რამდენად იკვეთება სამხრეთ კავკასიაში ანგლოსაქსური ინტერესი, რომელიც თურქეთს უმაგრებს ზურგს? თურქეთი კი, თავის მხრივ, აზერბაიჯანს ეხმარება და ყველა ერთად ცდილობს კავკასიიდან რუსეთის განდევნას.
ერთი საუკუნის წინ თურქეთს, ანუ მაშინდელ ოსმალეთს ეხმარებოდა დიდი ბრიტანეთი. უფრო ადრეც, 1787 წელს, როდესაც რუსეთ-ოსმალეთის ახალი ომი დაიწყო, ამ ომში ოსმალეთს მხარს უჭერდა დიდი ბრიტანეთი, რომელსაც აშფოთებდა რუსეთის გავლენის ზრდა ახლო აღმოსავლეთში. ზოგადად, გერმანია, ბრიტანეთი და ოსმალეთი ცდილობდნენ საიდუმლო ხელშეკრულებების მეშვეობით თავიანთი გავლენების გადანაწილებას სამხრეთ კავკასიაში.
დღესაც თურქეთი მიბმულია არა იმდენად ამერიკაზე, რამდენადაც ანგლოსაქსურ ინტერესებზე. ამდენად, ანგლოსაქსები თურქეთის მეშვეობით სამხრეთ კავკასიასაც აკონტროლებენ და სულაც არ აპირებენ ეს გეოსტრატეგიული ტერიტორია რუსეთს დაუთმონ. შესაბამისად, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი მსოფლიო მოთამაშეთა ძირითად არეალში ხვდება. ალიევი გარანტიების გარეშე, დამოუკიდებლად, ალბათ, ვერ მიიტანდა იერიშს სომხეთზე, რომ არა ერდოღანის მხარდაჭერა და მისი ნათქვამი „ჩვენს აზერბაიჯანელ ძმებს არასდროს მივატოვებთ“.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ სამხრეთ კავკასიაში ანგლოსაქსური ინტერესები არ გამოირიცხება. თუმცა თურქეთი ცდილობს, იყოს დამოუკიდებელი რეგიონალური მნიშვნელობის მოთამაშე და განიმტკიცოს საკუთარი პოზიციები შავი ზღვის რეგიონში, ანუ არ იყოს დამოკიდებული არც ბრიტანეთზე, არც აშშ-ზე. ცივი ომის პერიოდში თურქეთი უფრო მეტად იყო დამოკიდებული აშშ-ზე, თურქეთის ტერიტორიაზე გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოსთვის განთავსებული იყო 7 ამერიკული ბაზა. ცივი ომის შემდგომ პერიოდში, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და რუსეთისგან თურქეთზე თავდასხმის საშიშროება მოიხსნა, თურქეთი უფრო გააქტიურდა და ახლა ცდილობს დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას. მით უმეტეს, თურქეთი გააქტიურებულია დღევანდელ ეტაპზე, ერდოღანის მმართველობის პერიოდში, და ცდილობს, თავისი პირობები უკარნახოს როგორც დასავლეთს, ისე რუსეთს.
ანალიტიკოსის თქმით, აზერბაიჯანის უკან სწორედ თურქეთი მოიაზრება, არც მალავს ამას ერდოღანი. მართლაც, ისინი ეთნიკურად ერთი ხალხია. უფრო მეტიც, აზერბაიჯანის მეშვეობით თურქეთი ცდილობს თავისი პოზიციების განმტკიცებას სამხრეთ კავკასიაში, რომ, გარკვეულწილად, განდევნოს რუსეთი. თავის მხრივ, რუსეთი ახლა დასუსტებულია. 2020 წელს რუსეთმა გაიმყარა პოზიციები, როდესაც 1960 რუსი, ე.წ. სამშვიდობო განთავსდა კონფლიქტის ზონაში, ლაჩინის დერეფანში. რუსეთი თითქოს გახდა მშვიდობის გარანტი, რუსეთის ინიციატივით ხელი მოეწერა სამშვიდობო შეთანხმებას, მაგრამ რუსეთის გათვლა იყო იმპერიალისტური პოლიტიკის გაგრძელება - „დაყავი და იბატონე“. შესაბამისად, აზერბაიჯანმა ვერ აღიდგინა კონტროლი მთლიან რეგიონზე, ანუ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საზღვრებში, რადგან ლაჩინის დერეფანი და დედაქალაქი სტეფანაკერტი სომხეთის კონტროლქვეშ დარჩა. დღეს კი თუნდაც ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანმა გაბედა და რუსულ კოლონაზე მიიტანა შეტევა და სამშვიდობოების პოზიცია დაბომბა, ნიშნავს, რომ რუსეთი დასუსტებულია და თურქეთი დგას აზერბაიჯანის უკან.
