„კეზერაშვილის პოლიტიკური ახალი პროექტი თავიდანვე წარუმატებელი იქნება. არ შეიძლება დაეყრდნო გიორგი ვაშაძეს, ელენე ხოშტარიას და ზურაბ ჯაფარიძეს. ეს გამოდის - ნულს რომ ნული მივუმატოთ არის ნული. თუ კეზერაშვილს გადაწყვეტილი აქვს, რომ ფული ტყუილად ქარს გაატანოს, ეს მისი საქმეა“ - ამბობს ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-თან ინტერვიუს დროს. შეიქმნება თუ არა კონსტრუქციული ოპოზიცია და ვინ წარმოუდგენია ანალიტიკოსს კონსტრუქციულ ოპოზიციაში, რა უნდა დაუპირისპიროს მმართველმა გუნდმა კონსტრუქციულ ოპოზიციას? - ამ ყველაფერზე გია აბაშიძე საუბრობს.
„მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია გისოსებს მიღმაა, მისი არხიდან კი ჟურნალისტები „ფორმულაზე“ გადადიან. ნიშნავს ეს იმას, რომ დავით კეზერაშვილი, რომელიც „ფორმულას“ დამფინანსებელია, ამით გვარამიას იცილებს და „ნაციონალურ მოძრაობაში“ თავის გავლენებს აძლიერებს?
- „ნაციონალურ მოძრაობაში“ განხეთქილება დიდი ხანია დაწყებულია. მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შემდეგ, ნიკა მელიამ ექს-პრეზიდენტის ციხიდან დასახსნელად დაპირებული მასობრივი აქციების გამართვა ვერ უზრუნველყო. შემდეგ, ის პარტიული ხელმძღვანელობიდან უკან ჩააჩოჩეს, შემოიღეს ფორმალური თანამდებობები, რომელიც კობა ნაყოფიას და სხვებს ჩამოურიგეს. ასე რომ, მელია „ნაციონალური მოძრაობის“ ნომინალურ მმართველად დარჩა. ამასთანავე, პარტიაში მიმდინარე დაპირისპირების გარდა, მათ ტელეპროპაგანდაშიც გარკვეული გადანაწილებებია. „მთავარ არხზე“ რამდენიმე გადაცემის დახურვა, ჟურნალისტების წასვლა მეტყველებს იმაზე, რომ ამ არხზე სერიოზული ფინანსური პრობლემებია. ცოტა სასაცილო მოწოდებაც კი იყო - „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ფინანსურად დახმარებოდნენ არხს გამოცოცხლებაში. ბუნებრივია, მხარდამჭერების დახმარებით ტელეკომპანია ვერ იფუნქციებს, რადგან ტელევიზიის მაუწყებლობისთვის დიდი ფინანსებია საჭირო. დამფინანსებლებლად კი მოიაზრებოდნენ სააკაშვილის ოჯახი, კობა ნაყოფია და სხვები, მაგრამ, როგორც ჩანს, გვარამიას დაკავების შემდეგ, ეს ფინანსური პრობლემები უფრო მწვავე გახდა. იმის მიუხედავად, რომ „მთავარი არხის“ სარედაქციო პოლიტიკის მიმართ დიდი სიმპათიები არ გამაჩნია, კერძო საუბრებიდან მესმის, ჟურნალისტები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ, მათ ზაფხულის განმავლობაში ხელფასი არ აუღიათ. ამ დროს ხსენებულ ტელევიზიის მენეჯმენტში ანაზღაურება თითქმის 5-ნიშნა არის. ამ ყველაფრიდან მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ნიკა გვარამია კომფორტულად გრძნობს თავს ციხის საკანში, რადგან მას მოვალეები არ აწუხებენ და მისი პრობლემა აღარ არის ტელეკომპანიის ფინანსური საკითხები. ვხედავ, რომ მოხდება ტელემაუწყებლობის ოპტიმიზაცია, მოხდება რაღაც-რაღაცების კიდევ უფრო შეკვეცა. შესაძლოა, დავით კეზერაშვილის მიერ მოპარული თანხების გადანაწილება, „ფორმულას“ გარდა სხვა არხებზე, მაგ. „ტვპირველზეც“ მოხდეს. ის, რომ მედიაპროდუქტებში კეზერაშვილს „ფორმულამ“ ვერ გაუმართლა, ამას რეიტინგებშიც ვხედავთ. ამასთან ვხედავთ, რომ კეზერაშვილმა არასწორი პოლიტიკური პარტნიორები აირჩია, ვგულისხმობ - „სტრატეგია აღმაშენებელს“, „გირჩი-ჯაფარიძესა“ და „დროას“. ცალ-ცალკე თუ ერთიანად, ისინი 5%-იან ბარიერსაც ვერ გადალახავენ. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ველოდოთ საკმაოდ დიდ დაპირისპირებებს „ნაცმოძრაობის“ წიაღში, ეს იქნება ფინანსების გარშემო თუ სხვა მხრივ.
