ქართულ პოლიტიკაში დაპირისპირებები გრძელდება - ოპოზიციურ ფლანგზე უთანხმოების ახალი საბაბი გაჩნდა დავით კეზერაშვილის სახით. ვინ არის დავით კეზერაშვილი - მნიშვნელოვანი პარტნიორი, რომელიც ოპოზიციურ ფლანგს აძლიერებს, თუ ოლიგარქი და მიუღებელი ფიგურა? - ჯერჯერობით ამაზე ოპოზიციაში ლიდერთა ნაწილი ვერ ჩამოყალიბებულა და მათ შორის დაპირისპირებამ საჯაროდ გამოჟონა. სრული განუკითხაობაა „ნაციონალურ მოძრაობაში“. როგორც for.ge-ს პარტიის სამოქალაქო აქტივისტები უყვებიან, დაპირისპირება იმდენად გამწვავებულია, რომ კეზერაშვილის გამო, ნიკა მელიას კაბინეტში პარტიის ლიდერებს შორის საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდეც კი მივიდა. ამას ვანო მერაბიშვილის ფაქტორიც ემთხვევა, რომელიც, სავარაუდოდ, მელიას პარტიის თავმჯდომარეობიდან გადაყენებას ცდილობს.
კეზერაშვილის პერსონასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კეთდება თავად „ნაციონალურ მოძრაობაში“. აქაც შეიძლება ითქვას, რომ საერთო აზრზე არ არის პარტიის დიდი ნაწილი, თუკი რამდენიმე დღის წინ თავმჯდომარე გააკრიტიკეს საკუთარი პარტიის წევრებმა, მაგალითად ბაჩო დოლიძემ დაიცვა ნიკა მელიას პოზიცია და განმარტა, რომ ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, რომელიც არსებობდა დავით კეზერაშვილთან, დასრულებულია და ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების მიღწევაა, რაც მისი აზრით, მათი პარტიის გარეშე შეუძლებელი იქნება.
ლევან ხაბეიშვილი კი ამბობს, რომ არასწორია თავმჯდომარის მხრიდან ისრების გადატანა „იმ დროს, როცა ოლიგარქი ივანიშვილის რეჟიმი დასუსტებულია“. შეგახსენებთ, რომ ხაბეიშვილსა და მელიას შორის ისედაც იყო მწვავე დაპირისპირებაა. გარდა ამისა, ხაბეიშვილი კეზერაშვილის მიერ შექმნილ „ანტიკორუფციულ საბჭოს“ ხელმძღვანელობს და ყოველივე აქედან გამომდინარე ხაბეიშვილის პოზიციაც გასაგებია.
კეზერაშვილი ამჯერად ღიად დაიცვა ელენე ხოშტარიამ და დაადასტურა ინფორმაცია, რომ მას კეზერაშვილი აფინანსებს. არსებობს ინფორმაცია, რომ კეზერაშვილი „დროას“ გარდა „გირჩ - მეტი თავისუფლებას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“ აფინანსებს.
„დროას“ ლიდერი სოციალურ ქსელში წერს, რომ დიდი ხანია კეზერაშვილთან თანამშრომლობს და მნიშვნელოვან პარტნიორად მიაჩნია. ხოშტარია აკრიტიკებს ნიკა მელიას, რომელმაც, თავის მხრივ, რამდენიმე დღის წინ კეზერაშვილი გააკრიტიკა და ის ოლიგარქად მოიხსენია.
„კიევიდან კიდევ უფრო მძაფრად ჩანს რამხელა პასუხისმგებლობა გვაქვს ოპოზიციას. იმპერიას ვებრძვით და ამ დროს მარტივ კითხვაზე რას შვება ოპოზიცია, მარტივი პასუხია საჭირო. ვის აინტერესებს „რაზბორკები“. დავით კეზერაშვილთან მე ვპარტნიორობ და ვიპარტნიორებ. ასევე ვიპარტნიორებ იმასთან, ვინც ბიძინას წინააღმდეგ იქნება. არც კეზერაშვილი, არც სხვა არ იქნება ოლიგარქი, რადგან არავის ჭკუაზე არ ვივლი და ჩემი ფასეულობებით გადავწყვიტავ. 6 თვეა დავით კეზერაშვილის და მისი ცოლის დაფინანსებით ვინახავთ უკრაინელებს. მოკლედ საქმეს მივხედოთ და წესიერება ურთიერთობაში შევინარჩუნოთ“, - წერს ხოშტარია.
ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ დავით კეზერეაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას“ თვალი დაადგა, ამიტომ, ადრე თუ გვიან, ამ პარტიას ხელში ჩაიგდებს. ქართველიშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის რეჟიმის დროს ეს საშუალო განათლების მქონე ადამიანი „ძალათ ბიზნესმენი“ გახდა და კლასიკურ ოლიგარქად ჩამოყალიბდა. ფულის შოვნის გემო გაიგო, ბიზნესის ელემენტარული ანა-ბანა შეისწავლა და შესაბამისად, სუფთა ბიზნესმენურად უდგება ამ პოლიტიკურ პროცესს.