რაც შეეხება ანგლოსაქსებს, ნიკა ჩიტაძის აზრით, დასავლეთისთვის თურქეთის პოზიციის განმტკიცება სამხრეთ კავკასიის რეგიონში უკეთესია, ვიდრე რუსეთის გაძლიერება, ანუ რუსების განდევნა ყველა რეგიონიდან მათთვის ხელსაყრელია.
„პანთურქისტულ იდეებს დასავლეთი უფრო ნაკლებ საფრთხედ აღიქვამს, ვიდრე რუსეთის იმპერიულ იდეებს, რადგან რუსეთი ბირთვული სახელმწიფოა, მოსახლეობის მხრივ რუსეთის მოსახლეობა თურქეთის მოსახლეობას ორჯერ აღემატება, თუმცა თურქეთის არმია არანაკლებ ძლიერია. მით უმეტეს, ახლა გამოჩნდა, რას წარმოადგენს რუსეთის არმია. ამიტომ ანგლოსაქსურ ინტერესებზე ნაწილობრივ შეიძლება ვილაპარაკოთ სამხრეთ კავკასიაში. ბრიტანეთთან თურქეთს მართლაც გააჩნია შედარებით თბილი ურთიერთობები. თავის დროზე ბრიტანეთს ჰქონდა ინტერესები სამხრეთ კავკასიაში თუნდაც 1918-21 წლებში, საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში. 1920 წლამდე ბრიტანეთის ჯარები ბათუმში იყო განთავსებული. ჯერ კიდევ ყირიმის ომის დროს, 1853-56 წლებში, ბრიტანეთმა დახმარება აღმოუჩინა თურქეთს. მოგვიანებით, ასევე, ირიბად ჩაერია კონფლიქტში და რუსეთს არ მისცა საშუალება, ბოლომდე გაენადგურებინა ოსმალეთის იმპერია. ასე რომ, ბრიტანეთის გარკვეული ინტერესები იკვეთება, მაგრამ, საერთო ჯამში, თურქეთს აქვს ბერკეტი, დამოუკიდებელი მოთამაშე იყოს“, - აცხადებს ნიკა ჩიტაძე for.ge-სთან საუბრისას.
მისივე თქმით, დასავლეთის დამოკიდებულება აშკარაა თურქეთზე, როგორც სატრანზიტო და ენერგეტიკული რესურსების ქვეყანაზე. თურქეთი დღეს გვევლინება აზერბაიჯანიდან და ცენტრალური აზიიდან მომავალი ენერგეტიკული რესურსების არა მარტო სატრანზიტო, არამედ გამანაწილებელ ქვეყნად. აზერბაიჯანიდან გაიზარდა 12 მილიარდ კუბურ მეტრამდე დასავლეთის მიმართულებით ბუნებრივი აირის ექსპორტი და ეს ყველაფერი ხდება თურქეთის ტერიტორიის გავლით. თანაც, ყაზახეთი აპირებს დამატებითი მოცულობის ნავთობის ტრანზიტს, მათ შორის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მეშვეობით და აქაც თურქეთის როლი გადამწყვეტია.
რეგიონში თურქეთის აღზევება ხომ არ იქცევა საფრთხედ საქართველოსთვის? ამის შესახებ ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ გარკვეული საფრთხე შეიძლება არსებობდეს, მაგრამ თურქეთიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა ნაკლებად მოსალოდნელია. მართალია, აჭარასთან დაკავშირებით ყარსის ხელშეკრულებაზე იყო საუბარი, რუსეთუმეები აგორებდნენ სკანდალს, რომ ასი წელი გადის ყარსის ხელშეკრულებიდან და თურქები აჭარას მოითხოვდნენ, მაგრამ, თუ ყარსის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 1921 წელს, 1992 წელს უკვე საქართველომ და თურქეთმა კიდევ ერთხელ აღიარეს ყარსის ხელშეკრულების პირობები, ანუ თურქეთი ცნობდა აჭარას საქართველოს შემადგენელ ნაწილად, ხოლო საქართველო ცნობდა ისტორიულ ტაო-კლარჯეთს თურქეთის შემადგენელ ნაწილად.