„მთავარი არხის“ მეწილე არის გიორგი რურუაც, მოსთხოვს თუ არა რურუა გვარამიას პასუხს არხის გაკოტრებისთვის? თქვენ ახსენეთ, რომ არხი კობა ნაყოფიასა და სააკაშვილის ოჯახისგან ელოდებოდა დაფინანსებას, რატომ განუდგნენ და რატომ არ დააფინანსეს არხი?
- ჩვენ შიდა დაპირისპირების კონკრეტული დეტალები არ ვიცით, თუმცა, ამ მოცემულობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი თემურ ალასანიას აქვს. ის პასუხისმგებელია პარტიის როგორც პოლიტიკურ იდეოლოგიაზე, ასევე ფინანსების გადანაწილებაზე. ჩვენ ვნახეთ აუდიო-ჩანაწერები, სადაც თემურ ალასანია პირდაპირ მოუწოდებდა ცალკეულ პოლიტიკოსებს რომ ე.წ. რევოლუცია მოეხდინათ. ის მომენტიც გავიხსენოთ, როდესაც სააკაშვილის დაკავებიდან რამდენიმე თვეში ბიძამისი ჩამოვიდა თბილისში და ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა არა „მთავარ არხს“, არამედ „ტვ.პირველს“. აქ უკვე მკაფიო სიგნალი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ მისი სამწყსო არხი სხვაა. რაც შეეხება ჟორიკა რურუას, ის საჯარო სივრციდან გამქრალია. მას „მთავარ არხში“ იმხელა წილი არ აქვს, რომ გადამწყვეტი ხმა ჰქონდეს. ასევე არ დაგვავიწყდეს, რომ ტელეკომპანიის ერთ-ერთი მეწილე გიული ალასანიას უნივერსიტეტიცაა. თუმცა მათ ერთობლივად გადამწყვეტი ხმა არ აქვთ.
არხზე კიდევ უფრო მეტ ცვლილებებს ველოდები და, რა თქმა უნდა, ამ ცვლილებებს ესენი საკუთარ თავს არ დააბრალებენ და ეცდებიან დააბრალონ მმართველ პარტიას, თითქოს გარკვეული ცენზურის ქვეშ აღმოჩნდნენ.
სწორედ, მაუწყებელთა შესახებ კანონში ცვლილებებს გამოიყენებენ, თან ოპოზიციას აღნიშნული კანონპროექტი არ მოსწონს?