„დავით კეზერაშვილს რეიტინგის მინიმალურზე ქვემოთ ჩამოსული „ნაციონალური მოძრაობის“ ხელსაყრელ ფასად ყიდვა სურს - იყიდოს ეს გაკოტრებული ლიდერშიპი და მათი მეშვეობით პარტიის სხავ წევრებზე გავლენა მოახდინოს, დანიშნოს იქ თავისი კადრები. გვინდა თუ არ გვინდა, NDI-ის ბოლო კვლევით, ამ პარტიას 8% აქვს. ასე თუ ისე, ოპოზიციაში ყველაზე უკეთესი შედეგი აქვს. „ოცნების“ შემდეგ ისევ რიგით მეორე პარტიაა. ამიტომ აბსოლუტურად ბიზნეს გარიგებასთან გვაქვს საქმე. როცა პარტიამ თავისი თვითღირებულების მინიმუმს მიაღწია და კეზერაშვილს ამ პარტიაში ნაკლები ფულის გადახდა უწევს, რატომაც არა?! რიცხობრივად ქვეყანაში არც თუ ცოტა მხარდამჭერები ჰყავთ. მით უმეტეს, რომ ამ პარტიას თან სრულიად უსასყიდლოდ ტელევიზიაც მოჰყვება. ამიტომ ეს კომპლექტი, ტელევიზია, პარტია და პლუს ეს ლიდერშიპი, შეუძლია ძალიან დაბალ ფასად იყიდოს. ლოგიკურია ბიზნესმენის გათვლით ძალიან კარგი შენაძენი იქნება“, - ამბობს ქართველიშვილი.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს და მის გავლენას პარტიაზე, რა როლი აქვს ახლა მას ენმ-ში და ჩამოშორდა თუ არა სერთოდ პოლიტიკურ პროცესებს? ქართველიშვილი ამბობს, რომ მისი როლი პარტიაზე მავზოლეუმში მწოლიარე ლენინივით არის. როგორც ლენინი 70 წლის განმავლობაში კომუნისტური პარტიის ცხოვრებაში გარკვეულ როლს თამაშობდა, ასე თამაშობს ახლა მისი სახელიც პარტიაზე.
„საბჭოთა კავშირის დროს, წლების განამვლობაში მავზოლეუმში მწოლიარე ლენინს ლექსებს და სიმღერებს უძღვნიდნენ. მის თავზე კიდევ აღლუმებს მართავდნენ. თუმცა როგორც ლენინი ვერ ღებულობად ამ პროცესებში მონაწილეობას, ისე სააკაშვილი ახლა ამ პარტიისთვის არაფერს აკეთებს. მისი ამომრჩევლისთვის სააკაშვილი „ტკბილ მოგონებად“ დარჩა, რომელსაც ფიზიკურად არ შეუძლია ლიდერობა. ის მოტყდა და დასრულდა, როგორც პოლიტიკოსი. ამიტომ კეზერაშვილისთვის ის არაფერს აღარ წარმოადგენს. მას აქვს ამბიცია, რომ სააკაშვილი ჩაანაცვლოს. ამისთვის კი მოპარული ფული საკმარისად აქვს. ამას შეიძლება ეწინააღმდეგება პარტიის ნაწილი, რომელიც მისი ფანატი მხარდამჭერები არიან. მათ სახელებს არ დავასახელებ, რადგანაც რეკლამაში არ მინდა ჩამეთვალოს. თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ მიშისტები წინააღმდეგობას უწევენ. ეს არის გარდაუვალი პროცესი და კეზერაშვილი ამ პარტიას ხელში ყველაფრის ფასად ჩაიგდებს“, - ამბობს ქართველიშვილი.
რაც შეეხება ნიკა მელიას დაპირისპირებას კეზერაშვილთან, ქართველიშვილი ამბობს, რომ მელია თავად კეზერაშვილს არ სურს და პარტიიდან მოიშორებს. მელიამ ეს კარგად იცის, ამიტომ გარკვეულ წინააღმდეგობას ამ ფორმით უწევს.
„მელიას და ენმ-ის სხვა ლიდერების პრინციპებთან დაკავშირებით საუბარი ძალიან ძნელია. ამ გუნდში შემავალი ოდიოზური ლიდერებისთვის სოტყვის თქმა და მერე გაადათქმა ძალიან მარტივია. ამ ყველაფერმა იმდენად ნაცნობი სახე მიიღო, რომ გასაკვირი არაფერია. მელია კეზერაშვილის იმ ბიზნეს ხედვებიდან არის ამოვარდნილი, რომელიც დღეს ამ პარტიასთან მიმართებაში გააჩნია. ის მისთვის მოსაცილებელი ელემენტია. მელიას არც პიროვნული ქარიზმა აქვს, არც ლიდერის თვისებები არ გააჩნია და არც მისი გუნდია იმ სიმაღლეზე, რომ პარტიის შიგნით წინააღმდეგობა თავის კონკურენტებს გაუწიოს“, - ამბობს ქართველიშვილი.
