დარბეული და დაკავებული მოქალაქეები - რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა. საპროტესტო აქციებში მონაწილეებს თავისუფლების 15 წლამდე აღკვეთა ემუქრებათ. ვლადიმერ პუტინის ბრძანებას, რომლის საფუძველზე რუსეთის მთელს ტერიტორიაზე მობილიზაცია გამოცხადდა, მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა.
რუსეთის თითქმის ყველა ქალაქში მობილიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო. აქციის მონაწილეებს ეკავათ პლაკატები წარწერით - „არა მობილიზაციას“. საპროტესტო აქცია იმართება 14 ქალაქში, მიუხედავად მასიური დაკავებებისა, მოსახლეობა მასიურად გამოდის ქუჩაში. რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ. ბრძანება ძალაში 21 სექტემბერს შევიდა. დადგენილება ითვალისწინებს დამატებით ზომებს სახელმწიფო თავდაცვის ბრძანების შესასრულებლად.
პრეზიდენტის ბრძანებულებით, სამხედრო სამსახურს მხოლოდ ის მოქალაქეები დაექვემდებარებიან, რომლებიც რეზერვში არიან და პირველ რიგში, შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ, აქვთ გარკვეული სამხედრო სპეციალობა და შესაბამისი გამოცდილება. რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, რუსეთს აქვს უზარმაზარი სამობილიზაციო რესურსი და აქვე ასახელებს ციფრს - 25 მილიონი.
შოიგუს ამ გაცხადების პარალელურად არსებობს უტყუარი მტკიცებულება იმისა, როგორ სთავაზობს „ვაგნერის“ ჯგუფის ხელმძღვანელი პატიმრებს უკრაინაში ბრძოლის სანაცვლოდ გათავისუფლებას, ხოლო ვისაც არ სურს საბრძოლველად წასვლა, მათ თავიანთი შვილები უნდა გააგზავნონ. გარდა პატიმრებისა, რუსეთის ხელისუფლებამ ასევე საავადმიყოფოებიდან ის პაციენტები გამოიყვანა, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული არ არის.
გარდა მობილიზაციისა, ვლადიმერ პუტინმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ორგანიზაციებს დაავალა, სასწრაფოდ უზრუნველყონ შეიარაღებისა და აღჭურვილობის მიწოდება ჯარებისთვის. კრემლის ლიდერმა განმარტა, რომ საუბარია ნაწილებსა და ქვედანაყოფებზე, რომლებიც მონაწილეობენ უკრაინაში ე.წ. სპეცოპერაციაში.
ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ იქ გამოყენებული რუსული იარაღი აჩვენებს მაღალეფექტურობას ნაციონალისტური ფორმირებების წინააღმდეგ და ასევე ხელს უწყობს პერსონალის დანაკარგების შემცირებას. გარდა ამისა, პუტინმა მოუწოდა თავდაცვის ინდუსტრიის საწარმოებს წარმოების შესაძლებლობების გაზრდისა და საჭიროების შემთხვევაში მათი მოდერნიზაციისკენ და ხაზი გაუსვა ამ სფეროში იმპორტის სრული ჩანაცვლების მნიშვნელობას.
რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების რამდენიმე მიზეზს ასახელებს უკრაინის სახელმწიფო დაზვერვის სამმართველოს წარმომადგენელი, ვადიმ სკიბიცკი რომლის განცხადებით, ერთ-ერთი მიზეზი არის უკრაინის გაჭიანურებული ომით დაღლის მცდელობა. გარდა ამისა, მისი თქმით, კრემლი ცდილობს, შექმნას საჭირო რეზერვები, ასევე უზრუნველყოს დამატებითი ფორმირებებისა და ქვედანაყოფების განლაგება. დაზვერვის სამმართველოს წარმომადგენელი ამბობს, რომ რუსეთი გეგმავს ფიქტიური „რეფერენდუმების“ ჩატარებას უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რათა შეცვალოს რიტორიკა და ომზე სიტუაციის წარმოდგენა.
„თუ აგრესორი ამ ტერიტორიებს რუსეთს შეუერთებს, უკვე იტყვიან, რომ უკრაინა ახორციელებს შეტევას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. ეს კი იქნება სიტუაციის სრულიად განსხვავებული პრეზენტაცია სპეციალურად შიდა გამოყენებისთვის. მაშინ შეძლებენ მშვიდად თქვან, რომ უკრაინა უტევს რუსეთის ტერიტორიებს და ამიტომ მათ დაცვა სჭირდებათ, კერძოდ, მობილიზაციის გზით“, - განმარტა ვადიმ სკიბიცკიმ.
რუსეთის მიერ სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების გამო, ლიეტუვამ სწრაფი რეაგირების ძალები მზადყოფნაში მოიყვანა, რათა თავიდან აიცილოს ნებისმიერი პროვოკაცია რუსეთის მხრიდან. იმ რუსებს, რომლებიც მობილიზაციის გამო ქვეყნიდან გაიქცევიან, თავშესაფარს არ მისცემს ლატვია. გადაწყვეტილების მიზეზად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები დაასახელა.
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის, პეტრ ფიალას შეფასებით ნაწილობრივი მობილიზაცია უკრაინაში დაწყებული ომის შემდგომი ესკალაციის მცდელობა და კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ რუსეთი ერთადერთი აგრესორია. „საჭიროა უკრაინის დახმარება და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე“, - აღნიშნა პეტრ ფიალამ.