- ნებისმიერ თემას გამოიყენებენ. ოპოზიცია საზოგადოებას ნუ მოატყუებს, მაუწყებელთა შესახებ კანონში ცვლილებები თითქოს მმართველი გუნდის ე.წ. ავტორიტარული გამოხტომაა. არა, ეს არის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ევროპული მეთოდი. ევროკომისიამ რეკომენდაციები გასცა და ამ რეკომენდაციებს მმართველი პარტია ეტაპორივად ახორციელებს. მეტიც, საზოგადოება მმართველ გუნდზე გაბრაზებულია, რადგან დააგვიანეს საკანონდმებლო ჩარჩოებში მოექციათ მყარ დეზინფორმაციასთან ბრძოლა. აქაც საზოგადოების იმ რიგს შევუერთდები, რომელიც მუდმივად ჩვენს გუნდს აკრიტიკებს. ერთხელ და სამუდამოდ, საქართველოში მავნე დეზინფორმაციას ევროპული საუკეთესო გამოცდილებით უნდა ვებრძოლოთ.
შეიძლება ვიხილოთ დავით კეერაშვილის კლანის და თემურ ალასანიას სერიოზული დაპირისპირება და ვის დაიყენებს ალასანია გვერდით კეზერაშვილის წინააღმდეგ?
- ყველაფერი შესაძლებელია, თუმცაღა შეიძლება მათ შორის დროებითი ზავიც იყოს, მაგრამ ძალიან მეეჭვება. აქ მთავარი საკითხია, ვის რამდენი ფინანსური რესურსი აქვს - კეზერაშვილს თუ ალასანიას, ეს ნამდვილად არ ვიცი. იმას ნამდვილად ვხედავ, რომ კეზერაშვილი არასწორ პოლიტიკურ ფსონებს დებს ურეიტინგო ადამიანებზე, რომლებსაც თავი პოლიტიკოსები გონიათ. რა თქა უნდა, კეზერაშვილის პოლიტიკური ახალი პროექტი თავიდანვე წარუმატებელი იქნება. არ შეიძლება დაეყრდნო გიორგი ვაშაძეს, ელენე ხოშტარიას და ზურაბ ჯაფარიძეს, ეს გამოდის - ნულს რომ ნული მივუმატოთ არის ნული. თუ კეზერაშვილს გადაწყვეტილი აქვს, რომ ფული ტყუილად ქარს გაატანოს, ეს მისი საქმეა.
რატომ გადაწყვიტა კეზერაშვილმა ურეიტინგო პოლიტიკოსები გარშემო შემოეკრიბა, ვინმეს შეცდომაში შეჰყავს ის?
- საქმე ისაა, რომ რადიკალურ რევანშისტებს ერთი უდიდესი პრობლემა აქვთ - ეს არის ადამიანური რესურსების პრობლემა. მათ ასპარეზზე ქარიზმატული, ახალი პოლიტიკოსები ვერ შემოიყვანეს, არადა ასეთი პოლიტიკოსი ძალიან ბევრია, რომლებიც ოპოზიციურად არიან განწყობილნი, მაგრამ თავისთან ვერ შეიყვანეს და მოჯადოებულ წრეზე ტრიალებენ. ჰყავთ გახუნებული, ძველი პოლიტიკოსები, რომელთა სიტყვას ფასი არ აქვს. თითქოს „ნაციონალურ მოძრაობაში“ უნდოდათ ცვლილებები და ნიკა მელიამ ახალი სახეები შემოიყვანა, შემდგომ კი მათი ხმა საერთოდ გაქრა. ის, რომ მმართველ პარტიას კონტრუქციული კონკურენტი არ ჰყავს, ეს პოლიტიკური გარემოსთვის ძალიან ცუდია. კონკურენცია უნდა იყოს, როგორც პოლიტიკურ ცხოვრებაში, ასევე ეკონომიკურში, ან თუნდაც ბიზნეს სფეროში. ამიტომ გამორიცხული არაა მმართველი პარტიის წინააღმდეგ, დროებითი დესტრუქციული კოალიცია ალასანიასა და კეზერაშვილს შორის ჩამოყალიბდეს. თუმცა, დროებით კოალიციები ჩვენ ვიხილეთ, რომლებიც გასული ზამთრის თოვლივით დადნა. ფაქტია, ქართული პოლიტიკისთვის სავალალოა ასეთი უნიათო ოპოზიცია რომ ჰყავს, რომლის დღის წესრიგი მხოლოდ რევოლუციაა.
