საეჭვო ვითრებაში გამდიდრებული სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე შეასაძლოა ისევ სოციალურად დაუცველთა ბაზაში ვიხილოთ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ყადაღა დაედო სოსო გოგაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და უახლოესი გარემოცვის უძრავ და მოძრავ ქონებას, რომელთა შორისაც საცხოვრებელი ბინები, მიწის ნაკვეთები, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და ცეცხლსასროლი იარაღებია. ყადაღის დადებისა და ამოღების პროცედურა თბილისთან ერთად, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში განხორციელდა.
ანტიკორუფციული სააგენტოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. ანტიკორუფციული სააგენტოს გამომძიებლის, დავით მშვილდაძის განცხადებით, საერთო ჯამში, ყადაღა დაედო: თბილისში, კახეთის რეგიონში, ხონის მუნიციპალიტეტში, მარტყოფსა და დაბა ბაკურიანში მდებარე, ჯამში 34 მიწის ნაკვეთს - საერთო ფართით 4 439 260 კვადრატული მეტრი, 4 ბინას და სიღნაღში სასტუმროს, 13 ავტომანქანას, 3 სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას, 3 ერთეულ მოტოტექნიკას და 15 ცეცხლსასროლ იარაღს. ეს იმ ქონების არასრული ჩამონათვალია, რომელიც სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის ბრალდების საქმეების გამოძიების მიმდინარეობისას აღმოაჩინეს და დააყადაღეს.
ოჯახის ადვოკატის განცხადებით, დაყადაღებულ უძრავ ქონებაზე სარგებლობის შეზღუდვასთან დაკავშირებით სასამართლო განჩინებაში მითითება არ არის და ამიტომ საპროცესო მოქმედებები უკანონოდ ხორციელდება. მისი განმარტებით, მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებები კითხვის ნიშნებს აჩენს, ვინაიდან 2019 წელს გენერალურმა პროკურატურამ, შესწავლის თანახმად, გოგაშვილების ქონებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულები ვერ აღმოაჩინა. დიმიტრი ღონღაძის განცხადებით, როგორც ადვოკატებს, ასევე გოგაშვილის ოჯახის წევრებს ავტომობილების დაყადაღებისა და ამოღების შესახებ საგამოძიებო უწყების მხრიდან ინფორმაცია არ ჰქონიათ.
„ქონების დაყადაღებისა და ამოღების შესახებ განჩინება მიღებული იყო 3 დღის წინ, ჩვენ სამი დღე ამ განჩინების შესახებ არაფერი ვიცოდით, ოფიციალურად არ ჩაგვბარებია, რაც მიუთითებს, რომ პროცედურა ჩატარდა უკანონოდ. ასევე მივუთითეთ, რომ შედგა მხოლოდ ყადაღის ოქმი, ამოღების ოქმი არ შედგენილა და არ ვიცით ვინ წაიყვანა აღნიშნული ავტომანქანები, ან ვის ჩაბარდება. ამასთან, ყადაღის პროცედურა აუცილებლად გულისხმობს, რომ მოძრავი ნივთი იყოს დათვალიერებული და დალუქული. ნივთის დაყადაღება მოხდა დალუქვის გარეშე“, - აღნიშნა დიმიტრი ღონღაძემ.
პატიმარ გოგაშვილის მეუღლე ამბობს, რომ საერთო ჯამში დაყადაღებულია 3 ავტომანქანა - „ტოიოტა პრადო“, „ელანტრა“ და „მერსედესი“. თეა მატყოფლიშვილი მიმრთავს ტელევიზიებს დააზუსტონ სად ჰყავთ დანარჩენი 12 ძვირადღირებული მანქანა. თეა მატყოფლიშვილის განცხადებით, ავტომობილებიდან უკანონო ნივთმტკიცების ამოღების შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა გრიგოლ ლილუაშვილს, ირაკლი შოთაძესა და ვახტანგ გომელაურს დაეკისრებათ.
„გაფრთხილებთ, თუ ამ მანქანებში ნარკოტიკი, იარაღი ან რაიმე მსგავსი აღმოჩნდება, მთელ პასუხისმგებლობას ვაკისრებ ლილუაშვილს, შოთაძეს და ვახტანგ გომელაურს. მივმართავ ტელევიზიებს - დანარჩენი 12 ძვირადღირებული მანქანა სად გვყავს, იქნებ დამიზუსტოთ? ბოლო მუქარაა ოჯახის ლიკვიდაცია, შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს გოგაშვილის ცოლ-შვილი ჩაცხრილული ნახოთ, სოსო გოგაშვილი კი მეთორმეტე დაწესებულებაში მკვდარი. რუსულ „ოცნებასთან“ ერთად უსირცხვილო და ბოროტი „ოცნებაა“, - აღნიშნა თეა მარტყოფლიშვილმა.