მისივე თქმით, ენმ-ში თავისი წილი გავლენა ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრსა და ყოფილ პრემიერს ვანო მერაბიშვილს აქვს. ქართველიშვილი ამბობს, რომ როდესაც მერაბიშვილი ციხიდან გამოვიდა, ის სააკაშვილთან კიევში ჩავიდა და პრეტენზიები წაუყენა. უთხრა, რომ პარტიასაც და ნაცების ხელისუფლების ყოფილ თანამდებობის პირებსაც მისი ვალი ჰქონდათ, რადგანაც მან ციხეში მათი სახელი დაიცვა, არ გათქვა არაფერი. ამიტომ გარკვეული თანხა უნდა გადაუხადონ. სააკაშვილმა მაშინ უთხრა, რომ მისი ვალი კეზერაშვილს აქვს და მასთან გადაამისამართა. ახლ კი ყველაფერი იმაზე იქნება დაამოკიდებული, მერაბიშვილი და კეზერაშვილი როგორ მორიგდებიან. ქართველიშვილი ამბობს, რომ მელიას წინააღმდეგ საკმაოდ ძლიერი ჯაჭვია შეკრული, ამიტომ, ადრე თუ გვიან, მისი პარტიიდან წასვლა გარდაუვალი იქნება.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი ამბობს, რომ ფინანსებზე, შიდა გავლენებსა და ტელევიზიებზე „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბრძოლა ერთმანეთთან დიდი ხანია, რაც დაწყებულია და ეს გასაკვირიც არ იყო. მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ, რომლის პოლიტიკური ლიდერობაც დასრულდა, პარტიაში ყველა თვითგადარჩენას და გავლენების გადანაწილებას ცდილობს. დავით კეზერაშვილს, რა თქმა უნდა აქვს, ამბიცია, რომ მან საქართველოში გარკვეული პოლიტიკური სიტყვა თქვას და ადგილი როგორც პოლიტიკოსმა დაიმკვიდროს. მელია კი ლოგიკაში პოზიტიურად პროგრესირებს და უკვე დარწმუნდა, რომ კეზერაშვილი ოლიგარქია. იცის, რომ მას მოიშორებს და ისიც გავლენებისთვის იბრძვის.
„კეზერაშვილზე არ არის საუბარი, მონოპოლისტია თუ ოლიგარქი, მაგრამ ასეთ თემას რომ მიართმევ ლანგარზე ოპონენტს, ფაქტია ხელისუფლება ამას გამოიყენებს. უნდა გამოიყენოს კიდევაც, გასაკვირი აქ არაფერია. თავად პარტიაში არა აქვთ ბოლომდე ჩამოყალიბებული აზრი კეზერაშვილი ვინ არის. ძალიან ფრაგმენტული და არათანმიმდევრული განცხადებები კეთდება „ნაცმოძრაობაში“. ერთი ალთას არის, მეორე - ბალთას, ჯერ შექმნიან აჟიოტაჟს, რომ ამერიკა აღმოაჩინეს, მერე გაირკვევა რომ ბლეფია.
ნახევარი წელი დეოლიგარქიზაციის კანონზე ლაპარაკობდნენ, ახლა შეჩერდნენ, რატომ? აქ კეზერაშვილის ფატქორი ხომ არ გაჩნდა? ვერ ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ, ვერ გაიგებ, მათი განცხადებები პარტიულია თუ ვისია. ერთი სხვა რამეს ამბობს და მეორე სხვა რაღაცას. ესაა, არასერიოზულობის განცდას რომ აჩენს საზოგადოებაში, იმიტომაც აქვთ ბოლო კვლევებით 8%-იანი რეიტინგი. ველი, რომ პარტიის გაყოფა მოხდება, წარმოუდგენელი სიტუაციაა ასე ბოლომდე გაგრძელდეს. სააკაშვილის ფაქტორი უკვე ქართულ პოლიტიკაში დაიკარგა და ამას მაშინ უნდა მიმხვდარიყვნენ, როცა მის დაკავების წამიდან საკუთარი ელექტორატიც კი ქუჩაში არ გამოვიდა“, - აცხადებს ძაბირაძე.
საიდან ვიცი?
მაგან ყველაფერი დასაპატიმრებელი უკვა თქვა და ქნა კიდეც! ახლა რომც თქვას რუსეთის დაზვერვაზე ვმუშაობ და ვაწვდი საიდუმლო ცნობებსო, მაშინაც კი ვერ დააპატიმრებენ!
დააპატიმრებენ და მერე ვნახავთ ვისი აჯობებს? გამოაცხადებს შიმშილობას, სადმე პარლამენტის ჯურღმულებში გაგორდება "ლეჟანკაზე" და დაიწყებს მნახველების მიღებას! ქართული ოცნება, კობახიძე თერმომეტრით, თალაკვაძე ტონომეტრით იმორიგევებენ ხოშტარიას ლეჟანკასთან, ვაიდა ლეკას ფრჩხილი არ წამოსტკივდესო!
ამას წყალი არ გაუვა, ასეა საქმე! ასე იქნება სულ სანამ ამ ქვეყანაში პროპორციული არჩევნები იქნება და პარლამენტში არავისაგან არჩეული პარტიული ნაგავი!