ვინ წარმოგიდგენიათ კონსტრუქციულ ოპოზიციაში, ან შესაძლებელია, რომ „ქართული ოცნებიდან“ გასულმა ოთხეულმა შექმნს კონსტრუქციული ოპოზიცია?
- ძალიან ფრთხილი ოპტიმიზმით ვუყურებ სოზარ სუბარის და მისი თანამზრახველების პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნის პროცესს. ეს იმედის მომცემია, რადგან მათ დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ დაუფარავად სიმართლის თქმა ისეთ თემებზე, რომელზეც საჯაროდ „ქართული ოცნება“ ვერ საუბრობს. სააკაშვილის დესტრუქციამ მიგვაჩვია იმას, რომ ოპოზიციაში ყოფნა ნიშნავს აუცილებლად მთავრობის ლანძღვას. ლანძღვა კი არა, არამედ შინაარსობრივი კრიტიკა უნდა იყოს ნებისმიერ დარგზე. ეს არის ოპონირება. როდესაც სახელმწიფოს ინტერესებს ეხება საქმე, იქ ოპოზიციაც და ხელისუფლებაც ერთად უნდა იყვნენ, მიუხედავად იდეოლოგიური განსხვავებისა. ასევე, არჩევნებამდე ორი წლით ადრე შეიძლება სხვა რომელიმე პოლიტიკური მოთამაშე გამოჩნდეს. არ მინდა მოვლენებს წინასწარ გავუსწრო. ასევე არ გამოვრიცხოთ ის ჯუჯა პარტიები, რომლებიც პარლამენტში არიან წარმოდგენილნი. მათაც თუ გააგრძლელეს კონსტრუქციული ოპონირება და დაანახეს საზოგადოებას, რომ არც ნაცებისკენ არიან და არც „ოცნებისკენ“, შეიძლება მათაც მოიზიდონ გარკვეული რაოდენობის ამომრჩეველი. თუმცა, ამომრჩეველი ამ შემთხვევაში საკმაოდ სკეპტიკურია ბოლო წლების განმავლობაში. ისინი მესამე ძალად წარმოჩენით მოატყუა მამუკამ ხაზარაძემ „ლელოს“ სახით და შემდგომ, გიორგი გახარიამ პარტია „საქართველოსთვის“ სახით. ბოლოს აღმოჩნდა ისე, რომ ორივე მაინც „ნაცმოძრაობისკენ“ გადაიხარა. ეს ძალიან ცუდია, რადგან პოლიტიკაში თეთრი და შავი არ უნდა იყოს. ფაქტია, საზოგადოებას სააკაშვილისა და მისი პარტიის გაგონება აღარ სურს. უბრალოდ, აქ საუბარია ორ პოლუს შორის, მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნაზე, რომელიც ქმედითი იქნება, მაგრამ ჯერჯერობით არ ჩანს. აქედან გამომდინარე, მაქვს ძალიან ფრთხილი ოპტიმიზმი სოზარ სუბარისა და მისი თანამოაზრეების მიმართ. შესაძლოა ისინი გამსხვილდნენ და გაფართოვდნენ. ვნახოთ, გვპირდებიან, რომ მეტი პოლიტიკოსი შეუერთდებათ და დიდი ალბათობით, პარტიად გადაკეთდებიან. ამ ეტაპზე ცოტა ადრეა მკაფიო პოლიტიკური კონტურების მოხაზვა. 2023 წლის გაზაფხულზე რეალურად შესაძლებელი იქნება ვივარაუდით 2024 წლის არჩევნებზე რომელი პარტიები იქნებიან მყარად საპარლამენტო საარჩევნო რბოლაში. აქვე მინდა ვთქვა, რომ კონსტრუქციულ ოპოზიციაში სოზარ სუბარს ერთ ერთ მთავარ პოლიტიკურ, მაგრამ არა გადამწყვეტ მოთამაშედ მოვიაზრებ.