„თურქეთიდან გარკვეული საფრთხე ნაწილობრივ შეიძლება არსებობდეს, თუნდაც თურქეთიდან იყოს ზეწოლა, რომ აჭარის ავტონომიის უფლებები გაიზარდოს, მაგრამ ეს შედარებით ნაკლებად მოსალოდნელი საფრთხეა. შეიძლება, პირიქითაც მოხდეს, თურქეთ-აზერბაიჯანთან ტანდემში საქართველოს სახელმწიფოებრიობა მოძლიერდეს. მომავალში შეიძლება თურქეთმა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საქმეში რუსეთი ჩაანაცვლოს. აფხაზეთში შეიძლება გაიზარდოს ინტერესი თურქეთის მიმართ, დღეს რუსეთზეა აფხაზეთი დამოკიდებული, მით უმეტეს, აფხაზეთის ეკონომიკა, მაგრამ რუსეთი სუსტდება“, - აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ.
ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ რაც ახლა ხდება სამხრეთ კავკასიაში, აქტიურად სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობაში, ხოლო პასიურად საქართველოსთან მიმართებით, რაც ხდება შუა აზიაში, ანუ ხუთივე ქვეყნის დაპირისპირების მცდელობა რუსეთთან და ხუთივე ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშორება რუსეთის ეკონომიკასთან, ეს ერთიანი სტრატეგიის შედეგია და ანგლოსაქსურ ელიტას უკავშირდება.
„თურქეთი არ არის მსოფლიო პოლიტიკის მოთამაშე, იგი ძლიერი რეგიონალური მოთამაშეა, ირანის მსგავსად. თურქეთის უკან, როგორც წესი, ბრიტანელები დგანან, ანგლოსაქსური ელიტა კი არის ის მთავარი ელიტა, რომელიც ახორციელებს გლობალურ პოლიტიკას. ამაში არ შედიან ევროპელი პოლიტიკოსები, რადგან ევროკავშირი ეს არის, პოლიტიკური თვალსაზრისით, მარიონეტიზირებული, ეკონომიკური თვალსაზრისით, ძალზე შეძლებული რეგიონი, რომელიც პოლიტიკურ თამაშებში არ მონაწილეობს. ევროკავშირს დღეს არავინ ეკითხება მსოფლიო პოლიტიკის საქმეებს. ანგლოსაქსური ელიტა დღეს დომინირებული ელიტაა, რომელიც ახორციელებს გარკვეულ პოლიტიკას. გამოვა თუ არა აქედან რაიმე, ამას დავინახავთ. ცალსახად ყველაფერი გარანტირებული არ არის, ახალი სამყარო ყალიბდება, ძველი იცვლება და ძველის შეცვლა არ მოხდება სისხლისა და დიდი მსხვერპლის გარეშე“, - აცხადებს დემურ გიორხელიძე ჩვენთან საუბრისას.
სუვერენიტეტის "აღდგენიდან" განვლილ 32 წელიწადში საქართველოს მოსახლეობა 2 მილიონი ადამიანით შემცირდა 3,5 მილიონი დავრჩით. რეალურად აღარც ამდენნი ვართ, რადგან ერის მომავალი ახალგაზრდობა მიილტვის მაძღარი ცხოვრებისაკენ და ბედ-იღბალის ძებნაში სტოვებს სამშობლოს. უფროსი თაობა, დიასახლისები უცხო ქვეყნებში ღამის ქოთნის გამტანებად არიან დასაქმებული.
დროზე შემოვკრათ განგაშის ზარები, საერთო სახალხო მოძრაობა გვჭირდება ალტ-ინფოს ბაზაზე, ამისათვის უპირველესად უნდა გაუქმდეს პოლიტიკური პარტიები, საერთოდ, როგორც ასეთი. ხმამაღლა უარი უნდა ითქვას საქართველოში დასავულრი ლიბერალ-ლგბტ დემოკრატიის დანერგვის პროცესზე! კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუნდაც სიცოცხლის ფასად დაგვიჯდეს თავიდან უნდა მოვიშორეოთ გარყვნილი მტარვალი აშშ და ევროკავშირი!