ქვეშა არის. რუსეთის ფედერაციის ყველა კანონი, დოქტრინა, კონცეფცია და სტრატეგია ვრცელდება მის მთელ ტერიტორიაზე“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 211-ე დღეს რუსეთის პრეზიდენტი იძულებული გახდა, რომ რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოეცხადებინა. ადგილობრივი მოსახლეობა ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას აპროტესტებს და რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში ბოლო რამდენიმე დღეა ფართომასშტაბიანი აქციები იმართება, რომელიც ტრადიციულად აქციის მონაწილეთა დაპატიმრებით სრულდება.

დაკავებულებს შორის არიან ქალბატონები, რომლებიც წინასწარიდაკავების იზოლატორებში მოათავსეს, რაც შეეხებათ მამაკაცებს, ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან პირდაპირ ომში აღმოჩნდნენ. ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ გამოდიან დაღესტანშიც. საპროტესტო აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ეს მათი ომი არ არის და უკრაინელების წინააღმდეგ ბრძოლა არ სურთ.

ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაცია შეეხო მასიურად ყველას. მათ შორის მედ-პერსონალს. რუსეთის სამხედრო ჰოსპიტალში მომუშავე მედ-პერსონალს აეკრძალა სახლში წასვლა, ასევე ჩამოერთვა მობილური ტელეფონი, აეკრძალა ოჯახის წევრებთან ურთიერთობა. გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის სამინისტო მოსახლეობას ტელეფონით უკავშირდება და კატეგორიულად აფრთხილებს, რომ ვლადიმერ პუტინის 21 სექტემბრის გადაწყვეტილების თანახმად, ეკრძალებათ რუსეთის ტერიტორიიდან გასვლა, წინააღდეგ შემთხვევაში, მათ წინააღმდეგ გატარდება კანონით გათვალისწინებული ზომები.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში, თავისუფლების 10 წლამდე ვადით შეზღუდვას ითვალისწინებს. დოკუმენტის თანახმად, იგივე სასჯელია გათვალისწინებული საომარი მოქმედებების დროს ხელქვეითის მიერ უფროსის ბრძანების შეუსრულებლობისთვის. კანონის თანახმად, მობილიზაციის, საომარი მდგომარეობის, საომარი მოქმედებების ან სამხედრო კონფლიქტის დროს სამხედრო სამსახურში მყოფი უფროსის მიმართ ძალადობისთვის პირს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ვლადიმერ პუტინის ამ ბრძანებულების მიუხედავად, ადგილობრივი მოსახლეობა მასიურად ტოვებს რუსეთის ფედერაციას, რომელთა 90% საქართველოს საზღვარს მოადგა. შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირმა უნდა უმასპინძლოს იმ რუსებს, რომლებიც პოლიტიკური შეხედულებების გამო საფრთხეში არიან. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, თუ რუსეთში ადამიანებს საფრთხე ემუქრებათ იმის გამო, რომ არ იზიარებენ კრემლის გადაწყვეტილებას უკრაინაში ომის დაწყებასთან დაკავშირებით, ეს უნდა გავითვალისწინოთ.

„პრინციპში, ვფიქრობ, რომ ევროკავშირმა უნდა უმასპინძლოს მათ, ვინც საფრთხეშია მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო. თუ რუსეთში ადამიანებს საფრთხე ემუქრებათ პოლიტიკური შეხედულებების გამო, იმის გამო, რომ ისინი არ იზიარებენ კრემლის ამ გიჟურ გადაწყვეტილებას უკრაინაში ომის დაწყებასთან დაკავშირებით, ეს უნდა გავითვალისწინოთ. მზად ვარ, ევროპელ კოლეგებთან კონსულტაციებისთვის იმ საკითხზე, თუ როგორ შეიძლება ამის მიღწევა. ვეთანხმები იმ აზრს, რომ ჩვენ ძალიან სწრაფად უნდა ვითანამშრომლოთ და კოორდინირებულად ვიმოქმედოთ, რადგან ნაწილობრივი მობილიზაცია ახალი ფაქტია“, - აღნიშნა შარლ მიშელმა.

ტყვედ ჩაბარებულ რუს ჯარისკაცებს სამი პირობა მისცა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომლის განცხადებით, უკრაინა თითოეულ რუს ჯარისკაცს, რომელიც ტყვედ ჩაბარდება, სამი რამის გარანტიას აძლევს: 1. თქვენ ცივილიზებულად მოგეპყრობიან, ყველა კონვენციის შესაბამისად. 2. არავინ არ გაიგებს თქვენი ტყვედ ჩავარდნის გარემოებებს, რუსეთში არავინ გაიგებს, რომ თქვენი ტყვედ ჩავარდნა ნებაყოფლობითი იყო; 3. თუ რუსეთში დაბრუნების შეგეშინდებათ და თავად არ ისურვებთ გაცვლას, ჩვენ ვიპოვით ამის უზრუნველყოფის გზებსაც.

„რუს მეთაურებს არ აინტერესებთ მოქალაქეების სიცოცხლე, მათ უბრალოდ უნდა შეავსონ „ცარიელი ადგილები“ გარდაცვლილი, დაჭრილი, გაქცეული და ტყვედ ჩავარდნილი რუსი ჯარისკაცების ნაცვლად. ხოლო ამ ადგილების შევსება შეუძლიათ „თუნდაც ახალგაზრდა IT სპეციალისტებით, რომელთაც საერთოდ არ უმსახურიათ, თუნდაც პენსიონერებით, რომელთაც საბჭოთა ჯარში თუ უმსახურიათ. უკრაინულ ტყვეობაში ჩაბარება უკეთესია, ვიდრე უკრაინელების იარაღის დარტყმების ქვეშ სიკვდილი, ჩვენი სრულიად სამართლიანი დარტყმების ქვეშ, ვინაიდან უკრაინა ამ ომში თავს იცავს“, - აღნიშნა ვოლოდიმერ ზელენსკიმ.