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარეობს „არასაჭირო ომი“, რომელიც ერთმა კაცმა, ვლადიმერ პუტინმა აირჩია. მისი თქმით, პუტინმა რუკიდან სუვერენული სახელმწიფოს წაშლა სცადა.
„პუტინმა უსირცხვილოდ დაარღვია გაეროს წესდების ძირითადი პრინციპები და უბრძანა თავის ჯარებს შეჭრილიყვნენ უკრაინაში. პირდაპირ და მარტივად, ეს ომი უკრაინის, როგორც სახელმწიფოს არსებობის უფლების გაქრობას ემსახურება. სადაც არ უნდა იყოთ, სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ, რისიც არ უნდა გჯეროდეთ... ამან ძარღვებში სისხლი უნდა გაგიყინოთ. სხვა ქვეყანას არ შეუძლია ერის ტერიტორიის ძალით წართმევა. პუტინი ირწმუნება, რომ მას ასე უნდა ემოქმედა, რადგან რუსეთს საფრთხე ემუქრებოდა, მაგრამ არავინ დამუქრებია, რუსეთის გარდა კონფლიქტს არავინ ცდილობდა. უკრაინას აქვს იგივე უფლებები, რაც ყველა სუვერენულ ერს ეკუთვნის. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას“, - დასძინა ჯო ბაიდენმა.
გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტის ბრძანება „სასოწარკვეთის“ აქტია. შოლცის განცხადებით, პუტინს „კრიმინალური ომით“ მოგება არ შეუძლია და ბოლო გადაწყვეტილებებით ის ყველაფერს ბევრად აუარესებს.
„პუტინმა თავიდანვე სწორად ვერ შეაფასა უკრაინელების წინააღმდეგობის გაწევის ნება, ასევე მისი მოკავშირეების ერთიანობა და მიზანსწრაფულობა. სამყაროში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, კანონმა უნდა გაიმარჯვოს ძალაზე და ძალა არასოდეს იქნება კანონზე ძლიერი“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაში საომრად დამატებით ათასობით სამხედროს მობილიზება მოულოდნელი არ ყოფილა ალიანსისთვის, თუმცა იენს სტოლტენბერგი აცხადებს, ეს კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს. სტოლტენებრგის შეფასებით, პუტინის გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ომი არ მიდის მისი გეგმების შესაბამისად და აშკარაა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა დიდი შეცდომა დაუშვა.
„ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ მოსკოვში არ იყოს გაუგებრობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება ჩვენი რეაგირება. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია იმაზე, რა სიტუაცია შეიქმნება ან რა იარაღს გამოიყენებენ ისინი. ყველაზე მნიშვნელოვანია ამის თავიდან აცილება და სწორედ, ამიტომ ჩვენ რუსეთთან კომუნიკაციისას მკაფიო ვართ უპრეცედენტო შედეგებთან დაკავშირებით. მობილიზაციას სჭირდება აღჭურვილობა, ამ ეტაპზე კი თვალსაჩინოა, რომ რუსული ჯარი არის ცუდად აღჭურვილი და მათ აქვთ პრობლემები ლოგისტიკასთან დაკავშირებით“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
კრემლის ლიდერის ბრძანებით, რომელიც ამ ეტაპზე ნაწილობრივ მობილიზაციას ითვალისწიებს, ადასტურებს, რომ მსოფლიო სახიფათო გლობალურ დაპირსიპირებაში შედის. ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ პუტინს ზამთრის იმედი ჰქონდა, რადგან ეგონა ევროპელებს შესცივდებოდა და ამით აშანტაჟებდა დასავლეთს, მაგრამ ახლა ყველა ნიშანია იმისა, რომ ყველაფერი რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებს.
„ვფიქრობ, რომ კატასტროფა იქნება რუსეთისთვის, მაგრამ არც მსოფლიოსთვის იქნება ადვილი იმიტომ, რომ რეალურად, ამ გადაწყვეტილებით, რუსეთმა მთელს ცივილიზებულ სამყაროს გამოუცახადა ომი. ისევ ჰქონდა შანსი უკან დაეხია, მაგრამ ამის ნაცლად არჩია გაეგრძელებინა არჩეული გზა და ომში ჩაეთრია მთელი რუსეთის მოსახლეობა.
აღარ აქვს რესურსების გამოყენების საშუალება, ამის მიუხედავად, მზად არის უკან არ დაიხიოს და ცეცხლის ამ რადარში ჩაყაროს რუსეთის მთელი მოსახლეობა. მესმის რა მძიმე სიტყვებს ვამბობ და ვიცი რა დგას ამის უკან. კარგად მესმის, მაგრამ სხვაგავარად ამას ვერ შეაფასებ. თითქმის ეჭვი არ მეპარება, რომ რუსეთის ამგვარი სისხლიანი დაპირისპირება დანარჩენ მსოფლიოსთან კარგით არაფრით დამთავრდება რუსეთისთვის. მარცხი, რომელიც უკვე აქვს, ახლა ბევრად უარეს მოვლენად იქცევა რუსეთისთვის“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირაკლი მენაღარიშვილმა.