შეიძლება, რომ ამერიკის კარნახით შეიქმნას კონსტრუქციული ოპოზიცია?
- ბოლო თვეებიდან გამომდინარე, ამას გამოვრიცხავდი, რადგან ეს გვაჩვენა კელი დეგნანმა და საერთოდ, საელჩოს პოლიტიკამ. ამაზე კი თვალი „ოცნებიდან“ წასულმა ოთხეულმა აგვიხილა. გავიხსენოთ NDI-ს კვლევები 2012 წლიდან მოყოლებული, საქართველოს ერთ-ერთი სასურველი პოლიტიკოსი დავით ბაქრაძე იყო და ახლა მისი რეიტინგი როგორი განულებულია. ასევე, ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც წლიდან წლამდე ათიათასობით დოლარით ფინანსდებიან, მათი რეიტინგიც 1%-მდეა დასული. ანუ, რა გამოდის - ხელოვნურად ცდილობდნენ ოპოზიციის შექმნას, ამ დროს რეიტინგულად და ავტორიტეტულად არაფერი გამოუდით და ამერიკის გადამხდელთა ფულიც ტყუილად დაიხარჯა. ამავე დროს ინტერნეტის პირობებში საზოგადოება ხედავს თავად ამერიკაში რა ხდება, როგორი პოლარიზაციაა. ისეთი პოლარიზაციაა, რომელიც ღმერთმა საქართველოს აშოროს. დღე არ გავა, რომ რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის არ მოხდეს ფიზიკური დაპირისპირება. ამერიკაში ეს ჩვეულ მოვლენად იქცა. პრეზიდენტები ერთმანეთის მოწინააღმდეგეებს სახელმწიფოს მტრებს ეძახიან. ამ ქვეყნის წარმოამდგენლები ჩვენ დეპოლარიზაციაზე რომ გველაპარაკებიან, უბრალოდ სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.
თუ შეიქმნა კონსტრუქციული ოპოზიცია, ან კეზერაშვილი-ალასანიას კოალიციას მმართველი გუნდი რითი უნდა დაუპირისპირდეს, რა ტაქტიკით უნდა ებრძოლოს?
- „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გააგრძელოს დაპირებების შესრულება. ვერ ვიტყვი, რომ მომავალ არჩევნებამდე დაპირებებს ასი პროცენტით შეასრულებს, ეს არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ ხდება. უბრალოდ, დაპირებების უმრავლესობა აუცილებლად უნდა შესრულდეს, საქმით, მშვიდობიანი პოლიტიკით ამომრჩეველთა გული უნდა მოიგოს. ხოლო, კონსტურქციულმა ოპოზიციამ, თუ უნდა, რომ ამომრჩეველთა გული მოიგოს, საზოგადოებას არაპოპულისტური პროგრამები უნდა აჩვენოს. მაგალითად, ის რომ პენსია 500 დოლარი ვერ იქნება, მაგრამ შეიძლება 250 ლარიდან 350 ლარამდე გაიზარდოს და ა.შ. ასევე, „ქართულ ოცნებას“ ერთი ძალიან კარგი თვისება აქვს, ეს არის მუდმივი ცვლა პარტიის ხელმძღვანელობაში. გავიხსენოთ 2012, 2016-სა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, რამდენი ახალი სახე შემოვიდა. პარლამენტში უნდა იყვნენ ის პოლიტიკოსები, რომლებიც სხვადასხვა სფეროში ძალიან წარმატებულები არიან და შეუძლიათ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში წარმატებული საქმიანობა. ეს „ქართულმა ოცნებამ“ სამ საპარლამენტო არჩევნებში დაამტკიცა.